
გოჩა დემეტრაძე ვალის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელად 1994 წელს დაინიშნა. მანამდე, 1989-1994 წლებში ახალციხის კულტურის სახლში წამყვანი მსახიობი და რეჟისორი იყო. დამთავრებული აქვს კულტურულ-საგანმანათლებლო ფაკულტეტი.
- ”1992 წელს, ომის პერიოდში თბილისის კულტურის სამინისტრომ და შემოქმედებითი მეთოდური აღზრდის ცენტრმა ყიზლარში გასტროლებზე გაგვაგზავნა. უმკაცრეს პირობებში, ტანკების გრიალში გვიწევდა სპექტაკლებისა და კონცერტების გამართვა, საიდანაც ძალიან აღფრთოვანებულები დავბრუნდით იმის გამო, რომ ჯარისკაცები მედგრად იდგნენ იქ და მადლობებს გვიხდიდნენ”, - იხსენებს გოჩა დემეტრაძე და ამატებს, რომ იმავე წელს კულტურის სამინისტრომ რესპუბლიკური ფესტივალების ლაურეატის წოდება მიანიჭა, რის შემდეგაც ვალის კულტურის სახლში გადავიდა.
ამბობს, რომ სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში სხვადასხვა წრეები ჩამოაყალიბა. ამ დროის განმავლობაში დადიოდა გასტროლებზე და კულტურის სახლში სპექტაკლებსაც დგამდა.
- ”ჩემი მუშაობის პერიოდში დაახლოებით რვა წრე იყო გახსნილი. მხატვრული კითხვის, დრამატული, ქორეოგრაფიული, კარეტის, ჭიდაობის, ფანდურის და სამეჯლისო წრეები ფუნქციონირებდა. 500-მდე ბავშვი იყო, ყველა ფასიანი წრეები იყო და კულტურის სახლი საკუთარი ფინანსებით არსებობდა. თვითოეულ წრეზე 50 ბავშვი იყო და გადასახადი 5 ლარიდან 10 ლარამდე მერყეობდა”, - ამბობს კულტურის სახლის ყოფილი სამხატვრო ხელმღძვანელი.
თუმცა, 1999 წელს სამსახურიდან გაათავისუფლეს. დემეტრაძე ამბობს, რომ დღემდე იბრძვის იმისათვის, რომ თანამდებობაზე დააბრუნონ.
- ”იმავე წელს კულტურის სახლის ხელმძღვანელად ვალის საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლე ირმა კვაჭანტირაძე დაინიშნა. დაახლოებით 2 წლის წინ კი მის ადგილას ჩემი ყოფილი მოსწავლე დანიშნეს, რომელსაც მხოლოდ რვა კლასის განათლება აქვს და დღემდე მუშაობს ამ თანამდებობაზე, - ამბობს გოჩა დემეტრაძე და ამატებს, რომ ახლა ვალეში შემოქმედებითი წრეები არაა გახსნილი და ფაქტობრივად კულტურის სახლი უფუნქციოდაა დარჩენილი: ახალ წელსაც კი არანაირი ღონისძიება არ ჩატარებულა, ფაქტობრივად კულტურის სახლი განადგურებულია. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, იქ ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ კულტურის სახლმა იმუშაოს”.
ვალის კულტურის სახლი ახალციხის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. თანამშრომლების ხელფასი 100 ლარიდან 140 ლარამდეა. ახლა ამ შენობაში მხოლოდ ქართული ცეკვის ქორეოგრაფიული წრეა გახსნილი, სადაც თვითოეულ ბავშვზე გადასახადი 20 ლარია. შენობა, რომელიც ქალაქ ვალის ცენტრში მდგებარეობს ავარიულია. ჩამტვრეულია მინები და დაზიანებული სახურავი, საიდანაც წვიმის დროს შენობაში წყალი ჩადის.
კულტურის სახლის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ირმა კაპანაძე ამბობს, რომ შენობის სახურავი გასულ წელს შეკეთდა. თუმცა, მთლიანად არ გამოცვლილა და მხოლოდ ”ჟოლობები” გაკეთდა. გოჩა დემეტრაძე კი ამბობს, რომ სხვადასხვა წრეების ჩამოყალიბება შესაძლებელია, რადგან ვალეში კულტურის სახლმა იარსებოს.
- ”მე ვითხოვ, რომ კულტურის სახლში დამაბრუნონ. კულტურის განყოფილების გამგეს, ბატონ კახა კოპაძეს ვუთხარი, რომ ჩემი დაბრუნების შემთხვევაში კულტურის სახლში შემოქმედებით დონეს ავამაღლებ. ასევე, ჩემს თავზე ავიღებ დამლაგებლისა და დარაჯის შტატს, რომ შევინახო და დავაფინანსო”, - ამბობს დემეტრაძე.
ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ახალი უფროსის კახა კოპაძის გარდა, დემეტრაძემ განცხადებით მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელსა და საკრებულოს თავმჯდომარესაც მიმართა. თუმცა, წერილობითი პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ოლეგ სანდროშვილს კი პირადად შეხვდა და სამსახურში დაბრუნება სთხოვა.
- ”სანდროშვილმა მითხრა, რომ თუ ვაკანსია გამოჩნდება კონკურსი ჩატარდებაო. თუ კონკურსი ჩატარდება მზად ვარ, რომ მონაწილეობა მივიღო. რადგან რაიონში კონკურენტი არ მყავს და თუ ვინმეს რაიმე განათლება აქვს, ყველა ჩემი ნამოწაფარია”, - ამბობს გოჩა დემეტრაძე.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე დემეტრაძეს სამსახურში ვერ დააბრუნებენ, რადგან ვაკანსია გამოცხადებული არ არის.
- „მე როგორ უნდა აღვადგინო სამსახურში? ამ შემთხევაში, უნდა გავუშვა არსებული ხელმძღვანელი და მოვიყვანო ის ხომ?! კანონის რა მუხლით უნდა გავაკეთო ეს?! ჯერ ვაკანსია არ არის და ვაკანსიის გამოჩენის შემთხვევაში, შეიძლება განხილულ იქნეს მისი განცხადება. სხვა მხრივ ვერანაირად ვერ დავეხმარები“, - განმარტავს ოლეგ სანდროშვილი.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ხითარიშვილი ამბობს, რომ მის სახელზე გამგეობაში დღეში ათობით განცხადება შედის. ამიტომ, არის თუ არა გოჩა დემეტრაძის განცხადება შესული ვერ აკონკრეტებს. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული პიროვნება სამსახურიდან უკანონოდ იქნა გათავისუფლებული, მას შეუძლია ეს ფაქტი სასამართლოში გაასაჩივროს და გაარკვიოს მის მიმართ კანონის პროცედურული დარღვევა მოხდა თუ არა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]