FM97.5 / LIVE

რამდენად დაცულია უსაფრთხოების ნორმები ობიექტზე, სადაც 35 წლის მუშა გარდაიცვალა

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 06.07.2018
აწყურში, მშენებარე ხიდთან ახლოს, სადაც 35 წლის მუშა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა, ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები გადის და როგორც აქ დასაქმებულები ამბობენ, მუშაობის პერიოდში დენი არასდროს ითიშებოდა.

რამდენად დაცულია უსაფრთხოების ნორმები ობიექტზე, სადაც 35 წლის მუშა გარდაიცვალა

„ვმუშაობდით, ხმაური შემოგვესმა და გავქანდით, დავინახე, რომ ადამიანი ბეტონზე ეგდო. როგორც ჩანს არმატურას გრძელი მავთულით ქსოვდა და ამ მავთულის ერთი ბოლო გადაუვარდა ხიდიდან, მანდ კი რკინიგზის დენები გადის. ეს მავთული დაეცა ამ ხაზებს და დენმაც დაარტყა“, – იხსენებს აწყურში ხიდის მშენებლობაზე დასაქმებული ერთ–ერთი მუშა, რომელიც უბედურ შემთხვევას შეესწრო.

მისი თქმით, მაშინვე ვერავინ მიხვდა რა მოხდა: „გვეგონა მზის დარტყმა მიიღო. მაგრამ მერე დავინახეთ, რომ ხელზე ხელთათმანი დამდნარი ჰქონდა და თითებზეც კანი დამწვარი იყო. მაშინ გავიგეთ რომ დენმა დაარტყა და სასწრაფო გამოვიძახეთ. ყველაფერი გაუკეთეს, თუმცა უკვე აზრი აღარ ჰქონდა, ფილტვები ჩაეკეტა და ვეღარ სუნთქავდა“.

მშენებლობაზე დასაქმებულები ამბობენ, რომ მათ მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელობა უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით ხშირად აფრთხილებდა: „მაგრამ მთავარი რაც იყო იმას არ აკეთბდნენ, მაგ რკინიგზის ხაზებში დენი სულ ჩართული იყო. თან წარმოიდგინეთ 3000 ვოლტი გადის. ამიტომ როცა ვმუშაობთ მაშინ რომ გათიშონ სწორი იქნება“.

მშენებლობის პერიოდში რკინიგზის ხაზებზე რომ დენი გათიშული უნდა იყოს, ამაზე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებიც საუბრობენ. მათი თქმით, ყოველ დღე, მუშაობის დაწყებამდე, მშენებელ კომპანიას საქართველოს რკინიგზისთვის უნდა მიემართა და დენი გამოერთო: „გარდა ამისა, სამუშაო ადგილსა და დენის ხაზებს შორის დაშორება ექვსი მეტრი მაინც უნდა ყოფილიყო, ასევე, ხიდს უნდა ჰქონოდა ბარიერები იმისთვის, რომ იქიდან ვინმეს, ან რამის გადავარდნის საფრთხე გამორიცხულიყო“.

აწყურში ხიდს კომპანია „ჯორჯიან ბრიჯ ქონსთრაქშენი“ აშენებს, თუმცა მის ხელძღვანელს მიხეილ გვირჯიშვილს მომხდარის შესახებ საუბარი არ სურს: „ყველა ნორმა დაცული გვქონდა. ჟურნალისტი ხარ თუ გამომძიებელი?! თავი დამანებეთ!“, – გვითხრა მან და ტელეფონი გაგვითიშა.

საქართველოს რკინიგზიდან კი პასუხს შეკითხვაზე, მიუმართავს თუ არა მშენებელ კომპანიას დენის გასათიშად სამუშაოების წარმოებისას, ორი დღეა ველოდებით. უწყებაში ამბობენ, რომ პასუხს მოამზადებენ და წერილობით გვიპასუხებენ.

„შრომის კოდექსის 35 მუხლში არის ზოგადი მითითება იმის თაობაზე, რომ დამსაქმებელი ვალდებულია შესაბამისი დამცავი აღჭურვილობით უზრუნველყოს დასაქმებული. წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებულს უფლება აქვს უარი განაცხადოს სამუშაოს შესრულებაზე. ხიდის მშენებლობაზე, სავარაუდოდ, დარღვეული იყო უსაფრთხოების წესი და ამ შემთხვევაში ექსპერტის დასადგენია თუ ვისი გაუფრთხილებლობით მოხდა უბედური შემთხვევა“, – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი“ გიორგი ანთაძე.

უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით რედაქციის შეკითხვებს არა, თუმცა, გამოძიებას უკვე უპასუხეს მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელებმა. მათი ნაწილი 2 ივლისს, ახალციხის რაიონულ სამმართველოში დაკითხეს. მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კდოექსის 240–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

35 წლის მუშის გარდაცვალების საქმეს სწავლობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურიც. მისი ხელმძღვანელის ბექა ფერაძის თქმით, ინსპექტირების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე უკვე იყო: „რაღაც პერიოდი იქნება საჭირო, რომ მომხდარი შეისწავლონ და შემდეგ დასკვნები დაწერონ“.

გარდაცვლილი სენაკიდან იყო. იგი ბოლო თვეების განმავლობაში ხიდის მშენებლობაზე მუშაობდა. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო 270 ადამიანი გარდაიცვალა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აწყურში  ხიდის მშენებლობაზე 35 წლის კაცი გარდაიცვალა
შრომის ინსპექციამ აწყურში ხიდის მშენებლობაზე  ხარვეზები გამოავლინა
რკინიგზა: ‘მუშას რომ დენმა დაარტყა, იმ დღეს მშენებელს დენის გამორთვა არ მოუთხოვია’
აწყურში ხიდის მშენებლობაზე გარდაცვლილის საქმეზე ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს
შრომის ინსპექტირება: ‘ობიექტი, საიდანაც მუშა გადმოვარდა შემოწმებული არ იყო’
შრომის ინსპექტორი: 'მშენებლობაზე, სადაც მუშა დაიღუპა სიცოცხლისთვის სახიფათო პირობებია'
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნის ვალდებულება ყველა ორგანიზაციას დაეკისრება