
პაატა ბურჭულაძის განცხადებით, „გირჩს“ ბლოკი მან დაატოვებინა, იმ მოტივით, რომ ახალ პოლიტიკურ ცენტრს ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს. „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძე კი ამბობს, რომ „გირჩმა“ ბლოკი თავად დატოვა, რადგან ბურჭულაძე მათ აშანტაჟებდა და თანხის მოძიებას ავალებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათი წევრების საარჩევნო სიიდან ამოღებით იმუქრებოდა.
„ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პარტია. ძალიან უნდოდათ, რომ ვყოფილიყავით „ნაციონალური მოძრაობის“ ან „ოცნების“ სატელიტი. მე არც ერთი მომწონს და არც მეორე. ჩვენ ვართ აბსოლუტურად დამოუკიდებელი პარტია და ზუსტად ეს არის მიზეზი, რომ მე დღეს მივიღე გადაწყვეტილება, რომ „გირჩი“ უნდა ამოვიღოთ სიიდან. დღეს გაირკვა, ვინ არის დამფინანსებელი. მე თანხას ვერ მივიღებ ვერც სააკაშვილისგან და ვერც ბიძინა ივანიშვილისგან. „გირჩი“ არის ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებული. სულ უკაპიკოდ რომ დავრჩეთ, გვირჩევნია ვიყოთ დამოუკიდებლები“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თოქ-შოუ „არჩევანში“.
„გირჩი“ კი მომხდარს განცხადებით გამოეხმაურა.
„გვინდა, სანამ ეს მნიშვნელოვანი საკითხი პოლიტიკური მანიპულაციების თემა გახდება, ჩვენ მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს განგიმარტოთ. „გირჩმა“ მიიღო გადაწყვეტილება დატოვოს საარჩევნო ბლოკი „პლატფორმა -პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“. ეს არის რთული, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილება, რადგან ბლოკს აქვს სერიოზული პრობლემები, როგორც ადამიანური ურთიერთობებისა და მენეჯმენტის, ისე ფინანსური კუთხით. „გირჩი“ არის საკუთარი პრინციპების ერთგული და არსებობს ზღვარი, რომელსაც ჩვენ არასოდეს გადავალთ. სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, „გირჩი“ გამოტოვებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს, მაგრამ ჩვენ დავრჩებით პარტიად, რომელმაც არსებობის ერთი წლის განმავლობაში შექმნა პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოში. გირჩი რჩება პოლიტიკაში და განაგრძობს ბრძოლას იმ იდეებისა და ფასეულობებისთვის, რომლისაც სჯერა. შევხვდებით შემდეგ არჩევნებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბურჭულაძის განცხადებების პარალელურად, კი „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ბურჭულაძე მათ აშანტაჟებდა: „გვითხრა, რომ თუ „გირჩი“ ვერ შეძლებდა ფინანსების მიტანას, „გირჩის“ წევრები ამოღებულები იქნებოდნენ ბლოკის სიიდან, რაზეც მე განვაცხადე უარი. არ მგონია ეს ფული ყოფილიყო ბლოკისთვის, დიდი ალბათობით, მას ეს პირადი მოხმარებისთვის ჭირდებოდა. ამ ადამიანს შემოსავალი ამ ბლოკიდან, მაშინ, როდისაც ბლოკის ფინანსური მდგომარეობა არის მძიმე, აქვს თვეში 60 000 ლარი თუ მეტი. საბოლოო ჯამში, მგონია რომ პირადი სარგებლისთვის ჭირდებოდა ეს ყველაფერი. საბოლოო ჯამში, განხეთქილების მიზეზი იყო ეს. მე იქვე განვაცხადე, რომ „გირჩი“ გავა ბლოკიდან და „გირჩიდან“ არავინ არ დარჩება სიაში. დანარჩენი ყველაფერი, რაზეც პაატა ბურჭულაძემ ისაუბრა, არის ზღაპარი და უსინდისო ზღაპარი“.
შეგახსენებთ, პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ „გირჩის“, „ახალი მემარჯვენეებისა“ და „ახალი საქართველოს“ საარჩევნო ბლოკთან მიმდინარე წლის აგვისტოში გაერთიანდა, რის შედეგადაც შეიქმნა ახალი პოლიტიკური პლატფორმა „პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“.
აღნინული მოძრაობიდან სამცხე–ჯავახეთში, სამ ოლქში, სამი კანდიდატია წარდგენილი: კობა გორგოძე – ახალციხე–ადიგენის ოლქში; კახა ბერიძე – ბორჯომი–ასპინძის ოლქში და შაქრო აივაზიანი ახალქალაქი–ნინოწმინდის ოლქში. ამათგან, "გირჩის" წევრი კობა გორგოძეა. რა ბედი ელის მას, დღეს გაირკვევა.
[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]