FM97.5 / LIVE

„სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის მოსალოდნელი ცვლილება ჯავახეთში უფლებების დარღვევად აღიქვეს

მთავარიპოლიტიკა 08.10.2013
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა "სახელმწიფო ენის შესახებ", ჯავახეთში მწვავე რეაქცია გამოიწვია. აქ ეს კანონპროექტი ეროვნული უმცირესობების უფლებების დარღვევად, ასევე, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნიეს.

„სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის მოსალოდნელი ცვლილება ჯავახეთში უფლებების დარღვევად აღიქვეს

ჯარიმა ქართული ენის არცოდნის გამო

კანონპროექტი „სახელმწიფო ენის შესახებ“, ჯერჯერობით, კულტურის, მეცნიერებისა და განათლების კომიტეტში საბოლოოდ დამუშავებული არ არის. ჯერ არც ისაა ცნობილი, კანონმდებლების წინაშე დასამტკიცებლად რა სახით წარსდგება.

ცნობილია, რომ კანონპროექტის მიზანი სალიტერატურო სახელმწიფო ენის შენარჩუნება და განვითარებაა. თუმცა იმ ფაქტის გათვალისწინების გარეშე, რომ საქართველოში ცხოვრობენ ეროვნული უმცირესობები, რომლებიც სახელმწიფო ენას არათუ ლიტერატურულ, არამედ სასაუბრო დონეზეც ვერ ფლობენ.

ასევე ცნობილია, რომ სახელმწიფო ენის ნორმების დარღვევა თანამდებობის პირებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას გამოიწვევს. კანონპროექტის ინიცირება პარლამენტის განათლების კომიტეტზე მოხდა. კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება, სახელმწიფო ენის შესახებ კანონის გარდა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც უნდა შევიდეს.

კანონპროექტის თანახმად, უნდა შეიქმნას სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ორგანო, რომელიც სახელმწიფო ენის დაცვას, კერძოდ ჟურნალისტებისა და ჩინოვნიკების მიერ ენის გამოყენებას გააკონტროლებს. ეს ორგანო გააკონტროლებს ოფიციალურ დოკუმენტებს, რეკლამას, ინფორმაციას მედიაში და დარღვევის შემთხვევაში ლიტერატურული ნორმებიდან გამომდინარე განისაზღვრება ჯარიმა ჟურნალისტებისთვის 1000-დან 5000 ლარამდე, ჩინოსნებისთვის კი უფრო ნაკლები 200-დან 500 ლარამდე.
განმეორების შემთხვევაში ჯარიმა მედიასაშუალებებისთვის 10 000 ლარამდე იზრდება, სახელმწიფო მოხელეებისთვის კი 500-დან 1500 ლარამდე.

ადგილობრივი ხელისუფლებაში შეფასებებისგან თავს იკავებენ

ახალქალაქში რამდენიმე მედიასაშუალება მუშაობს და მათი თანამშრომლებიდან ქართული მხოლოდ ერთეულებმა იციან, თანაც არა ის ლიტერატურული ქართული, რასაც კანონპროექტი ითხოვს, სასაუბრო დონეზე.

ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ეთნიკური და ენობრივი სურათი ასეთია: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაახლოებით 100 თანამშრომლიდან ეროვნებით ქართველი 7-8 ადამიანია, ქართული ენა კი მაქსიმუმ ცხრა თანამშრომელმა იცის; საკრებულოს 31 დეპუტატიდან ქართველია 6 და შესაბამისად, ენაც იციან.

ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონპროექტზე კომენტარის გაკეთება არ მოისურვეს. მათი განმარტებით, კანონპროექტის სრული ვერსია ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ამიტომ შეფასება უჭირთ. თუმცა, აქვე აცხადებენ, რომ თვითმმართველობაში საქმის წარმოება ისედაც ქართულ ენაზე მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ცვლილების მიხედვით, თანამდებობის პირი იმ შემთხვევაში დაჯარიმდება, თუ სახელმწიფო ენის არცოდნის მოტივით განცხადების ან წერილობითი დოკუმენტის მიღებაზე უარს განაცხადებს.

შეფასებები ახალქალაქის მედიიდან

გაზეთ „ნორ აკუნკ“-ის მთავარმა რედაქტორმა მელს ტოროსიანმა კანონპროექტის შესახებ მედიიდან შეიტყო, რაც მას კანონპროექტის შესახებ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის საშუალებას არ აძლევს.

„ჩემი აზრით, აუცილებელია სახელმწიფო ენა იყოს დაზღვეული (ანუ დაცული) ენის შესახებ კანონის მეშვეობით. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ პროექტს რეპრესიული მნიშვნელობაც აქვს. რას ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობაში მიეცემიან სახელმწიფო ჩინოსნები და ჟურნალისტები, მაშინ რა უნდა ვილაპარაკოთ ენის თავისუფლებაზე, სად არის ეროვნული უმცირესობების ენის დაცვის შესახებ ევროპული ქარტიის დებულება?!“, - ამბობს მელს ტოროსიანი.

მისი თქმით, არასწორია, როდესაც სიტყვის თავისუფლება კონტროლდება, ეს უკვე აღარ არის სიტყვის თავისუფლება.
„როდესაც კანონი გზღუდავს, ეს უკვე დარღვევაა, მოცემულ შემთხვევაში სიტყვის თავისუფლების უფლება ირღვევა. როგორ შეიძლება მასმედიის თანამშრომლის დასჯა, მით უფრო, ფინანსურად?!“ - ამბობს იგი.

მელს ტოროსიანი მიიჩნევს, რომ ენის დამცველი კანონის მიღება საჭიროა, თუმცა მასში უნდა იყოს პუნქტი ეროვნული უმცირესობების შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელთა უფლებებს დაიცავს.

სამველ პეტროსიანი: თუ ამ საკითხს წამოწევენ, ევროპული ქარტიის რატიფიცირების საკითხს დავაყენებ


მაჟორიტარი დეპუტატი ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან სამველ პეტროსიანი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებშია არჩეული და თავად არ ფლობს ქართულ ენას, ამბობს, რომ თუ პარლამენტში ეს საკითხი განხილვაზე გამოიტანეს, იგი ენის ევროპული ქარტიის რატიფიცირების საკითხს დააყენებს.

„თითქოსდა ქართული ენის დაცვით, შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული უმცირესობების უფლებები ილახება. არ გვაძლევენ უფლებას, რომ ჩვენ ჩვენს ხალხს მშობლიურ ენაზე ველაპარაკოთ, ეს პირდაპირი გაგებით ძალიან ნეგატიური მოვლენაა. ეს პროექტი უარყოფით გავლენას იქონიებს არა მხოლოდ ეროვნულ უმცირესობებზე, არამედ მთელ საქართველოზე“, - ამბობს სამველ პეტროსიანი.

იგი მიიჩნევს, რომ მსგავსი ადმინისტრაციული მეთოდებით სახელმწიფო ენის სწავლების საკითხს შეიძლება მხოლოდ ხელი შეუშალონ და არა დაეხმარონ. რადგან, სწავლისთვის პირობებისა და მოტივაციის შექმნით ხალხმა შეიძლება ისწავლოს, მაგრამ, როდესაც ძალას იყენებ, ეს ქმნის საპირისპირო ძალას, რომელიც პროტესტის ნიშნად სწავლის სურვილის დაკარგვას იწვევს: „მე ძალიან მკვეთრი და რადიკალური სიტყვის წარმოთქმისთვის ვემზადები. თუ ამ საკითხს წამოწევენ, ევროპული ქარტიის მიღების საკითხს დავაყენებ. ჩემი აზრით, აბსურდია, რომ მსგავსი პროექტი კომიტეტზეა შეტანილი“.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების რეაქცია

3 სექტემბერს სომხურ და 4 სექტემბერს უკვე ქართულ ენაზე „სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების საბჭომ“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, არ გამოიყენოს ორმაგი სტანდარტები და დაჩქარებულ ტემპში დაიწყოს მსჯელობა სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების შესახებ.

საბჭოს გავრცელებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ მსგავსი ინიციატივის წამოწევა პირველი შემთხვევა არ არის: „ეს პროცესი ჯერ კიდევ 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის დღიდან დაიწყო, როდესაც ივანიშვილის მომხრეების მხრიდან ე.წ. „ენის პოლიციის“ შექმნაზე გაკეთდა განცხადება“.

მიმართვაში ასევე ვკითხულობთ, რომ მთავრობის ახლანდელი პოლიტიკა ეროვნულ უმცირესობებთან მიმართებით რეგიონში მცხოვრები ეთნიკური სომხების მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში არსებობს რიგი რეგიონები, რომელთა მოსახლეობას არაქართველი მოქალაქეები წარმოადგენენ, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არ მოუწერია ხელი ან რატიფიცირება არ მოუხდენია იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა, რომელიც მკვიდრი მოსახლეობისა და ეთნიკური უმცირესობების ენობრივი უფლებების დაცვას უკავშირდება, მეტიც - ის ნორმები, რომელსაც საქართველო შეუერთდა, რეალობაში დღემდე არ არის განხორციელებული, არც შესაბამისი კანონმდებლობაა შემუშავებული. ამ ფონზე აღნიშნული პროცესი (ახალი კანონპროექტი) პირდაპირ გავლენას იქონიებს საქართველოს შემადგენლობაში შემავალ მთელ რიგ რეგიონებზე, მათ შორის სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მოსახლეობაზე“, - ნათქვამია საბჭოს მიმართვაში.

"სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების საბჭო" მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ვალდებულებების არშესრულებისა და კანონმდებლობის არასრულყოფილების პირობებში, ქართული ხელესუფლების მსგავსი ნაბიჯები, აღნიშნულ რეგიონებში, მოსახლეობის ღელვას, ქართული ხელისუფლების მიმართ უნდობლობას გამოიწვევს. გარდა ამისა, გაღრმავდება ჯავახეთის ეთნიკური სომხების იზოლაცია სახელმწიფო ინსტიტუტებისგან.

„აღნიშნული და სხვა უარყოფითი პროცესების თავიდან ასაცილებლად, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების საბჭო, საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ საკუთარ პროგრამებში თავი აარიდოს ორმაგი სტანდარტების აღსრულებას და ამგვარი პროცესების დაწყებასთან მიმართებაში დაუყოვნებლივ გახადოს განხილვის თემად რეგიონში სომხური ენისთვის რეგიონალური სტატუსის მინიჭება. ამით საქართველოს ახალი ხელისუფლება დაამტკიცებს, რომ ის ჭეშმარიტად დემოკრატიულია, არ გადაუხვია გამოცხადებულ პოლიტიკურ კურსს და ამით განსხვავდება წინამორბედი ხელისუფლებისგან.

მოვიდა დრო ვაღიაროთ, რომ ჯავახეთის მკვიდრი ათასობით სომეხი მოქალაქე გადასახადების ისეთივე გადამხდელია, როგორც ქვეყნის ქართველი მკვიდრი მოსახლეობა და მას ისეთივე უფლება აქვს ადმინისტრაციულ და სახელმწიფო დონეზე დაიცვას საკუთარი მშობლიური ენა, როგორც დღეს ცდილობთ ქართული ენის დაცვას. აი ეს არის ნამდვილი დემოკრატია!"- ნათქვამია მიმართვაში.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების საბჭო' ხელისუფლებას მოთხოვნებს უყენებს
სახელმწიფო ენის ნორმების დარღვევისთვის შესაძლოა სანქციები დაწესდეს
ნარეკ გალსტიანი: "ქარტიის რატიფიცირება ცოტა დააგვიანეს კიდეც”
აგიტ მირზოევი: ”სომხური ენის სტატუსის საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს”
რის საფუძველზე ითხოვენ ”რესპუბლიკელები” სომხური ენისთვის სტატუსის მინიჭებას
სომხური ენის სტატუსის საკითხი - გამოხმაურება ინტერნეტ-მედიაში
ახალქალაქში რეგიონული ენის სტატუსის საკითხი წამოწიეს