
მიიღებთ თუ არა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში და იცნობთ თუ არა პრეზიდენტობის კანდიდატებს - ამ კითხვებით „სამხრეთის კარიბჭემ“ ახალქალაქის ქუჩებში 20 რესპონდენტი გამოკითხა.
6-მა გვიპასუხა, რომ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი არ აქვს, 4-მა გვითხრა, რომ საკუთარ არჩევანს აუცილებლად დააფიქსირებს, 3-მა ჯერ არ იცის, წავა თუ არა საარჩევნო უბანზე 27 ოქტომბერს, 3-მა გვიპასუხა რომ საქართველოს მოქალაქეობის არქონის გამო არ შეუძლია, 2-მა პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა, 1-მა გვითხრა რომ არჩევნებში რელიგიური მოსაზრების გამო არ მიირებს მონაწილეობას და 1-მა კი განაცხადა, რომ ვერ წავა, რადგან ამ დღეს საქართველოში არ იქნება.
რომელი პარტიის კანდიდატები მონაწილეობენ საპრეზიდენტო არჩევნებში, 20-დან არცერთმა რესპონდენტმა არ იცოდა. უმრავლესობა, ვინც წასვლას აპირებს, ამბობს, რომ ვის მისცემენ ხმას, შემდეგ გადაწყვეტენ, რადგან მათი აზრით, არჩევნებამდე ბევრი დროა.
რესპონდენტთა დადებითი პასუხები პრაქტიკულად ერთნაირი იყო.
„წავალ, მაგრამ ჯერ არ ვიცი, ხმას ვის მივცემ. ვნახოთ, ვინ იქნებიან და როგორ მოიქცევიან. ჯერ კიდევ ბევრი დროა“, - გვითხრა ახალქალაქის მცხოვრებმა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ მოისურვა.
სოფელ ხოსპიოს მკვიდრ მიასნიკ ხრიმიანს ჯერ ზუსტად არ გადაუწყვეტია, წავა თუ არა არჩევნებზე და არც კანდიდატებს იცნობს.
„თუ სხვა საქმე არ მექნება, ალბათ წავალ. კანდიდატების შესახებ არაფერი ვიცი, ვერც ტელევიზორში ვუყურებ და ჯერ პლაკატებიც არ ჩანს“, - ამბობს იგი.
საქართველოს საკითხთა ექსპერტი ჯონი მელიქიანი, რომელმაც საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში სომხური თემის მონაწილეობის საკითხი გამოიკვლია, ამბობს, რომ მომავალი არჩევნები საქართველოში „ქართული ოცნების“ ერთწლიანი მმართველობის ეფექტურობასა და შედეგიანობას აჩვენებს.
„შემიძლია ვთქვა, რომ დღეისთვის საქართველოს სომხურენოვანი მოსახლეობა ახალი ხელისუფლებით მაინცდამაინც კმაყოფილი არ არის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მომავალ არჩევნებზე ისინი ერთმნიშვნელოვნად „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მისცემენ ხმას. ამ არჩევნების განსაკუთრებულობა ისაა, რომ სომხური თემის წარმომადგენლებს ალბათ პირველად აქვთ შესაძლებლობა მხარი დაუჭირონ თავიანთ კანდიდატებს, ვის დაპირებებსაც ყველაზე რეალურად მიიჩნევენ“, - ამბობს იგი.
მისი აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებზე სომხურენოვან ელექტორატში ლიდერი სამი კანდიდატი - დავით ბაქრაძე, გიორგი მარგველაშვილი და ნინო ბურჯანაძე იქნება. თუმცა, სხვადასხვა რეგიონებსა და დედაქალაქში სომხური თემების მიდგომები ერთგვაროვანი არ არის.
„ჯავახეთისა და თბილისის მცხოვრებლების მიდგომასა და მოლოდინს თუ შევადარებთ, საკმაოდ დიდ სხვაობას ვიპოვით. თბილისისა და აჭარის სომხური თემები ახალი მთავრობისადმი მეტნაკლებად ლოიალურნი არიან. 2012 წელს სწორედ მათ („ქართულ ოცნებას“) მისცეს ხმა და ჯერჯერობით ივანიშვილისა და მისი კოალიციისგან არჩევნების შემდგომი მოლოდინებიც აქვთ. ჯავახეთის მოსახლეობის მიდგომა განსხვავებულია, აქ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერ კიდევ მმართველ თანამდებობებზე არიან და როგორც ეთნიკურად სომხური წარმოშობის მოქალაქეებს, საკუთარი ელექტორატიც ჰყავთ“, - ამბობს იგი.
მელიქიანი ამბობს, რომ „ქართული ოცნებისგან“ იმედგაცრუებული ზოგიერთი ახალქალაქელი პოლიტიკური მოღვაწე შეეცდება მხარდაჭერა სხვა კანდიდატს, სავარაუდოდ ნინო ბურჯანაძეს გამოუცხადოს: „ნინო ბურჯანაძემ, რომელიც ცნობილია თავისი პრორუსული განცხადებებით, შეიძლება ამ რეგიონში საკმაო ხმები მიიღოს. ყველაფერი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარეობს. არის ის ფაქტორიც, რომ მამაკაცთა დიდი ნაწილი სამუშაოდ რუსეთში მიდის. თბილისში სულ სხვა ვითარებაა, არჩევანი მარგველაშვილსა და ბურჯანაძეს შორის გაკეთდება“.
ჯონი მელიქიანის აზრით, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო საპარლამენტო ქვეყნად იქცევა და პრეზიდენტს სრულფასოვანი ძალაუფლება არ ექნება, სომხურ თემში ეს ინტრიგას აჩენს.
„ამ არჩევნების ინტრიგა ისაა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოსამზადებელი ეტაპი იქნება. ამ უკანასკნელს კი ჯავახეთის სომხებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - დასძენს ექსპერტი.
[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]