FM97.5 / LIVE

ნინო ბურჯანაძე ჯავახეთში მცხოვრებლებს საბჭოთა პერიოდის გაუფასურებული ანაბრების დაბრუნებას დაჰპირდა

მთავარიპოლიტიკა 11.10.2013
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ჯავახეთში მცხოვრებლებს სამართლიანობის აღდგენას, სასკოლო პროგრამების გადახედვას და ასევე, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა გაუფასურებული ანაბრების დაბრუნებას დაჰპირდა.

ნინო ბურჯანაძე  ჯავახეთში მცხოვრებლებს საბჭოთა პერიოდის გაუფასურებული ანაბრების დაბრუნებას დაჰპირდა
პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე ახალქალაქსა და ნინოწმინდას დღეს, 11 ოქტომბერს სტუმრობდა. დღის პირველ ნახევარში იგი ნინოწმინდაში იმყოფებოდა, დღის მეორე ნახევარში კი ახალქალაქში, ქალაქის ცენტრალურ ბაღში შეკრებილ მოქალაქეებს შეხვდა. მისი გამოსვლისას ცენტრალურ პარკს „ქართული ოცნების“ დროშებით, საყვირების ფონზე, ავტომანქანებმა ჩაუარეს.

პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ადგილობრივ მოსახლეობას არაერთი დაპირება მისცა, მათ შორის, სასკოლო პროგრამების გადახედვისა და საბჭოთა დროის შემნახველ სალაროებში გაუფასურებული თანხების დაბრუნების შესახებ.
ნინო ბურჯანაძესთან შესახვედრად ახალქალაქიდან და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან, ხელნაწერი პლაკატებით - „სამართლიანობის აღდგენა ყველას“, 300-ზე მეტი მოქალაქე შეიკრიბა.

ნინო ბურჯანაძე შეკრებილებთან დაახლოებით 15:00 საათზე მივიდა. პრეზიდენტობის კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაზე ისაუბრა, „ქართული ოცნება“ ყოფილ ხელისუფლებასთან კოჰაბიტაციაში დაადანაშაულა და ხალხს სამართლიანობის აღდგენას დაჰპირდა.

„ის ხალხი, ვინც კანონს არღვევდა, პასუხისმგებაში უნდა მიეცეს. ვინ არის სინამდვილეში კრემლის აგენტი და ვინ შემოიყვანა საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ტანკები 2008 წელს, ამის ახსნა თქვენ არ გჭირდებათ“, - განაცხადა ბურჯანაძემ. მან ისაუბრა ომზე და აღნიშნა, რომ მის გამო საქართველომ ტერიტორიის 20% დაკარგა, „შეიძინა“ ახალი დევნილები და ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდა.

ნინო ბურჯანაძის დაპირებებს შორის იყო ისიც, რომ სააკაშვილი, მეგობრებთან ერთად, აუცილებლად ჩაჯდება ციხეში, რასაც შეკრებილები აპლოდისმენტებით შეხვდნენ. თუმცა, კანდიდატის თქმით, სამართლიანობის აღდგენა არის კიდევ მაღალი პენსიაც და ბურჯანაძე ხალხს დაჰპირდა, რომ დააბრუნებს იმ 7-9 მილიარდს, რომელიც „სახელმწიფო ბიუჯეტიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელით გავიდა“.

ბურჯანაძემ ისაუბრა თვითმმართველობის პრობლემებზე. მან აღნიშნა, რომ ეს პრობლემები ყველგანაა და ის მცხოვრებთა გვარებზე დამოკიდებული არაა: „ეს პრობლემები შეიძლება მხოლოდ სწორი ცენტრალიზებული მართვით გადაწყდეს. ცენტრალიზებული მართვა არ ნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად არ იქნება ჩართული. პირიქით, ჩვენთან იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ამ არჩევნებზე ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, რომ თქვენ აირჩიოთ ის ადამიანები, ვისაც მართლა ენდობით“.

ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ნანობს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას სომხურ ენაზე ვერ ესაუბრება. რუსულ ენას ძალიან დიდ პატივს სცემს, მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხალხს ქართულ ენაზე ელაპარაკებოდეს და დაამატა, რომ ამას სახელმწიფოსთვის აქვს დიდი მნიშვნელობა: „ძალიან მიხარია, რომ ხალხი ამას გაგებით ეკიდება, თავად ესმით ეს საკითხი. ჩვენ პატივისცემით ვეპყრობით საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხის ენას. მათ მშობლიური ენა უნდა იცოდნენ, თუმცა, იმავდროულად, სახელმწიფო ენასაც უნდა ფლობდნენ, რათა თავს ჩვენი ქვეყნის აბსოლუტურ მოქალაქეებად გრძნობდნენ“.

ბურჯანაძემ ჯავახეთის მცხოვრებლებს აუხსნა, რომ მისი სააგიტაციო გაზეთი სომხურად გადათარგმნილი არ არის და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ მოასწრეს.

მას შემდეგ რაც მიმართვა დაასრულა, ბურჯანაძემ ხალხის კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული კარწახელების გადაუხდელ ანაზღაურებას ეხებოდა. კანდიდატი მოსახლეობას ამ საკითხში გარკვევას დაჰპირდა.

ნინო ბურჯანაძე  ჯავახეთში მცხოვრებლებს საბჭოთა პერიოდის გაუფასურებული ანაბრების დაბრუნებას დაჰპირდა

ახალქალაქის მცხოვრებლებმა პრეზიდენტობის კანდიდატს სასკოლო პროგრამიდან ამოღებული სომხეთის ისტორიის შესახებაც ჰკითხეს. შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას ჯავახეთის მცხოვრებლებს ამ საკითხის მოგვარებას დაპირდა, მაგრამ საგანი სკოლებში ჯერჯერობით მაინც არ არის შეტანილი. კითხვის ავტორმა ბურჯანაძეს სთხოვა დაპირებოდა, რომ როდესაც პრეზიდენტი გახდება, სასკოლო პროგრამაში სომხეთის ისტორიას შეიტანენ. თხოვნაზე ბურჯანაძემ ქალბატონს უპასუხა, რომ „თავზარდაცემული იყო, როდესაც გაიგო, რომ სკოლებში საქართველოს ისტორიასაც არ გადიან. საჭიროა გაირკვეს, ვის აწყობს, რომ ბავშვებმა ისტორია არ იცოდნენ და საერთოდ, სკოლებში ბევრი რამ უნდა გადაიხედოს“.

ბურჯანაძეს შეხვედრაზე საბჭოთა პერიოდის გაუფასურებულ ანაბრებზეც ჰკითხეს. კანდიდატმა განაცხადა, რომ ქვეყანა უკვე მზადაა ხალხს ეს ფული ნაწილ-ნაწილ დაუბრუნოს და ეს საკითხი იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელსაც იგი დააყენებს.

შეხვედრის დასასრულს კი ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ყველა ეს საკითხი მაშინ მოგვარდება, როდესაც იქნება სწორი სისტემა და ამ სწორ სისტემას თავად ააშენებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნინო ბურჯანაძე: 'იქნება მეორე ტური, სადაც ვიქნებით მე და მარგველაშვილი'
ბურჯანაძე: ‘ივანიშვილს რომ საკუთარი კანდიდატურა წამოეყენებინა, მეტი მხარდაჭერა ექნებოდა’
ნინო ბურჯანაძე: 'მარგველაშვილი კარგი ბიჭია, თუმცა, მხოლოდ კარგი ბიჭობა ქვეყნის მართვას არ შველის'
ადიგენის უბნები, სადაც ბაქრაძეს ბურჯანაძემ მოუგო
ბურჯანაძემ ახალციხეში გამოსვლის დიდი ნაწილი საქართველო-რუსეთის ურთერთობებზე საუბარს დაუთმო
ახალციხის ოლქში ორ უბანზე ბაქრაძეს ბურჯანაძემ აჯობა
ნინო ბურჯანაძე არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს