FM97.5 / LIVE

ასპინძა საპრეზიდენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე [Photo/Video]

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 19.10.2018
საპრეზიდენტო არჩევნებამდე 10 დღე დარჩა. როგორია წინასაარჩევნო გარემო ასპინძაში და რომელ კანდიდატს ანიჭებენ ადგილობრივები უპირატესობას.

ასპინძა საპრეზიდენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე [Photo/Video]


ხალხი


25 პრეზიდენტობის კანდიდატიდან, ასპინძის მუნიციპალიტეტში მხოლოდ სამის, გრიგოლ ვაშაძის, სალომე ზურაბიშვილის და დავით ბაქრაძის პლაკატებია გაკრული. ადგილობრივები ამბობენ, რომ არჩევანსაც ამ სამ კანდიდატს შორის გააკეთებენ, რადგან მათ შესახებ უფრო მეტი იციან.

„ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით ვაშაძეს, ბაქრაძესა და ზურაბიშვილს უფრო მეტი შანსი აქვს გამარჯვების, ვიდრე დანარჩენს“, – ამბობს ხერთვისში მცხოვრები მალხაზ ხართიკაშვილი და ამატებს, რომ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს ცვლილებების მოლოდინი არ აქვს – „რას შეცვლის?! ბევრს არაფერს. პრეზიდენტს იმდენი უფლებამოსილება აღარ აქვს, როგორც ადრე ჰქონდა“.

დავით ბაქრაძის გამარჯვების იმედი აქვს ნაქალაქევში მცხოვრებ გაიოზ მაღრაძეს: „მის საარჩევნო პროგრამასაც ვიცნობ. პრეზიდენტის ფონდის ნახევარს ახალგაზრდების განათლებას მოახმარს“, – ამბობს და ამატებს, რომ მის სოფელში წინასაარჩევნოდ მხოლოდ იმ კანდიდატების წარმომადგენლები იყვნენ ხალხთან სასაუბროდ მისულები, ვისი პლაკატებიცაა გაკრული.

ხერთვისში მცხოვრები დავით ქავთარაძე ფიქრობს, რომ სამივე კანდიდატი გამოცდილია და ნებისმიერის გამარჯვება ქვეყნისთვის წარმატების მომტანი იქნება: „სამივესგან სიკეთეს ველოდები, მთავარია ვინც გავა დაასტაბილუროს ქვეყანა, ერთმანეთში შეთანხმდნენ, ნუ ექნებათ პოლიტიკური კინკლაობა. წინასწარ ვერ იტყვი ვინ გაიმარჯვებს. წასულმა პარტიამ და მთავრობამ შეიძლება გააუმჯობესოს, ან სულ აურიოს ყველაფერი“.

ასპინძაში მცხოვრები მაყვალა შალვაშვილი დარწმუნებულია, რომ გამარჯვებას მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მოიპოვებს: „რაც თავი მახსოვს, სულ ხელისუფლების კანდიდატი იმარჯვებს. გვინდა არ გვინდა ეს ასეა, განა იმიტომ რომ ვინმე გვაძალებს. სახელმწიფო ვისაც დაუჭერს მხარს ვალდებული ხარ შენც მას დაუჭირო მხარი“.

ადგილობრივები ამბობენ, რომ წინა არჩევნებთან შედარებით ასპინძაში ამჯერად გარემო მშვიდია.

„ხალხი თავის ნებას თავისუფლად გამოხატავს. დაძალება არ ყოფილა. პედაგოგი ვარ და ამ დრომდე არავის უთქვამს მთავრობის კანდიდატს დაუჭირე მხარიო. ჩემი აზრით რეიტინგში ჯერჯერობით მთავრობის კანდიდატი ლიდერობს“, – ამბობს ასპინძელი იზა ქავთარაძე.

ასპინძელ მედეა წინწკალაძეს არცერთი პრეზიდენტობის კანდიდტი არ მოსწონს თუმცა, ფიქრობს, რომ უკეთესი იქნება თუ მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატი გაიმარჯვებს: „თუ გავიდა ოპოზიციური კანდიდატი, ნებისმიერ რამეს ვეტოს დაადებს. პარლამენტი ვეტოს დაძლევს და ასე იქნება ჭიდილი ექვსი წელი. ყველანაირად ეცდებიან დაპირისპირებას, შეეცდებიან არეულობა შეიტანონ ქვეყანაში და მიაღწიონ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. ვადამდელი არჩევნები არ არის კარგი, ეს ზედმეტი ხარჯია ქვეყნისთვის, ამიტომ ჯობია მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა გაიმარჯვოს, სიმშვიდე მაინც იქნება სხვა თუ არაფერი“.




პარტიები


ასპინძაში მხოლოდ სამი პარტიული ოფისი ფუნქციონირებს: „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“.

ასპინძა საპრეზიდენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე [Photo/Video]

„ხალხის ტერორი მიდის, მთელი უშიშროება, გამგეობა, მერია, საკრებულო დადის და ეუბნებიან სამთავრობო კანდიდატს მიეცით ხმაო. რამდენიმე დღის წინ ბაქრაძის მიკროავტობუსი ჩამოვიდა, 11 სოფელი მოვიარეთ, უკან გამგეობის მანქანა გამოგვყვა და აკვირდებოდა ვინ მოვიდოდა ჩვენთან შეხვედრაზე, ოცნების დეპუტატები იწერდნენ ყველაფერს“, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ ასპინძის რაიონული შტაბის ხელმძღვანელი ფრიდონ ლონდარიძე.

მისი თქმით, მიუხედავად მმართველი გუნდის მცდელობისა ასპინძაში ხმების 50%–ს მაინც დავით ბაქრაძე დააგროვებს: „ხალხს ჩემი კანდიდატი უფრო მოსწონს“.

არ ეთანხმება ოპონენტს „ნაციონალური მოძრაობის“ ასპინძის შტაბის ხელმძღვანელი მალხაზ მოსიძე. იგი ფიქრობს, რომ მუნიციპალიტეტში მშვიდი წინასაარჩევნო გარემოა: „ერთი ისაა, რომ პლაკატებს აზიანებენ. ერთ სოფელში ათჯერ მაინც მომიწია ასვლა და ახალი პლაკატის გაკვრა. ასევე, როცა მოსახლეობასთან შეხვედრებს ვმართავთ, უკან პოლიცია მოგვყვება, ვითომ უსაფრთხოებას იცავენ, არადა აკვირდება ვინ გამოდის ჩვენთან შესახვედრად“.

ასპინძა საპრეზიდენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე [Photo/Video]

„ქართული ოცნების“ ასპინძის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე და ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე ამბობს, რომ წინასაარჩევნო გარემო მუნიციპალიტეტში მშვიდია: „ვინმე კონკრეტულ ფაქტს თუ მოიყვანს დაშინების, ან მუქარის?! პირიქით, საუკეთესო დროს და ადგილებს ვთავაზობთ შეხვედრებისთვის ოპოზიციას. ბაქრაძეც ბრძანდებოდა ასპინძაში, მანამდე დაგეგმილი ღონისძიება გადავდეთ და დარბაზი დავუთმეთ მას იმისთვის, რომ მსგავსი კითხვები არ გაჩენილიყო“, – ამბობს როსტომ მაგრაქველიძე და ამატებს – „მე ხელისუფლებას წარმოვადგენ და ვალდებული ვარ, თუ ვინმე ერთ კონკრეტულ ფაქტს მაინც იტყვის, რომ სოფელში ვინმე შედის და შეხვედრას უშლის, ან თუ საჯარო მოხელე სამუშაო საათებში პარტიულ შეხვედრას ესწრება, შეიტანონ საჩივარი და დააჯარიმონ ის პირი 2000 ლარით“.

ასპინძა საპრეზიდენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე [Photo/Video]

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხე არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე [Photo/Video]
წინასწარი შედეგებით, ასპინძაში 'ოცნების' კანდიდატი ლიდერობს
‘ძნელია განსაზღვრო ვინ გაიმარჯვებს’  – ბორჯომი არჩევნებამდე ორი დღით ადრე [PhotoVideo]
‘მეორე ტური უფრო კონკურენტული იქნება’ – პარტიების შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან
გელა დემეტრაძე:'დავით ბაქრაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს'
‘უკვე გადაწყვეტილია მთავრობაში, ვინ იქნება პრეზიდენტი’ – როგორ ხვდებიან არჩევნებს ადიგენში [Photo/Video]
სამცხე–ჯავახეთი მეორე ტურამდე – რის შეცვლას გეგმავენ პარტიები