
ამის შესახებ ლია კრიალაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვანო მერაბიშვილი, ჩემი აზრით, არ უნდა გამოვიდეს ციხიდან. მას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, რაზეც პასუხი არ უგია, არ გასამართლებულა. თუნდაც ჩემი ძმის საქმის თაობაზე. ჩემი ძმის საქმე უკვე 7 წელია პროკურატურაში დევს, ამაზე ვანო არ გასამართლებულა. მე ვთვლი, რომ ვანოსთვის ახალი ბრალი უნდა წარედგინათ და გაესამართლებინათ. საჯაროდ გავრცელდა ეს კადრები, მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვდა, პრემიები დიდი იქნებაო. გაცემული პრემიების სიები პროკურატურაში დევს, მიხეილ სააკაშვილი ითხოვდა მიწიდან ამოიღეთ გია კრიალაშვილიო. ეს ხომ ლიკვიდაციის პირდაპირი ბრძანება იყო? დღეს ეს საქმე გაურკვეველია ისევ. პროკურატურა აცხადებს, რომ მტკიცებულებები არ აქვს. მე არ ვარ კომპეტენტური გამოძიებაში და ვერ ვიტყვი ვერაფერს, მაგრამ ვთვლი, რომ ბრძანება გაცემულია, კაცი მოკლულია.
კატეგორიულად ვითხოვ გიას საქმის გამოძიების დასრულებას. ყველამ, ვინც დამნაშავეა, ვანოა, თუ ვინცაა, პასუხი აგოს. აქედან მინდა, მივმართო ბატონ ირაკლი შოთაძეს, ვთხოვო, რომ შემხვდეს, გამესაუბროს“, – განაცხადა ლია კრილაშვილმა.
მისივე თქმით, 2009 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ ამბოხების სცენარი დადგა.
„2009 წლის მაისში ე.წ. ამბოხის სცენარი დაიდგა მაშინდელი ხელისუფლების მიერ. იქ რეალურად იყო დაუმორჩილებლობა. ჯარში უბრძანეს, რომ აღლუმი ჩაეტარებინათ, როგორც ვიცი მაშინ დიდი აქციები იყო, ამაქციების დარბევაც იყო ნაბრძანები,ამაზე ჯარი წინააღმდეგი წავიდა. დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს, ეს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ამბოხად წარმოაჩინა. გიას მოშორება უნდოდათ, რადგან მას დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ჯარშიც და საერთოდ, ძალიან ძლიერი პიროვნება იყო, ძალიან სწუხდა ქართველ ხალხზე“, – განაცხადა ლია კრიალაშვილმა.
მუხროვანის ამბოხება 2009 წლის 5 მაისს მოხდა. 41 განსასჯელიდან მოსამართლემ რეინჯერთა ბატალიონის ყოფილ მეთაურს – ლევან ამირიძეს 28 წლით, კობა ოთანაძეს – 29 წლით, მუხროვანში განთავსებული ჯავშან-სატანკო ბატალიონის ყოფილ მეთაურს – შოთა (მამუკა) გორგიაშვილს კი 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სამივე მათგანს ბრალად ედებოდა ამბოხების მომზადება ხელისუფლების დამხობის მიზნით. დაკავებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. მათი განმარტებით, დაუმორჩილებლობის ამ ფორმით უარი თქვეს 26 მაისის სამხედრო აღლუმში მონაწილეობაზე.
მუხროვანის სამხედრო ამბოხიდან 2 კვირის თავზე, პოლიციამ მოკლა ამბოხის ერთ-ერთი მოთავე, პოლკოვნიკი გია კრიალაშვილი.
ყოფილი პრემიერი და შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ, 20 თებერვალს
დატოვებს.
იგი 2013 წლის მაისში დააკავეს მითვისება-გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით. მოგვიანებით, მას სხვა ბრალდებებიც წაუყენეს — 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. მერაბიშვილი 2014 წელს სასამართლომ დამნაშავედ სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.
[sknews.ge]