FM97.5 / LIVE

დევნილების გაუსაძლისი ცხოვრება ”ლიკანში”

მთავარიეკონომიკა 15.06.2013
ბორჯომში, სანატორიუმ ”ლიკანში” მცხოვრები დევნილები, გაუსაძლისი პირობების გამო, სანატორიუმიდან გაყვანას და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ

დევნილების გაუსაძლისი ცხოვრება ”ლიკანში”
”20 წლის წინ დედოფალივით ვცხოვრობდი”

ვერა რეხვიაშვილმა, 20 წლის წინ, სოხუმი იძულების გამო დატოვა. ახლა 89 წლისაა. ოთხი შვილის დედას ერთი შვილი გარდაეცვალა, მეორე ვაჟს კი, რომელიც ახლა მასთან ერთად ცხოვრობს, ფსიქიკური პრობლემები აქვს.

”ოთხი შვილი და ხუთი შვილიშვილი გავზარდე. შვილიშვილი იურისტია, საზღვარგარეთ ცხოვრობს, ლტოლვილის სტატუსით წავიდა. 20 წლის წინ დედოფალივით ვცხოვრობდი. ისეთი ცხოვრება მქონდა არაფერი მაკლდა. დიდი სახლი მქონდა, ეზოთი”, - გვიამბობს ვერა რეხვიაშვილი.

სიარული უჭირს და ხელჯოხს იშველიებს: ”სასწრაფოში ვმუშაობდი, ჯოხი რათ მინდოდა, ფრენით დავდიოდი. ჩემს ბიჭებსაც კარგი სამსახური ჰქონდათ. მეუღლე მშენებელი იყო, კარგი ხელფასი ჰქონდა”.

ამბობს, რომ სოხუმიდან მოულოდნელად წამოვიდნენ: ”ორივე ბიჭები ფრონტზე იყვნენ. 18 დღე არ ვიცოდით ცოცხლები იყვნენ თუ არა. მეუღლეს ნერვიულობით გული გაუსკდა. რამდენიმე დღის მერე ჩემი ბიჭიც მოვიდა და თქვა, რომ სოხუმი დაეცა და იქაურობა სასწრაფოდ უნდა დაგვეტოვებინა. ყველაფერი მივატოვეთ და წავედით, გზაში ბავშვები დავკარგე, მარტო მივედი ჭუბერამდე. ქუთაისში სპეციალური შტაბი იყო შექმნილი და იქ მივედი. იქ გავიგე ჩემი შვილის დაღუპვის ამბავიც”.

ქუთაისის შტაბიდან ბორჯომში გამოანაწილეს: ”მას მერე ტანჯვად მექცა აქ ცხოვრება. ოღონდ აქედან წავიდე და თუნდაც გზაში მოვკვდე”.

”შენობა მიწაში ჩადის ნელ-ნელა, ჩვენ ზემოთ ავდივართ”

სანატორიუმის ოთხსართულიან კორპუსში, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი, 80 ოჯახი ცხოვრობს. 1937 წელს აშენებული შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. პირველ სართულზე ცხოვრება შეუძლებელია. დაზიანებული საკანალიზაციო მილების გამო, ფეკალური მასა პირველ სართულზეა გაშლილი. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ ხშირად აქ ქვეწარმავლებიც ჩნდებიან. ცხოვრება მეორე სართულზეც შეუძლებელი გახდა. რამდენიმე ოთახს იატაკი და ჭერი, ფაქტობრივად, აღარ აქვს.

”საცხოვრებლად მარტო მესამე და მეოთხე სართულს ვიყენებთ. მეოთხე სართულზე ვინც ცხოვრობს, მათთან როგორც გარეთ წვიმს და თოვს, ისე სახლშიც... შენობა მიწაში ჩადის ნელ-ნელა, ჩვენ ზემოთ ავდივართ. მერე პირიქით, ქვევით ჩავალთ და დასრულდება ჩვენი ცხოვრებც”, - ამბობს ციალა გუგუსიანი.

მრავალწევრიანი ოჯახები ერთ ოთახში

იმის გამო, რომ ოთახების დიდი ნაწილი ავარიულ მდგომარეობაშია, ხუთი და ექვსსულიანი ოჯახები ერთ ოთახში ცხოვრობენ. მათ ყველაფერი ერთად აქვთ: სამზარეულოც, სასადილოც და საძინებელიც.

”ორ ოთახში ექვსი სული ვცხოვრობთ. მეორე ოთახი ფაქტობრივად არ მუშაობს. ჭერი დაწეულია და შიშით ვეღარ შევდივართ რომ თავზე არ დაგვენგრეს. საცოლშვილო ბიჭები მყავს, გასათხოვარი გოგო, ოჯახების შექმნა უნდათ მაგრამ ამ პირობებში როგორ?!”,- ამბობს მზია ჯინჯიხაძე.

ინეზა კეკოშვილის შვიდსულიანი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა, ამიტომ დროებით ნათესავის ოთახში ცხოვრობს : ”სამი ოთახი მქონდა, ახლა იმ ოთახებში არც წყალია და არც კანალიზაციის სისტემა, ამიტომ საცხოვრებლად ბიძაშვილის ერთ ოთახში გადავედით”.

უწყლობა...

საცხოვრებლად არასახარბიელო პირობებს და შენობის ავარიულობას, უწყლობაც ემატება. სანატორიუმში მცხოვრებლები ამბობენ, რომ სასმელ წყალს ფეკალური მასა ერეოდა, ამიტომ მოწამლის საშიშროების თავიდან ასაცილებლად, დევნილებმა შენობაში სასმელი წყლის სისტემა გადაკეტეს. მას შემდეგ, რამდენიმე წელიწადია, წყალს ეზოდან ეზიდებიან.

ხელისუფლებაში იციან, მაგრამ...

დევნილების პრობლემების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში იციან. ინფორმირებულია ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატიც.

”საპარლამენტო არჩევნებამდე ირაკლი ალასანია იყო ჩამოსული, გაეცნო ჩვენს პრობლემებს. ბორჯომის დეპუტატი გედევან ფოფხაძეც ნამყოფია ჩვენთან. ჯერ რეაგირება არავის მხრიდან არ მომხდარა. წინა მთავრობაზე არაფერს ვამბობთ, მათი გაკეთებულია ეს ყველაფერი და ვინ მოგვხედავდა?!” -ამბობს ინეზა კეკოშვილი.

დევნილები სანატორიუმიდან გაყვანას ითხოვენ

შვიდი წელია დევნილები მთავრობას დახმარებას სთხოვენ. ისინი სანატორიუმიდან გაყვანას და საცხოვრებელი ფართით ან ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

”1993 წლიდან აქ ვცხოვრობ. თავის დროზე თავი შევაფარეთ და მადლობა ამაზე, მაგრამ როდემდე უნდა ვიცხოვროთ ამ პირობებში?! გვითხრან რას გვიპირებენ. გარემო ზრდის ადამიანს, ჩვენ კი დავჩაჩანაკდით, გონებრივად ჩამოვრჩით, 21-ე საუკუნეში პირველყოფილებივით ვცხოვრობთ. მოგვაქციონ ყურადღება და ამ საშინელი ადგილიდან გაგვიყვანონ”,- ამბობს მზია ჯინჯიხაძე.

დევნილები შენობის გასხვისებაზე საუბრობენ

”შენობა 4 წლის წინ გაყიდულა. სავარაუდოდ, ვიცოდით, რომ სანატორიუმი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ერეკლე კოდუამ იყიდა, თუმცა ამას არავინ ადასტურებდა. ერთი კვრის წინ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგებლისგან წერილი მოგვივიდა, რომ შენობას კერძო მესაკუთრე ჰყავს და ჩვენი დარჩენის ან გასახლების საკითხსაც მესაკუთრე გადაწყვეტს”, - ამბობს მარიზა ბუცხრიკიძე და ამატებს, რომ მესაკუთრის ვინაობა მათთვის უცნობია.

სანატორიუმის მესაკუთრის ვინაობა არც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში იციან.

”აღნიშნული შენობა ეკონომკის სამინისტროს ბალანსზე იყო. 2008 წელს გაყიდეს და ხელშეკრულება კერძო ფირმასთან გააფორმეს. ჩვენთან ერთი საბუთიც კი არ დევს ამ შენობის ყიდვა-გაყიდვის შესახებ”, - ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ყიფიანი.

ყიფიანის თქმით, სანატორიუმ ”ლიკანის” მესაკუთრესა და ეკონომიკის სამინისტროს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, შენობის მფლობელი ვალდებულია დევნილები მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოასახლოს, თუ მათ საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილებენ.

”დევნილებს თუ რაიმე პრეტენზია აქვთ, უნდა მიმართონ ეკონომიკის სამინისტროს ან შენობის მესაკუთრეს. ყოფილი სანატორიუმი ჩვენი ქონება არ ყოფილა, ამიტომ, ჩვენ ვერც შენობის გაყიდვაში ჩავერიეთ და ვერც ახლა ჩავერევით”, - ამბობს ყიფიანი.

”განცხადებით ვის აღარ მივმართეთ”

დევნილებმა განცხადებით არაერთხელ მიმართეს წინა ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ. ახლა მათ ახალი ხელისუფლების იმედი აქვთ და დახმარებას მათ სთხოვენ.

ორი კვირის წინ, დევნილებმა, განცხადება, რომელსაც ხელს 63 კაცი აწერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მიიტანეს.

”ჩვენ ვითხოვთ გაგვარკვიონ ვინ არის ყოფილი სანატორიუმის მფლობელი. მოვიდეს და შეგვხვდეს, გვითხრას რას გვიპირებს”, - ამბობენ დევნილები.

დევნილებმა მსგავსი შინაარსის წერილი კოალიცია ”ქართული ოცნების” მაჟორიტარ დეპუტატს გედევან ფოფხაძესაც მისწერეს. დეპუტატი დევნილებს დაჰპირდა, რომ განცხადებას თვითონ ჩაიტანდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში.

”დეპუტატს წერილი მივეცით, თუმცა განცხადებას რეაგირება არც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან მოჰყოლია. გადავწყვიტე მე თვითონ ჩავსულიყავი სამინისტროში”, - გვიამბობს გივი როსტობაია.

დევნილებმა დაპირება ლტოლვილთა და განსახლების მინისტრისგანაც მიიღეს.

”მინისტრმა მითხრა, რომ გამოუშვებს კომისიას და დეტალურად შეისწავლიან ჩვენს პრობლემებს, თუმცა ჯერ არავინ მოსულა. სავარაუდოდ ესეც მორიგი დაპირებაა”, - ამბობს როსტობაია.

უპასუხო ზარები

რა ბედი ელით სანატორიუმში შესახლებულ დევნილებს და ხომ არ დასმულა მათ შესახებ პარლამენტში საკითხი, ამის გარკვევა ”სამხრეთის კარიბჭემ” ბორჯომის მაჟორიტარ დეპუტატთან გედევან ფოფხაძესთან ვერ შეძლო. მასთან სატელეფონო კონტაქტს ორი დღის განმავლობაში ამაოდ ვცდილობდით. ფოფხაძემ ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

კითხვებზე პასუხი ვერც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსგან მივიღეთ.

ამავე თემაზე იხილეთ ფოტორეპორტაჟი
[მანანა სარაშვილი, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ლიკანში მცხოვრებმა დევნილებმა საცხოვრებელი უნდა აირჩიონ
"ლიკანში" მცხოვრები დევნილების ბედი ისევ გაურკვეველია
ლიკანში მცხოვრებ დევნილებს დახმარების იმედი გაუჩნდათ
დევნილები გამოსახლების მოლოდინში
რა კრიტერიუმებით შეარჩევენ იმ დევნილებს, ვინც ბორჯომში ახალ ფართს დაიკავებს?
ბორჯომში 64  დევნილ ოჯახს ბინას გადასცემენ
ცხოვრება ავარიულ სახლში