FM97.5 / LIVE

სოფელი წყალზე

მთავარისაზოგადოება 22.10.2012
დანგრეული სახლები, შუაზე გახლეჩილი ხეები, დამტვრეული საფლავის ქვები და წყლის გუბეებად ქცეული მიწის ნაკვეთები. სამი დასკვნა სოფლიდან გასახლების შესახებ და კვლავ დგვარში დარჩენილი გლეხები. ”მოუტეხა” თუ არა მილიონი ლარი დგვარელებს ყოფილმა ხელისუფლებამ და რაში მოატყუა მთავრობამ სოფელი

სოფელი წყალზე
ნახევრად დანგრეული დგვარი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დგვარში მცხოვრები 64 წლის ჟენია გოგოლაძე სახლში შესვლას ვერ ბედავს, ორსართულიანი სახლის ნაწილი ჩამონგრეულია, დარჩენილი კედლები დაბზარულია, აივანი კი სახლსაა დაცილებული. ამიტომ, გოგოლაძე იძულებულია სახლთან ახლოს ნესტიან სარდაფში დაიდოს ბინა.

მეუღლის დის ბინას შეაფარა დროებით ოჯახი ცაგური კვინცხაძემ: ”კედლებს სულ ტკაცა-ტკუცი გაუდის. დღეს თუ ერთი სანტიმეტრია გახსნილი, ხვალ ორი ემატება”.

თავშესაფარი ვერსად ნახა კაპანაძეების 11-სულიანმა ოჯახმა. მათთვის თავის გადასარჩენად გამოსავალი ერთია, ძლიერი ქარის დროს ექვსი ბავში გარეთ გამოჰყავთ და მანამდე იცდიან ეზოში, სანამ ამინდი არ ჩაწყნარდება.

”სახლშიც ისე წვიმს და უბერავს ქარი, როგორც გარეთ, მაგრამ არ გვაქვს საშუალება, რომ სადმე წავიდეთ”, - ამობს შორენა კაპანაძე.

მდგომარეობა ორსაუკუნოვან სოფელში მცხოვრები 86-ვე კომლისთვის ერთნაირია, დგვარში ყველა მცხოვრების სახლი სულ თუ არა, ნახევრად დანგრეული მაინცაა. სოფელში შუაზეა გახეთქილი კაკლის ხეები. დროდადრო იხრამება და წყლის გუბეებად იქცევა სახნავ-სათესი ფართობები. შუაზე სკდება და არაერთხელ გაკეთების მიუხედავად, იმტვრევა საფლავის ქვებიც. დგვარელები ხუმრობენ კიდეც, მიწა ისე ცოცავს, ვისი მკვდარი ვის საფლავზეა და ვინ ვის საფლავზე გადის, კაცმა არ იცისო.

დგვარი რომ მეწყერსაშიში სოფელია, აქ მცხვორებლებმა ყოველთვის იცოდნენ, თუმცა, ეს 7-8 ათეული წლის წინ არ იგრძნობოდა. მაშინ აქ მხოლოდ ხის სახლები ედგათ და შესაბამისად არც ინგრეოდა. მას შემდეგ, რაც სოფელში ბლოკითა და აგურით დაიწყეს სახლების შენება, კედლებზე ბზარები გაჩნდა და მიხვდნენ, რომ დგვარში ცხვორება იმაზე მეტად საშიში იყო, ვიდრე ეგონათ. ამასთან, ადგილობრივების თქმით, მდგომარეობა განსაკუთრებით 1987 წლის სპიტაკის მიწისძვრის შემდეგ გართულდა, რყევამ იმატა და სახლებიც უფრო მეტად დაინგრა.

სამი დასკვნა და უცვლელი ვითარება


იმის შესახებ, რომ სოფელი წყალზე დგას, აქ მცოცავი ქანებია და სოფლის გასახლება აუცილებელია, თანაც დაუყოვნებლივ, დასკვნა სამჯერ დაიწერა.

პირველად სოფელმა დასახმარებლად იმდროინდელ ხელისუფლებას1988-1989 წლებში მიმართა. მაშინ დგვარში 120 კომლი ცხოვრობდა.

”მოვიდნენ, გადაიღეს მეწყერისგან შუაზე გახლეჩილი ხეები. მოიყვანეს გეოლოგები, გაბურღეს მიწა და დაადგინეს, რომ სოფელი წყალზე დგას და უნდა გაგვასახლონ, თორემ შესაძლოა ნებისმიერ წუთს ჩავარდეს დგვარი, - გვიყვება 80 წლის გიორგი გოგოლაძე - გვითხრეს ან ბაკურიანში ჩაგასახლებთ და ან უდაბნოში, კახეთშიო. არ მოინდომა სოფელმა კახეთში წასვლა, მამა-პაპეულ ადგილზე გვინდოდა დასახლება ბორჯომში, მაგრამ მაშინ მთავრობამ ვერ უზრუნველყო ბაკურიანში ჩავესახლებინეთ და დავრჩით სოფელში”.

ხელისუფლებაში შევარდნაძის მოსვლის შემდეგ, მთავრობა დგვარით ისევ დაინტერესდა. მაშინ ქართველ გეოლოგებთან ერთად სოფელში საზღვარგარეთიდან მოწვეულებიც მუშაობდნენ. დასკვნის შინაარსი იგივე იყო - სოფელი წყალზე დგას, შესაძლოა ჩავარდეს და გასახლება აუცილებელიაო. შევარდნაძემ დგვარელებს საცხოვრებლად ისევ კახეთი და ბაკურიანი შესთავაზა. განიხილებოდა ნინოწმინდაში ჩასახლების საკითხიც. თუმცა, ეს საკითხები განუხილველი და შესაბამისად სოფელიც გაუსახლებელი დარჩა.

გეოლოგიური კვლევა ჩატარდა ”ვარდების რევოლუციის” შემდეგაც. დასკვნის შინაარსი უცვლელი იყო ერთის გამოკლებით, ამჯერად ვითარება კიდევ უფრო მძიმე იყო და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაეტოვებინათ დგვარელებს სოფელი. მაშინ მთავრობამ კომპენსაციისთვის სოფელს 780 ათასი ლარი გამოუყო და ეს თანხა თანაბრად უნდა გადანაწილებულიყო 86 კომლისთვის. ამ დროისთვის სოფელში უკვე 86 ოჯახი ცხოვრობდა.

”სოფელმა თქვა, ეს თანხა ცოტაა, ჩვენ გასახლებას რეალურად ვერ უზრუნველყოფს, ამაზე გადაგვატარებენ, მეტს აღარ მოგვცემენ და ხელი არ მოვკიდოთო. მაგრამ მაშინ ჩვენი დეპუტატი გრიგალაშვილი იყო და გვითხრა, აიღეთ ეს ფული, თორემ ესეც დაგეკარგებათო”, - ამბობს გიორგი გოგოლაძე.

ამ დროისთვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი შენდებოდა, იმის გამო, რომ მილი სოფელთან ახლოს გადიოდა, დგვარელებმა დახმარება ბიპისაც სთხოვეს. ბიპი სოფელს მილიონ დოლარს დაჰპირდა და ეს წერილობითაც დაადასტურა.

”გამგეობაში გვითხრეს, ჩვენ პროექტი უნდა წარვუდგინოთ მთავრობას, რომ ბიპის მილიონი დოლარიც მიიღოთო. ეს პროექტი რა იყო არ ვიცოდით. გვითხრეს, თუ მთავრობის შემოთავაზებულ ფულს არ აიღებთ, მაშინ ამ პროექტს ვერ წარვადგენთ და შესაბამისად აღარც ბიპის ფული ჩაგერიცხებათ, ამიტომ აიღეთ ჩვენი შემოთავაზებული თანხა და სამ დღეში ფულს ბიპიც გადმოგირიცხავთო”, - იხსენებს გოგოლაძე.

მოტყუებული სოფელი თუ ”მოტეხილი” მილიონი


დგვარელებმა მთავრობის შეთავაზებული 780 ათასი ლარი აიღეს და სოფელში ფული საცხოვრებელი ფართის მიხედვით დაანაწილეს. მიღებული კომპენსაციით კმაყოფილი არავინ იყო, ამ თანხით, ბინის ყიდვას ვერავინ შეწვდებოდა. ვერც ის ვისაც 2-3 ათასი ლარი შეხვდა და ვერც ის ვისაც დიდი ფართი ჰქონდა და 10 ათასამდე აიღო. მით უფრო, რომ ამ დროისთვის, სწორედ ნავთობსადენის მშენებლობის გამო რეგიონში ბინების ფასი მნიშვნელოვნად გაზრდილი იყო. ამდენად, მიღებული კომპენსაციით ბინის ყიდვა თითქმის ვერავინ შეძლო. თუმცა იმ იმედით, რომ უახლოეს დღეებში ბიპის გადმორიცხულ მილიონ ლარსაც მიიღებდნენ, დგვარელების ნაწილმა შერჩეული ბინების ყიდვამდე მთავრობის მიცემული კომპენსაცია ბედ დატოვეს. სწორედ ამის გამო ბევრი დგვარელი ბინისა და კომპენსაციის გარეშეც დარჩა, 86-მა ოჯახმა ბიპის დაპირებული მილიონი ლარი ვერ მიიღო.

”მაშინ ნოღაიდელი იყო პრემიერ-მისნისტრი და მან პირადად უთხრა ბიპის, ჩვენ ეს სოფელი უკვე დავაკმაყოფილეთ, მილიონი დოლარი ჩვენ მოგვეცით, დანარჩენ საქართველოზე გადასანაწილებლადო. მოგვატყუეს, მთავრობამ ეს ფული დაგვაკარგვინა. მილიონი თავად შეჭამეს”, - აცხადებს დგვარელი ცაგური კვინცხაძე.

ამის შესახებ დგვარელებმა ნოღაიდელს პირადადაც ჰკითხეს მაშინ, როცა პრემიერი ერთ-ერთი წინასაარჩევნო კომპანიის გამო ბორჯომელებს შეხვდა.

”მიპასუხა, ამ საკითხს გადახედვა უნდაო და ხალხისკენ შებრუნდა. თუ თანხა არ იყო გადარიცხული, რატომ არ მითხრა ნოღაიდელმა, რომ ფული ჩარიცხული არაა და თქვენ რას გადმოგირიცხავდითო?!” - კითხულობს გიორგი გოგოლაძე.

ბორჯომში ახლად არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი ”ქართული ოცნებიდან” გედი ფოფხაძე აცხადებს, რომ მაშინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ დგვარელები დააშანტაჟა: ”უთხრეს, თუ თანხას, რომელსაც ჩვენ გაძლევთ და ანგარშიზე დევს არ აიღებთ, წავა უკან. ასევე დაადებინეს ხელშეკრულებები, რომ თანხის აღების შემდეგ ქონებაზე, რომელიც სოფელში ჰქონდათ, უარს ამბობდნენ”.

ფოფხაძის განმარტებით, ხელისფლებამ აიღო ვალდებულება ბიპისთან, რომ დგვარის პრობლემას თავად მოაგვარებდა. პრობლემა კი იმაში მდგომარეობდა, რომ დგვარელებს შეეძლოთ ხელი შეეშალათ მილსადენის მშენებლობისთვის, მეწყერსაშიში სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოსდამცველების განცხადებითაც, მილის გავლა დაუშვებელი იყო. ამის გამო დგვარელები აქციაზე ორჯერ გამოვიდნენ: ”ბიპის არ უნდოდა, რომ დგვარს ეხმაურა, მთავრობამ ბიპის უთხრა, ფული მოგვეცით და ჩვენ დგვარს გავაჩუმებთო. შემდეგ ბიპის აჩვენეს, რომ მოსახლეობას თანხა უკვე გადასცეს და პრობლემაც მოაგვარეს. მოსახლეობა კი ხმას ვეღარ ამოიღებდა, რადგან მათ უკვე ხელი ჰქონდათ მოწერილი ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმადაც უარს ამბობდნენ სოფელში საკუთარ ქონებაზე. ბიპიმ მისცა სახელმწიფოს მილიონი და მთავრობამ თავად დახარჯა ეს თანხა ისე, როგორც სჭირდებოდა”.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნათელა გოგოლაძე ამბობს, რომ ბიპის მილიონი დოლარი მთავრობისთვის არ ჩაურიცხია: ”უფრო დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო, რომ დგვარისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში მილიონი დოლარი არ გადმორიცხულა”.

როგორც ”სამხრეთის კარიბჭეს” ბიპის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამილა ჩანტლაძემ განუცხადა, ნამდვილად არსებობდა ბიპის კეთილი ნება დგვარისთვის მილიონი გადაერიცხა: ”ამისთვის საჭირო იყო სპეციალური მომართვა, რომელიც ხელისულფებისგან უნდა მიგვეღო, მაგრამ არ მიგვიღია. გვითხრეს, რომ სოფელთან პრობლემა თავად მოაგვარეს. ამდენად, ბიპიდან დგვარისთვის არაფერი გადარიცხულა”.

ფოფხაძე კი აცხადებს, რომ ბიპიმ მთავრობას 7-8 მილიონი გადაურიცხა, აქედან მილიონი დოლარი კი სწორედ დგვარელების დასახმარებლად მოიაზრებოდა: ”რეალუარდ ბიპი 6-7 მილიონსაც პირდაპირ მისცემდა სოფელს, მთავრობა რომ არ ჩარეულიყო. ასე დგვარი უფრო ძვირი დაუჯდებოდა ბიპის, მაგრამ პრობლემას გადაწყვეტდა. სახელმწიფო ჩაჯდა შუაში, წაიღო ფული, მცირე ნაწილი გადაუგდო დგვარელებს და გააჩუმა”.

გამოსავალი მანამდე, სანამ სოფელი ჩაიძირება


დღეს დგვარელებიც ამბობენ, რომ თუ მაშინ მთავრობის 780 ათასს ხელს არ მოკიდებდნენ, ბიპისგან თანხის მიღების მეტი შანსი ექნებოდათ. ახლა დგვარში მოსახლეობის ნაწილი ბიპისგან კვლავ მილიონი ლარის მიღებას ითხოვს, ნაწილი კი ამბობს, რომ მთავარია სწრაფად დაატოვებინონ სოფელი და მნიშვნელობა არ აქვს, საცხოვრებელ ფართს სად შესთავაზებენ. ბევრისთვის მთავარია მთელი სოფელი ერთად დაასახლონ, ზოგერთი კი აცხადებს, რომ ერთ ოთახზეც კი თანახმაა, ოღონდ კი მათი შვილების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდეს.

ნათელა გოგოლაძე ამბობს, რომ ბორჯომში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართობების რაოდენობა, ნამდვილად იძლევა საშუალებას, სოფელი ერთად ჩაასახლონ: ”რაც შეეხება ამ ეტაპზე თანხების გამოყოფას, პირადად მივწერე განსახლების სამინისტროს ორჯერ, ბოლოს მანამდე სანამ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყებოდა, მაგრამ ამ დრომდე პასუხი არ მიმიღია”.

ფოფხაძე კი ფიქრობს, რომ ეს საკითხი ხელახლა უნდა დაისვას და აქ მცხოვრებლებისთვის ადექვატური ფინანასები გამოიყოს.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი ბუცხრიკიძე, რომელიც სამხარეო ადმინისტრაციის მიერ შექმნილ ერთ-ერთ კომისიაში მუშაობდა დგვარის პრობლემების შესწავლისას, ამბობს, რომ სოფელი მცოცავ ქანებზე დგას, მის ქვეშ წყალია და შესაძლოა სოფელი ნებისმიერ წამს მოწყდეს ადგილიდან, ან მიწამ ჩაიტანოს: ”აქ ცხოვრება არ შეიძლება. საშიშროება ძალიან დიდია, შეიძლება დაიძინონ და სად გაიღვიძებენ არავინ იცის. კაცმა არ იცის ეს როდის მოხდება”.



[თამუნა უჩიძე, ბორჯომი


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ბიპის’ სამშენებლო სამუშაოები და  დატბორილი ნაკვეთები – გლეხებს მოსავალი ულპებათ
სოფელი წყალზე [Photo/Video]
სოფელი ნაქალაქევი შესაძლოა მიწამ ჩაიტანოს
ვის მისცემს "ბიპი" კომპენსაციას არლელებს თუ „საქნახშირს“?
ვიდრე სამინისტრო გამოსავალს იპოვის, შესაძლოა ნაქალაქევი ჩაიძიროს
არალში ადგილობრივებს სადავო მიწას დაუსაკუთრებენ