FM97.5 / LIVE

ქურდობა თუ თამაში – არასრულწლოვნების საქმე

მთავარისამართალი 20.04.2016
ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს ბავშვების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ; საწყობიდან სათამაშოდ გამოტანილი ათასობით ლარის ღირებულების ნივთები და სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც არასრულწლოვნები ფიგურირებენ.

ქურდობა თუ თამაში  – არასრულწლოვნების საქმე
საწყობი, საიდანაც ნივთები იკარგებოდა

შემთხვევა ახალციხეში, 14 აპრილს, დაახლოებით, 14:00 საათისთვის ქალაქის ცენტრში მდებარე იმ საწყობთან მოხდა, რომელშიც კომპანია „ბილაინის“ სხვადასხვა მოწყობილობები ინახება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიცია ბავშვებს ქურდობის ფაქტზე დაადგა.

უფლებადამცველები: 'სამართალდამცველებმა ბავშვების უფლებები დაარღვიეს'

იმ დღეს, ახალციხის რაიონულ სამმართველოში გამოსაკითხად 10 ბავშვი მიიყვანეს, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთეკლასელები.

„სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან სამმართველოში ბავშვების ნაწილი მშობლების გარეშე გადაიყვანეს. მათ კანონიერ წარმომადგენლებს სამართალდამცავები მოგვიანებით დაუკავშირდნენ. ნაწილი კი სახლებიდან მშობლებთან ერთად მიიყვანეს.
იმ ბავშვების მშობლები, რომლებიც პოლიციაში მათ გარეშე მიიყვანეს, მომხდარზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ „ეს მათ საქმეს უფრო გაურთულებს“.

უფლებადამცველები კი აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა ბავშვების უფლებები დაარღვიეს.

„პოლიციელი რომ ბავშვს ხელს ჰკიდებს და პოლიციაში გადაჰყავს, ეს დაკავებაა. ამის უფლება კი 14 წელს მიუღწეველ პირებთან მიმართებაში როგორ დანაშაულზეც არ უნდა მიუსწრონ, არ აქვთ. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს კანონიერი, თუ სამართალდამცავები ბავშვების იდენტიფიცირებას ვერ ახდენდნენ, სახელსა და გვარს არ ეუბნებიან და მშობლების შესახებ ინფორმაციას არ აძლევენ“, – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ლევან ვეფხვაძე.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შესახებ კოდექსის მიხედვით, პოლიციას ბავშვის არა თუ დაკავების, არამედ გაჩერების უფლებაც რომ არ აქვს, ამაზე 10 ბავშვიდან ორის ინტერესების დამცველი, ირაკლი ბარძიმაძეც საუბრობს: „ნების საწინააღმდეგოდ ბავშვების გადაადგილება თავისუფლების აღკვეთაა“.

შეკითხვაზე, იქნებ ნებით გაყვნენ ბავშვები პოლიციის თანამშრომლებს. ბარძიმაძე კითხვითვე გვპასუხობს: „მაშინ რატომ ტიროდნენ, ნებით?!“

ბავშვები, რომ ტიროდნენ. ამას ფაქტის შემსწრე თვითმხილველიც გვიდასტურებს: „მშობელთა კრებაზე მივდიოდი. პოლიციას სამი ბავშვი მანქანაში ეჯინა, ერთი აქეთ იდგა, ეკითხებოდნენ, გვაჩვენე იმ რაღაცეებს საიდან იღებდიო და ეს ბავშვი ტირილით პასუხობდა“.
უფლებადამცველების განმარტებით, პოლიციელებს ბავშვები ნებაყოფლობით და კანონიერი წარმომადგენლების თანდასწრებით უნდა გამოეკითხათ. იმ ბავშვების მშობლები, რომლებიც სამმართველოში შვილებთან ერთად მივიდნენ, ამბობენ, რომ ბავშვებისთვის ძალა არავის დაუტანებია.

„ვიდრე ბავშვს პოლიციაში წაიყვანდნენ, სკოლაში კრებაზე ვიყავი და იქიდანვე გამიყვანეს. სამმართველოშიც ბავშვს ყველაფერი თამაშ–თამაშით მოაყოლეს. შიშით შეეშინდა, ბუნებრივია, მე შაქარი მაქვს და რომ გაიგო მამას უნდა შეატყობინონო, ამაზე უფრო ინერვიულა“, – ამბობს ერთ–ერთი მეხუთეკლასელის მამა.

ათიდან ორმა, ძმებმა, იმ საღამოს გამოძიებას ჩვენება არ მისცეს. ირაკლი ბარძიმაძე სწორედ მათ ინტერესებს იცავდა: „თქვეს, რომ ეშინოდათ, ძალდატანება კი არ შეიძლება. ბავშვი მსხვერპლად არ უნდა აქციო. სახელმწიფო ამბობს, რომ მას 6 წლის მოზარდის ჯანსაღი ფსიქიკა ურჩევნია, ნებისმიერ სხვა რამეს“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ. აცხადებენ, რომ ყველა ბავშვს კანონიერი წარმომადგენელი თან ახლდა და გამოკითხვაც ყველა უფლების დაცვით ჩატარდა.

ბარძიმაძე ირწმუნება, რომ პოლიციის თანამშრომლებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს და ამის შესახებ პროკურატურას წერილობით მიმართავს. საიას იურისტს კი მიაჩნია, რომ მომხდარით შსს–ს გენერალური ინსპექცია უნდა დაინტერესდეს.

რას ამბობს კომპანია, რომელსაც ათობით ათასი ლარის ზიანი მიადგა

ვიდრე პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტს დაადგენენ, „ბილაინში“ მიყენებულ ზარალს ითვლიან. აქ ნივთების დაკარგვის შესახებ, 14 აპრილამდე რამდენიმე დღის წინ იეჭვეს. კომპანიაში რომ ვერაფერი გაარკვიეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს.

მანამდე კი ვიდრე სამართალდამცავები აქ ბავშვებს დაადგებოდნენ, მათ დაახლოებით 10 დღის განმავლობაში სხვადასხვა ნივთები პერიოდულად გამოიტანეს. ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭესთან“ მშობლები ყვებიან.

„ლიჟებივით“ რაღაცა იყო სასრიალო, ორი ცალი მოიტანა, ნაგავსაყრელიდან ავიღეო. ვუთხარი უკან წაეღო, მაგრამ დაუმალავს. პოლიცია რომ მოვიდა, უთხრა იქიდან რაც იაღე გვაჩვენეო და სახლიდან გამოუტანა“, – ამბობს მეორეკლასელის დედა.

იგივე პერიოდში „რაღაცა საფრიალო“ მიიტანა სახლში ერთ–ერთმა მესამეკლასელმაც: „თქვა მეგობარმა მომცაო. დენში აერთდებდა და ერთობოდა, ნერვები მომეშალა და „ფეჩში“ შევუგდე. კიდევ რაღაც ყუთებივით იყო, შიგ კომპიუტერისნაირი მოწყობილობა ჰქონდა და იმაზეც თამაშობდნენ. ეს ყველაფერი პოლიციაში ბავშვებმა თავისი ხელით მიიტანეს“.

„მეგობრისგან მიტანილი „ვენტილიატორით“ ერთობოდა ერთ–ერთი მეხუთეკლასელიც: „ვიფიქრე რომ ვიღაცამ რაღაც დაშალა და ეს გასართობად მისცა ბავშვს“, – ამბობს მისი მამა.

ეს „გასართობები“ სუმა, ფანი, პიარიქსი და სხვა მრავალი დასახელების ტექნიკური მოწყობილობაა. სიგნალის მიღებასა და გადაცემას კომპანია სწორედ ამ ტექნიკით ახორციელებს.

„ერთი ბლოკის ღირებულება 1 300 ლარია. ეგეთი 6 სხვა და 5 სხვა სახეობა გაიტანეს. უფრო სწორად ითამაშეს და დაამტვრიეს“, – გვიხსნის კომპანიის ტექნიკური ინჟინერი, რომელსაც ჯერ დანაკლისი არ დაუჯამებია.

როგორ აღწევდენენ ბავშვები დაკეტილ შენობაში

კომპანიაში უკვირთ, პატარები საწყობში როგორ აღწევდნენ: „ისეთი პატარა გისოსები აქვს, წარმოუდგენელია იქ როგორ ძვრებოდნენ“.
საწყობს , რკინის კარები და გისოსები აქვს. გისოსებში დატანილი მინები ჩამტვრეულია. როგორც მშობლები „სამხრეთის კარიბჭესთან“ ყვებიან ბავშვები შენობაში სწორედ აქედან აღწევდნენ: „ყველაზე პატარებს უშვებდნენ“.

გისოსებს, კი რომლებიც ჭერთან უფრო ახლოსაა, ვიდრე იატაკთან, აქვე მცხოვრები მაყვალა ტატალაშვილის თქმით, ნაგვის ურნების საშუალებით წვდებოდნენ.

„ამ ურნებს კართან დგამდნენ და ზემოთ ისე წვდებოდნენ. მერე ბოთლივით რაღაცეები გამოჰქონდათ და გარეთ აფეთქებდნენ. კვამლი იდგა გარეთაც და შენობაშიც. ბავშვებს ვუთხარი კიდეც არაფერი მოიწიოთ–მეთქი. რამდენიმე დღეში პოლიციაც გამოჩნდა და ბავშვები წაიყვანეს“, – ამბობს საწყობის მეზობლად მცხოვრები მაყვალა ტატალაშვილი.

მეზობლებიც და „ბილაინის“ წარმომადგენლებიც დარწმუნებული არიან, რომ ბავშვებმა ეს ყველაფერი გულობრყვილოდ გააკეთეს. „ბავშვური ჭკუით რომ მოუვიდათ“ ამაზე მშობლებიც საუბრობენ. კომპანიაშიც და ბავშვების ოჯახებშიც დარწმუნებულები არიან, რომ პატარების უკან არავინ დგას.

„გამოძიებამ უნდა დაადგინოს ამ ბავშვების უკან დიდი ხომ არავინ დგას. თუ ეს არ დადგინდა და დადასტურდა, რომ ბავშვები გაუაზრებლად იქცეოდნენ, ვინმეს პასუხისმგებლობის საკთხის დაყენება გამორიცხულია. ძიებას შეწყვეტენ“, – ამბობს საიას იურისტი ლევან ვეფხვაძე.

14 წელს მიუღწეველი პირი რომ გამოძიების სუბიექტი არაა, ამაზე ბარძიმაძეც საუბრობს. თუმცა, გამოძიების შეწყვეტა, ავტომატურად „ბილაინზე“ მიყენებული ზარალის გადაუხდელობას არ გულისხმობს.

იურისტების განმარტებით, „ბილაინი“ სამოქალაქო წესით სასამართლოში იდავებს და მიყენებულ ზარალს მშობლებს გადაუნაწილებს.
რა შედეგით დასრულდება საქმეზე ძიება, უცნობია. ვიდრე ზარალს არ დაითვლიან, ანაზღაურების ფორმაზე საუბარი უჭირთ „ბილაინშიც“.
მომხდარს შსს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით იძიებს, რაც ქურდობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის რაიონული სამმართველოში 10 არასრულოწვანი 14 აპრილს სხვადასხვა დროს მიიყვანეს. მათ პოლიციის შენობა დაახლოებით 22:00 საათზე დატოვეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატომ მიიყვანეს 10–მდე არასრულწლოვანი პოლიციაში
არასრულწლოვნების საქმეზე ძიება შეწყდა
სცადეს თუ არა რაბათში ბავშვების გატაცება? – რას ჰყვებიან ადგილობრივები
დედა, რომელსაც შვილის ცემისთვის ასამართლებენ, პოლიციას შეურაცხყოფაში ადანაშაულებს
კვირის აქცენტი: არასრულწლოვნების საქმე [Video]
’11 წლის ბავშვმა პოლიციაში რატომ უნდა დარეკოს’ – 14 მშობელი მეექვსეკლასელის  წინააღმდეგ
ფსიქიურად დაავადებულზე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე პროკურატურამ ძიება დაიწყო