FM97.5 / LIVE

ვაჰაგნ ჩახალიანი - მითები და რეალობა

მთავარისამართალი 05.02.2013
როდის და რატომ დააპატიმრეს ვაჰაგნ ჩახალიანი; რა გამოხმაურება მოჰყვა მის გათავისუფლებას; რა ხდებოდა საპატიმროში და რა გეგმები აქვს სამომავლოდ

ვაჰაგნ ჩახალიანი - მითები და რეალობა
დაპატიმრება და პრეისტორია

დემოკრატიული კავშირის „ერთიანი ჯავახკის“ თავმჯდომარე ვაჰაგნ ჩახალიანი საქართველოს ეროვნული უშიშროების თანამშრომლებმა 2008 წლის 21 ივლისს დააპატიმრეს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტამდე ორი კვირით ადრე ახალქალაქში მღელვარება დაიწყო. 17 ივლისს თამარ მეფის ქუჩაზე, პოლიციის მაშინდელი უფროსის სახლთან მოხდა აფეთქება, არავინ დაზიანებულა, დაიმსხვრა მხოლოდ მეზობელი სახლების ფანჯრის მინები. ეჭვი ორგანიზაცია „ერთიანი ჯავახკის“ წევრებზე მიიტანეს, რომლებიც 17 ივლისის ღამეს ვაჰაგნ ჩახალიანის ვაჟიშვილის პატივსაცემად მის სახლში იყვნენ შეკრებილი. ყველა დაკითხეს გურგენ შირინიანის გარდა. ამის შემდეგ ადგილი ქონდა გურგენ შირინიანის დევნის შემთხვევებს, რომელიც მთავარ ეჭვმიტანილად იქცა და ამას შედეგად პოლიციელის მკვლელობა მოყვა. გურგენ შირინიანი მაშინ მიიმალა და დღემდე ძებნაში იმყოფება. ახალქალაქში კრიმინალური ხასიათის მოვლენები დაპატიმრებებით გაგრძელდა. ჩახალიანის სახლისა და „ერთიანი ჯავახკის“ რადიოს „ახალგაზრდული რადიოს“ შენობაში ჩხრეკის ჩატარებიდან სამი დღის შემდეგ, 21 ივლისს პოლიციის სპეციალურმა თანამშრომლებმა იარაღი იპოვეს და ვაჰაგნ ჩახალიანი, მისი ძმა და მამა დააპატიმრეს.

ეს მოვლენები მოსახლეობამ პოლიციის უფროსთან სამველ პეტროსიანთან ვაჰაგნ ჩახალიანის პირადი დაპირისპირების შედეგად მიიჩნია. ეს მოსაზრება მოსახლეობაში დღემდე აქტუალურია, თუმცა, თავად ჩახალიანი ამ ვარიანტს უარყოფს და ამბობს, რომ განსხვავება იყო მხოლოდ პოლიტიკურ კურსებს შორის და პირადული დაპირისპირება არ ყოფილა.

ჩახალიანის მამა და ძმა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ვაჰაგნ ჩახალიანს კი საქართველოს კანონმდებლობის 6 პუნქტის ფარგლებში 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ეს მუხლები იყო იარაღისა და საბრძოლო მასალების შეძენა და შენახვა, საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი მასობრივი ღონისძიებების ორგანიზება და ხულიგნობა.

იარაღის შენახვისა და შეძენის მუხლების გარდა, ყველა სხვა მუხლი 2006 წლის მოვლენებს ეხებოდა, როდესაც ვაჰაგნ ჩახალიანი და მთელი „ერთიანი ჯავახკი“ პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ სიებით ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობდა. არჩევნების შემდეგ, რომელშიც 70–30%–ით „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვა, „ერთიანმა ჯავახკმა“ ვაჰაგნ ჩახალიანის მეთაურობით არჩევნების შედეგები გააპროტესტა, რადგან მათ გაყალბებულად მიიჩნევდნენ.

„ახალქალაქში გაყალბება ვერ შეძლეს, მაგრამ სოფლებში უფრო რთული იყო. ჩვენ ვიყავით ახალქალაქში, ყველა უბანს იოლად ვაკვირდებოდით, სოფლებში უფრო გვიჭირდა. არჩევნები დამთავრდა, მაგრამ ყუთების გადმოცემა დააგვიანეს, მაგალითად, სოფელ მაჯადიადან 4 დღით დაგვიანდა, და მას შემდეგ, რაც მოიტანეს, აღმოჩნდა, რომ ჩვენ სასარგებლოდ ხმა საერთოდ არავის მიუცია“, – ყვება ვაჰაგნ ჩახალიანი.
სასამართლოს დაწყებამდე ჩახალიანს 13 ბრალდება ქონდა წაყენებული, რომელთა შორისაც 7 ბრალდება მოეხსნა, რადგან ისინი პროკურატურამ ვერ დაამტკიცა. დანარჩენ 6 ბრალდებას კი, რომელთა შესაბამისადაც ჩახალიანს თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიესაჯა, იგი დღემდე არ აღიარებს. ჩახალიანის ადვოკატებმა არასწორი სამართალწარმოების გამო საჩივარი ევროპის სასამართლოში შეიტანეს და საქმე ამჟამად პროცესშია.
„მთავარი მტერი“, „ეროვნული გმირი“, თუ...

2013 წლის 24 იანვრის საღამოს რუსთავის პირველი საპყრობილიდან უკვე ყოფილი პოლიტპატიმარი ვაჰაგნ ჩახალიანი გამოვიდა. მის გათავისუფლებას უზარმაზარი რეზონანსი მოყვა, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. სომხურ წრეებში ვაჰაგნის გათავისუფლება იმდენად მძაფრად მიიღეს, როგორც გმირის გათავისუფლება. არაერთგვაროვანი იყო რეაქცია საქართველოში. მეორე დღესვე გაისმა განცხადებები, პრეზიდენტის დონეზეც კი, რომელშიც ვაჰაგნს „საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთავარი მტერი“ უწოდეს.

პოლიტოლოგის სერგეი მინასიანის შეფასებით, დღევანდელ დღეს ჩახალიანის ასეთი წარდგენა პოპულისტური მიზნით მოხდა.

„ჩახალიანი რუსეთის აგენტობის ბრალდებით გასამართლებული არ ყოფილა. უფრო მეტიც, 2009 წლიდან 2013 წლის იანვრამდე სააკაშვილი ამ თემაზე არ ლაპარაკობდა. ამაზე ხმას არ იღებდა საქართველოს ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი. საერთოდ, მთელი ეს ისტორია ისეთ შთაბეჭდილებას მიტოვებს, რომ სააკაშვილი და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ამ ამბის გამოყენებას ცდილობენ პოპულისტური და საკმაოდ სახიფათო ბრძოლის ინსტრუმენტად ივანიშვილისა და საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების, მმართველი უმრავლესობის წინააღმდეგ. ჩვენ, სამწუხაროდ ვხედავთ ძალიან სახიფათო სიტუაციას, პოლიტიკური პრობლემების ქართული ფორმატის შიგნით როგორ შეიძლება შეიქმნას სერიოზული დაძაბულობა, მათ შორის, ცენტრალურ ხელისუფლებასა და ეთნიკურ უმცირესობებს შორის ერთაშორის ურთიერთობების დონეზე“, – ამბობს სერგეი მინასიანი.
ჩახალიანის გეგმები

რა საქმიანობას შეუდგებით?

ჯერჯერობით ჩემს ოჯახთან მინდა ვიყო, მომენატრნენ, 4.5 წელიწადი ცოტა დრო არ არის, ჩემი ბიჭი მამის გარეშე იზრდებოდა. გარდა ამისა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მაქვს, მინდა გამოვეკვლიო, შეიძლება სერიოზული მკურნალობის აუცილებლობაც იყოს, ქირურგიული ჩარევის, ოპერაციისაც კი. ახლა კერძო სამართალწარმოების იმედი მაქვს. ფსიქოლოგიურად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართლიანობა აღდგეს, მსგავსი შავი ლაქები ჩვენ ორ ხალხს შორის აღარ იყოს.

რა მდგომარეობაში იყავით ციხეში? ელოდით მოვლენების ასეთ განვითარებას?

იმედი ერთი დღით, ერთი წუთითაც არ დამიკარგავს. არ ვფიქრობდი, დღეს გამოვალ თუ 10 წლის შემდეგ. ყოველთვის ღმერთზე ვფიქრობდი, მან ყველაფერი იცის. ღვთის ქმედების განკითხვა დაუშვებელია. ჩემი რწმენით, ოჯახისადმი და ჩემი ხალხისადმი სიყვარულით მე გადამარჩინა. ყველაფერი კარგად იქნება.

იყო თუ არა წამება, ზეწოლა ციხეში?

წამებაც იყო, მაგრამ უფრო მეტი ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო. იქ მარტო არასდროს ვიყავი. უკეთესი იქნებოდა ვყოფილიყავი, ვიდრე მთელი დღეები, ფაქტობრივად, თითს არავინ გაკარებდა, მაგრამ ისეთ ცუდ სიტუაციას ქმნიდნენ, რომ გაუსაძლისი ხდებოდა. ჩემს საჭმელში ალბათ რაღაც წამლებს ამატებდნენ, არ ვიცი, რაღაც საშინელი შეგრძნებები მქონდა, მეხსიერება დავკარგე, მოკლედ, რაღაც კოშმარი იყო. მხოლოდ ერთს ვიტყვი, როდესაც იცი, რომ შენს კამერაში ფარული კამერაა, ყველაფერს იწერენ, შენს ყოველ მოძრაობას თვალს ადევენებენ, საპირფარეშოშიც კი. როდესაც შენ 24 საათი ვიღაცის ზედამხედველობის ქვეშ ხარ, ეს მომაკვდინებელია.

ითრგუნები, როდესაც 4.5 წლის განმავლობაში საშუალებას არ გაძლევენ შვილს შეხვდე, ჩაიხუტო, როცა მხოლოდ მინის იქითა მხარეს ხედავ, როცა ნათესავები და ახლობლები გენატრება, სხვისთვის შეიძლება, შენთვის კი არა. იგივე სპორტული ვარჯიში, სხვისთვის შეიძლებოდა, ჩემთვის არა. როდესაც სავარჯიშოდ ჰანტელებს ვიღებდი, შიგნით შემოვარდებოდნენ და ხელიდან მგლეჯდნენ, თან ციხის შინაგანაწესის დარღვევად მითვლიდნენ და სიტყვაზე, ერთი კვირით ტელეფონით დარეკვას ან მაღაზიით სარგებლობას მიკრძალავდნენ. დარტყმის გადატანა უფრო ადვილია, ერთი წუთით არის, მერე კი აღარ.

თქვენ სეპარატისტად მიგიჩნევენ...

მე ვამბობდი, სეპარატისტი არჩევნებში არასდროს მიიღებს მონაწილეობას, მაჩვენეთ ერთი მაგალითი მაინც ისტორიიდან, როცა სეპარატისტი არჩევნებში მონაწილეობს, ასეთი ცნება არ არსებობს. როგორ შეუძლია სეპარატისტს პარლამენტის დეპუტატობის სურვილი გამოთქვას. ანუ სეპარატიზმზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ჩვენ ამოცანად დავისახეთ, ჩვენი პრობლემების გადაწყვეტისთვის საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში მიგვეღწია. ჩვენი მიზანი იყო პარლამენტში შესვლა და ჩვენი საკითხების იქიდან წამოწევა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ სეპარატისტები ვართ. სეპარატისტი ავიდოდა გორაკზე, შემდეგ მთაზე და იქიდან იტყოდა, რომ ესაა ჩვენი მოთხოვნები. საქართველოს ყოფილი მთავრობის ერთ–ერთი მეთოდი სწორედ ეს იყო. ისინი წარმოდგენას გვიქმნიდნენ, რომ აქაურ პრობლემებს ვერ ამჩნევენ და შემდეგ ნებისმიერ, თუნდაც პატარა საპროტესტო აქციას სეპარატიზმად ნათლავდნენ, რათა საკუთარი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება მოეტყუებინათ. ჩემს დაპატიმრებამდე ეს მათ ძალიან კარგად გამოსდიოდათ.

და მერე თავი დაანებეს?

შემდეგ ჩვენ შევძელით სერიოზული სამუშაოების ჩატარება და ძალიან ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გაიგო, რომ ისინი მრავალი წლის განმავლობაში მოტყუებულები იყვნენ და სეპარატიზმზე ლაპარაკიც კი არ იყო. სამწუხაროდ, საქართველოში ამ სამუშაოების ჩატარება ვერ შევძელით, რადგან ის „ნაციონალების“ მხრიდან დაიბლოკა. მასმედიის არც ერთი საშუალება, კორექტულად ვიტყვი, ჩვენი თემით არ ინტერესდებოდა, თითქოს რაღაც უხილავი ხელი ჩვენზე ლაპარაკის ნებას არ აძლევდა, მხოლოდ ბოლო ორი თვეა, რაც დაინტერესდნენ.

ამნისტიის ფარგლებში თქვენ გათავისუფლებას სერიოზული რეაქცია მოყვა და თქვენ სერიოზულ დანაშაულში გდებენ ბრალს...

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემი საქმიანობა მთლიანად შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობას. იცოდეთ, რომ მე მზვერავიც ვარ, მტერიც... და მათ ამ მუხლებით კი არ გამასამართლეს, ფაქტობრივად, მათ დანაშაული დაფარეს, ესეც კანონის დარღვევაა. ქვეყნის პრეზიდენტმა იცოდა, რომ მე ასეთი დამნაშავე ვარ და დუმდა. 20 იანვარს ჩემმა ადვოკატებმა ცილისწამებისთვის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

ერთი მხრივ, თქვენ „ეროვნულ გმირად“ გაქციეს, მეორე მხრივ კი, საქართველოს სახელმწიფოებრიობის „მთავარ მტრად“...

სიმართლე რომ გითხრათ, ქართველების მხრიდან მტრობას არ ვგრძნობ. 4.5 წელი ციხეში ქართველებთან ერთად ვიჯექი და ქართველებს შორის ბევრი მეგობარი მყავს.

გმირზე ვერაფერს ვიტყვით, ხალხი და ისტორია ყველაფერს თავის ადგილას დააყენებს.

იმ დროს, როცა შემეძლო გამოსვლა, თანამდებობის დაკავება და დიდი თანხების აღება, რასაც მთავაზობდნენ, მე უარი ვთქვი ჩემს თავისუფლებაზე, თუმცა, ადრე გამოსვლაც შემეძლო. ყველაფერზე უარი ვთქვი, რათა ჯავახეთში მცხოვრები სომხების ფეხქვეშ გათელილი უფლებები დამეცვა. სააკაშვილის მოწოდებები, რომ ხალხი პანიკაში ჩაეგდო, რომ ვაჰაგნი გამოვიდა, სასაცილოა. როგორც ვხედავ, ჩემი არავის ეშინია, უფრო პირიქით.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვაჰაგნ ჩახალიანს ორ თვეში გაათავისუფლებენ
ვაჰაგნ ჩახალიანის ძმა პატიმრობაში რჩება
ჩახალიანის ოჯახმა არმენ ჩახალიანის დაკავება გაასაჩივრა
ვაჰაგნ ჩახალიანი - ჩემი ძმა მახეში გაება
ვაჰაგნ ჩახალიანის ძმა დააკავეს
 ვაჰაგნ ჩახალიანს ახალქალაქში დახვედრა მოუწყეს

ვაჰაგნ ჩახალიანი კომპენსაციის სახით 22 მლნ ლარს ითხოვს