- რამდენად ხშირია ქსენოფობიური და ჰომოფობიური განწყობები ქართულ მედიასივრცეში და სად უფრო ხშირად ისმის, რა ტიპის მედიასაშუალებაში?შეიძლება ითქვას, რომ თუ საქართველოს ტელემედიას აქვს ეთიკური ჟურნალისტიკის პრობლემა, საქართველოს ბეჭდური პრესა, განსაკუთრებით კი თბილისში, ეთიკური ჟურნალისტიკის ძალიან სერიოზულ დეფიციტს განიცდის. რაც შეეხება ონლაინ მედიას, აქ გვხვდება მედია საშუალებები, რომლებიც უფრო პროფესიულად აკეთებენ რეპორტაჟებს და ონლაინ პლატფორმებს. რასაკვირველია, არის ონლაინ საიტები, რომელთა სარედაქციო პოლიტიკის ქვაკუთხედი სწორედ ქსენოფობიაა. და ზუსტად ისინი მოძრაობენ მიმართულებით, რომელიც ჰიპოთეტურად მიმართულია ჩვენს ქვეყანაში ამ ფობიების წარმოშობისკენ, ისინი ახდენენ ამ ფობიების კულტივირებას და აკეთებენ მედიას, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ინფორმირებისკენ არ არის მიზანმიმართული, ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა.
- რა ტიპის ფობიებთან გვაქვს ხოლმე საქმე?ისინი მედიიდან არ მიდიან. ჩემი პირადი დაკვირვებით, ლიდერი სომხურფობიური გამონათქვამებია, უკვე საკმაოდ გაძლიერდა თურქფობიური განწყობაც, რაც ადრე ასე აქტიურად არ გვხვდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ 90-იან წლებში საერთოდაც არ ფიქსირდებოდა.
- რასთან არის ეს დაკავშირებული? ეს საზოგადოებაში არსებულ სხვადასხვა შიშებთანაა დაკავშირებული. ამას ის მომენტი იწვევს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ფიგურანტები უფრო მეტად ფსონებს ანტითურქულ განწყობებზე დებენ, რითიც ხელს უწყობენ ჩვენებას, რომ ჩვენ უფრო პრორუსულად ვართ განწყობილი და ფიქრობენ, რომ ამით ქართული საზოგადოებრიობისთვის მიმზიდველი ხდებიან. ვფიქრობ, რომ ვითარდება დისკრიმინაციული მომენტები ინდოელების, ჩინელების, არაბების მიმართ, ანუ იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვინც ის-ის არის ბიზნესში შემოდის.
- რაც შეეხება ჰომოფობიას, როგორ უწყობს ხელს ან ებრძვის მას მედია?რასაკვირველია, ჩვენს მედიაში ჰომოფობიური განწყობაც ძალიან მტკივნეული პრობლემაა, თუ ჩვენ პოსტსაარჩევნო პერიოდს გადავხედავთ, ყველა არჩევნებში, ყველა აქტიურ პოლიტიკურ პროცესში, რომელიც საქართველოში განვითარებულა, წითელი ხაზი ჰომოფობია იყო. ეს საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებობს და უკვე მედიაშიც გადადის. ძალიან რთული პროცესია, როცა მედია საზოგადოებას ასეთ განწყობებს კარნახობს.
- რასთან მიგვიყვანს ეს? თავისთავად ფობიის არსებობის პრობლემას იწვევს ის მომენტი, რომ საზოგადოებაში უმრავლესობას არ ესმის თავიანთი თანამოქალაქეების, ადამიანების, ვინც ქართული საზოგადოების წევრია. არის შიშები, რომლებიც ვითარდება, კრიტიკულ მომენტს აღწევს და შემდეგ აქტიურ ფაზაში გადადის. ასეთი ფობიების გაგრძელება აგრესიაა, აგრესიას კი ძალადობა მოყვება. მაგრამ თუ მედია ასეთ პრობლემებს გაემიჯნება, თუ საზოგადოებას ამ შიშების გადალახვაში არ დაეხმარება და პირიქით, მათ განვითარებას ხელს შეუწყობს, ძალიან ცუდ შედეგს მივიღებთ.
- თქვენი თქმით, ასეთ განწყობებს მედიას პოლიტიკა კარნახობს, თუმცა დღეისთვის მედია შედარებით თავისუფალი გახდა პოლიტიკისგან, ხელმძღვანელობისგან... როგორ აისახება ეს მომენტი მედიის თავისუფლებასა და მის პროფესიონალიზმზე? შიდა ცენზურა, რომელიც ჟურნალისტებს აქვთ, ჯერ კიდევ არსებობს. ჟურნალისტები ჯერ კიდევ აქცევენ ყურადღებას, რას იტყვის ამაზე მთავრობა, რას იტყვის ამაზე პრეზიდენტი, რადგან ზოგიერთი არხი, მათ შორის „რუსთავი 2“-იც თავის იდეოლოგიურ ნაწილში კიდევ ამბობს, რომ ისინი პროპრეზიდენტულ განწყობას ინარჩუნებენ, ამიტომ შიდა ცენზურა ჯერ კიდევ არსებობს. საჭიროა ამის გადალახვა. საჭიროა, უბრალოდ ილაპარაკო ის, რასაც რეალურად ხედავ, რაც რეალურად არის. რასაკვირველია, მაშინ დგება საფრთხე, ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე მედიის წინაშე, რომელსაც მე ვხედავ. თუ ჩვენ რეალურად მივიღებთ პოლიტიკისა და ბიზნესის ზეწოლისგან თავისუფალ მედიას, არხებზე პროფესიონალიზმის საკითხი დადგება. რადგან ამ არხებზე მომუშავე ჟურნალისტების პროფესიონალიზმის დონე პირდაპირ იყო დამოკიდებული არხის მფლობელის პოლიტიკურ ნებაზე, ახლა კი ისინი პირისპირ დარჩნენ თავიანთ კამერებთან, თავიან მიკროფონთან და ფაქტებთან, რომელთაც ხედავენ და ახლა იწყებენ ფიქრს, რომ ამას თავისუფლად გავაკეთებთ, არაფერს დავარღვევთ და რაიმე შეცდომას არ დავუშვებთ.
[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]