FM97.5 / LIVE

პროტესტი ასპინძაში უწყლობის გამო [Photo/Video]

მთავარისიახლე, ეკონომიკა 10.08.2017
ასპინძაში, სოფელ რუსთავში, ხალხი სასმელი და სარწყავი წყლის გარეშეა დარჩენილი. დღეს ადგილობრივებმა ყურადღების მიქცევის უკიდურეს ზომას მიმართეს, – საპროტესტო აქცია გამართეს.

პროტესტი ასპინძაში უწყლობის გამო [Photo/Video]

დაახლოებით 50 ადგილობრივი, პროტესტის ნიშნად, დღეს, დილიდან, ასპინძის გამგეობის შენობასთან შეიკრიბა და გამგებელთან შეხვედრა მოთხოვა.

„ოთხი წყარო დაშრა , მოსახლეობის 80 პროცენტი უწყლოდ დარჩა, ცუდ დღეში ვართ. ჯერჯერობით, მთავრობისგან არანაირი დახმარება არ გვაქვს. იყვნენ სპეციალისტები მოსული, რომლებმაც დაასტურეს, რომ ჩვენ არ ვაზვიადებთ და ნამდვილად მოგვიწყდა წყალი. მიზეზი „მტკვარიჰესის“ გვირაბის მშენებლობაა“, – ამბობს სოფელ რუსთავში მცხოვრები რამაზ სანდროშვილი.



ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ წყალზე პრობლემები მაშინ დაიწყო, როდესაც „მტკვარიჰესმა“ სოფელ საყუნეთიდან რუსთავის მიმართულებით გვირაბის გათხრა დაიწყო. რუსთაველები ამბობენ, რომ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ადგილობრივი ხელიუფლების წარმომადგენლები გააფრთხილეს კიდეც.

„წინასაარჩევნოდ, გამგებელი, ლევან ცაბაძე და მაჟორიტარობის კანდიდატი, გედევან ფოფხაძე რომ იმყოფებოდნენ, ვუთხარი, წყაროები ჩავარდება და რუსთავი უწყლოდ დარჩება–მეთქი. ლევან ცაბაძემ მიპასუხა, შენ რა იცი, იქნებ მოიმატოს კიდეცო. აგერ, ჩემი ვარაუდი გამართლდა. იძულებული ვხდებით, საპროტესტო აქციები გავმართოთ, ან მთავრობის კანცელარიასთან ჩავიდეთ და დახმარება ვთხოვოთ“, – ამბობს რამაზ სანდროშვილი.

ადგილობრივების განმარტებით, იმ წყაროებიდან, რომელბიც დაშრა დღე–ღამის განმავლობაში 450 ტონა წყალი მოდიოდა.

„ეს წყლები ჩვენი ფულით და შრომით გვაქვს მოყვანილი, ან კომპენსაცია მოგვცენ, ან გაგვასახლონ, ასე როგორ შეიძლება. ყველა ღონეს ვიხმართ კანონის ფარგლებში, რომ ჩვენი მოთხოვნები გაითვალისწინონ“, – ამბობს თამაზ შავაძე.

პროტესტი ასპინძაში უწყლობის გამო [Photo/Video]

ახლა რუსთავში, უწყლოდ დარჩენილი 12 ოჯახი, წყალს რამდენიმე კილომეტრის მანძილიდან ეზიდება. ამ ეტაპზე ადგილობრივებს სხვა გამოსავალი არ აქვთ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ შეიქმნა მორწყვის პრობლემაც. სოფლის ზედა ნაწილში სარწყავი წყალი ელექტროსაქაჩითაც არ ადის, ამიტომ ბაღებსა და ნათესებს სასმელი წყლით რწყავდნენ, ახლა კი ამის საშუალება აღარ აქვთ: „რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?! 20 წლის ნაშენი და ნაფერები ხეხილი გვაქვს, ყველაფერი გვიხმება“.

რუსთაველები ადგილობრივი ხელიუფლებისგან კონკრეტული დაპირების მოსმენას ითხოვენ და აცხადებენ, რომ იქამდე არ გაჩერდებიან, ვიდრე მათ სოფელს სასმელი წყლის პრობლემა არ მოუგვარდება.

„განცხადებები დაიწერა და პასუხი მოდის, რომ მწირი ბიუჯეტი გვაქვს და ვერ მოგაქცევთ ყურადღებასო. მთელი სოფელი ამოვედით იმისთვის, რომ ვიღაცას პასუხი გაეცა. წყალი არ გვქონდეს, არ ვისაზრდოვოთ?! ბოლო–ბოლო, ჩავალთ და ტურისტული გზა არის თუ რაც არის, დავწვებით ზედ და გადავღობავთ. სხვა მეტი რა უნდა გავაკეთოთ. ამოვედით გამგებელი არ დაგვხვდა, კაბინეტებია ცარიელი გამგეობაში“, – ამბობს გიორგი წიკლაური.

პროტესტი ასპინძაში უწყლობის გამო [Photo/Video]

დაახლოებით სამსაათიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, აქციის მონაწილეებს ასპინძის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე პაპაშვილი შეხვდა. მან ადგილობრივებს მოსახლეობაზე იმ წყაროების დებეტის გადანაწილება შესთავაზა, რაც სოფელშია: „ხვალვე, ჩემი თანამშრომლები, დეფექტურ აქტს გააკეთებენ, ვისაც ორი ან სამი ონკანი აქვს, ჩაიჭრება და ყველა ისარგებლებს სასმელი წყლით. ეს დროებითი პრევენციაა, რომ გაზაფხულამდე ყველას მიეწოდოს სასმელი წყალი“.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ინფრასტრუქტურის სამინისტრო და წყალმომარაგების კომპანია საპროექტო სამუშაოებზე ტენდერს გამოაცხადებენ, მომავალი წლიდან კი სოფელ რუსთავს ისევ უპრობლემოდ ექნება სასმელი წყალი: „ვინაიდან, ჩვენ ამ ეტაპზე ყველაფერი დაგეგმილი გვქონდა და ფული დახარჯული გვაქვს, ინფრასტრუქტურა თავად გამოყოფს თანხას და თვითონვე დააფინანსებს წყალმომარაგების კომპანიის მეშვეობით. სამუშაოები დაიწყება გაზაფხულზე, ეს პერიოდი კი დასჭირდება დაპროექტებას“.

ადგილობრივებისგან განსხვავებით, რუსთავში დამშრალ წყაროებთან და ხევებთან დაკავშირებით მიზეზებზე საუბარი უჭირთ ასპინძის გამგეობაში.

„ჯერ დასკვნა დადებული არ არის გვირაბში ჩავარდა ეს წყალი თუ სხვაგან სადმე. ხიზაბავრის წყალი ნახევარი მოდის, გლობალური დათბობაა და მსოფლიოში ხდება კატაკლიზმები. რაც მოდიოდა სარო–ხიზაბავრაში, იმის ნახევარი აღარ მოდის, დამერწმუნებით, იქ არსად გვირაბი არ გადის“, – ამბობს ალექსანდრე პაპაშვილი.

პროტესტი ასპინძაში უწყლობის გამო [Photo/Video]

„მტკვარიჰესის“ ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კომპანიის ბრალეულობა არ იკვეთება.

„ეს არ არის რამდენიმე დღის და კვირის საკითხი, საუბარია 10–კილომეტრიან გვირაბზე, იქ არის გვირაბგამყვანი მანქანა, მიმდინარეობს ცემენტაცია, უამრავი დაბრკოლებაა, ბრმად მიდიან გრუნტის გამოსაღებად და შესაბამისად, არ არის მარტივი პროცესი. ჩვენი გეოლოგები ჩართული არიან, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე პასუხი არ გვაქვს. რადგან ამ ეტაპზე ჩვენი ბრალეულობა ვერ აღმოვაჩინეთ, შესაბამისად გრძელდება კვლევა“, – განაცხადა სატელეფონო საუბარში „მტკვარიჰესის“ იურისტმა.

ადგილობრივები შიშობენ, რომ სოფელში არსებული წლის გადანაწილების პროცესში მოსახლეობას შორის ურთიერთობა დაიძაბება, გარდა ამისა შემცირდება წყლის წნევა და ზამთრის პერიოდში სისტემა გაიყინება: „ჩვენი პრობლემა ასე დარჩება, თუ ახლა გადაგვინაწილეს ეს წყალი, აღარავინ იზრუნებს სოფელში ახალი დებეტის მოძიებაზე“.

ალექსანდრე პაპაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე სხვა გამოსავალს ადგილობრივი თვითმმართველობა ვერ ხედავს: „ეს პრობლემა მოგვადება მომავალ წელს. მანამდე ჩვენ ჯადოქრები არ ვართ და სხვა პასუხს ვერ გაგცემთ. ბაღები რომ ხმება, იმას ჯობია ბავშვები არ გახმნენ სახლში და არსებული წყალი სახლში უნდა გადაგინაწილოთ“.

შეგახსენებთ, რომ სოფელ რუსთავის მოსახლეობას მესამე თვეა სასმელი წყალი არ აქვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სისტემა, რომლითაც სოფელი მარაგდებოდა „მტკვარი ჰესის“ მშენებლობისას დაზიანდა.


პროტესტი ასპინძაში უწყლობის გამო [Photo/Video]


[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ რუსთავში მცხოვრებ 12 ოჯახს წყალი ისევ არ აქვს
სოფელ რუსთავში სასმელი წყლის კიდევ ერთი წყარო დაშრა
სოფელ რუსთავის მცხოვრებლები ასპინძაში საპროტესტო აქციას მართავენ
ასპინძაში საპროტესტო აქციის მონაწილეები გამგებელთან შეხვედრას ითხოვენ
სოფელ რუსთავში წყლის დაწყვეტის მიზეზების კვლევა დაიწყეს
‘მთავრობამ ლუკმა გამოგვართვა პირიდან’ – სოფელ რუსთავში კიდევ ერთი წყარო დაშრა
რუსთაველები – სოფელში წყალი „მტკვარი ჰესის“  მშენებლობის გამო დაწყდა