FM97.5 / LIVE

ტოლოშის სკოლაში, მოუწესრიგებელი საპირფარეშოების გამო, დირექტორი მოხსნეს

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 06.02.2018
ასპინძაში, სოფელ ტოლოშში, სადაც საპირფარეშოში მომხდარი შემთხვევის გამო მოსწავლეებს ტელეფონები ჩამოართვეს, სკოლის დირექტორი გაათავისუფლეს. აუდიტის დასკვნის მიხედვით, ათი წლის განმავლობაში დირექტორმა მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა ვერ უზრუნველყო.

ტოლოშის სკოლაში, მოუწესრიგებელი საპირფარეშოების გამო, დირექტორი მოხსნეს

განათლების სამინისტროს შიდა აუდიტი ტოლოშის სკოლაში 2017 წლის 13 დეკემბერს შევიდა. მას შემდეგ, რაც „სამხრეთის კარიბჭემ“ გამოაქვეყნა მასალა საპირფარეშოში გოგონასთვის ვიდეოს გადაღებისა და ამ ფაქტის გამო, მოსწავლეებისთვის ტელეფონების ჩამორთმევაზე.

რა წერია აუდიტის დასკვნაში


დარღვეული უფლებები


აუდიტის 30–გვერდიან დასკვნაში ვკითხულობთ, რომ სკოლაში ტელეფონები უფროსი კლასების 12 მოსწავლეს ჩამოართვეს, ისე, რომ მათ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. ჩამორთმეული ტელეფონები 14–დან 21 ნოემბრამდე დირექტორის კაბინეტში ინახებოდა. მიზანი სავარაუდო დარღვევის ფაქტის აღმოჩენა იყო. შემოწმდა ტელეფონებში არსებული ფოტო/ვიდეო მასალები და მოსწავლეების სოციალურ ქსელში მიმოწერა.

„კაბინეტში ინდივიდუალურად შედიოდა მოსწავლე მშობელთან ერთად, მოსწავლე ბლოკს ხსნიდა ტელეფონს და ოთახს ტოვებდა. მოწმდებოდა მიმოწერაში ასახული იყო თუ არა სკოლის ტუალეტში მომხდარი ინციდენტი“, – ვკითხულობთ ერთ–ერთ ახსნა–განმარტებაში, რომელიც აუდიტის დასკვნაში მოხვდა.

ფოტო–ვიდეო მასალა არცერთ ტელეფონში არ აღმოჩნდა. თუმცა, შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლები მიჩნევენ, რომ ამგვარი ქმედება მოსწავლეების საკუთრების უფლებაში ჩარევა იყო. ყურადღება მახვილდება ხანგრძლივობაზეც: „გონივრულ ვადაში რეაგირების განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო იმავე მიზნის იმგვარად მიღწევა, რომ სახეზე არ ყოფილიყო საკუთრების უფლებაში ამგვარი (ერთი კვირით) ჩარევა“.

რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, უნდა გაცნობოდნენ თუ არა მოსწავლეების ტელეფონებში დაცულ ინფორმაციას და მათ მიერ სოცილაურ ქსელში არსებულ მიმოწერას, განათლების სამინისტროს თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ ეს საკითხი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კომპეტენციაა.

ტუალეტები

დარღვეული უფლებების გარდა აუდიტის დასკვნაში საუბარია სკოლის მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზეც. მონიტორინგის ჯგუფის წევრები აღწერენ, რომ არც ბიჭების და არც გოგონების ტუალეტებს შესასვლელი კარი არ აქვს, კარი არც ტუალეტების კაბინებზეა, კაბინების გამყოფი კედლები კი დაბალია და ამ კედლის მთლიანობა დარღვეულია.

„საყურადღებოა, რომ სწორედ მოსწავლე ბიჭებისა და გოგონების განყოფილებების არასათანდო იზოლირება აძლევდა მოსწავლეებს იმის შესაძლებლობას, რომ მათთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო საპირისპირო სქესის მოსწავლეების ტუალტების განყოფილება. რაც თავისთავად მეტყველებს სკოლის დირექციიის მხრიდან აღნიშნული პრობლემის უგულებელყოფაზე და უსაფრთხო გარემოს შექმნის თავლსაზრისით, სკოლაზე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე“, – ვკითხულობთ დასკვნაში.

დასკვნის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში რესურსცენტრმა ამ სკოლაში ექვსჯერ ჩაატარა მონიტორინგი და სკოლას ინფრასტრუქტურის მოწესრიგების რეკომენდაცია მისცა. რესურსცენტრმა დირექტორს საპირფარეშოებისთვის მეორადი კარიც შესთავაზა. მიუხედავად ამისა, სკოლამ არცერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. მხოლოდ გოგონების ტუალეტზე, აუდიტის შესვლამდე ორი დღით ადრე ჩამოაბეს კარი.

შედარებთ განსხვავებულია ვითარება მასწავლებლების ტუალეტებში, რომლებიც მოსწავლეების საპირფარეშოებისგან მოშორებით დგას. აქ ორივე განყოფილებას კარი აქვს, თუმცა როგორც სკოლის ერთ–ერთი თანამშრომლის ახსნა–განმარტებაში ვკითხულობთ: „კარი ტუალეტებს დაუმაგრდა ოთხი–ხუთი თვის წინ, მანამდე მასწავლებლები მოსწავლეების ტუალეტებით სარგებლობდნენ. ის მასწავლებლები კი, რომლებიც სკოლასთან ახლოს ცხოვრობენ, სახლებში მიდიოდნენ“.

დასკვნის მიხედვით, 2007 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც მზია ზედგინიძე ტოლოშის სკოლის დირექტორად დაინიშნა, „იგი უმოქმედობით პასუხობდა მის წინაშე წამოჭრილ პრობლემებს. სკოლას არასდროს მიუმართავს არცერთი ორგანოსთვის ამ პრობლემების გადაჭრის მიზნით და არ დგინდება მისი მხრიდან სკოლის საკუთრებაში არსებული ქონების სათანადო მოვლა–პატრონობის ვალდებულებების შესრულება“.

ამას ზედგიძინე იმით ხსნის, რომ სკოლა მცირეკონტიგენტიანია და საჭირო ფინანსები არ ჰქონდა. შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა დათვლილი, რა ჯდებოდა საპირფარეშოს მოწესრიგება, დირექტორი სამინისტროს თანამშრომლებს უთითებს, რომ – არა.

„დოკუმენტურად არ დასტურდება საჭირო სამუშაოების განხორციელების მიზნით სკოლის მიერ სახსარების მობილიზების შეუძლებლობა, ვინაიდან არ არსებობს ოფიციალური ხარჯთაღიცხვა“, – ვკითულობთ დასკვნაში.

ერთადერთი, რაც სკოლამ რესურსცენტრს სთხოვა (2017 წლის 20 სექტემბერს), ეს იყო სკოლაში პანდუსისა და სველი წერტილის მოსაწესრიგებლად განათლების სამინისტროსთან შუამდგომლობა. აუდიტის დასკვნის მიხედვით, საუბარი ადაპტირებულ საპირფარეშოზე და ეს სკოლის ტუალეტებს არ ეხებოდა.

ასევე, მეხსიერების ბარათებზე (ე.წ. ფლეშკაზე) არსებობს 2015–2016 წლებში რესურცენტრიდან სკოლისთვის მიწოდებული ცხრილები, სადაც სკოლის ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესახებაა ინფორმაცია. დირექტორმა კი მიიჩნია, რომ აქედან გამომდინარე სამინისტროს საქმის კურსში იქნებოდა და შესაძლებლობის ქონის შემთხვევაში სკოლას დაეხმარებოდა. თუმცა, დასკვნის მიხედვით ეს ინფორმაცი ძალიან ზოგადია და არსებულ მდგომარეობას არ ასახავს.

ერთი თვე დარღვევების აღმოსაფხვრელად

დოკუმენტში საუბარი სხვა დარღვევებზეცაა. მაგალითად, სკოლაში გაუმართავია ელექტროგაყვანილობა, დაზიანებულია საკლასო ოთახების კარები, სკოლის ეზო არ არის იზოლირებული, რადგან მორღვეულია ღობე. აუდიტის წარმომადგენლებს ტუალეტებამდე მისასვლელი გზა თოვლისგან გასაწმენდი დახვდათ. ასევე, სკოლაში მათი მისვლის დროს ეზოს ჭიშკართან, ანდა შენობაში შესასვლელ კართან, არ იმყოფებოდა დარაჯი, ან სხვა პირი, რომელიც გააკონტროლებდა უცხო პირთა გადაადგილებას.

„ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლამ მოახდინოს რეაგირება შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში დაფიქსირებულ დარღვევებზე და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში, თანდართული დოკუმენტაციით, წარმოადგინოს სამინისტროში ერთი თვის ვადაში“, – წერია აუდიტის დასკვნაში, რომელიც სკოლამ უკვე მიიღო.

აუდიტის დასკვნა სკოლამ უკვე მიიღო, დირექტორმა კი პოზიცია ორშაბათს, 5 თებერვალს დატოვა. ამჟამად სკოლაში დირექტორის მოვალეობას მისი მოადგილე ლიანა მჭედლიძე ასრულებს.

შეგახსენებთ, რომ სკოლაში მომხდარი ფაქტის შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ“ სტატია 13 ნოემბერს გამოაქვეყნა. აღნიშნული მასალის საფუძველზე კი სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა ცენტრმა განათლების სამინისტროს წერილობით მიმართა. აუდიტი სკოლაში, სწორედ ამის შემდეგ შევიდა.

[თამუნა უჩიძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ტოლოშის სკოლაში აუდიტის სამსახური შევიდა
ტოლოშის სკოლის დირექტორი უკარო საპირფარეშოებზე:  „გარედან არაფერი ჩანდა“
ანის სკოლის დირექტორი სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს ზეწოლაში ადანაშაულებს
ტოლოშის სკოლაში არსებულ ვითარებას ომბუდსმენის აპარატი  სწავლობს
აუდიტი აბასთუმნის სკოლაში დოკუმენტის შესაძლო გაყალბების ფაქტს სწავლობს
ტოლოშის სკოლაში მოსწავლეების მობილურების შემოწმების ფაქტს არცერთი უწყება არ სწავლობს
მოხის სკოლის საქმეს  განათლების სამინისტროს აუდიტი სწავლობს