FM97.5 / LIVE

ვინ აშენებს აღობილში სასტუმროს, სადაც ორი მუშა დაშავდა

მთავარისიახლე, შემთხვევა 05.09.2019
აბასთუმანში, აღობილის ტერიტორიაზე, სადაც ბოლო სამი დღის განმავლობაში ორი მუშა დაშავდა, სასტუმროს კომპანია „რედიქსის“ დაკვეთით, თურქული კომპანია „Synergy construction” აშენებს. მუშების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას დამკვეთი, სამშენებლო კომპანიას აკისრებს, კომპანიაში კი კომენტარს არ აკეთებენ.

ვინ აშენებს აღობილში სასტუმროს, სადაც ორი მუშა დაშავდა

დღეს, ოთხ სექტემბერს აბასთუმანში, აღობილის ტერიტორიაზე სასტუმრო „აღობილის“ მშენებლობაზე შუახნის კაცი დაშავდა. როგორც აქ დასაქმებული მუშები ამბობენ, შუახნის კაცს ფეხი გაუცურდა და ლითონის კონსტრუქციაზე სახით დაეცა.

„ხელის მტევანზე ერთი ძვალი ჰქონდა მოტეხილი, თაბაშირი დავადეთ და სახეზე დაცემის შედეგად ესკორიაციები აღენიშნებოდა, დახმარება აღმოვუჩინეთ და გავწერეთ“, – გვითხრა ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა ხათუნა კეკელაშვილმა.

სასტუმროს მშენებლობაზე, მუშის დაშავების ეს პირველი შემთხვევა არ არის. სამ სექტემბერს კიდევ ერთი დაშავდა. მას თავში კონსტრუქცია ჩაეცა, იმის გამო რომ თავზე ჩაფხუტი ეფარა თავზე სერიოზული დაზიანება არ აქვს, თუმცა დაჟეჟილობა აღენიშნება წელის არეში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორივე შემთხვევაზე ძიება სსკ-ის 240 მუხლის I ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს: უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

აღობილში სასტუმრო „რედიქსის“ დაკვეთით შენდება, რომლის 100% წილის მფლობელი ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილია. სამშენებლო სამუშაოებს კი თურქული სამშენებლო კომპანია „Synergy construction” აშენებს. „რედიქსში“ ამბობენ, რომ კომპანიას 16 წლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს, როგორც კომერციული, ასევე ინდუსტრიული და სამოქალაქო სექტორის სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვასა და იმპლემენტაციაში.

„რედიქსში“ „სამხრეთის კარიბჭეს“ განუმარტეს, რომ დაშავებული მუშების შესახებ მათთვის ცნობილია, თუმცა საკითხზე რეაგირება მათი კონპეტენცია არ არის, რადგან სამუშაოების უსაფრთხოების დაცვაზე და ზედამხედველობაზე სრული პასუხისმგებლობა „Synergy construction“–ს აკისრია.

„აღნიშნული ინფორმაცია გვაქვს, თუმცა, დასაქმებულებზე ზედამხედველობას და მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს კომპანია „Synergy construction“–ი და ჩვენ მათ კომპეტენციაში არ ვერევით“, – ნათქვამია „რედიქსის“ მიერ „სამხრეთის კარიბჭესთვის“ გამოგზავნილ წერილში.

იყო თუ არა უსაფრთხოების ზომები დაცული სამშენებლო ობიექტზე, არ გვიპასუხა სასტუმროს სამუშაოთა მწარმოებელმა. „სამხრეთის კარიბჭეს" ჟურნალისტი არც სასტუმროს ტერიტორიაზე შეუშვეს.

„Synergy“–ის ცენტრალურ ოფისში კი განგვიცხადეს, რომ ხვალ, ექვს სექტემბერს გააკეთებენ აღნიშნულზე კომენტარს.

პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის ტექნიკური ინსპექტორი ნიკოლოზ კაკაშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, რომ სასტუმროს მშენებლობისას, ისვე როგორც სხვა შემთხვევებში ეფექტური ინსპექტირება არ ხორციელდება.

კაკაშვილის თქმით, ინსპექტორები ყველა დეტალს არ ითვალისწინებენ, რაც ობიექტზე დასაქმებული მუშების უსაფრთხოებას დაიცავს და ამაში ერთ–ერთ მიზეზს კანონის აღსრულებაში ხედავს.

„ამ მხრივ თბილისში მეტნაკლებად გამოსწორდა მდგომარეობა, იქიდან გამომდინარე რომ კანონი გამკაცრდა და სანქციები გაიზარდა, თუმცა ეს კანონი არ შეხებია რეგიონებს, ამიტომაც ხდება მსგავსი ფაქტები. არ ხდება საკმარისი მონიტორინგი“, – გვიხსნის ნიკოლოზ კაკაშვილი.

გარდა ამისა, მისი თქმით, სამშენებლო ობიექტებზე ინსპექტირება ერთდროულად რამდენიმე უწყებას აქვს გადანაწილებული, მათ შორის მუნიციპალურ ზედამხედველობას, რომელთა უფლებები გამიჯნული არ არის, ამიტომ სამუშაოებს ეფექტურად ვერ აკონტროლებენ: „სასურველი იქნება თუ მთლიანი ინსპექტირება ასეთ შემთხვევაში გადაეცეს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს, მას დაევალოს ყველაფერი და უფრო ეფექტურად მოხდება ზედამხედველობა ყველა დეტალზე“.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში აბასთუმანში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ: “ჩვენ თვითონაც ვარკვევეთ რაღაცეებს და კომენტარს ამის შემდეგ გავაკეთებთ“.

ევალებოდა და უწევდა თუ არა აღობილში სასტუმროს მშენებლობას ზედამხედველობას ადიგენის მერიის ზედამხედველობის სამსახური, ჩვენთვის უცნობია.

ადგილობრივი თვითმმართველობისგან დღეს „სამხრეთის კარიბჭემ“ კომენტარი ვერ მიიღო. მერმა ზაქარია ენდელაძემ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, აღნიშნული სამსახურის უფროსი როინ ძაძამია კომენტარის გაკეთებას დაგვპირდა, თუმცა მოგვიანებით ტელეფონი გამორთო.

აბასთუმანში, აღობილის ტერიტორიაზე ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს „აღობილის“ მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და როგორც „რედიქსში“ განმარტავენ 2021 წელს უნდა დასრულდეს. აქ პროექტის მიხედვით, სასტუმრო 140 ნომრიანი იქნება და ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯება.

„რა თქმა უნდა ზოგადად რეგიონისა და აბასთუმნის ეკონომიკურ, ინფრასტრუქტულ და სოციალურ განვითარებაზე ერთმნიშვნელოვნად დადებითად იმოქმედებს“, – ამბობენ „რედიქსში“.

ლაშა პაპაშვილმა აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობის ვალდებულება 2009 წელს აიღო, თუმცა, საინვესტიციო ვალდებულებები ვერ შეასრულა. 2014 წელს მთავრობის განკარგულებით ბიზნესმენი საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდა. მოგვიანებით პროექტში საპარტნიორო ფონდი შევიდა.

რაც შეეხება რედიქს ჯგუფს, კომპანია საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე 2007 წლიდან არის. 2008 წლიდან კომპანია ახალი, განსხვავებული ფუნქციური დანიშნულების ობიექტების მართვასა და განვითარებას ითავსებს.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობაზე მუშა დაშავდა
აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობაზე კიდევ ერთი  მუშა დაშავდა
ზაფხულიდან აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობა დაიწყება
აბასთუმანში მშენებლობაზე დაშავებული მუშა საავადმყოფოდან გაწერეს
აბასთუმანში 4–ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება – პროექტის ღირებულება 26 მლნ აშშ დოლარია
ობიექტზე, სადაც მუშა დაიღუპა მშენებლობა განახლდა
აბასთუმანში მშენებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო დამსვენებლებს 2020 წლიდან მიიღებს