FM97.5 / LIVE

თურქოფობია - ისტორიული მეხსიერება თუ რეალური საფრთხე თურქეთიდან

მთავარისაზოგადოება 11.06.2014
ცდილობს თუ არა თურქეთი საქართველოში საკუთარი გავლენის გაძლიერებას; მოჭრილი მინარეთი, რომელმაც საზოგადოება თურქულ საფრთხეებზე აალაპარაკა; ვინ ჰგონიათ საქართველოში თურქეთის მოკავშირე და რატომ ვცდილობთ ჩვენგან განსხვავებულის ჩვენნაირად ქცევას; ვითარება, როცა განათლებას საფრთხედაც მიიჩნევენ და გამოსავლადაც;

თურქოფობია - ისტორიული მეხსიერება თუ რეალური საფრთხე თურქეთიდან

ქართველი მუსლიმები: „პოლიციის უფროსმა თათრები გვიწოდა“

ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მუსლიმები ამბობენ, რომ მათ ადიგენის რაიონული სამმართველოს უფროსი გელა კოხოძე თათრებს უწოდებს.

„მინარეთი მოჭრილი ჰქონდათ და უკვე მანქანაზე იდო, პოლიციის უფროსმა, გელა კოხოძემ, რომ ხელით გვაჩვენა, - ამას მიიღებთ, თქვე თათრებოო“, - ამბობენ ნოდარ შანთაძე და მუჰამედ მარკოიძე.

„ყველაზე ახლოს მე ვიდექი, ეს რომ თქვა. სახეზეც ვიცნობ კოხოძეს, მანქანაში ჯდებოდა, როცა მოგვაძახა“, - ამატებს დავით შანთაძე.

მომხდარს არ ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მუსლიმი ქართველების ნათქვამი არ სჯერა, ჭელაში მინარეთის დემონტაჟის შემდეგ, ახალციხეში ქრისტიანების მიერ გამართული აქციის ორგანიზატორს გია კოპაძესაც, თუმცა, იმაში ღრმადაა დარწმუნებული, რომ ჭელაში მინარეთის დადგმით თურქეთი საქართველოში საკუთარი გავლენის გაძლიერებას ცდილობს.

„საქართველოსა და თურქეთს შორის კონფლიქტის შემთხვევაში, საერთაშორისო საზოგადოებისათვის თვალის ასახვევად, რა იქნება თურქეთის უპირველესი მიზეზი, რომ საქართველოში შემოვიდეს? - კითხულობდნენ ქრისტიანები, რომლებიც აგვისტოში მინარეთის ჭელაში დაბრუნებას აპროტესტებდნენ და პასუხობდნენ კიდეც, - საქართველოში მცხოვრები მუსლიმები და მათი დაცვა. რაც მეტი მეჩეთი იქნება და რაც მეტი მუსლიმი იცხოვრებს საქართველოში, ეს პირდაპირ პროპორციული იქნება თურქეთის გავლენის ზრდისა“.

ჭელაში მომხდარის შემდეგ, მინარეთი საქართველოში თურქეთის გავლენის ერთ-ერთ საფრთხედ დარჩა, ერთ-ერთი იმიტომ, რომ ქრისტიანები სხვა საფრთხეებზეც ალაპარაკდნენ. მათი თქმით, ადიგენის მუნიციპალიტეტიდან სასულიერო განათლების მისაღებად თურქეთში არაერთი მუსლიმი ქართველი მიდის, მათ სწავლასა და ცხოვრების ხარჯს მთლიანად თურქეთი ფარავს: „ამიტომ, როცა დასჭირდება თურქეთს ყველა ასეთი ახალგაზრდა მის გვერდით იქნება, როდის დასჭირდება და რას ამზადებს, ეს ღმერთმა იცის“.

სამცხე-ჯავახეთის მუფთი: „თუ საღვთო ომი გამოცხადდება, ისლამის მხარეს დავიჭერ“

„თუ საღვთო ომი გამოაცხადეს, ისლამის მხარეს დავიჭერ“, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე, რომელმაც თურქეთში, ამავე სახელმწიფოს დაფინანსებით, შავი ზღვის უნივერსიტეტში აღმოსავლური ენების სპეციალობა დაამთავრა და პარალელურად, 1999-2008 წლებში, სასულიერო განათლებასაც ღებულობდა.

ვაშაყმაძეს დიდი შანსი ჰქონდა თურქეთის მოქალაქეობა მიეღო, მაგრამ თურქეთს სამშობლოში დაბრუნება არჩია, რადგან აქაა მისი მიწა: „2008 წლის აგვისტოს ომში უნდა წავსულიყავი, რეზერვში ვიყავი. ისლამი პირდაპირ გვავალებს, რომ არავის ინტერესი არ გავატაროთ ჩვენი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. თუ ომი იქნება ჩემ ენასა და მამულს დავიცავ. მაგრამ თუ ისლამს გამოუცხადეს ომი, არ აქვს მნიშვნელობა ეს ირანი იქნება, არაბეთი თუ სხვა მუსლიმური სახელმწიფო, ისლამის მხარეს ვიქნები“.

ქრისტიანების განცხადება, კრიტიკულ მომენტში თურქეთის პოზიციის დაკავებასთან დაკავშირებით, შეურაცხმყოფელია ჭელის მეჩეთის წინამძღვრის ჯამბულ აბულაძისთვისაც: „რას ნიშნავს თურქეთის მხარეს დაიჭერენ?! მრცხვენია! ასეთ ბრალდებას პასუხი როგორ გავცე?! სწორედ ამ უნდობლობამ გამოიწვია ის, რაც მოხდა ჭელაში. ჩემი 17 წლის ბიჭიც სწავლობს თურქეთში, მაგრამ რა მოხდა მერე?! ეს დანაშაულია?!“.

რა მიზანი ამოძრავებს თურქეთს საქართველოს მიმართ?

ამჟამად სამცხე-ჯავახეთიდან თურქეთში სასწავლებლად 20-მდე ახალგაზრდაა წასული.

„იმ ბავშვების ნაწილი, ვინც იქ განათლებას ღებულობს, დაკარგული გვყავს“, - აცხადებს თურქოლოგი მახარე ჯანაშვილი.

იგი მიიჩნევს, რომ თურქეთის გავლენა უკვე დაწყებულია და ამას ვეღარაფერი შეაჩერებს: „მინარეთების დადგმა გაგრძელდება, ასეა განზრახული და იმიტომ. იქნება წინააღდეგობები, მაგრამ მერე ესეც გაქრება. უწინ მომხვდურს თუ ხმლით ვხვდებოდით, ახლა განათლებით შემოდიან და წინ ვეღარ აღუდგები. რატომ დებენ განათლებაში ფულს, თუ რაიმე კონკრეტული მიზანი არ აქვთ?!“

კითხვაზე, თუ რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს თურქეთს საქართველოსთან მიმართებაში, ჯანაშვილი გვპასუხობს: „მათ დიდი თურანული სახელმწიფოს შექმნა სურთ, დაწყებული შუა აზიიდან, დამთავრებული ბალკანეთამდე“.

თურქოლოგის მოსაზრებას იზიარებს ისტორიკოსი ნატო ყრუაშვილი და ამბობს, რომ თუ თურქეთი საქართველოში თავისი პოლიტიკის გატარებას ეცდება, შესაძლოა ამისთვის ქართველი მუსლიმები გამოიყენოს. ამის დასტურად იგი ისტორიას იშველიებს და 1918-1919 წლების მოვლენებს გვახსენებს. მაშინ თურქეთმა თავისი ზრახვები საქართველოში გამაჰმადიანებულ ქართველებზე დაყრდნობით განახორციელა.

„სარწმუნოება ადამიანის ცნობიერებას აყალიბებს. თუკი ის დადგება არჩევანის წინაშე, თუ რომელი დააყენოს წინა პლანზე, ეროვნება თუ სარწმუნოება, როდის რომელს მიანიჭებს უპირატესობას, არავინ იცის. არ ვამბობ, ყველა, ვინც თურქეთში მიიღებს განათლებას, მოაღალატეა მეთქი, მაგრამ, კრიტიკულ მომენტში ვინ როგორ მოიქცევა, ვერ განსჯი. ერთი კია, 6 წელს რომ ახალგაზრდა თურქეთში გაატარებს, ის აუცილებლად მოექცევა ამ სახელწმიფოს ზეგავლენის ქვეშ“, - ამბობს ყრუაშვილი.

არ ეთანხმება კოლეგებს სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ასევე, არტაანის უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილების გამგე და ისოტრიკოსი როინ ყავრელიშვილი: „თურქეთში განათლება მიღებული რამდენიმე მუსლიმით, 75-მილიონიანი თურქეთი, თუნდაც 50 ათასი ქართველით, არასდროს არაფერს გათვლის და კიდევ, რაც მთავარია, ქართველ მუსლიმებში ანტიქართული განწყობა ნამდვილად არ არის“.

რისთვის ითხოვენ ქართველი მუსლიმები დაფინანსებას

„ახალგაზრდები თურქეთში სასულიერო განათლებას ღებულობენ და არა ეროვნულ გადაგვარებას, - აცხადებს მუსლიმანთა სასულიერო- სამუფთო სამმართველოს წარმომადგენელი, ჭელას ჯამეს ზედამხედველი ფრიდონ აბაშიძე და კითხულობს, - რატომ უნდა აღგიზარდოს თურქმა მასწავლებელმა ქართველი მუსლიმები?! რატომ არ უნდა იყოს ერთი უმაღლესი სასწავლებელი ბათუმში ან თბილისში?! მირჩევნია, ეროვნებით ქართველმა ჩაუნერგოს ჩემ მომავალს სულიერი სიწმინდეები, და არა თურქმა, ან არაბმა“.

მამუკა ვაშყმაძის თქმითაც, თუ საქართველოშივე დააფინანსებენ ქართველ მუსლიმებს იმისთვის, რომ მათ განათლება მიიღონ, თურქეთში სასწავლებლად აღარავინ წავა.

ამის შესახებ ქართველმა მუსლიმებმა 2013 წლის 5 ოქტომბერს პრემიერ მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისასაც განაცხადეს.

„დაპირება არ მიგვიღია, მაგრამ გვითხრეს, რომ ამისთვის შეხვედრები და მოლაპარაკებებია საჭირო. სულ არ გვჭირდება თურქეთი, თუ უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში გვექნება“, - აცხადებს ჯამბულ აბულაძე და ამატებს, რომ დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისევე როგორც ქრისტიანები, მუსლიმებიც უნდა ღებულობდნენ.

მუსლიმების სასულიერო საცხოვრებელი ახალციხეში

სახელმწიფო ბიუჯეტით არა, მაგრამ როგორც ვაშაყმაძე გვიხსნის, საქართველოს სამუფთო სამმართველოს ფინანსური მხარდაჭერით, თურქი ბიზნესმენის დახმარებითა და შემოწირულობების საშუალებით, ახალციხეში, საბარგო სადგურზე, მუსლიმი ბავშვებისთვის სასულიერო საცხოვრებელი ფუნქციონირებს.

ბორჯომის ქუჩაზე, N19-ში, 25 ახალგაზრდა სასკოლო და საუნივერსიტეტო მეცადინეობების შემდეგ შინ ბრუნდება და საღამოს საათებში სასულიერო განათლებას ეუფლება. მათ შორის რვა სტუდენტია. აქ ახალგაზრდები ადიგენიდან, ასპინძიდან, ხულოდან და წალკიდან არიან.
„სოფელში ხალხი გვაძლევს კომბოსოტს, ყველს, კარაქს, ფქვილს და თავი მაგით გაგვაქვს. ასევე არიან ადამიანები, რომლებსაც ცოტა მეტი საშუალება აქვთ, ისინი კომუნალურ გადასახადებს გვიხდიან. ბინა კი თურქმა ბიზნესმენმა დაგვითმო“, - გვიხსნის ასლან თევთიძე, რომელიც სასულიერო საცხოვრებლის ხელმძღვანელის თენგიზ თავართქილაძის მეგობრად გაგვეცნო.

ისტორიული მეხსიერება

ქრისტიანებისა და ისტორიკოსების ნაწილისგან გასხვავებით, სასულიერო განათლების მიღებაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს ქრისტიანების აქციის ორგანიზატორი გია კოპაძე, თუმცა იმაში, რომ ისე როგორც რუსეთისთვის, საქართველო „ტკბილი ლუკმაა“ თურქეთისთვისაც, ღრმადაა დარწმუნებული.

ნატო ყრუაშვილი ისტორიას გვახსენებს და ამბობს, რომ 1453 წელიდან მოყოლებული თურქეთი პოტენციურად დამპყრობელი ქვეყანაა და დასაპყრობ ქვეყანათა სიაში საქართველო ყოველთვის მოიაზრება: „საუკუნეების განმავლობაში მესხეთის ტერიტორია თურქეთის ფარგლებში იყო. ქართველ კაცს იმიტომ ეშინია, რომ ამ ისტორიის დავიწყება შეუძლებელია. ეს ისტორიული გამოცდილება იმდენად მდიდარია საშინელი ფაქტებით, ამისი არ გათვალისწინება ვერცერთ ერს წინ ვერ წაიყვანს“.

როგორ ყალიბდება იდეოლოგია თურქეთთან მიმართებაში

საქართველოში თურქეთის ზეგავლენის გაძლიერებით გამოწვეულ შიშს, მით უფრო მინარეთითა და აქ მცხოვრები ქართველი მუსლიმებით, როინ ყავრელიშვილი უსაფუძვლოს უწოდებს.

„ამისი არავის უნდა ეშინოდეს. თურქეთი ნატოს წევრია და ამიტომ ისლამით ის სხვა ქვეყანაში თავისი ქვეყნის გაძლიერებას არასდროს ეცდება, - ამბობს იგი და ამატებს, რომ აქ სხვა რამ, ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკაა მთავარი, - მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად არის ის თურქეთზე დამოკიდებული. რამდენი ქრისტიანი ქართველი მუშაობს თურქეთში?! თუ სასწავლებლად გადის 100-მდე მუსლიმი, დაახლოებით, 500 ათასი კაცი ყოველწლიურად მიდის თურქეთში, იქ მუშად მუშაობს და კვლავ ბრუნდება საქართველოში. სწორედ ეს ქმნის დადებით განწყობას სახელმწიფოს მიმართ“.

მისივე თქმით, საქართველოს იმხელა გეო-სტრატეგიული მდებარეობა აქვს, რომ ისლამით ქართველებს ვერ მოატრიალებ: „ეს იცის თურქეთმა ძალაინ კარგად. 21-ე საუკუნის იარაღი, მასზე ეკონომიკური დამოკიდებულებაა. ათასობით ქართველია თურქეთში და იქ შრომით ოჯახს კვებავს. იდეოლოგია კი ამით უფრო ყალიბდება, ვიდრე მუსლიმი ქართველებით. აქ რელიგიით ვერ მოიგებ, ეს არაბული სამყარო არაა, დღეს იგებს ჯიბის ფული“.

რატომ გვახსენებენ მუსლიმებთან მიმართებაში აფხაზეთს, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს

საზოგადოებაში რომ უცხოს მიმართ შიში არსებობს, ამაზე „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძეც საუბრობს: „ამას ობიექტური მიზეზი აქვს - გეშინია შენც მისნაირი არ გახდე. ამ შიშისგან თავის დასაცავად კი იწყებ იმის მცდელობას, რომ ის გახადო შენნაირი“.

მისი თქმით, ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ მუსლიმი ქართველი არის თურქეთის ნაწილი, თავად ეს ადამიანია პრობლემა საზოგადოებისთვის: „კარგად გვახსოვს რა მივიღეთ სწორედ მსგავსი რიტორიკითა და შეძახილებით აფხაზეთში, რამ გამოიწვია პრობლემის ესკალაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთში, სადაც ადამიანებს ვეუბნებოდით, რომ თქვენ ხართ ოსები... ამით მივიღეთ შედეგად სწორედ ის, რისი შიშის გამოც საზოგადოება თითქოსდა ამ ადამიანების გარიყვასა და მოშორებას ცდილობდა. სამწუხაროდ საქართველოს არ ეყო, ან დაავიწყდა ეს. დაავიწყდა იმ ქართველ მოსახლეობას, რომელსაც უთხრეს, რომ მართლმადიდებელი თუ არ ხარ, არ ხარ ქართველი“.

მშვენიერაძე ამბობს, რომ მუსლიმობა, თურქეთის ინტერესების ავტომატურად გატარებას არ ნიშნავს: „თუ მუსლიმი ხარ, ემსახურები მუჰამედს და არა თურქეთს. თუ ქრისტიანი ხარ, რუსეთის ინტერესს ხომ არ ემსახურები?! შენ ემსახურები ქრისტეს. რელიგიები სახელმწიფოებს არ ცნობენ, ისინი ცნობენ ღმერთებს, აქედან გამომდინარე, რომელი რელიგიის მატარებელი რომელი სახელმწიფოა, 21-ე საუკუნის კაციობრიობის ისტორიაში არ უნდა იყოს განმსაზღვრელი იმისა, დაიპყრობს თუ არა ერთი სახელმწიფო მეორეს“.

ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსს რუსუდან გოცირიძეს კი ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე რუსეთი ახსენება: „ნუთუ ისე მოკლედ ვფიქრობთ, რომ ამ ადამიანებს რწმენისა და სალოცავის შებღალვით, მათთვის მტრებისა და მოღალატეების ძახებით, ქვეყნის საქმეს ვაკეთებთ? ძალიან სელექტიური დამოკიდებულება გვაქვს სამეზობლოდან მომავალი საფრთხეების მიმართ. ერთ მეზობელს კინაღამ ჩვენი შვილებიც ზედ მივაყაროთ და ისე მოვიმტეროთ და მეორეს კი ბაბაიას ძახილით დავდევთ მიუხედავად გუშინწინდელი ომისა, გუშინდელი სატვირთო თვითმფრინავებით გამოყრილი ქართველებისა და დღეს დილანდელი მავთულ ხლართებისა“.

მისი თქმით, ერთის მხრივ გვყავს მეზობელი, რომელიც გვიტევს და მეორეს მხრივ გვყავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც გვეეჭვება, რომ ქვეყანას შეიძლება საფრთხე შეუქმნან.

„იმის ნაცვლად, რომ დამპყრობლის წინაშე ღირსება აყრილი არ დავდგეთ მუხლებზე, ხოლო, მეორეს მხრივ საკუთარ მოქალაქეებს მოვექცეთ ღირსეულად, სულ პირიქით ვიქცევით“, - ამბობს იგი.

გამოსავალი - განათლება

როინ ყავრელიშვილი გამოსავალს განათლებაში ხედავს. მისი თქმით, იქ, სადაც გვერდიგვერდ სწავლობენ მუსლიმები და ქრისტიანები, სპეციალისტებმა უნდა აუხსნან თუ რა არის ქრისტიანობა და რა არის ისლამი, რომ საქართველო არის მართლმადიდებლური ქვეყანა და კულტურა ჩვენში არის ქრისტიანული, რომ ქრსიტიანობითაა ეს სახელმწიფო დღემდე მოსული: „უნდა ვუთხრათ, რომ თავადაც ქრისტიანები იყვნენ და შემდეგ მიიღეს ისლამი, ანუ მუსლიმში ქართველი პატრიოტი უნდა გამოვზარდოთ“.

გამოსავალს განათლებაში ხედავს თურქოლოგი მახარე ჯანაშვილიც, თუმცა სხვაგვარად. მას მიაჩნია, რომ მუსლიმი ქართველები ქრისტიანებად უნდა ვაქციოთ, ამისთვის კი ადიგენის სოფლებში სკოლები უნდა გაიხსნას, სადაც გაგზავნილ მასწავლებლებს მაღალი ხელფასი დაენიშნებათ.
გამოსავალი განათლებაა „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელის ტარიელ ნაკაიძის აზრითაც, მაგრამ ჯანაშვილისგან განსხვავებით, მას მიაჩნია, რომ ახალგაზრდებს უმცირესობების შესახებ უნდა ესაუბრონ: „ეს თითქოს ტაბუ დადებული თემაა, არადა ბავშვმა უნდა იცოდეს რა გარემოში ცხოვრობს. მან უნდა იცოდეს რელიგიისა და იმის შესახებ, რომ მუსლიმები კაცისმჭამელები არ ვართ. ამ ყველაფერთან ერთად კი ქვეყანაში კანონმა უნდა იკანონოს, ყველამ დაიცვას კონსტიტუცია“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როინ ყავრელიშვილი: „თურქეთში დასავლური და აღმოსავლური ღირებულებების დაპირისპირებაა“
ჭელაში მცხოვრები მუსლიმები ფიქრობენ, რომ ქრისტიანები არ დაუპირისპირდებიან
ჭელაში შეკრებილი ქრისტიანები დაიშალნენ და რეფერენდუმისთვის იწყებენ მზადებას
ჭელაში, სადაც მინარეთს აბრუნებენ, სასულიერო პირები გამოჩნდნენ
მუსლიმები ჭელაში ჯემალ პაქსაძეს ელოდებიან
მუსლიმი სასულიერო პირები ერთმანეთს უპირისპირდებიან
საქართველოდან თურქეთში გადასვლა მხოლოდ თურქეთის მოქალაქეებს შეუძლიათ