FM97.5 / LIVE

5 წლის პირველკლასელები

მთავარისაზოგადოება » განათლება 05.12.2013
5 წლის ბავშვები სკოლაში; მშობლების დაშვებული შეცდომა და სტრესი პატარებისთვის თუ სამომავლოდ წინ გადადგმული ნაბიჯი; უნდა შევიდნენ თუ არა 6 წლამდე მოზარდები სკოლაში;

5 წლის პირველკლასელები
5 წლის მარიამ ბერიძე ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში სწავლობს. 6 წელი თებერვალში უსრულდება. როგორც მარიამის დედა თამარ ნათენაძე ამბობს, მარიამი ძალიან აქტიურია და მისი სკოლაში მიყვანა ამიტომაც გადაწყვიტა: „ვერ ვიტყვი, რომ როგორც 6 წლის ბავშვი ისიც ისე სწრაფად და ადვილად ითვისებს, გონებაგაფანტულია, უჭირს მობილიზება, თუმცა პროგრამას მაინც არ ჩამორჩება“.

სკოლაში 5 წლის ასაკში მივიდა გიორგი გიგოლაშვილიც, მას 6 წელი ნოემბერში შეუსრულდა, მაგრამ სანამ სკოლაში მივიდოდა ანბანი, წერა, კითხვა და ანგარიში უკვე იცოდა.

„პროგრამის დაძლევა არ უჭირს, მაგრამ ცოტა ემოციური ბავშვია, რამეს, რომ ვერ აკეთებს ნერვიულობს, ხანდახან ტირის კიდეც“,- ამბობს გიორგი გიგოლაშვილის დედა ჯილდა უჩიძე.

ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 5 წელი 2010 წლიდან გახდა. ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში წელს 324 პირველკლასელი დარეგისტრირდა აქედან 103, 5 წლის ასაკის ბავშვია.

პედაგოგები 5 წლის ბავშვის სკოლაში შეყვანას უარყოფითად აფასებენ


დაწყებითი კლასების პედაგოგები ამბობენ, რომ 5 წლის ბავშვის საგანმანათლებლო პროცესში ჩართვას თავიდანვე უარყოფითად შეხვდნენ, რადგან ამ ასაკის ბავშვებთან მუშაობა ძალიან რთულია.

„ზოგადად პირველკლასელებთან და განსაკუთრებით კი 5 წლიან ბავშვებთან ძალიან გვიჭირს მუშაობა. როგორც ყველა, ისე ჩვენც ეროვნული სასწავლო გეგმას მივყვებით, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება 5 წლის ასაკის ბავშვს, მათი გონება თამაშისკენ არის ორიენტირებული, ჩვენ კიდე სასწავლო პროგრამა ამის საშუალებას არ გვაძლევს“, - ამბობს პირველი საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი ლია კენჭოშვილი და ამატებს, რომ ამის გამო პედაგოგებზე ძალიან დიდი დატვირთვა მოდის.

მისივე თქმით, 5 წლის ბავშვები ძალიან მალეც იღლებიან და დიდხანს ერთ ადგილზე ჯდომა უჭირთ, ხშირად ძილიც ერევათ.
პედაგოგები მიიჩნევენ, რომ სკოლაში ბავშვის შეყვანამდე მისი მზაობა უნდა შემოწმდეს და ეს პირველრიგში მშობელმა უნდა გააკეთოს.

„მხოლოდ ის, რომ ლექსს ადვილად იზეპირებს, არ არის საკმარისი 5 წლის ბავშვი სკოლაში მიიყვანო. როგორი კარგი მოსწავლეც არ უნდა იყოს, 5 წლის ბავშვი მაინც თამაშზეა ორინტირებული“, - - ამბობს მეხუთე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასისი პედაგოგი ზოია ზაზაშვილი.

პედაგოგების თქმით, განსხვავება 5 და 6 წლის მოსწავლეებს შორის ფსიქო ემოციური თვალსაზრისითაც ვლინდება.

„ის ბავშვები, რომლებიც ვერ ძლევენ სასწავლო პროპგრამას და მათ ხელის აწევას უფროსი ბავშვები ასწრებენ ნერვიულობენ. კლასში მყავს ბავშვი, რომელიც ამის გამო ტირის კიდეც. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ნერვულ სისტემაზე მოქმედებს, ამიტომ ასეთ ბავშვებთან ხშირად გვიწევს ფსიქოლოგიური საუბრები“, - ამბობს ზოია ზაზაშვილი.

რა აჩვენა კვლევამ

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წელს „სოციალური კვლევის და ანალიზის ინსტიტუტმა“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დაკვეთით, 5 წლის ასაკის მოსწავლეების სწავლის პრობლემები შეისწავლა. კვლევის მიხედვით, 5 წლის ბავშვების სწავლებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სისტემური ბარიერები არსებობს.

„5 წლის ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართვას მოჰყვა ბევრი პრობლემა, რომელთაგან ნაწილმა უკვე იჩინა თავი და ნაწილი დროთა განმავლობაში გამოვლინდება. 5 წლის ბავშვის სწავლების პრობლემა უკავშირდება არა იმას, რომ ამ ასაკის ბავშვს არ შეიძლება ვასწავლოთ, არამედ მათ უნდა ვასწავლოთ განსხვავებული მიდგომებით, რომელიც არაერთ დასავლურ ქვეყანაშია დანერგილი, თუმცა ამ ეტაპზე უცხოა ქართული საგანმანათლებლო სივრცისათვის და საჭიროებს ძალიან დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსის მობილიზებას. ამიტომ, ამ ეტაპზე არარეკომენდირებულია 5 წლის ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართვა, იქამდე სანამ არ ჩატარდება მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები",- წერია კვლევაში.

ამავე კვლევამ აჩვენა, რომ 5 წლის ბავშვს უჭირს 35 წუთის განმავლობაში ერთ ადგილას ჯდომა, მალე იღლება, ეძინება, შია და გაკვეთილის პროცესში თამაშს იწყებს. ასევე ვლინდება ჰიპერაქტიურობა, ყურადღების კონცენტრაცია 15 წუთს არ აღემატება, უჭირს დამარცვლით კითხვა, კალმის სწორად დაჭერა და ასოების გამოყვანა.

რას გეგმავს განათლების სამინისტრო

განათლების სამინისტროს პრესსამსახურში გვიხსნიან, რომ შესაბამისი კვლევების საფუძველზე სამინისტრო სკოლებში ასაკობრივ ზღვარს სკოლასთან არსებული ინფრასტრუქტურისა და ასევე ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით დააწესებს. მათივე განცხადებით, ამ ეტაპზე, სამინისტრო ხუთი წლის ბავშვების სკოლაში შეყვანის აკრძალვის შესახებ კანონპროექტზე არ მუშაობს.

„ამ ეტაპზე ყველაფერი კომპლექსური განხილვის ფაზაშია და მომავალში გადაწყვეტილებას ყველა დეტალის შეჯერების საფუძველზე მივიღებთ“, - განუმარტეს „სამხრეთის კარიბჭეს“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

ბავშვობისთვის წართმეული ერთი წელი

თუ განათლების სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ სკოლაში 5 წლის ბავშვები არ უნდა დაიშვან, ფსიქოლოგი ქეთი კობალაძე ამ გადაწყვეტილებას მიესალმება. მისი თქმით, 5 წლის მოსწავლეებში მოიმატა ფსიქიკურმა პრობლემებმა, რაც უნებლიე შარდვით, ენის ბორძიკით, შიშებით, სკოლაში გულის რევითა და მუცლის ტკივილით ვლინდება.

„მათ მომავალში ადაპტაციის პრობლემების გარდა მომატებული სტრესისადმი მგრძნობელობაც ექნებათ . ამიტომ ასეთი ბავშვები, ზრდასრულ ასაკში რაიმე სტრესს ნაკლებად გაუძლებენ“, - ამბობს კობალაძე და ამატებს, რომ მშობლები ბავშვებს საშინელი სტრესის ქვეშ აქცევენ, როცა ისინი 5 წლის ასაკში სკოლაში მიჰყავთ.

მისივე თქმით, 5 წლის ბავშვს სწავლისთვის გონება ბოლომდე ჩამოყალიბებული არ აქვს: „მშობელს 5 წლის ასაკში ბავშვი სკოლაში იმიტომ მიჰყავს, რომ მისმა შვილმა რამდენიმე ლექსი დაიზეპირა. არადა კარგი მეხსიერება ყველა ბავშვს ჯერ კიდევ მუცლად ყოფნისას აქვს და ეს არ ნიშნავს სასკოლო მზაობას“.

ფსიქოლოგის განცხადებით, მშობლები ბავშვებს იმ ერთ წელს ართმევენ, რომელიც 5 წლის ბავშვის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა ასაკში უნდა მივიდეს ბავშვი სკოლაში [Video]

სასკოლო ასაკად 6 წელი განისაზღვრა
ახალციხის საჯარო და კერძო სკოლებში 330 პირველკლასელი დარეგისტრირდა
პირველ კლასში იმ ბავშვებს მიიღებენ, ვისაც 6 წელი 15 სექტემბრამდე უსრულდება
ახალციხეში ახალი სასწავლო წელი ყველა სკოლაში დაიწყო
პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება