FM97.5 / LIVE

მესხური შობა–ახალი წელი [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.12.2018
გზის დანახვა ჭირს, ისე ბარდნის. ორღობეში არავინ ჩანს. ამ ძველ მესხურ სოფელში ახალი წლის სამზადისიც და აღნიშვნაც თავისებური იციან. ახლა ყველა შინ ფუსფუსებს, თუმცა შობის ღამეს სოფელი ეკლესიის ეზოში შეიკრიბება - ქუთუკობა მუსხის ძველი და დღემდე უცვლელი ტრადიციაა.

მესხური შობა–ახალი წელი [Photo/Video]

მაისურაძეების ოჯახში საახალწლო მზადება ახალ წლამდე 10–12 დღით ადრე იწყება, პირველ რიგში აქ ჩურჩხელებს აკეთებენ. ბაქმაზის წვენისგან მომზადებულ თათარაში ბამბის თოკზე აცმულ კაკალს ოჯახის რძალი, ხათუნა გოგოლაძე ავლებს.

„ჩვენთვის ახალ წელს განსაკუთრებული დატვირთვა ჩურჩხელას აქვს. ყველას ძალიან გვიყვარს და ბევრს ვავლებთ. წლების წინ დედა აკეთებდა, ახლა მე ვუმზადებ ჩემს შვილებს. ჩვენს ეზოში თუთის ხეები გვაქვს, ზაფხულში ბაქმაზს და ტყლაპს ვაკეთებთ. ბაქმაზის წვენისგან კი ჩურჩხელებს“, – გვიყვება 48 წლის დიასახლისი და თან საქმეს წამითაც არ წყდება.



ჩურჩხელების ამოვლების შემდეგ სოფელში ღორი იკვლება. ეს ვალდებულება კაცებს აკისრიათ. დაფასოებულ ხორცს უკვე ქალები ანაწილებენ სხვადასხვა კერძისთვის, ღორის თავს კი შობისთვის ინახავენ.

საახალწლოდ განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს მესხური ფურნე. მუსხში მას ახალ წლამდე ორი–სამი დღით ადრე ანთებენ. 80 წლის ჟუჟუნა ბაბოს შოთის პურის გემო მთელ სოფელში იციან, ქვისგან აშენებულ სქელკედლიან ფურნეში პირველად შოთი და ქადა ხაჭაპური ცხვება, ბოლოს კი სომინი.

„ფურნეში ბედის პურებსაც ვაცხობდი, ერთში 20 კაპიკიანს ვდებდი, ვისაც ფული შეხვდებოდა მისთვის მომავალი წელი ბედნიერი იქნებოდა. პირველად პურის ნაჭერს ოჯახის უფროსი იღებდა, ყველაზე ბოლოს კი პატარა,“ - იხსენებს ჟუჟუნა მაისურაძე - "მე ეს ტრადიცია კიდევ მაქვს, ამ ახალ წელსაც გამოვაცხობ“.


სოფელ მუსხში ტრადიციებს უფრთხილდებიან. ის რაც ნახევარი საუკუნის წინ მესხების საახალწლო სუფრას ამშვენებდა, დღესაც მზადდება. ბაქმაზის ჰალვა, თუთის ტყლაპი, სომინი პური, ჩირი და ჩურჩხელა 31 დეკემბრის ღამეს ყველა ოჯახში იქნება.

მესხური შობა–ახალი წელი [Photo/Video]

არც მეკვლის ტრადიციას ივიწყებენ. მუსხში მეკვლე ყველაზე სასურველი სტუმარია. სოფელში ყველას უნდა, რომ პირველ იანვარს მისი სახლის კარი ფეხბედნიერმა და გულკეთილმა ადამიანმა შეაღოს.

„ჩემს ბავშვობაში კარგი ფეხის მქონე მეკვლე ისაკა და გიგლა იყვნენ. ყველას სახლის წინ ჩაივლიდნენ და ილოცებოდნენ, არცერთს დაპატიჟება არ უნდოდა, ისედაც იცოდნენ, რომ ყველა ოჯახში ელოდნენ. ახლა ყველა თავის ახლობელს ირჩევს მეკვლედ. მეკვლეს სიმინდის მარცვლებზე ვსვამთ ხოლმე, მეორე დღეს კი ქათმებს ვუყრით, ბევრი წიწილა რომ გამოჩეკონ. მე ამის მჯერა, თუ მეკვლეს კეთილი გული აქვს, მომავალ წელს ოჯახს წინსვლა ექნება. მეკვლეებს მატყლის წინდებს ვჩუქნიდით, ეს კარგ საჩუქრად ითვლებოდა ადრე, მე ახლაც ვქსოვ და ვჩუქნი ხოლმე “, – ახალ წლის პირველ სტუმარს ჟუჟუნა ბაბოს თბილი წინდები წელსაც ელოდება.

თუ მაისურაძეებში ხათუნას ჩურჩხელებსა და ჟუჟუნას შოთებს ეშურებიან, ივანიძეებში ყველა მუსხელმა იცის, რომ გოზინაყი უნდა გასინჯოს. ზაზა ივანიძეს, ახალაზრდა მეფუტკრეს, საუკეთესო გოზინაყი გამოსდის.

„15 წელია მეფუტკრე ვარ, 100–ზე მეტი ფუტკრის ოჯახი მყავს. რაც თაფლთან არის დაკავშირებული ყველაფერი მიყვარს. ხშირად ვაკეთებ გოზინაყს და ძალიან გემრიელი გამომდის. ახალ წელს ერთმანეთს გოზინაყით ვულოცავთ. შემდეგ აუცილებელი ტრადიცია გვაქვს ხორბალს და სიმინდს გავიტანთ და საქონელს შევაჭმევთ, იმისთვის, რომ დოვლათის და ბარაქის მომტანი წელი იყოს“.

ზაზას ეს ტრადიცია პაპა–ბაბოსგან მოჰყვება: „ისინი აკეთებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ არ მჯერა ცრუ–რწმენების, მაინც თავისებური ხალისი აქვს“.



მუსხში საახალწლო ნაძვის ხეს სხვადასხვა დროს დგამენ. ეკატერინე ერაძის ოჯახში დღესასწაულის ყველაზე მთავარი ატრიბუტი, 17 დეკემბერს, ბარბარობის დღესასწაულზე ირთვება.

„ტრადიცია გვაქვს, მთელი ოჯახი ვმონაწილეობთ ნაძვის ხის მორთვაში. ეს პროცესი ჩემს პატარა შვილებს მაინც განსაკუთრებულად უხარიათ“ – ეკას პატარებს ხის ქვეშ დაწყობილი საჩუქრებიც არანაკლებ ახარებთ, - „ადრე ხეზე კანფეტებს კიდებდნენ და ხის ძირში კი ტკბილეულს დებდნენ. ახლა ნაძვის ხის ქვეშ ახალი წლის ღამეს ოჯახის წევრები საჩუქრებს ვაწყობთ“.



სოფელში მცხოვრებ სამასზე მეტ ოჯახს განსხვავებული სამზადისი აქვს, თუმცა მუსხის საშობაო ტრადიცია ყველასთვის ერთნაირია - შობის ღამეს ღორის თავს ხარშავენ, ტკბილეულით სავსე ტაბაკზე სანთელს ანთებენ და ასე ელოდებიან დღესასწაულის დადგომას.

„იმისთვის, რომ ყველა ოჯახში შევიდეს იესო ქრისტე და დაილოცოს აუცილებელია სანთელი ავანთოთ. შემდეგ უკვე ყველა ერთად ეკლესიის ეზოში მივდივართ, ყველას შეშა მიგვაქვს და ანთებული ცეცხლის გარშემო ვცეკვავთ და ვმღერით. ბავშვობაშიც ასე ვხვდებოდით შობას და ახლაც ასეა“, – ეკლესიის ეზოში, შობის ღამეს, კოცონთან ცეკვა-სიმღერას, რომელზეც ჟუჟუნა ბაბო გვიყვება, მუსხში ქუთუკობას ეძახიან.

მესხური შობა–ახალი წელი [Photo/Video]

ადგილობრივები ქუთუკს იმ შეშას უძახიან, რომელსაც ბევრი როკი აქვს და არ იჩეხება. ამისთვის სპეციალურად ემზადებიან, მუსხელები ურიკით, მანქანით და ხელით ეზიდებიან ქუთუკს ეკლესიის ეზოში. ექვს იანვარს შუადღის ლოცვის შემდეგ იწყება მზადება. ანთებული კოცონის გარშემო ადგილობრივები მთელი ღამის განმავლობაში მხიარულობენ. მსგავსი ტრადიცია აქვთ აღდგომასაც.

80 წლის ჟუჟუნა მაისურაძე თავის პირველ ქუთუკობას ძველ მუსხში შეხვდა: "ბავშვი ვიყავი, როდესაც ქუთუკობაზე დედამ წამიყვანა, დღემდე მახსოვს ის შთაბეჭდილება, ნეტავ იმ დროს. წესი იყო ახალი პატარძლები ღამისთევაზე ნათლიას უნდა წაეყვანა. მთელი ღამის განმავლობაში უკრავდა დოლ–გარომონი და ცეკვა–თამაში დილამდე გრძელდებოდა. ახლაც ასეა, სოფლის ცენტრში გვაქვს ახალი ეკლესია და ვაგრძელებთ ტრადიციას“.



მუსხში მესხები გასული საუკუნის 50–იან წლებში ძველი მუსხიდან გადმოსახლებულან. მიუდგომელი სოფელი იყო და ამიტომაც დაიცალაო, იხსენებენ ხანდაზმულები. იხსენებენ იქ დღემდე შემორჩენილ მიწურ სახლებსაც, რომლებშიც ოდესღაც ასევე ფუსფუსებდნენ, ავლებდნენ ჩურჩხელას, აკრავდნენ შოთებს, იმარაგებდნენ შეშას ქუთუკობისთვის და რომლებშიც, წლიდან წლამდე, მესხური საშობაო ტრადიციები იბადებოდა.

მესხური შობა–ახალი წელი [Photo/Video]

[თინათინ ზაზაძე, ნანა ინასარიძე–ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ცეცხლის შენახვის’ და ‘ბობოლობის’ ტრადიცია – როგორ ხვდებოდნენ ძველად შობას მესხეთში [Video]
როგორ ხვდებიან ახალ წელს შერეულ ოჯახებში
ქვის ფურნე და ცეცხლზე შემომდგარი თუჯის ქვაბი – მესხების სააღდგომო მზადება [Video]
ჰალვა - ძველი, მესხური საახალწლო ტკბილეული  [Video]
როგორ ხვდებოდნენ ძველად ახალ წელს მესხეთში
მარო ბაბოს მუზეუმი მუსხში [Photo/Video]
რა ღირს ახალი წლის ღამე ახალციხის ბარ–რესტორნებში