FM97.5 / LIVE

ადიგენის გამგეობაში პროკურატურა შევიდა

მთავარიპოლიტიკა 21.04.2016
ადიგენის გამგებლის „ჯიბეს მორგებული“ შპს თუ კომპანია, რომელიც ფორსმაჟორული ვითარების დროს პრობლემების აღმოსაფხვრელად შეიქმნა. პროკურატურამ ადიგენის გამგეობის თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე ძიება დაიწყო.

ადიგენის გამგეობაში პროკურატურა შევიდა

საქმე ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შექმნილ შპს–ს „ადიგენის კომუნალურ და საირიგაციო გაერთიანებას“ ეხება. აღნიშნულ კომპანიაში გამგეობიდან გადარიცხული თანხებითა და შესრულებული სამუშაოებით, პროკურატურა მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მათ სოფელ ადიგენში მცხოვრებმა ზურაბ ტაბიძემ განცხადებით მიმართა.

რას ედავებიან ადიგენის გამგეობის თანამშრომლებს

ტაბიძე ირწმუნება, რომ გასული წლის იანვარში ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ ბიუჯეტის ხარჯზე თავის ჯიბეს მორგებული შპს შექმნა. მისი თქმით, სწორედ ამ კომპანიის შექმნის გამო, ენდელაძემ ჯერ გამგეობის, შემდეგ კი ადიგენის დასუფთავებაზე ტენდერები ჯერ ერთი, შემდეგ კი ორი თვის დაგვიანებით გამოაცხადა. ეს იმიტომ, რომ კომპანიას ჩამოყალიბება და შემდეგ ტენდერში მონაწილეობის მიღება მოესწრო.

„თებერვალი იყო და თოვლი არ მოვიდა. ისე იყო ადიგენი გაბდღვირული, პარკები აქეთ–იქით დაფრინავდა“, – ამბობს ტაბიძე.

ორივე შემთხვევაში ტენდერში გამგეობის შპს–ს კონკურენციას ტაბიძის ოჯახის წევრები უწევდნენ. პირველ ტენდერი შენობის დასუფთავებაზე მისმა შვილმა, ბექა ტაბიძემ მოიგო.

„მეორე ტენდერში ფასი 50.000–დან 26.000–ზე დავუგდეთ და თავი დავანებეთ“, – აცხადებს ტაბიძე.

მისივე თქმით, გამგებელმა საკუთარ კომპანიას, გასული წლის დასაწყისშივე ბორბლებიანი ექსკავატორი უყიდა. ამისთვის ტენდერი 155 000 ლარზე გამოაცხადა. მოგვიანებით კი 3 800 ლარზე გამოცხადებული ტენდერით შპს–ს ოთახები გაურემონტა: „ეს მაშინ, როცა კომპანია მასზე დაკისრებულ საქმეს თავს ვერ ართმევდა და არის ადგილები, სადაც ცოცხიც კი არ მოუსვიათ“.

ტაბიძის ბრალდებები, მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება: „შარშან სეტყვამ რომ დაგვაზარალა, გზები გამგეობამ თავის ფირმას მოახრეშინა. ფული გამგებელმა იმ კომპანიას მისცა, რომლისგანაც ხეირი თავადაც დარჩებოდა“.

რა თანხა ჩაურიცხა გამგეობამ მის შექმნილ შპს–ს

გასული წლის ივნისში, ორჯერ მოსული სტიქიის შემდეგ, ადიგენის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან „ადიგენის კომუნალურ და საირიგაციო გაერთიანებას“ 32 286 ლარი ჩაერიცხა.

ამ თანხაში, 3 ივნისს მოსული სტიქიის შედგების სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის 14 179 ლარით კომპანიამ 11 სოფელში, მათ შორის დაბა ადიგენშიც, სხვადასხვა უბნებში მოხრეშა გზები, გაწმინდა სანიაღვრე არხები და ბეტონის მილ–ხიდები, გაათავისუფლა ქვა–ღორღისგან გზები, ასევე მოაწყო ბეტონის კალაპოტები.

იგივე სამუშაოები განახორციელა კომპანიამ 8 სოფელში, 5–6 ივნისს მოსული სტიქიის შემდეგაც და ამისთვის მას 18 107 ლარი ჩაერიცხა.

აღნიშნული და, ასევე, სხვა შესრულებული სამუშაოების შესახებ არსებული დოკუმენტები პროკურატურამ გამგეობიდან უკვე გამოითხოვა.
საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

ადიგენის გამგეობაში პროკურატურა შევიდა

რას პასუხობენ ტაბიძეს ადიგენის გამგეობაში

„კი ბატონო, გამოიძიონ! თუ ზაქარია ენდელაძის ან ვინმეს ჯიბეში წავიდა ეს ფული მზად ვართ პასუხი ვაგოთ“, – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილე მინდია ჯელია.

მისი თქმით, გამგეობას კანონიერი უფლება ჰქონდა შეექმნა შპს, რომლის 100%–იანი წილის მფლობელიც თავად იქნებოდა: „ეს კომპანია იმისთივს გავაკეთეთ, რომ ხალხის საქმე აკეთოს. როცა სტიქიაა, სანამ ტენდერი გამოაცხადო და სამუშაოები დაიწყოს დრო მიდის, ამ მხრივ კი შპს საქმეს ძალიან გვიადვილებს. მოსახლეობას პრობლემა უფრო სწრაფად უგვარდება“.

რაც შეეხება შეძენილ ექსკავატორს, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის გოდერძი სხირტლაძის თქმით, რომ არა სწორედ ეს ტექნიკა, ივნისში სტიქია სოფლებს წაიღებდა: „ექსკავატორი რომ ვიყიდეთ ზუსტად ორ დღეში საშინელი წვიმა მოვიდა. ნახევარი უდე დაინგრეოდა ტექნიკა რომ არ გვყოლოდა. ზუსტად სამი დღე გაუჩერებლად მუშაობდა, სახელმწიფო გზებიც კი ჩვენ გავწმიდნეთ. უცებ რაღაცა რომ მოხდეს, სანამ ტენდერი გამოაცხადო, ამ ტექნიკით საქმეს აკეთებ“.

სხირტლაძის თქმით, ბიუჯეტს საშუალება რომ ჰქოდნეს, სხვა ტრაქტორებსაც შეიძენდნენ: „400 კილომეტრი მთამდე მისასვლელი გზები გვაქვს, მთელი რაიონის მოსახლეობა კი მთაზეა დამოკდიებული. ერთი დიდი ტრაქტორი რომ გვყავდეს ახლა ამ გზებს მოვაწესრიგებდით და ხალხი ადვილად გადაადგილდებოდა. მთა მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა“.

რაც შეეხება, ტაბიძის ბრალდებებს დაგივანებით გამოცხადებულ ტენდერებზე, ჯელია ამას სისულელეს უწოდებს. თავად კომპანიის ხელმძღვანელი ავთანდილ ძაძამია კი აცხადებს: „მთელმა რაიონმა იცის, რომ ეგ კაცი სულ ჩივის, ახლა რაზე ჩივის ღმერთმა იცის! არავითარი ფულის ფლანგვა აქ არ არის. რაც მე მანდ ვმუშაობ სულ რაღაც 5 ტენდერში გვექნება მონაწილეობა მიღებული და ისიც 5 ან 7 ათას ლარიანებზე“.

გამეობასა და ტაბიძეს შორის არსებული უთანხმოების მიზეზი

გამგეობაში ტაბიძის ბრალდებებს იმით ხსნიან, რომ გასულ წლებში დასუფთავების ტენდერებს ხშირად მისი ოჯახის წევრები იგებდნენ, ახლა კი ასე აღარაა და ზურაბ ტაბიძეს სწორედ ეს აღიზიანებს.

ჩივილის ამ მიზეზს თავად ტაბიძე გამორიცხავს, თუმცა იმას, რომ მის ოჯახსა და გამგეობას შორის გარკვეული დაპირისპირება არსებობს გვიდასტურებს: „ხუთი ექვსი წელი ჩემი მეუღლე ხან იგებდა და ხან აგებდა ტენდერებს. მერე მოგვედავნენ ლიცენზია უნდა გქონდეს ხალხი რომ ამუშაოო და 10 000 ლარი ჯარიმა დაგვაკისრეს. ეს გავასაჩივრეთ, უზენაესშიც კი მოვიგეთ, თუმცა, ამის გამო გარკვეული პერიოდი ანგარიშები დაგვიყადაღეს“.

როგორ დასრულდება გამგეობასა და ტაბიძეს შორის არსებული უთანხმოება ან რას დაადგენს გამოძიება უცნობია. მანამდე კი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკონომისტი მიხეილ კუკავა იმ ფაქტში, რომ ადიგენის გამგეობამ თავად შექმნა შპს და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, თუ ეს კანონით დადგენილი მოცულობით მოხდა, გამარტივებული შესყიდვით განახორციელა მომსახურების/სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა რაიმე უკანონობას ვერ ხედავს. მისი თქმით, გამგეობას შპს–ს შექმნის სრული უფლება ჰქონდა. რაც შეეხება სარეზერვო ფონდიდან აღნიშნულ კომპანიაში თანხის გადარიცხვას, ამბობს: „საბიუჯეტო კოდექსი სარეზერვო ფონდიდან გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფინანსების უფლებას იძლევა, რაც შეიძლება იყოს არა მხოლოდ სტიქიური უბედურება, რისი გათვალისწინებაც წინასწარ, ცხადია, შეუძლებელია, არამედ ნებისმიერი ხარჯი, რაც საბიუჯეტო მხარჯავმა დაწესებულებამ საკუთარ ბიუჯეტში ვერ გაითვალისწინა, თუმცა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, სარეზერვო ფონდებიდან ხარჯების გაწევა სწორედ ფორსმაჟორული ვითარებით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად ან იმ შემთხვევებში ხდება, როცა რეაგირების დაყოვნებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან ქონებას. სტიქიით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაცია კი სწორედ ამგვარ ვითარებას განეკუთვნება“.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის გამგეობამ გამწვანების სანიტარული ჭრისთვის 6520 ლარი გამოყო
ადიგენში სოციალური პაკეტის თანხა ამოიწურა
ადიგენში სტიქიის შედეგები შეისწავლეს და ახლა ზარალს ითვლიან
ადიგენის გამგებლის პირველი მოადგილე მინდია ჯელია მოხსნეს
ადიგენის გამგეობაში ორი სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
ადიგენში შპს „თორნიკეს“ ხელმძღვანელი ლევან ქიმაძე დააკავეს
ადიგენში სტიქიით დაზიანებული გზების მოსაწესრიგებლად 30 ათასი ლარი დაიხარჯება