FM97.5 / LIVE

ახალციხის მერობის კანდიდატები ქალაქის პრობლემებზე და სამომავლო გეგმებზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 14.09.2016
8 ოქტომბერს, ახალციხის მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ქალაქის მოსახლეობამ არჩევანი ხუთ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. ხუთივე კანდიდატი პარტიების მიერაა წარდგენილი და ხუთივე მათგანი მამაკაცია.

ახალციხის მერობის კანდიდატები ქალაქის პრობლემებზე და სამომავლო გეგმებზე

ახალციხის მერობის კანდიდატები არიან:
1. ივანე გვარამაძე – რიგითი ნომრით #1– "პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“;
2. ირაკლი ერეკლიშვილი – რიგითი ნომრით #5 – "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
3. ბესიკ ტაბატაძე – რიგითი ნომრით #8 –"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
4. ჯუმბერ ინასარიძე – რიგითი ნომრით #26 – პარტია "ეროვნული ფორუმი“.
5. ვლადიმერ ზედგინიძე – რიგითი ნომრით #41 – პარტია "ქართული ოცნება“.

რა გეგმა აქვთ კანდიდატებს ქალაქის განვითარებისათვის და როგორია მათი მოსაზრებები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, „სამხრეთის კარიბჭემ“ ხუთივე კანდიდატს ერთი და იგივე კითხვა გაუგზავნა. გთავაზობთ კანდიდატების პასუხებს:

1. რა გამოგარჩევთ სხვა კანდიდატებისგან, რა არის მთავარი არგუმენტი, რის გამოც ამომრჩეველმა კონკრეტულად თქვენ უნდა აგირჩიოთ?


#1 ივანე გვარამაძე – პირველ რიგში, აღმოვფხვრი ნეპოტიზმს, რომელიც დამღუპველია. მაგალითად, ვიღაცის ხათრით ადამიანს ვერ ეუბნები, რომ რაღაც არის გასაკეთებელი, უნდა იყოს კვალიფიციური, პროფესიონალი კადრი. ხელს შევუწყობ მცირე მეწარმეებს, თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომ დაფინანსდეს მცირე საწარმოები. ვიცი ინვესტორები, რომლებიც ხელს შეუწყობენ პატარა ბიზნესების დაფინანსებას.

#5 ირაკლი ერეკლიშვილი – 2004 წლიდან მოყოლებული ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვარ. ყველამ კარგად იცის, 2004 წლამდე რა მდგომარეობა იყო საქართველოში და 2012 წლამდე რას მიაღწია. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს გამომარჩევს სხვა კანდიდატებისგან, რომ ვარ ამ გუნდის წევრი. ასევე, სხვებთან შედარებით, მე არ ვიცვლი ჩემს გუნდს. ერთგული ვარ გუნდისა და ჩემი მეგობრების.

#8 ბესიკ ტაბატაძე – წარმოვადგენ ისეთ ძალას, რომელიც არ ამბობს ტყუილს და ადამიანებს დაუბრუნებს ღირსების გრძნობას. გადაწყვეტს იმ ხალხის პრობლემებს, ვისაც სოციალური საკითხები აწუხებს. ჩვენ დიდი უმრავლესობით ვაპირებთ პარლამენტში მოსვლას და შევძლებთ, რომ მოსახლეობას ეს საკითხები გადავუწყვიტოთ.

#26 ჯუმბერ ინასარიძე – მაქვს განსაკუთრებული განათლება, რაც სჭირდება თვითმმართველობას და თვითმმართველ ქალაქს. სპეციალობით მენეჯერი ვარ და საფრანგეთში მაქვს გავლილი სტაჟირება. მაქვს გამოცდილება, მიმუშავია თვითმმართველობაში და რაც მთავარია, მაქვს პატიოსნება. ვმუშაობდი ისეთ თანამდებობებზე, სადაც ძალიან დიდი ფული კეთდებოდა, მაგრამ არასდროს ფული არ ამიღია. მგონია, რომ ქალაქს სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელსაც აქვს განათლება, გამოცდილება და პატიოსნება.

#41 ვლადიმერ ზედგინიძე – იმ ხუთ კანდიდატს შორის, რომლებიც ვართ, ცოტა უფრო მეტი გამოცდილება მაქვს. მით უმეტეს, ახალციხელებთან დამოკიდებულება საკმაოდ დადებითი მაქვს, იმ პერიოდიდან, რა პერიოდიდანაც აქ ვმუშაობ. იციან ჩემი ხასიათი, აუგიც და კარგიც. ამიტომ, შეიძლება ცოტა უფრო მეტი რაღაც შევძლო, მათგან განსხვავებით, თუნდაც ამ მცირე პერიოდში. ყველას კარგად ვიცნობ და ახლოც ვარ. ერთმანეთში მტრობა არ გვაქვს, აქ პარტიული ფონი არ არის, საქმე უნდა გავაკეთოთ, როგორც საჯარო მოხელეებმა და არა პარტიული განაცხადებით. ჩემი შესაძლებლობებისა ცოტა უფრო მეტად მჯერა.

2. როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი სამუშაო გარემო, ვინ იქნებიან წამყვან პოზიციებზე, ქალები თუ მამაკაცები? რომელ სფეროს ჩააბარებდით ქალს?


#1 ივანე გვარამაძე – აუცილებლად იქნებიან დასაქმებული მანდილოსნები და პირველ რიგში პროფესიონალები. ასევე ადამიანები, ვინც კვალიფიციურები იქნებიან, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის წარმომადგენელი იქნება. ქალს კაცზე მეტი შეუძლია თუ მოინდომა, ამიტომ არ არის გამორიცხული, ისეთი სფერო ჩავაბარო, რომლებსაც კაცი ვერ გაუძლებს. მაგალითად, ახალციხის ციხის უფროსად დავნიშნავდი ქალს, ის უფრო მოუვლიდა, ასე მგონია.

#5 ირაკლი ერეკლიშვილი– ქალითა და კაცით არ განვასხვავებ. მე უფრო მივანიჭებ უპირატესობას ცოდნას, გამოცდილებას, ხედვას, პრაქტიკას. გენდერულ ბალანსში საერთოდ პრობლემას ვერ ვხედავ.

#8 ბესიკ ტაბატაძე– მექანიზატორად და ტრაქტორის მძღოლად ქალებს ნამდვილად ვერ დავასაქმებთ, მაგრამ გეტყვით, რომ მე არავის გენდერული ნიშნით არ გამოვყოფ, გადამწყვეტი ფაქტორი არის კომპეტენცია. ყველა სფეროს ჩავაბარებდი ქალს, გააჩნია მის განათლებას, სურვილს და მუშაობას. ქალებს ჩვენ ყველაზე რთულ საქმეს, შვილების აღზრდას ვანდობთ და ამას თუ ასრულებს, აბსოლუტურად ყველა საკითხს მოერევა.

#26 ჯუმბერ ინასარიძე – პირველ რიგში, თანამშრომელს განვიხილავ, როგორც პროფესიონალს და შრომისმოყვარეს, არ აქვს მნიშვნელობა ქალი იქნება თუ მამაკაცი. პირიქით, მე მგონი მანდილოსნები უფრო შრომისმოყვარეები არიან, როცა საქმე ეხება კაბინეტში მუშაობას. ამიტომ, აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

#41 ვლადიმერ ზედგინიძე –პოზიციებზე ქალი იქნება თუ კაცი – ასე საქმეს ნუ მივუდგებით. როდესაც საქმეზე ვსაუბრობთ, იქ პროფესიონალიზმზეა ყველაფერი დამოკიდებული. რამდენად შეუძლია, ქალი იქნება თუ კაცი, ესა თუ ის პოზიცია დაიკავოს და ტვირთი ღირსეულად ზიდოს. ყველა სფეროში წარმომიდგენია ქალი, ბევრი რამის კეთების შესაძლებლობა აქვთ, უფრო ნიჭიერები არიან ყველაფერში.

3. რა სტრატეგია გაქვთ იმისთვის, რომ თვითმმართველობა გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გახდეს, როგორ წარმოგიდგენიათ მოქალაქეების ჩართულობის გაზრდა?


#1 ივანე გვარამაძე – დღეს მერსა და მოსახლეობას შორის კომუნიკაცია არ არის. შეხვედრებზე ხან არ არის მერი, ხან სხვაა მის ნაცვლად. უბან–უბან ვივლი, მოვაწყობ შეხვედრებს ხალხთან. არ ვიქნები ერთპიროვნული გადამწყვეტი რა გაკეთდეს, ხალხთან შეთანხმებით, საერთო აზრი რაზეც ჩამოყალიბდება, იმას გავაკეთებ. ეს იქნება გამჭვირვალობის გზა.

#5 ირაკლი ერეკლიშვილი –ამ საკითხზე დიდხანს ვფიქრობდი. მერი არის ხალხის არჩეული, ამიტომ ხალხს უნდა ჰქონდეს კონტაქტი უშუალოდ მერთან. დღეს რომ დავდივართ ხალხთან და ვიგებთ რა პრობლემა აქვთ, ეს არ უნდა იყოს მოჩვენებითი ხასიათის. ხალხთან ურთიერთობას მოაქვს ძალიან ბევრი რამ, გუნდური გასვლა უნდა იყოს ხალხთან და მათი ტკივილი უნდა მივიდეს მერიასთან. შეიძლება გუნდმა შეიმუშაოს და კვირაში ერთხელ ან თვეში ერთხელ დავიყოთ რამდენიმე ჯგუფად, გავიდეთ ხალხში, მოვიკითხოთ რომელ უბანში რა პრობლემაა და შემდეგ შევაჯამოთ ზოგადად რა პრობლემებია ქალაქში.

#8 ბესიკ ტაბატაძე –უკვე დაგეგმილია მიმდინარე წლის ბიუჯეტი, მაგრამ მომავალი წლის პროექტები უნდა შემუშავდეს იმ ხალხთან ერთად ვისთვისაც კეთდება. მათ თვითონ უნდა აირჩიონ, პირველი რიგის საკითხი რა არის, როგორ უნდა შესრულდეს და არის თუ არა მიზანშეწონილი. უნდა იყოს საჯარო განხილვები, იმიტომ, რომ ხელისუფლების მოვალეობაა, პირველ რიგში ხალხს ემსახუროს.

#26 ჯუმბერ ინასარიძე – რეალურად მოსაფიქრებელია, როგორ უნდა ჩაერთოს ხალხი თვითმმართველობის მუშაობაში. ადრე იყო, ტელევიზიაში პირდაპირი ეთერი "თქვენ გისმენთ ქალაქის მერი“ და მე თუ მკითხავთ ეს არ არის ცუდი, ოღონდ თუ მართლა ნორმალურად გაკეთდება და ეს არ იქნება ამორჩევით, ვისი ზარიც უნდა ის გაუშვან და ვისიც მწვავე იქნება, იმას არ უპასუხონ – ასე არა. არ არის დიდი ახალციხე, ბოლო–ბოლო ფეხით შემოივლი და გაიგებ რა პრობლემა აწუხებს ხალხს. ჟურნალისტების იმედიც მაქვს, რომ შემომთავაზებენ რამეს იმისთვის, რომ მერიის მუშაობა გამჭვირვალე გავხადო.

#41 ვლადიმერ ზედგინიძე – პირველ რიგში მოსახლეობასთან კონტაქტი და არა კაბინეტური სისტემა. იმიტომ, რომ პრობლემები საკმაოდ ბევრია. მოსახლეობასთან უნდა განვიხილოთ, ჩვენ გაგვაჩნია თუ არა იმის რესურსი, რომ რაც მათ უნდათ, ის გავაკეთოთ. შეიძლება გამოვყოთ რაღაც მიმართულებები, რომლებიც აუცილებელია და ქალაქს ამოასუნთქებს. როცა საჯარო მოხელე ხდები, იმიტომ ხარ საჯარო, რომ საჯაროდ უნდა განიხილო ეს საკითხები და აუხსნა რეალობა–შესაძლებლობა საზოგადოებას. რა უფლება მაქვს რომ არ შევხვდე?! მოსახლეობა მირჩევს და მე ანგარიშვალდებული ვარ.

4. დაასახელეთ პრობლემა, რომლის მოგვარებასაც პირველ რიგში აპირებთ, მერად არჩევის შემთხვევაში.


#1 ივანე გვარამაძე – გასაკეთებელია ფასადები, სკვერები; მოსაწყობია პანდუსები; შესაცვლელია სახურავები. ეს პირდაპირ ტურიზმზე აისახება, როცა შემოდის ტურისტი, თვალშისაცემია ეს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ტრორუატზე ამხელა ჯეჯილი რომ არის ამოსული. ყველაფერი მისახედია და ამით დავიწყებ მუშაობას.

#5 ირაკლი ერეკლიშვილი – პირველ რიგში უნდა მოგვარდეს პრობლემები, რომლებიც ხალხისთვის მტკივნეულია: წყალი და კანალიზაცია. კიდევ ერთხელ გავივლიდი მოსახლეობასთან, ანალიზს გავუკეთებდი და შემდეგ კიდევ გამოვავლენდი პრობლემებს. მაგრამ ეს ორი საკითხი ყველაზე მტკივნეულია. ასევე ქალაქის გამწვანება, ყველასთვის პრობლემურია, მაგრამ უკეთესია, რომ ხალხის პრობლემები მოვაგვაროთ ჯერ, ის საკითხები, რაც უშუალოდ მათ არსებობას ეხება.

#8 ბესიკ ტაბატაძე –არის დენის, წყლის, შიდა კომუნიკაციების პრობლემა. ყოველი წვიმის შემდეგ, ისევ ჭუჭყიანი წყალი რომ მოგვდის, ჩვენი გასაკეთებელია ეს. თუ წყალმომარაგების კომპანია ვერ ახერხებს ამ პრობლემის მოგვარებას, იმისი უფლებაც გვაქვს, რომ ტენდერი გამოვაცხადოთ და ისე მოვაგვაროთ. ასევე, ყველაზე მთავარია ქალაქის დასუფთავების საკითხი, როგორც ვატყობ, დასუფთავების სამსახური ვერ ერევა ამ პრობლემას. საღამოს, როცა მაღაზიები იკეტება, ურნები გადავსებულია და შემდეგ უპატრონო ძაღლები ქექავენ. ძაღლების პრობლემაცაა, არსებობს შესაბამისი სამსახური, რომელიც ვალდებულია ვაქცინაცია ჩაუტაროს ამ ძაღლებს, ის მაინც გვეცოდინება, რომ ცოფის საშიშროება არ არის.

#26 ჯუმბერ ინასარიძე –პრობლემები არის ძალიან ბევრი, მაგრამ უკვე გაწერილია 2016 წლის ბიუჯეტი და უკვე არსებობს პროექტებიც. ამიტომ ჩემი მისია ეს იქნება, რომ პირველ, მეორე და მესამე რიგში მოსაგვარებელი საკითხები დავალაგო. საარჩევნო აგიტაციას რომ ვეწევით, მაგ დროს, ხალხი გვეუბნება პრობლემებს და ვიწერთ ყველაფერს. შემდეგ ეს ჩამოყალიბდება, დალაგდება და ნელ–ნელა ყველაფერს გავაკეთებთ. ერთი ისაა, რომ ახალციხეს, რომელსაც ორი მდინარე უვლის გარშემო, უნდა ჰქონდეს წყალი 24–საათიანი „გრაფიკით“ და ეს უნდა იყოს სუფთა წყალი. ოცდამეერთე საუკუნეში წყალი, დენი, გაზი და კანალიზაცია უნდა იყოს და ქუჩები უნდა იყოს სუფთა.

#41 ვლადიმერ ზედგინიძე – როცა მოსახლეობას შევხვდები, როცა მათ გულისტკივილს გავიგებ, როგორ უნდათ და რისი გაკეთება უნდათ, მერე მივხვდები რა არის პირველი პრობლემა. გარდა ამისა, არის მთელი რიგი პროექტები, რომლებიც ხორციელდება. პრობლემები ყოველთვის იყო და იქნება. რომ ვთქვა, ამ ერთი წლის განმავლობაში პრობლემებს სრულად აღმოვფხვრი, ტყუილი იქნება. მაგრამ არსებობს პირველადი პრობლემა, თუნდაც ქალაქის კეთილმოწყობა, ქალაქს უნდა მიეცეს ისეთი იერი, როგორსაც იმსახურებს. ასეა თუ ისე, ქალაქის ცენტრალური ნაწილი მაინც მოსაწესრიგებელია, დასუფთავების საკითხიც გასარკვევია.

5. ახალციხე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებული ქალაქია. რა სტრატეგია გაქვთ ინტეგრაციული პროცესების გასაუმჯობესებლად


#1 ივანე გვარამაძე –სომეხ მოსახლეობასთან ერთდ ვარ გაზრდილი. ისინი ძალიან აქტიურად არიან ჩართული ქალაქში მიმდინარე მოვლენებში. რაც შეეხება რელიგიურ უმცირესობებს, მათ აქვთ თავიანთი რწმენა და სალოცავები და უნდა ჰქონდეთ კიდეც.

#5 ირაკლი ერეკლიშვილი – ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებისთვის არის ხელშეწყობა, მაგრამ ესეც გასავლელია ხალხთან. უნდა გავიგოთ მათ რა კუთხით უნდა დახმარება, რა სჭირდებათ. ეს ისეთი საკითხია, რომ მათ გარეშე შენ რაღაცა მოიმოქმედო, შეიძლება არასწორი იყოს. რაც შეეხება რელიგიურ უმცირესობას, არ უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას იმას, რომ ის რელიგიურ უმცირესობაშია და სხვა თვალით შევხედოთ მას. მე ვფიქრობ, რომ ამ ქალაქში ეგ საკითხი არასდროს ყოფილა საკამათო და არც უნდა იყოს.

#8 ბესიკ ტაბატაძე – ჩვენს საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის პრობლემა არის?! მე მგონი, რომ არ არის. ვერ წარმომიდგენია ახალციხეში მცხოვრები სომეხი მოქალაქე, რომელმაც ქართული არ იცის. არ აქვთ მათ ინტეგრაციის პრობლემა, ისინი საჯარო სამსახურშიც დასაქმებული არიან. ვფიქრობ, რომ თვითონაც უნდა გადმოდგან შემხვედრი ნაბიჯები ჩვენს მიმართ. სახელმწიფოს მოთხოვნაა, რომ უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა თუ საჯარო სამსახურში უნდათ მუშაობა და ენის ბარიერი არსებობს. რაც შეეხება რელიგიურ უმცირესობებს, ყველა მიმდინარეობას აქვს არსებობის უფლება, ამიტომ უნდა შევუწყოთ ხელი, რომ კომფორტულად გრძნობდნენ თავს.

#26 ჯუმბერ ინასარიძე – მე პრობლემები მათთან არც არასდროს მქონია და არც ახლა მექნება. რა თქმა უნდა, მათი ინტეგრაცია საჭიროა. თუ რაღაც ხელს უშლის, მათ რომ სახელმწიფო ენა არ იციან და ვერ საქმდებიან, ეს სახელმწიფოს გასაკეთებელია. ადგილობრივ დონეზე რა უნდა გაკეთდეს, ვერ წარმომიდგენია. თუ კაცი საქმის მცოდნეა, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, კაცია, ქალი, ებრაელია თუ სომეხია. რელიგიური უმცირესობები არ არის პრობლემა ჩემთვის, ურწმუნო კაცია საშიში, მორწმუნე საშიში არ არის. თუ მე მჯობია და ჩემზე კარგი გამოცდილება აქვს, სომეხი იყოს, ებრაელი იყოს ახალციხის მერი, მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მთვარია სახელმწიფო ენა იცოდეს და აზროვნებდეს სახელმწიფოებრივად.

#41 ვლადიმერ ზედგინიძე –პატრიოტიზმი იმას არ ნიშნავს, რომ შენ სხვას შეურაცხყოფა მიაყენო, მაგრამ ამავე დროს, ვიღაცამაც უნდა სცეს პატივი შენს ტრადიციას, ჩვევას, ქვეყანას. ეს მოსახლეობას უნდა ავუხსნათ და მე ამის გამოცდილება მაქვს. მოვლენებმა, რომლებიც აქ ხდებოდა 90–იან წლებში, ჩემს კისერზე გადაიარა და ეს იცის მთელმა ქალაქმა. ელემენტარულად, ადამიანებში უნდა შევიტანოთ სიყვარული ქვეყნისადმი, სადაც ცხოვრობენ. სიტყვა ,,ჩვენია“ და არა ,,ჩემია“ როცა წინ დადგება, მაშინ აღარ გვექნება პრობლემა. იყო პერიოდი, როცა დაძაბულობა იყო, მაგრამ დღეს საკმაოდ მშვიდი ურთიერთობაა და მე ეს სიმშვიდე მახარებს. ადამიანმა, ქართველი იქნება, სომეხი თუ სხვა რელიგიების წარმომადგენელი, თავის რელიგიასაც პატივი უნდა სცეს და იმ ქვეყანასაც სადაც ცხოვრობს.

6. რა სტრატეგია გაქვთ ახალციხის ტურისტული პოტენციალის გასაუმჯობესებლად?


#1 ივანე გვარამაძე – ტურისტების მოზიდვისთვის, პირველ რიგში საჭიროა – საინფორმაციო ბიურო იყოს გახსნილი. ძალიან ბევრი საინტერესო ისტორიული ძეგლია ჩვენთან. ჩამოდიან მხოლოდ ახალციხის ციხეზე და არავინ არ არის, ვინც აუხსნის, რომ არსებობს სხვა ბევრი ძეგლები, რომლების მონახულებაც შეუძლიათ.

#5 ირაკლი ერეკლიშვილი – ახალციხე რითი გახდა პოპულარული?! რა თქმა უნდა ახალციხის ციხით. ხშირად ვარ რაბათში, ვეკითხები ტურისტებს და ჩანს, რომ მათ მოსწონთ ახალციხის ციხე, მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ ტურისტი დიდხანს არ რჩება ქალაქში. ამიტომ შეიძლება გაკეთდეს პატარა ტურისტული სააგენტოები, ორი–სამი ჯიხური, მარშუტები და პროგრამები. დაჯდეს ადამიანი, რომელიც აუხსნის ტურისტს ჩვენს ისტორიას, აქვს ქალაქს ამისი საშუალება, ეს არ არის დაკავშირებული დიდ თანხებთან. ბევრი გასართობი პროგრამა ტარდებოდა ტბაზე და იქ მოსული ადამიანების იდეებს ვიზიარებდით, თუ რისი დამატება შეგვეძლო იმ კომპლექსში.

#8 ბესიკ ტაბატაძე – ფაქტია, რომ ახალციხეში, ახალციხის ციხის სანახავად დადის ხალხი. ვერავინ იტყვის, რომ ეს არის ცუდი, მაგრამ აუცილებელია დამატებითი ღონისძიების ჩატარება. უნდა შეიქმნას ისეთი სერვისი, რომ ამ ტურისტებმა ღამე გაათიონ აქ. ახალციხეში ოთხსაათიანი ყოფნის შემდეგ, რადგან ტურისტს სანახავი აღარაფერი აქვს, ვერ ჩერდება, აუციებელია ინფრასტრუქტურის განვითარება, რომ ეს ხალხი ჩამოვიდეს და დარჩეს. სააგენტოები უნდა იყოს, რომლებიც მოსულ ტურისტს შესთავაზებენ, სად წავიდეს.

#26 ჯუმბერ ინასარიძე –აქ რომ ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული იყოს და დარჩეს ტურისტი უფრო მეტი ხნით, ქალაქს ექნება კარგი შემოსავალი. ვიღაცას სასტუმროში გადაუხდიან, ვიღაცას ტაქსში და ცხოვრების დონე აიწევს. სამცხე–ჯავახეთში ბევრი ძეგლია და საჭიროა ისინი ტურისტულ მარშუტში ჩაერთოს. როგორ შეიძლება ადამიანი ახალციხის ციხეს ათვალიერებდეს და საპირფარეშოში რომ შესვლა უნდა, იქაც ფული გადაახდევინო. მერიას შეუძლია თავად აიყვანოს 2–3 დამლაგებელი, გადაუხადოს 300 ლარი და დაასუფთაონ ის საპირფარეშო, ეს მერიისთვის არაფერი არ არის. ასეთივე საპირფარეშოების პრობლემაა ქალაქშიც.

#41 ვლადიმერ ზედგინიძე – ახალციხის ციხე, ჩვენ უნდა შევიტანოთ ცენტრალურ ტურისტულ მარშრუტში. არის ახალციხეში ბევრი ძეგლი, რომელთა გადაღებაც შეიძლება. 3600–ზე მეტი ისტორიული ძეგლი გვაქვს აქ, ამ ისტორიული ძეგლების დათვალიერება განა არ უნდათ უცხოელებს?! რატომ არ შეიძლება, რომ როდესაც ცენტრში ავტობუსები ჩერდება, იმ ადამიანებს უკვე ვიღაცა ინდივიდმა შესთავაზოს, რომ გვაქვს ეს ძეგლები და თუ სურვილი აქვთ, შეიძლება კიდევ დამატებითი ექსკურსიის მოწყობა. დროის მცირე მონაკვეთში შეიძლება ამის გაკეთება, დიდი დაფინანსება არ სჭირდება. შეიძლება ბუკლეტების დაბეჭდვა, რამდენიმე ჯიხურის ჩადგმა, სადაც გაიყიდება, ჩვენი ქალაქის ფორმის სუვენირები, ახალციხის ფოტოები ან გამოსახულებები. ეს ხომ მინიმუმია, მაგრამ ეს მინიმუმიც რაღაცას ნიშნავს, როცა შენ გადაგაქვს ყურადღება და ამბობ, რომ მე ეს უნდა გავაკეთო.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხუთი კითხვა ახალციხის მერობის კანდიდატს ზაზა ნათენაძეს
ახალციხის მერობის კანდიდატები გარევაჭრობის პრობლემაზე
როგორ უნდა მოგვარდეს საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრობლემა ახალციხეში -კანდიდატების ხედვები
ახალციხის მერობის კანდიდატების ხედვები პარკინგის პრობლემის მოგვარებაზე
ხუთი კითხვა ახალციხის მერობის კანდიდატებს
ვინ არიან ახალციხის მერობის კანდიდატები
როგორ განაწილდა ხმები ახალციხის მერობის კანდიდატებს შორის