FM97.5 / LIVE

ახალგახსნილ ბაზარში განყოფილებებს ანგრევენ

მთავარიეკონომიკა 02.04.2012
დაუგეგმავად აგებული შენობა თუ სიჩქარეში დაშვებული შეცდომა; რატომ გახდა საჭირო ახალაშენებული ბაზრის ნაწილის მონგრევა; რატომ არ საუბრობს ამ საკითხზე “ალფა მარკეტის” ადმინისტრაცია; რითი ხელმძღვანელობენ ქალაქის განაშენიანებისას და როგორ იგეგმება პროექტების განხორციელება

ახალგახსნილ ბაზარში განყოფილებებს ანგრევენ

650 კვადრატულ მეტრზე აშენებულ რვა განყოფილებას შპს “ფოცხოვის” 10-კაციანი ჯგუფი დაახლოებით 10 დღის განმავლობაში ანგრევდა.

- “აქ ავტოსადგური უნდა გადმოვიდეს, შენობას ცოტა მოშორებით ჩადგამენ და ამ ადგილზე მანქანები განლაგდება”, - გვიხნის შპს “ფოცხოვის” ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც პრესასთან ინკოგნიტოდ რჩება.

ადგილი რომ ავტოსადგურისთვის გაათავისუფლეს, მუშებიც ადასტურებენ.

- “სადგური როდის გადმოვა არ ვიცით, მაგრამ ნგრევას ათ დღეში დავამთავრებთ”, - ამბობს შპს “ფოცხოვის” მუშა მანუჩარ სამსონიძე.

ახალაშენებულ მარკეტში, რომელიც ჯერ მხოლოდ ოთხი თვეა რაც ფუნქციონირებს, კორექტივების შეტანა აღმოჩნდა საჭირო. თანაც ისე, რომ განყოფილებები, სადაც ნაწილი ჯერ უფუნქციოდ იყო, ნაწილში კი რძის პროდუქტები, თევზი, გაზიანი სასმელები და ავტომანქანის ნაწილები იყიდებოდა, უნდა დაენგრიათ.

ბაზრის ტერიტორიაზე ავტოსადგური გადმოსვლის საწინაღმდეგო ვაჭრებს არაფერი აქვთ. თუმცა ვერ მალავენ პროტესტს იმის გამო, რომ ახლად აგებულ შენობებს ანგრევენ.

- “ტვირთის თრევა ხელით აღარ მომიწევს, ტრანსპორტიდან ჩამოვდგამ და იქვე გავყიდი, მაგრამ როგორც ამბობენ მაგ განყოფილებების აშენება 200 ათასი ლარი დაჯდომიათ, რატომ ყრიან ფულს წყალში?! თუ ამდენის საშუალებაა, საწყალ ხალხს დაეხმარონ, სხვანაირად გაწერონ ეს თანხები”, - გვეუბნება ყველაზე მოვაჭრე ოთარი.

“ალფა მარკეტი” კერძო ინვესტიციაა.

- “ბაზრის შესახებ ვერაფერს გეტყვით, არაა ჩემი საქმე. კომპეტენტური გოგი ნიჟარაძეა, ბაზარს ადგილზე ის ხემძღვანელობს და თავად გიპასუხებთ ყველა კითხვაზე, - გვითხრა “ალფა მარკეტის” თანამშრომელმა ნუგზარ მერაბიშვილმა და იმის დასტურად, რომ თავად ვერაფერში ერკვევა დაამატა, – გუშინდელის შემდეგ მე ბაზარში აღარ ვმუშაობ”.

გოგი ნიჟარაძე ინტერვიუს ჩასაწერად “სამხრეთის კარიბჭემ” ოთხ აპრილს პირველ საათზე შეითანხმა, თუმცა, შეხვედრამდე ტელეფონით დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ თავად ვერაფერს გვეტყოდა: “მე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის მშენებლობას ვხელმძღვანელობ, “ალფა მარკეტთან” დაკავშირებით არაფერი ვიცი. მხოლოდ ხანდახან თუ მთხოვენ. მეთვალყურეობას ვუწევ და ყურადღებას ვაქცევ ბაზარს”.

“ალფა მარკეტში” სამშენებლო სამუშაოებს შპს “ფოცხოვი” ასრულებდა.

- “მითხრეს ააშენეო და ავაშენე, ახლა მითხრეს დაანგრიეო და ვანგრევ. მე მხოლოდ მითითებებს ვასრულებ. ბაზრის მეპატრონე თბილისშია, მაგრამ ახლა ბიულეტენზეა, შეუძლოდაა და მასთან დაკავშირება შეუძლებელია, - გვითხრა შპს “ფოცხოვის” მენეჯერმა თამაზ თედორაძემ, თუმცა კითხვაზე პასუხისგან, თუ რა დაჯდა რვა განყოფილების აშენება, თავი შეიკავა – ნახევარ წუთში დაგითვლით მის ხარჯებს, მაგრამ უბრალოდ ვერ გეტყვით ახლა. ვერც იმას გეტყვით, რის გადმოტანას გეგმავენ აქ”.

იმას, რომ შენობებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე, ავტოსადგური უნდა გადავიდეს, ადგილობრივ თვითმმართველობაში კატეგორიულად უარყოფენ.

- “ვინ გითხრათ, რომ აქ ბაზარი გადადის, ჭორია! ასეთი საკითხი დღის წესრიგშიც არ დამდგარა. იქ ავტოსადგური რომც გადავიდეს, დაეტევა?!” - კითხულობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა დემეტრაძე.

მოსაზრება ავტოსადგურის “ალფა მარკეტის” ტერიტორიაზე გადასვლის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ მალხაზ გიქოშვილმა და ავტოსადგურის შპს “მგზავრის” უფროსმა სლავა ჩიხლაძემაც გაიგეს.

- “ამბობენ, მაგრამ ჯერ ჩვენთვის არავის არაფერი უთქვამს, სახელმწიფოს როგორც დაჭირდება, ისე იქნება, მაგრამ იმედია, კერძო ინტერესებსაც გაითვალისწინებენ”, - აცხადებს ჩიხლაძე.

გიქოშვილის თქმით, კი მალე ავტოსადგურის გარემონტება დაიწყება: “სადგური შეკეთდება იქ, სადაც არის. ძლივს ვეღირსეთ ასეთ კარგ ბაზარს. ამიტომ ბაზარს თავისი ფუნქცია ექნება და სადგურს თავისი”.

რაც შეეხება მიზეზს, რის გამოც ახალაშენებული შენობა დაანგრიეს, თვითმმართველობაში ურთიერთ გამომრიცხავი არგუმენტებით ხსნიან:

- “ეს ბიზნესია ერთგვარი. ეგ ადგილი საბითუმო ვაჭრობისთვის იყო განკუთვნილი, ახლა კი პარკინგას დაეთმობა. უბრალოდ, მაგ შენობებს ადგილს შეუცვლიან და გვერდით დადგამენ”, - ამბობს დემეტრაძე.

- “არ იყო პროექტით გათვალისწინებული მანდ შენობის ჩადგმა. იქ იქნება ჩვეულებრივ მოედანი გარე ვაჭრობისთვის. თან ბაზართან ხიდი რომ გაკეთდა, აღარ მოუხდა შენობა იქ”, - აცხადებს გიქოშვილი.

პროექტი, რომ იმ განყოფილებების მშენებლობას არ ითვალისწინებდა, რომელიც დაანგრიეს, სამხარეო ადმინისტრაციაშიც საუბრობენ.

- “მუნიციპალიტეტმა ყურადღება იმიტომ ვერ მიაქცია, რომ ეგონათ მშენებლობისთვის დამხმარე ნაგებობას აკეთებდნენ. ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებულ პროექტში აღნიშნული შენობა არ იყო დაფიქსირებული, ამიტომ გახდა მისი ამორტიზება აუცილებელი”, - ამბობს პრეზიდენტის რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში ლაშა ჭკადუა.

გეგმა, რის მიხედვითაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქალაქის განაშენიანებისას უნდა იხელმძღვანელოს, არ არსებობს. თუმცა, გამგებლის, თქმით, პატარა ქალაქის მშენებლობის შემთხვევაში, იმის განსაზღვრა თუ სად რა უნდა გაკეთდეს, არც ისე რთულია: “კარგი გენგეგმის გაკეთება ძვირი ჯდება, ამისთვის თანხა არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით უნდა მოვიძიოთ”.

საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქალაქს გენერალური განაშენიანების გეგმა აუცილებლად ექნება: “ამის თქმის საფუძველს ბიუჯეტში გაკეთებული ეკონომიები მაძლევს. გარკვეული თანხა ნაშთის სახით ყოველი წლის ბოლოს გვრჩება”.

მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 30 000 700 ლარია. გასული წლის ბოლოს ნაშთმა კი 1 000 839 ლარი შეადგინა. თუმცა, როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გაგა ივანიძე გვიხსნის, ნაშთში გარდამავალი პროექტები და აღებული ვალდებულებების შესრულებაც იგულისხმებოდა.

რამდენად მორჩება ბიუჯეტში თანხა საიმისოდ, რომ გენგემა გაკეთდეს, მიმდინარე წლის ბოლოს გაირკვევა. თუმცა, ქალაქის მშენებლობა გეგმის შედგენას არ ელოდება.

- “ახალციხემ ძალიან ბევრი დრო დაკარგა საიმისოდ, რომ აქ ბევრი კარგი რამ აშენებულიყო, გენ-გეგმის შექმნისთვის რომ გვეცადა, მშენებლობებს ვერ დავიწყებდით. აგვისტოში ქალაქი ტურისტების მისაღებად უკვე მზად უნდა იყოს. ეს წელი ქალაქის ისტორიისთვის გარდამტეხი იქნება”, - აცხადებს ჭკადუა.

კითხვა - რის მიხედვით იხელმძღვანელებენ აგვისტომდე ქალაქში მიმდინარე მშენებლობებისას, თვითმმართველობაში, ღიად რჩება. მანამდე კი იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ქალაქში გაუთვალისწინებელი შენობები არ დაიდგმება და შემდეგ ისევ არ დაინგრევა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ცენტრში, ყოფილი ბაზრის ადგილზე ისევ ბაზარს ხსნიან
დაკეტვიდან ერთი წლის თავზე ძველი ბაზარი ისევ გაიხსნა
მოვაჭრეები ამ ზამთარსაც სიცივეში გაატარებენ
ძველი ბაზრის უპირატესობა და საფრთხეები
ავტოსადგური თუ ავტოსადგომი – რა შენდება ყოფილი ღვინის  ქარხნის ტერიტორიაზე
საწყობი ბაზრის ნაცვლად – ბაზრის დირექტორმა 'მერსი ქორფსის' ფულს მიზნობრიობა შეუცვალა