FM97.5 / LIVE

ქველმოქმედება, რომელიც კითხვებს ბადებს

მთავარისაზოგადოება 17.02.2016
რატომ არიგებს მოსახლეობაში პროდუქტს რუსეთში მცხოვრები, ეროვნებით სომეხი ბიზნესმენი; ქველმოქმედება, რომლის უკანაც პოლიტიკურ მიზნებს ხედავენ; რუსული ფული რუსეთის მიმართ კეთილგანწყობის მოსაპოვებლად თუ დახმარება ხალხს, რომელსაც ორგანიზატორები უკვე ნანობენ;

ქველმოქმედება, რომელიც კითხვებს ბადებს
პროდუქტის განაწილება ახალციხეში. ფოტო: ახალციხის მერია

ახალციხეში და ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას ორი ხარისხის 10–10 კილოგრამ ფქვილს და 5 კილოგრამ შაქარს ურიგებენ. პროდუქტს სოფელ პამაჯში მდებარე მზესუმზირის ქარხნის, „ატმარტინას“ მესაკუთრეები არიგებენ.

კომპანიას, რომელსაც მეპატრონეებმა აშოტ და არტურ ბაბოიანებმა მამის, მარტინას სახელი დაარქვეს, სათაო ოფისი მოსკოვში აქვს. 1990–იანი წლებიდან აშოტ და არტურ ბაბოიანებიც რუსეთში ცხოვრობენ. როგორც პამაჯში „ატმარტინას“ მენეჯერი მკრტჩ ჩახალიანი ამბობს, რუსეთის გარდა „ატმარტინას“ ქსელი უკვე სომხეთში, ამერიკასა და გერმანიაშიც აქვს.

მოსახლეობისთვის პროდუქტის დარიგება „ატმარტინამ“ 20 იანვრიდან დაიწყო. ბაბოიანების ქველმოქმედებით მთელ მუნიციპალიტეტში ასეთი მასშტაბური აქცია პირველად ტარდება. თუმცა, მათ წლების განმავლობაში თავიანთი სოფლისთვის არა ერთი პრობლემა გადაუჭრიათ: დააგეს ოთხკილომეტრიანი გზა, რომელიც ოთხ სოფელს აკავშირებს, მოაწყვეს სკოლა სტადიონითა და აუზით, გააკეთეს რიტუალების სახლი და შიდა ქუჩები.

ქველმოქმედება, რომელიც კითხვებს ბადებს „სოფელს ხშირად ეხმარებიან, ახლა ყველას დაგვირიგეს ვერმიშელი, მაკარონი, შაქარი და ფქვილი“, – ამბობს პამაჯში მცხოვრები ვილიკ მარტიროსიანი.

პამაჯში და ასევე, მის გარშემო მდებარე სოფლებში, პროდუქტი ყველა ოჯახზე თანაბრად განაწილდა, ქალაქ ახალციხესა და სხვა დანარჩენ სოფლებში კი მხოლოდ სოციალურად დაუცველებზე რიგდება. როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა ნოზაძე აცხადებს, თვითმმართველობებს დახმარება „ატმარტინას“ წარმომადგენლებმა თავად სთხოვეს: „რუსეთშია ის პიროვნება და არ იცის აქ ვის შეიძლება დაეხმაროს“.

ნოზაძის განმარტებით, პროდუქტი იმდენი არ იყო, რომ ყველა ოჯახზე გაეცათ: „ამიტომ ვიმსჯელეთ და შევთანხმდით, რომ აქცენტი სოციალურად დაუცველებზე გაგვეკეთებინა. სია სოციალური სამსახურიდან ავიღეთ და იმას ვეხმარებით, ვისაც 100 ათას ქულამდე აქვს“.

თემში პროდუქტის დარიგებას სწორედ ნოზაძე კურირებს: „მეორე შახტაში, კლდეში, გიორგიწმინდაში, მუგარეთში, ფერსაში, აგარაში, საყუნეთში, წინუბანსა და გურკელში უკვე დავარიგეთ, გავაგრძელებთ დარიგებას აწყურში, თისელსა და ტყემლანაში“.

რუსეთი თუ ევროპა? – რატომ აკავშირებენ პროდუქტის დარიგებას პოლიტიკურ განწყობებთან

ვინც პროდუქტი მიიღო, კმაყოფილია, ვისაც არ შეხვდა გულდაწყვეტილი. გარდა ამისა, მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ქველმოქმედება ვიღაცას მოახლოებული არჩევნებისთვის ჭირდება და თუ ამის სანაცვლოდ ხმებს არ მოსთხოვენ, რუსეთზე ხომ მაინც „მოუთბებათ“ გული.

ქველმოქმედება, რომელიც კითხვებს ბადებს „ჩვენზე კარგად იცით რომ ეს დახმარება მოდის პოლიტიკური მიზნით. აბა რატომ არიგებენ?! ხალხი რომ თავის მხარეს წასწიონ და ხმა მისცენ „ოცნება“ აკეთებს ამისთვის. ის ხალხი, ვისაც ახლა ეხმარებიან, დიდი ხანია შიმშილობს, დღეს რატომ გაახსენდათ მაინცდამაინც?! ვინ დგას მათ უკან, ღმერთმა იცის, გამოჩნდება არჩევნებზე“, – ამბობს სოფელ ვალეში მცხოვრები ტოროს ჰაიკიანი.

სხვილისში მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ბიზნესმენი ბაბოიანი ქველმოქმედებას უანგაროდ ეწევა. რადგან მათ სოფელში წლების წინ, აშოტ ბაბოიანმა, რომლის მიწის ნაკვეთიც სხვილისელებისას ესაზღვრებოდა, სარწყავი წყლის 300–მეტრიანი მილი ისე გააკეთა, რომ სხვილისელები საქმის კურსშიც არ ჩაუყენებია. თუმცა, აქციის პოლიტიკურ სარჩულს, მაინც არ გამორიცხავენ.

„მაგათ პარლამენტში მოხვედრა და კენჭისყრა არ უნდათ, მაგრამ შეიძლება სხვამ გამოიყენოს ეს, თუმცა ჯერ არ ჩანს ეს სხვა ვინ არის, დაველოდოთ არჩევნებს“, – ამბობს ზემო სხვილისში მცხოვრები რობერტ პაპიძე.

ქველმოქმედება, რომელიც კითხვებს ბადებს რაც შეეხება მეზობელ სოფლებში გაჟღერებულ „რუსეთის მიმართ გულის მოლბობის“ თემას, სხვილისში ამბობენ, რომ ამისთვის ფქვილის დარიგება საჭირო არაა.

„მაგ პროდუქტით აზრი რატომ უნდა შემიცვალონ?! მე ისედაც რუსეთი მინდა. ახლა გამოკითხვა რომ იყოს, სამცხე–ჯავახეთში რუსეთისკენ გზის გაკვალვას მისცემენ ხმას, ვიდრე ევროპას“, – ამბობს სხვილისში მცხოვრები ნუგზარ პაპიძე.

შეკითხვაზე, წინასაარჩევნოდ პრორუსულ დეპუტატობის კანდიდატს უფრო დაუჭერენ მხარს თუ პროევროპულს, სხვილისელები ერთხმად გვპასუხობენ: „ჩვენ რუსეთი გვინდა და არა ევროპა“.

რუსეთის მიმართ იგივეა განწყობა ბაბოიანების მშობლიურ სოფელშიც, თუმცა სხვილისელებისგან განსხვავებით, პამაჯელები ამბობენ, რომ მხარს იმას დაუჭერენ, ვინც ამ მთავრობის კაცი იქნება: „რაც არ უნდა იყოს, მთავრობის წინააღმდეგ არ წავალთ“.

ქველმოქმედება, რომელიც კითხვებს ბადებს თუმცა მეზობელი სოფლებისგან განსხვავებით, პამაჯში ამ აქციის რაიმე პოლიტიკურ მიზანს გამორიცხავენ.

„პოლიტიკასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს“, – აცხადებს ბაბოიანების ბიძა ჰამაიაკ ბაბოიანი.

„ღმერთისგან გამოგზავნილი, სუფთა გულის ბიჭები არიან და გვეხმარებიან“, – ამბობს ასევე პამაჯში მცხოვრები მარლენ მისაკიანი.

„ასე გააკეთა ივანიშვილმაც და მერე ხმები მოითხოვა“ – პოლიტიკოსების შეფასებები

არ იზიარებენ პამაჯში მცოხვრებლების პოზიციას ახალციხეში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელები.

„არ შეიძლება ხალხს დაეხმარო რუსული ფულით, ასე გააკეთა ბიძინა ივანიშვილმაც და მერე ხალხს ხმები მოსთხოვა. მართალია არ ვიცნობ, მაგრამ ეს არ იქნება ის ბიზნესმენი, ხალხს რომ არაფრის ნაცვლად ეხმარება“, – ამბობს ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ ახალციხის ორგანიზაციის უფროსი კობა გორგოძე.

ქველმოქმედება, რომელიც კითხვებს ბადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გელა დემეტრაძე აქცენტს ამ აქციაში თვითმმართველობის ჩართულობაზე აკეთებს: „თუ კერძო კომპანია არიგებდა ამას, გამგეობა და მისი რწმუნებულები რა შუაში იყვნენ?! მათ სოფლებში ახლა ისეც უამრავი საქმე აქვთ, კრებები აქვთ ჩასატარებელი“.

შეკითხვაზე, რა არის ცუდი იმაში, თუ კერძო კომპანიას პროდუქტის განაწილებაში ორგანიზებას თვითმმართველობა გაუწევს, დემეტრაძე გვპასუხობს: „არ არის გამორიცხული რომ ეს „ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ გამოიყენოს. ბუნებრივია, ამით ხელისუფლება ისარგებლებს, რადგან თემის რწმუნებულები უშუალოდ ჰყავთ ჩართული“.

თვითმმართველობის ჩართულობაში რაიმე დარღვევას ვერ ხედავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე: „ადამიანებს ქველმოქმედების უფლება აქვთ და თუ ამას უკეთესი მენეჯმენტის მიზნით, თვითმმართველობასთან შეთანხმებით აკეთებენ, ეს ცუდი არაა. ერთადერთი რისკი, რაც არსებობს სამომავლოდ, არის ის, რომ ეს არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური რეკლამისთვის, მოსყიდვისთვის და ა.შ. ამჯერად ასეთი ქმედება გამოხატული არ არის“.

ქველმოქმედება, რომელიც კითხვებს ბადებს ჩიხლაძეს ეთანხმება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელი გიორგი ანდღულაძე. მისი თქმით, ქველმოქმედს უფლება აქვს ვისაც როგორ უნდა ისე დაეხმაროს და პროდუქტიც საკუთარი სურვილით გადაანაწილოს. რაც შეეხება პოლიტიკურ სარჩულს, ანდღულაძე მსგავს მიზანს გამორიცხავს: „ბაბოიანები საქართველოს მოქალაქეები არც არიან და ასეთი მიზანი ვერც ექნებათ“.

რა კავშირშია „ქართულ–სომხური ბიზნეს კავშირის“ ხელმძღვანელი პროდუქტის დარიგებასთან?


თუმცა, როგორც „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ სამცხე–ჯავახეთის რეგიონული კოორდინატორი და ახალციხის საკრებულოს დეპუტატი ჯიმშერ გოგოლაური ირწმუნება, ამ აქციის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, საქართველოს მოქალაქეს, ახალციხელ ბიზნესმენს და სამველ აგიკიანს სურდა.

ქველმოქმედება, რომელიც კითხვებს ბადებს „პროდუქტი საქართველოში აგიკიანის კომპანიის გავლით შემოვიდა. ის თავიდან გათვლილი მხოლოდ სომხურ მოსახლეობაზე იყო და არა სოციალურად დაუცველებზე. ეროვნებით სომეხი მუნიციპალიტეტში 20 ათასი ამომრჩეველია“, – ამბობს გოგოლაური.

მისი თქმით, აგიკიანმა ფული „ნაციონალების“ დროს იშოვა, ამიტომ იგულისხმება, რომ იგი კენჭს სწორედ ამ პარტიიდან იყრიდა: „ეს რომ გაშიფრა „ოცნებამ“, აგიკიანს უარი ათქმევინეს“.

„ეს სასაცილოა. არაერთხელ ვყოფილვარ თანამდებობის პირი, მაგრამ აპოლიტიკური პიროვნება ვარ და არასდროს არცერთ პარტიაში არ გავწევრიანებულვარ“, – აცხადებს აგიკიანი.

პროდუქტი საქართველოში მართლაც მისი ორგანიზაციის „ქართულ–სომხური ბიზნეს კავშირის“ გავლით შემოვიდა. თუმცა, ამბობს, რომ პოლიტიკური მიზანი რომ ჰქონოდა, ამას არ დამალავდა: „საქართველოს მოქალაქე ვარ და კენჭისყრის სრული უფლება მაქვს, მაგრამ იმდენად ვარ ჩემი საქმეებით დაკავებული, ამაზე ფიქრისთვისაც არ მცალია“.

ქველმოქმედება, რომელიც კითხვებს ბადებს
რაც შეეხება გოგოლაურის განცხადებას ამ აქციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ჩარევაზე, აგიკიანისთვის „ჭკუის სწავლება“ რომ სცადეს, ამას თავად ბიზნესმენიც გვიდასტურებს: „ეს რომ დავიწყე, გუბერნატორთანაც მქონდა შეხვედრა და მერთანაც, ყველა ცდილობს ჭკუა მასწავლოს. ვუთხარი, თუ მე ვაკეთებ ისე გავაკეთებ, როგორც გამიხარდება და პასუხსაც ვაგებ. ეს გავაფრთხილე იმიტომ, რომ მერე ჭორები არ ყოფილიყო“.

სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში აცხადებენ, რომ აგიკიანს გუბერნატორთან აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით შეხვედრა არ ჰქონია. ახალციხის მერი გიორგი კოპაძე შვებულებაშია, დაუდასტურებელი ინფორმაციით საქართველოში არ იმყოფება და მასთან დაკავშირება ვერ შევძელით. რაც შეეხება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ზაზა მელიქიძემ ჩვენთან შესახვედრად ვერ მოიცალა.

რატომ ნანობენ ქველმოქმედებას

სამველ აგიკიანი ირწმუნება, რომ ამ აქციას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს: „ბაბოიანი ჩემი მეგობარია, ის ერთ–ერთი მსხვილი ბიზნესმენი და ასევე ჩემ ორგანიზაციაში საქველმოქმედო საბჭოს წევრია. მის გარდა ეს ქველმოქმედება კიდევ ერთმა სომეხმა ბიზნესმენმა გაწია, მას საშიკა ჰქვია, გვარს ვერ ვიხსენებ, წირიდანაა“.

ქველმოქმედება, რომელიც კითხვებს ბადებს რაც შეეხება პროდუქტის იმ სოფლებში ყველა ოჯახზე გაცემას, სადაც მეტი სომეხი ეროვნების მოქალაქე ცხოვრობს, აგიკიანი გვიხსნის „თავიანთ მშობლიურ სოფლებსა და მათ გარშემო დასახლებებში პროდუქტი ყველაზე დარიგდა, ეს იყო საახალწლო საჩუქარი. ამის მერე დაიწყო სოციალურად დაუცველებზე განაწილება და ამას ორგანიზებას უკვე მერია და გამგეობა უკეთებს. პროდუქტი მივეცით როგორც სომხურ ასევე, ქართულ ეკლესიებსაც“.

როგორც „ატმარტინას“ მენეჯერი მკრტჩ ჩახალიანი აცხადებს, დაახლოებით 50 ტონა პროდუქტი რიგდება.

ქველმოქმედება, რომელიც კითხვებს ბადებს „რამდენს ერგო დახმარება, ჯერ არ ვიცი, ალბათ ორ დღეში დასრულდება, დარიგდება და ამის მერე ზუსტად მეცოდინება“, – აცხადებს იგი და ამატებს, რომ ამ აქციას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს, რაც შეეხება რუსეთის მიმართ დამოკიდებულების შეცვლას, ამბობს, – „პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ აქ ხალხს რუსეთი აინტერესებს და არა ევროკავშირი“.

შეკითხვაზე, მომავალშიც ხომ არ იგეგმება მსგავსი ღონისძიებების გაგრძელება, ჩახალიანი გვპასუხობს: „ვნახოთ როგორ მიიღებს ამას რაიონი, როგორ დააფასებს“.

სამველ აგიკიანი კი უკვე დარიგებულსაც ნანობს: „ხალხს აღარ სჯერა რომ უბრალოდ, ისე შეიძლება სიკეთე გააკეთო და სანაცვლოდ არაფერი მოითხოვო. ვნანობ,ალბათ ხალხისთვის ასე უანგაროდ რაღაცის გაკეთება ნაადრევი იყო“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სოფელ პამაჯში 'ატმარტინას' მწარმოებელი ბიზნესმენის სახლი გაქურდეს
ახალციხის მერია არჩევნებამდე 2 დღით ადრე სოციალურ დახმარებას არიგებს
როგორია მოსახლეობის პოლიტიკური განწყობა ჯავახეთის სოფლებში
‘ზურაბიშვილს იმიტომ აირჩევენ, რომ ‘ოცნება’ უჭერს მხარს’ – შეფასებები ახალციხიდან
”ნაციონალების” თავმჯდომარე: ვერულაშვილი და ახალია ”ოცნებასთან”  არიან გარიგებული
როგორ  აფასებენ ახალციხის თემის ორწლიან მუშაობას
გუბერნატორის მოადგილე: დეპუტატი მინისტრებთან შეხვედრაზე ეტყობა შეიპარა