FM97.5 / LIVE

საგზაო ნიშანი ახალქალაქის მერიასა და ადგილობრივებს შორის უთანხმოების მიზეზი გახდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.03.2019
ახალქალაქში, ჭავჭავაძის ქუჩაზე კომერციული ობიექტების მფლობელები აცხადებენ, რომ მერიამ მათ ქუჩაზე მანქანის გაჩერების ამკრძალავი ნიშანი უკანონოდ დადგა, რის გამოც კომერციულ საქმიანობაში ხელი ეშლებათ. ადგილობრივები მერიას ბიზნესისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ და ამკრძალავი ნიშნის დემონტაჟს ითხოვენ.

საგზაო ნიშანი ახალქალაქის მერიასა და ადგილობრივებს შორის უთანხმოების მიზეზი გახდა
ჭავჭავაძის ქუჩაზე, გარე განათების ბოძზე საგზაო ნიშანი, გასული წლის ბოლოს გააკეთეს.

„კამერებში ჩანს როგორ დააყენა 26 დეკემბერს ამკრძალავი ნიშანი ბოძზე ახალქალაქის მერიის ეკონომიკის სამსახურის თანამშრომელმა მარტინ თაკურიანმა. საღამოს ექვსი საათი იყო, ამოიღო ნიშანი საბარგულიდან და განათების ბოძს მიაკრა, ეს არის უკანონო, მარტინი ამ ქუჩაზე ცხოვრობს და მისი პირადი მიზანია, რომ მანქანების გაჩერება აიკრძალოს. მას არ ჰქონდა დოკუმენტები, რის საფუძველზეც ნიშანი დააყენა“, – ამბობს ანნა ღრმაჯიანი, რომელსაც ოთხი წელია ჭავჭავაძის ქუჩაზე ტოტალიზატორი აქვს.

ჭავჭავაძის ქუჩა ახალქალაქის ერთ–ერთი ცენტრალური ქუჩაა და აქ არაერთი კომერციული ობიექტია.

„დისტრიბუციის მანქანები ვერ მოდიან, კლიენტები მანქანებს ვერ აჩერებენ. თუ გაჩერდებიან პატრული აჯარიმებს, ამის გამო მათი რაოდენობა შემცირდა“, – ამბობს ავტონაწილების მაღაზიის მეპატრონე სარქის ნაცაკანიანი, რომელიც ჭავჭავაძის ქუჩაზე 15 წელია მუშაობს.

„თანამშრომლები უფლებამოსილებას ამეტებენ და თვითნებურად მოქმედებენ, მაინტერესებს რატომ არ რეაგირებს მერია უკანონოდ დაყენებულ ნიშანზე და თანამშრომლების ამ ქმედებაზე. ამკრძალავი ნიშანი განათების ბოძზეა თან ისე მაღლა, რომ მძღოლები ხშირად ვერც ამჩნევენ“, – აცხადებს ანნა ღრმაჯიანი.

მისი შვილი, მიხაილ ღრმაჯიანი, ერთ–ერთია, რომელიც საპატრულო ეკიპაჟმა აღნიშნულ ქუჩაზე მანქანის არასწორად გაჩერების გამო 10 ლარით დააჯარიმა: „ყველას აჯარიმებენ გაუფრთხილებლად ვინც კი ჭავჭავაძის ქუჩაზე მანქანას გააჩერებს. მე ვეჩხუბე პატრულს, ვუთხარი უკანონოდ მაჯარიმებთ–მეთქი და მითხრა, ჩვენ ვერაფერს გეტყვით ახალქალაქის მერიას მიმართეთო“.

საგზაო ნიშანი ახალქალაქის მერიასა და ადგილობრივებს შორის უთანხმოების მიზეზი გახდა

ამკრძალავი ნიშნის მოხსნის მოთხოვნით წერილი ადგილობრივებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში და შსს ახალქალაქის რაიონულ სამმართველოშიც შეიტანეს.

„საგზაო ნიშნის ჩამოხსნის, ან შეცვლის საკითხი არ შედის ჩვენს კომპეტენციის ფარგლებში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ ახალქალაქის მუნიცპალიტეტის მერიას“, – ნათქვამია სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონულ სამმართველოს უფროსის გიორგი სორდიას პასუხში, რომელიც კომერციული ფართის მეპატრონეებმა 21 თებერვალს მიიღეს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ გამაფრთხილებელი საგზაო ნიშანი „გაჩერება აკრძალულია“ ჭავჭავაძის ქუჩაზე კანონის დაცვით, ქალაქის ცენტრალური ნაწილის მცხოვრებლების განცხადების საფუძველზე ნოემბერში დამონტაჟდა.

„საგზაო ნიშნის დაყენებისას გათვალიწინებული იქნა თქვენი ობიექტის მდებარეობა და საგზაო ნიშანი დაყენებული იქნა ქუჩის დასაწყისიდან, თქვენი ობიექტის ფასადის მხრიდან 20 მეტრის შიგნით. თუკი თქვენი მხრიდან იქნება რაიმე სახის შეთავაზება საგზაო ნიშნის დაყენებასთან დაკავშირებით, რომელიც იქნება მისაღები ვარიანტი მხარეთა შორის, მუნციპალიტეტი მზად არის ხელახლა განიხილოს მითითებული საკითხი“, – ნათქვამია ახალქალაქის მერიის მიერ ღრმაჯიანებისთვის გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს მერი იური უნანიანი აწერს.

კომერციული ფართის მეპატრონეები აცხადებენ, რომ ამკრძალავი ნიშანი არა მოსახლეობის, არამედ მერიის ერთი თანამშრომლის სურვილის შესაბამისად გააკეთეს.

„ჭავჭავაძის ქუჩაზე, ჩვენი ობიექტის მეზობლად ცხოვრობს ეკონომიკის სამსახურის თანამშრომელი მარტინ თაკურიანი, მას არ უნდოდა მანქანების გაჩერება თავის სახლთან. ნოემბერში დააყენა, მოვხსენი და გადავაგდე, მეორედ ისევ დააყენა, მაინტერესებს ვინ აძლევს ამ ნიშნებს“, – კითხულობს მიხაილ ღრმაჯიანი.

საგზაო ნიშანი ახალქალაქის მერიასა და ადგილობრივებს შორის უთანხმოების მიზეზი გახდაახალქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ამკრძალავი ნიშანი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე დააყენეს, თუმცა ამ მოთხოვნის შესახებ მერიაში ადგილობრივების განცხადება სამი წლის წინ, 2015 წლის 24 ივლისს შევიდა. წერილიდან ირკვევა, რომ მოსახლეობა ჭავჭავაძის, თავისუფლების და ნალბანდიანის ქუჩების გადაკვეთებზე გადატვირთული მოძრაობის გამო, მანქანების გაჩერების ამკრძალავ, ან ცალმხრივად მოძრაობის ნიშნების დადგმას ითხოვს, თუმცა თვითმმართველობამ არჩევანი ამკრძალავ ნიშანზე გააკეთა.

„2015 წლის განცხადებაში ხუთი ადამიანი აწერს ხელს, აქედან ორი უკვე აღარ ცხოვრობს ჩვენს ქუჩაზე“, – აცხადებენ ადგილობრივები.

ახალქალაქის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი ვაჰან ბათოიანი კი ირწმუნება, რომ გარდა ამ წერილისა, ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლები დახმარების თხოვნით მათ სიტყვიერადაც მიმართავდნენ: „ამ ქუჩაზე მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის საჩივრები სიტყვიერად ყოველთვის შემოდის. ჩვენ კანონის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის შესწავლის შემდეგ დავდგით ამკრძალავი ნიშანი. ეს გზა ცალმხრივ მოძრაობას ექვემდებარება, მაგრამ გავითვალისწინეთ მოსახლეობის თხოვნაც. გვაქვს გეგმა, რომელიც შვიდი თვის წინ შევადგინეთ და იმის მიხედვით ვმოქმედებთ, ჭავჭავაძის გარდა, ქალაქის კიდევ ოთხ ქუჩაზე უნდა დავდგათ გაჩერების ამკრძალავი ნიშანი“.

ბათოიანი განმარტავს, რომ კომერციული ობიექტების მეპატრონეების ინტერესები მაქსიმალურად გაითვალისწინეს: „ამ ქუჩაზე 20 მეტრის სიღრმეში დავაყენეთ ნიშანი, იქ სადაც ობიექტებია იმ ტერიტორიაზე მანქანების გაჩერება შეიძლება, მოსახლეობის სახლებთან კი აკრძალულია. მოსახლეობა შეწუხებულია, რადგან აქ ტოტალიზატორია, გვიანობამდე ხმაურია, მანქანებს ისე აყენებენ, რომ ზოგჯერ სახლის მეპატრონეები კარებსაც ვერ აღებენ. რვა საათის შემდეგ მოსახლეობა ვერ იძინებს, ისეთი ხმაურია".

მისი თქმით, ამკრძალავი ნიშნის დაყენების შესახებ საქმის კურსში ჩააყენეს საპატრულო პოლიციაც: „არ მოსწონთ რომ აჯარიმებენ და ამიტომ აპროტესტებენ, მაგრამ მოსახლეობის აზრიც ხომ უნდა გავითვალისწინოთ“.

საგზაო ნიშანი ახალქალაქის მერიასა და ადგილობრივებს შორის უთანხმოების მიზეზი გახდა

ეკონომიკის სამსახურის სპეციალისტი მარტინ თაკურიანი, რომელიც ჭავჭავაძის ქუჩაზე ცხოვრობს, ამბობს, რომ ხმაური და სახლის წინ გაჩერებული მანქანები ნამდვილად აწუხებს, თუმცა ამ შემთხვევაში მერიაში არა მხოლოდ მისი არამედ, მოსახლეობის მოთხოვნაც გაითვალისწინეს. რაც შეეხება საგზაო ნიშანს, თაკურიანი ამბობს, რომ მან 26 დეკემბერს ის მართლაც თვითონ დაამაგრა, თუმცა, ეს სამსახურის უფროსის დავალებით გააკეთა – მანამდე აქ დამაგრებული ნიშანი მოიპარეს და ახალი უნდა დაემაგრებინათ.

„ტოტალიზატორის გამო გვიან ღამემდე ხმაურია, იგინებიან, სიგარეტის ნამწვს ყრიან, საპირფარეშოდ აქციეს მიმდებარე ტერიტორია. ფოტოებიც მაქვს გადაღებული, როგორ დგანან მანქანები სახლის კარებთან, ისე რომ გარეთ ვერ გამოხვალ. წარმოუდგენელი მდგომარეობაა ჩვენს ქუჩაზე“, – ამბობს მარტინ თაკურიანი.

ხმაური და გადატვირთული ქუჩა არც მის მეზობლად მცხოვრებლებს მოსწონთ: „ადგილი არ არის ამიტომ ჩემი მანქანა ტროტუარზე მყავს გაჩერებული. სხვას ვერაფერს გეტყვით“, – ამბობს არტურ არაგალიანი.

ახალქალაქის მერის იური უნანიანის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს პირველ მარტს მერიაში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც ჭავჭავაძის ქუჩის საქმეს შეისწავლის: „ნაწილი ითხოვდა, რომ დაგვეყენებინა ეს ნიშანი, ნაწილს არ მოსწონს. შევისწავლით, თუ საჭიროა დავტოვებთ და თუ საჭიროა ავიღებთ“.

[თინათინ ზაზაძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის ქუჩებში დამონტაჟებული საგზაო ნიშნების საკითხს სამუშაო ჯგუფი სწავლობს
საგზაო ნიშნის საქმეზე მოქალაქემ ახალქალაქის მერიას სასამართლო მოუგო
საგზაო ნიშნის საქმეზე მოქალაქე ახალქალაქის მერიას  სააპელაციოშიც უჩივის
ახალციხეში 32 საგზაო ნიშანი მოიხსნება
ახალციხეში რუსთაველის ქუჩიდან მესამე სკოლისკენ ავტომობილით შესვლა აიკრძალა
მოძრაობა წესების გარეშე
სად გავაჩეროთ მანქანა – პროტესტი რუსთაველზე