FM97.5 / LIVE

კანდიდატის წარდგენა მოხეში – რატომ ჩავიდა ნინო ბურჯანაძე მუსლიმურ სოფელში

მთავარისიახლე, არჩევნები 27.09.2016
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ადიგენში, სოფელ მოხეში ადგილობრივებს შეხვდა. მან განაცხადა, რომ მესხეთში ვიზიტი მოხედან სპეციალურად დაიწყო, თუმცა, რელიგიურ თემაზე აქცენტი არ გაუკეთებია.

კანდიდატის წარდგენა მოხეში – რატომ ჩავიდა ნინო ბურჯანაძე მუსლიმურ სოფელში

სოფელ მოხეს ნინო ბურჯანაძე დღეს, 27 სექტემბერს, ახალციხე – ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, ბესიკ ხითარიშვილთან ერთად სტუმრობდა. ბურჯანაძეს მოხეში ადგილობრივი ქრისტიანები და მუსლიმები დახვდნენ.

ჟურნალისტებთან საუბარში ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ სოფელი მოხე სპეციალურად შეარჩიეს, ორი წლის წინ მომხდარი რელიგიური კონფლიქტის გამო. თუმცა, შეხვედრის მიმდინარეობისას მას რელიგიური თემა არ უხსენებია და ამ საკითხს მას შემდეგ შეეხო, რაც მაჟორიტარობის კანდიდატმა მოხეში მომხდარი რელიგიური დაპირისპირებები გაიხსენა.

შეხვედრის პირველი ნაწილი საარჩევნო პროგრამის გაცნობას დაეთმო. ბურჯანაძემ ადგილობრივებს ძირითადი აქცენტები გააცნო: ე.წ. „დედის ხელფასი“, პენსია სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, სამუშაო ადგილების შექმნა, ფაბრიკა–ქარხნებისა და გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა. დიდი დრო დაუთმო ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმოხილვას, ისაუბრა რუსეთთან ურთიერთობის დალაგების აუცილებლობაზე, საქართველოს ნატოში გაწევრიანების უპერსპექტივობასა და ევროკავშირის ბაზარზე.

„ჩვენ არ გვინდა სამხედრო ორგანიზაციებში გაწევრიანება. ჩვენ ვართ ამერიკის და რუსეთის დაპირისპირების პოლიგონად გადაქცეული. რუსეთს უნდა ვუთხრათ, რომ არ დავაყენებთ ნატოს ჯარს და არ დაგემუქრება საფრთხე საქართველოდან, მაგრამ ადექი და გაიყვანე აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან შენი ჯარები და ვიმეგობროთ. თუ ამას შევპირდებით, ჯარს გაიყვანენ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და დამატა, რომ ამის შემდეგ გაიხსნება რუსეთის ბაზარი და მოსახლეობას აღარ მოუწევს მოყვანილი პროდუქციის გადაყრა იმის გამო, რომ ვერ ასაღებს, – „რუსეთთან ურთიერთობის დალაგება ნიშნავს რუსეთის ბაზრის სრულყოფილად გახსნას და რას ნიშნავს ეს, თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ. ევროკავშირში ჩვენი პროდუქცია ძალიან მცირე რაოდენობით მიდის, იმას თავისი აქვს, ის ბაზარი უკვე დაკავებულია, ჩვენ რომ შევიდეთ, იმ ბაზრიდან ვიღაც უნდა გააგდონ, ამას კი არავინ გააკეთებს“ .

რელიგიურ კონფლიქტებზე ნინო ბურჯანაძის გამოსვლის შემდეგ, ბესიკ ხითარიშვილმა ისაუბრა: „სიმბოლურად არის შერჩეული ეს ადგილი, აქ შეგნებულად აპირებდა წინა ხელისუფლება თუ ახლანდელი რელიგიური პრობლემის შექმნას. ამ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ჩვენს გვერდით არის და დარწმუნებული არიან, რომ ეს ხელოვნური პრობლემები არასოდეს შეიქმნება ხელისუფლების ჩვენი მოსვლის შემთხვევაში“.

ხითარიშვილის განცხადების შემდეგ, ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სპეციალურად არ გაამახვილა ყურადღება: "ვიფიქრე ადგილობრივი და მაჟორიტარი თუ იტყვის–მეთქი. მე გეტყვით ერთ რამეს, ამას ვამბობ გულით და სულით, რომელი ხელისუფალი, რომელი ადამიანიც საქართველოში შეეცდება რომ ადამიანებს შორის რაღაცის გამო შუღლი გააღვივოს, მითუმეტეს ასეთი ფაქიზი თემის ირგვლვ, ის ციხეში უნდა ჩასვა".

შეხვედრის დასასრულს (რომელიც ნახევარ საათს გრძელდებოდა), სოფელ დერცელის მცხოვრებმა ჯემალ მიქელაძემ გულისტკვილით აღნიშნა, რომ აქ მუსლიმები თავს დაჩაგრულად გრძნობენ: „ქრისტიანები და მუსლიმები ერთად ძმებივით ვცხოვრობდით, წინა ხელისუფლების დროს კაციშვილს არ უთქვამს ჩვენთვის თურქი, ჩვენ ვართ ქართველები და არა თურქები. ყველანაირად შევიწროვებული ვართ, ღმერთს ვიტყვი თუ ალაჰს,რა მნიშვნელობა აქვს“.

„გაძლევთ პატიოსან სიტყვას ღმერთის წინაშე, რომ ეს საკითხი მოგვარდება“, – უპასუხა ბურჯანაძემ.

ადგილობრივებმა თქვეს, რომ მათი პრობლემებით კანდიდატების უმეტესობა არ დაინტერესებულა, ლიდერებიდან კი ამ დრომდე არავინ მისულა. როგორც მათ „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, წინასაარჩევნო პერიოდში მათთან მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილი და „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატი ბესიკ ხითარიშვილი იყვნენ. თუმცა აქვე დაამატეს, რომ მათ სოფელში ყველა კანდიდატი ვერც მივა.

„ქართული ოცნების“ კანდიდატი, გიორგი კოპაძე, აქ ამოსვლას და მუსლიმებთან შეხვედრას ვერ გაბედავს. მისი მიმდევარია დამოუკიდებელი კანდიდატი ნუგზარ პარუნაშვილიც“, – გვითხრა მოხეში მცხოვრებმა თემურ მიქელაძემ.

მოხეში ვიზიტი ნინო ბურჯანაძემ ისე დაასრულა, მედიას ვიზიტის დეტალებზე კითხვის დასმის საშუალება არ მიეცა. მოხეს შემდეგ იგი ადგილობრივებს ახალციხეში უნდა შეხვედროდა და განცხადა, რომ კომენტარებს ახალციხეში გააკეთებდა და დაპირებისამებრ, ჟურნალისტის კითხვას ახალციხეში უპასუხა: „არიან არაკეთილსინდისერი და უგუნური ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ადამიანებში შურის ჩამოგდებას, ფაქიზი თემებით მანიპულირებას, ამის დაშვება არ შეიძლება. ადამიანები, რომლებიც გარკვეულწილად ერთმანეთის მიმართ გაღიაზიანებას გამოხატავდნენ, დღეს ერთად იდგნენ და ჩვენ ყველანი შევთანხდით, რომ ჩემი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ყველაფერს გავაკეთებ, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს“.

ადიგენისა და ახალციხის შემდეგ, ნინო ბურჯანაძე მოსახლეობასთან შესახვედრად ბორჯომში გაემგზავრა.

კანდიდატის წარდგენა მოხეში – რატომ ჩავიდა ნინო ბურჯანაძე მუსლიმურ სოფელში

[თინათინ ზაზაძე, ლუბა გიორგაძე, ადიგენი]

კანდიდატის წარდგენა მოხეში – რატომ ჩავიდა ნინო ბურჯანაძე მუსლიმურ სოფელში სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამენტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბურჯანაძემ ახალციხეში გამოსვლის დიდი ნაწილი საქართველო-რუსეთის ურთერთობებზე საუბარს დაუთმო
ნინო ბურჯანაძე  ჯავახეთში მცხოვრებლებს საბჭოთა პერიოდის გაუფასურებული ანაბრების დაბრუნებას დაჰპირდა
ნინო ბურჯანაძე: 'იქნება მეორე ტური, სადაც ვიქნებით მე და მარგველაშვილი'
ახალციხის ოლქში ორ უბანზე ბაქრაძეს ბურჯანაძემ აჯობა
ადიგენის უბნები, სადაც ბაქრაძეს ბურჯანაძემ მოუგო
ბურჯანაძე: ‘ივანიშვილს რომ საკუთარი კანდიდატურა წამოეყენებინა, მეტი მხარდაჭერა ექნებოდა’
ბურჯანაძე: 'ოცნება' და 'ნაციონალები' გარიგებული არიან'