FM97.5 / LIVE

ბორჯომში გაუპატიურების საქმეს პოლიციის ორი მაღალჩინოსნის თანამდებობა შეეწირა

მთავარისამართალი 23.07.2013
ყოფილი პოლიციელი სერგო სამსონიძე სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსა და ბორჯომის პოლიციის უფროსებს ფიზიკურ შეურაცხყოფასა და მუქარაში ადანაშაულებს.

ბორჯომში გაუპატიურების საქმეს პოლიციის ორი მაღალჩინოსნის თანამდებობა შეეწირა
ამის შესახებ სტატიას „გურია ნიუსი“ აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ ამის შესახებ სამსონიძემ ახალციხის სასამართლოში განაცხადა, სადაც მას ვ. გელაშვილის ცემა-გაუპატიურებისათვის ასამართლებდნენ. გელაშვილის თქმით, ის 2009 წლის 1 იანვარს ბორჯომის პოლიციაში სცემეს და სკამის ფეხით გააუპატიურეს, რაშიც დაზარალებულის მტკიცებით, პოლიციელი სამსონიძეც მონაწილეობდა. სამსონიძემ აღიარებითი ჩვენების დაწერას დათანხმდა, თუმცა, სასამართლოში განაცხადა, რომ სინამდვილეში უდანაშაულოა და უბრალოდ, ყოფილი კოლეგების მხრიდან ზეწოლას ვერ გაუძლო.

სერგო სამსონიძის თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციისა და ბორჯომის განყოფილების ხელმძღვანელობა მთლიანად შეიცვალა. სამხარეოს უფროსად ვახტანგ ტალახაძე, ხოლო ბორჯომის პოლიციის უფროსად პაატა გვალია დაინიშნა. ახლებმა თავიდანვე აითვალწუნეს ძველები და მათ უმრავლესობას პატაკის დაწერა და სამსახურის დატოვება მოსთხოვეს. გვალიამ სამსონიძეს პატაკი დააწერინა და სამსახურიდან გაუშვა, მაგრამ იმავე დღეს დაურეკეს და სამსახურში დაიბარეს. სამსონიძე იხსენებს, რომ ის ახალციხეში, სამხარეო სამმართველოს შენობაში შეხვდა უფროსს - ვახტანგ ტალახაძეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ტალახაძის მოადგილე კობა ხორბალაძე, პაატა გვალია და მისი მოადგილე დავით ბუხრაშვილი. სამსონიძე აცხადებს, რომ ოთახში შესვლისთანავე მას ლანძღვა-გინება დაუწყეს, თუ რატომ ემსახურებოდა ყოფილ ხელისუფლებას და რატომ ასრულებდა ბორჯომის ყოფილი პოლიციის უფროს მამუკა ხვედელიანის ბრძანებებს. ამის შემდეგ, სამსონიძის თქმით, პაატა გვალიამ ის მანქაში ჩაისვა,"ჩეზეს"ტიპის ავტომატი ამოიღო და უთხრა, თუ ხვედელიანზე კომპრომატებს მოგვაწვდი დაგაწინაურებთო. ამავე დროს დაემუქრა, რომ სამხარეო სამმართველოში შეხვედრის შესახებ არავისთან არაფერი ეთქვა, თორემ შუბლს გაუხვრეტდა ან ინვალიდს დატოვებდა.

სამსონიძე ამტკიცებს, რომ 2012 წლის 29 ნოემბერს ის კვლავ დაიბარეს ახალციხეში, სამხარეო მთავარ სამმართველოში. შეხვედრა უფროსის მოადგილის კობა ხორბალაძის კაბინეტში შედგა. შესვლისთანავე ბორჯომის პოლიციის უფროსმა გვალიამ სამსონიძეს იარაღი ამოაცალა. შეხვედრას ესწრებოდნენ ტალახაძე, ხორბალაძე და ბუხრაშვილი რომლებმაც მას გინება დაუწყეს, იმის გამო, რომ ხვედელიანზე კომპრომატების მოძიებას აგვიანებდა. კობა ხორბალაძემ სამსონიძეს ზურგიდან დაუწყო ცემა, ხოლო ბორჯომის პოლიციის უფროსი გვალია იარაღით ადგა თავზე და უჩხაკუნებდა, თან აგინებდა, "სპიკეს" (მამუკა ხვედელიანს) რატომ აფარებ ხელსო, შემდეგ ცოლშვილით დაემქურნენ და საბოლოოდ, აღიარებითი ჩვენების მიცემაზე დაითანხმეს.

სამსონიძე ყვება, რომ ამის შემდეგ მას ხვედელიანთან დარეკვა აიძულეს, რადგან, მათი თქმით, ამ უკანასკნელის ტელეფონს ვერ აკონტროლებდნენ. სამსონიძეს ანგარიშზე 2 ლარი ჩაურიცხეს, ხვედელიანის ნომერი აუკრიფეს და დაარეკინეს. ხვედელიანმა სამსონიძეს საუბარში უთხრა, რომ ბორჯომში ვერ შეხვდებოდა, რადგან თბილისში იყო. ამ საუბრიდან რამდენიმე საათში ვ. გელაშვილის ცემა-გაუპატიურებაში ბრალდებული ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი ხვედელიანი თბილისში დააპატიმრეს.

რამდენიმე დღეში დააკავეს სერგო სამსონიძეც, თუმცა მან თბილისში ჩამოსვლა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპეციის უფოროსის ზვიად ჯანყარაშვილის სახელზე განცხადების დაწერა მოასწრო. როგორც თვითონ ყვება, სამინისტროში მას გაესაუბრნენ, დაამშვიდეს და სახლში გამოუშვეს. ორი დღის შემდეგ ახალციხეში დაბრუნებული სამსონიძე დააკავეს და ვ. გელაშვილის წამება-გაუპატიურების აღიარების სანაცვლოდ საქმის ცალკე გამოყოფას და 5 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას დაპირდნენ. სამსონიძემ აღიარებაზე უარი თქვა და დუმილის უფლება გამოიყენა, რის გამოც, მისი თქმით, სამხარეოს უფროსის მოადგილე ხორბალაძემ მას დროებითი დაკავების იზოლატორში მიაკითხა და სასტიკად სცემა. ოქმი, კი რომელშიც იზოლატორის თანამშრომელმა მისი დაზიანებები დააფიქსირა, დახიეს და ახალი ოქმი შეადგინეს.

როგორც სერგო სამსონიძე ყვება, მან მე-8 საპყრობილეში ყოფნის დროს პროკურატურას მასზე გახორციელებული ზეწოლის შესახებ აცნობა, თუმცა, მის განცხადებას რეაგირება ამ დრომდე არ მოყოლია. ასევე, უცნობია, დაიწყო თუ არა შს სამინისტროს გენინსპექციამ სამსონიძის განცხადებაში მოყვანილი ფაქტების შესწავლა.

3 ივლისს სამსონიძე, ისევე, როგორც ვ. გელაშვილის ცემა-წამებაში ბრალდებული სხვა პოლიციელები ახალციხის სასამართლომ გაამართლა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

"გურია ნიუსი" კომენტარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა გვითხრა, რომ არც სამხარეო სამმმართველოს უფროსი ტალახაძე და არც ბორჯომის პოლიციის უფროსი გვალია თანამდებობებზე აღარ მუშაობენ. უფრო მეტიც, მათ საერთოდ დატოვეს პოლიციის რიგები. ტალახაძის და გვალიას საქმეს სამსონიძის განცხადების საფუძველზე პროკურატურა სწავლობს.

წყარო: gurianews.com


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სასამართლოში დღეს ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს დაკითხავენ
მოსამართლე ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის საქმეზე განაჩენს აცხადებს
ბორჯომელები ხვედელიანის გათავისუფლებას აპროტესტებენ
მამაკაცის გაუპატიურებაში ბრალდებული ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა
ყალბი მტკიცებულებები ხვედელიანის საქმეში?
გოჩა ჯეირანაშვილი ხვედელიანის საქმეზე: ‘ნებისმიერ დროს იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი'
რატომ ვერ დასრულდა ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის საქმე?