FM97.5 / LIVE

‘ოცნების’ ყოფილი დეპუტატის უკანონო ქმედებებს სამი წელია იძიებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.04.2020
ახალციხის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს, ბენზინგასამართი სადგურის მშნებლობის უნებართვოს დაწყებასა და წარსულში, მიწის ნაკვეთის უკანონოდ მითვისებას ედავებიან. პირველ შემთხვევას ადგილობრივი ხელისუფლება სწავლობს, მეორეს კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს. ამ დრომდე არცერთს უწყებას პასუხი არ აქვს.

‘ოცნების’ ყოფილი დეპუტატის უკანონო ქმედებებს სამი წელია იძიებენ

მამუკა მიქელაძე, რომლის უკანონოდ განხორციელებულ საქმიანობაზეც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ კვლევა გამოქვეყნა, სამი წლის განმავლობაში ახალციხის საკრებულოში ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ხელმძღვანელობდა.

ერთ-ერთი საქმე, რომლის ძიებაც დაახლოებით სამი წელია მიმდინარეობს, სწორედ მის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს უკავშირდება.

კვლევის მიხედვით, 2016 წლის ივლის-აგვისტოში, ფრაქციის თავმჯდომარეობასთან ერთად, მიქელაძე იკავებდა „საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის” ხელმძღვანელის პოსტსაც.

„სწორედ ამ პერიოდში დაუკანონა მან საკუთარ თავს ახალციხეში, თამარაშვილის N57-ის მიმდებარედ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 275 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. მიქელაძე თავად იყო განმცხადებელიც და რეზოლუციის დამდებიც“, - ვკითხულობთ კვლევაში. აღნიშნულ საკითხზე „სამხრეთის კარიბჭემ“ სტატია 2017 წლის 29 ნოემბერს გამოაქვეყნა.

გამჭვირვალობის კვლევაში წერია, რომ საქმეზე გამოძიება წელიწადნახევრის შემდეგ დაიწყო. ფაქტს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე–ჯავახეთის სამმართველო, სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მეორე ნაწილით იძებს. ეს გამოძიება დღემდე არ დასრულებულა. „სამხრეთის კარიბჭეს“ პროკურატურაში განუცხადეს, რომ „მიმდინარეობს გამოძიება“.

კიდევ ერთი საქმე, რომელიც ყოფილი დეპუტატის უკანონო ქმედებას ეხება, ამავე მისამართზე (ახალციხე, თამარაშვილის N57) ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის უნებართვოდ დაწყებას ეხება. „გამჭვირვალობის“ კვლევაში ნათქვამია, რომ მიქელაძემ მშენებლობა იქამდე დაიწყო, სანამ ამის ნებართვას ახალციხის მერია მისცემდა. მერიამ კი ნებართვა მხოლოდ მას შემდეგ გასცა, რაც საკითხით არასამთავრობო ორგანიზაცია დაინტერესდა.

„ახალციხის მერიამ „ოცნების“ ყოფილ მაღალჩინოსანს მშენებლობის ნებართვა 35 კვ.მ-ზე, განაცხადის შეტანიდან ორთვენახევრის მოგვიანებით, 2020 წლის 16 იანვარს მას შემდეგ მისცა, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოდან“ ორი წერილი მიიღო. თუმცა, ამ დროისთვის მიქელაძეს აქ შენობა უკვე აშენებული ჰქონდა. გარდა უნებართვოდ დაწყებული მშენებლობისა, ავტოგასამართი სადგური ფარავს როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 85.5 კვ.მ. (ს/კ 62.09.54.834) და 6.7 კვ.მ. (ს/კ 62.09.62. 059) არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს, ასევე, მიქელაძის საკუთრებაში არსებულ სხვა ფართს (ს/კ 62.09.54.926), რომელსაც ყადაღა ადევს“, -წერია კვლევაში.

უნებართვოდ აშენებული ბენზინგასამართი სადგურის საქმეს სამართალდამცავი ორგანოები არ იძიებენ. იმის გამო, რომ უნებართვო მშენებლობასთან ერთად, მიქელაძემ მერიის მიერ გაცემულ ნებართვაში არსებული საზღვრებიც დაარღვია და სადგური გაცილებით დიდ ტერიტორიაზე ააშენა, 2020 წლის თებერვალში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ეს საქმე რეაგირებისთვის ახალციხის მერიას გადაუგზავნა.

ახალციხის მერიაში „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობენ, რომ საქმის შესწავლა ჯერ არ დასრულებულა: „აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მხრიდან, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმისწარმოება“, - აცხადებენ მერიაში.

რა სახის რეაგირებას მოახდენს ადგილობრივი თვითმმართველობა კანონდარღვევაზე, ცნობილი არ არის.

მიქელაძის კანონდარღვევით შესრულებული საქმიანობების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს, როგორც ახალციხის მერიას, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს ახალციხის მერიას შეისწავლოს ავტოგასამართი სადგურის კანონდარღვევით მშენებლობის საკითხები და გაატაროს შესაბამისი ღონისძებები. ასევე, მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გამოარკვიოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი კორუფციულ გარიგებას უკანონო მშენებლობის სანაცვლოდ და იმოქმედოს კანონით განსაზღვრული წესებით“, - ნათქვამია, კვლევაში.

"სამხრეთის კარიბჭემ" მამუკა მიქელაძესთან დაკავშირება სცადა, თუმცა მან ჩვენს ზარებს და მოკლეტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში 'ქართული ოცნების' ყოფილი მაღალჩინოსანი ბენზინგასამართ სადგურს კანონდარღვევით აშენებს – გამჭვირვალობა
ყოფილი მაღალჩინოსანი კანონდარღვევით დაწყებულ მშენებლობას აგრძელებს – საქმის მოკვლევა მიმდინარეობს
მამუკა მიქელაძე ახალციხის მერიამ უკანონო მშენებლობისთვის ორჯერ დააჯარიმა
‘სახელმწიფომ კანონიერი ჩარჩო მოუძებნა უკანონობას’ – ‘ოცნების’ ყოფილი დეპუტატის საქმე
მამუკა მიქელაძემ დანაშაული აღიარა – ‘ოცნების’ ყოფილ დეპუტატთან საპროცესო გაფორმდა
‘მიწის კომისიის’ თავმჯდომარემ ახალციხეში ნაკვეთი დაიკანონა
სუს–მა ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის და ახალციხის მერის ძმების კომპანიების მიერ მოგებული ტენდერების შესწავლა დაიწყო