FM97.5 / LIVE

სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება, რეპორტაჟი 20.12.2017
36 წელიწადია ადიგენში, სოფელ არზნეში, სკოლის შენობა არ აქვთ და მოსწავლეები ერთ–ერთი ადგილობრივის სახლში სწავლობენ. სკოლაში ხუთი მოსწავლეა და ხუთივე მათგანს გაკვეთილები ერთად უტარდება.

სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

სოფელი არზნე ადიგენის ერთ–ერთი, მაღალმთიანი სოფელია. ახლა არზნეში მუხლამდე თოვლია და გზები მხოლოდ საცალფეხოდაა გაკვალული. დასახლებაში უჩვეულო სიჩუმეა, ჟრიამული მხოლოდ ხევის პირას მდგარი სახლიდან გამოდის, – ამ სახლში დაწყებითი სკოლაა, ხუთი მოსწავლით და ორი მასწავლებლით.



საცხოვრებელი სახლის დაახლოებით რვა კვადრატული მეტრის, პატარა და ვიწრო ოთახის მთელი „სიმდიდრე“: ხუთი მერხი, მაგიდა, დაფა და კედელზე გამოკრული სასწავლო მასალებია.

„ბევრი ვიბრძოლეთ, რომ სოფელში სკოლა ყოფილიყო. 80–იან წლებში, როცა გადაწყვეტილი იყო სასწავლებლის დახურვა, ძმისშვილი ჩამოვიყვანე ბათუმიდან, რომ მოსწავლეების საჭირო რაოდენობა შეკრებილიყო“, – ამბობს თინა შაინიძე, რომლის სახლშიც სკოლაა გახსნილი. ამისთვის მას თვეში 40 ლარს უხდიან.

სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

თინა დილით ადრე დგება, იქამდე ვიდრე სკოლაში მასწავლებელი და მოსწავლეები შეიკრიბებიან, ოთახს ასუფთავებს და ღუმელს ანთებს: „შეშით მლაშის სკოლა გვამარაგებს. მეც 40 ლარს მიხდიან, ოთახი რომ დავუთმე“.

სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

ციცინო დეკანაძე და მაიკლ შავაძე პირველკლასელები არიან, ლაშა გორგაძე, ნიკა ხოზრევანიძე და თიკა შავაძე კი მეორე კლასში ირიცხებიან. ხუთივე მათგანს გაკვეთილები ერთად უტარდება.

სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

„ხელფასს რომ ავიღებ, ვყიდულობ ხან კალმებს, ხან რვეულებს. მინდა, რომ კარგად ისწავლონ. სკოლის დირექტორიც გვამარაგებს საჭირო მასალებით. ცუდია, რომ მესამე და მეოთხე კლასში მოსწავლეები არ გვყავს, შემცირდნენ ბავშვები“, – ამბობს მანანა შაინიძე, რომელიც არზნეში 21 წელია ასწავლის.

მანანა არზნეში სოფელ მლაშიდან, ფეხით დადის. სკოლამდე რამდენიმე კილომეტრის გავლა განსაკუთრებით ზამთარში უჭირს: „ორ მეტრამდე თოვლს დებს, ერთხელ ხუთი მგელი შემხვდა გზაზე, შემეშინდა და უკან გავბრუნდი. როცა მეშინია, მეუღლე მაცილებს“.
2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, სოფელში 18 კომლი, 85 ადამიანი ცხოვრობს. თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს რიცხვი გაიზარდა.

სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

„რვა ბავშვი დადის ჩვენი სოფლიდან ზარზმის ბაღში, სოფელი იზრდება. გვინდა სკოლას ერთი–ორი ოთახი დაემატოს. სამი კილომეტრით არის დაშორებული მლაშის სკოლა, მანქანა, რომ არ იყოს, როგორ უნდა იარონ?! კერძო სახლში ასწავლიან, დარბაზი არ აქვს, ფიზკულტურა ვერ უტარდებათ. ღია გაკვეთილზე დასწრება რომ მოგინდეს, ოთახში ადგილი არ აქვთ“, – ამბობს თამაზ დეკანაძე.

28 წლის მაია სურმანიძეს ორი შვილი ჰყავს. ნიკა მეორე კლასშია, ნინი ოთხი წლისაა: „მიხარია, რომ ჩემს შვილებს ოთხ კლასამდე მაინც სოფელში უწევთ სწავლა. მანქანა ყოველდღიურად დადის, მაგრამ ასე პატარების გაშვება დიდ მანძილზე რთულია“.

სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

არზნის დაწყებითი სკოლა მლაშის საჯარო სკოლასთანაა მიერთებული. მლაშის სკოლაში მოსწავლეები ოთხი სოფლიდან დადიან: არზნედან, ზარზმიდან, მლაშიდან და ფლატიდან. ჯამში აქ 62 მოსწავლეა.

მლაშის საჯარო სკოლის დირექტორი ივეტა გავაშელი ამბობს, რომ ჯერ მლაშის სკოლას არემონტებენ, შენობაში საპირფარეშო და ცენტრალური გათბობა კეთდება: „საკლასო ოთახების კარების შეცვლასაც ვგეგმავთ, ხარჯთაღრიცხვას ვამზადებთ. არზნის პრობლემის მოგვარება ჩვენც გვინდა, დაყენებულია ეს საკითხიც“.

სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

არზნეს სკოლა სამცხე–ჯავახეთში ერთადერთი არ არის, რომელსაც შენობა არ აქვს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთში ალტერნატიულ ფართში სულ რვა სკოლაა, სოფლების: არზნეს, ღორთუბნის, არლის, პტენის, ჩუნჩხის, ჭაჭარაქის და ორალის.
ღორთუბნის სკოლის შენობა 2015 წლის 11 ივნისს დაიწვა. სკოლა დროებით სოფელ ზედუბნის ტერიტორიული ერთეულის საკუთრებაში არსებულ შენობაშია განთავსებული.

არლის სკოლა შენდება, მშენებლობა გაჭიანურდა და მოსწავლეებს ფართი სოფლის კათოლიკურ და მართლმადიდებულ ეკლესიებთან არსებულ სამრევლო სკოლების შენობებში გამოუყვეს.

სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

პტენის სკოლა ავარიულია. პტენის მოსწავლეები მეზობელი სოფლის, ჩუნჩხის სკოლაში, მეორე ცვლაში სწავლობენ.

ჩუნჩხის სკოლის დაწყებით კლასები, სკოლის დამხმარე შენობაში გაჩენილი ხანძრის გამო, სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს.
ჭაჭარაქის სკოლა დროებით საპატრიარქოს შენობაშია განთავსებული. სამინისტროს ინფორმაციით, ალტერნატიულ ფართში განთავსების ოფიციალური საფუძველი არ იძებნება.

ორალის დაწყებითი სკოლა შენობის ავარიულობის გამო საძელის საჯარო სკოლასთანაა შერწყმული.

გორელოვკის მესამე საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს გორელოვკის პირველ სკოლაში ატარებს. შენობა სარემონტოა.

სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

განათლების სამინისტროს აცხადებენ, რომ 2018 წელს მცირეკონტიგენტიანი სკოლების მშენებლობა იგეგმება. პირველ ეტაპზე სამცხე–ჯავახეთში ღორთუბნის და პტენის სკოლების მშენებლობა იწყება. ჭაჭარაქი, ორალი და არზნე სამოქედო გეგმაში ჯერ არ დევს.

რაც შეეხება გორელოვკის სკოლას, 2018 წელს შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ხოლო არალში ახლადაშენებული შენობის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დასრულდება.

უწყების ინფორმაციით, ჩუნჩის სკოლისთვის, რომელიც 120 ბავშვზე იქნება გათვლილი შენობის ასაშენებლად საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი მომავალ წელს გამოცხადდება, თუმცა ჯერ უცნობია ამავე წელს დაიწყება თუ არა სამშენებლო სამუშაოებიც.

სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

[თინათინ ზაზაძე, ოთარ აწყურელი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს [Photo/Video]
ჩუნჩხის დამწვარი სკოლის მოსწავლეები დროებით სხვა შენობაში სწავლობენ [Photo/Video]
ჩუნჩხის დამწვარი სკოლა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა მოინახულეს
სოფელ ღორთუბანში გაკვეთილები საცხოვრებელ სახლში ტარდება
ღორთუბნელ მოსწავლეებს გაკვეთილები ზედუბნის ადმინისტრაციულ შენობაში ჩაუტარდებათ
2016 წელს, სამცხე–ჯავახეთში, 10 სკოლა გარემონტდება და 3 აშენდება
ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ არლის სკოლა ახალ შენობაში გადავიდა