FM97.5 / LIVE

ნანა გელაშვილის საქმე

მთავარიპოლიტიკა 16.02.2015
რატომ გაუშვეს ახალციხის მერიიდან ინფრასტრუქტურის განყოფილებაში საქმის წარმოების სპეციალისტი ნანა გელაშვილი; ვის ადანაშაულებს ზეწოლასა და ცრუ დაპირებებში ყოფილი თანამშრომელი; რატომ ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას მას შემდეგაც, რაც ფაქტობრივად თანამშრომელი აღარ იყო და ვის მოუწევს მომხდარის გამო მერის კითხვებს უპასუხოს.

ნანა გელაშვილის საქმე
ნანა გელაშვილს, რომელიც 2013–2014 წლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი იყო, შემდეგ კი 2014–2015 წლებში ახალციხის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელი, საჯარო სამსახურის დატოვება ორჯერ მოუხდა. ამბობს, რომ ორივე შემთხვევაში სამსახურიდან გაუშვეს.

პირველად გელაშვილმა სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, მეორედ კი მერის ბრძანებით დაინიშნა და ამავე ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა. ხმაურიანი, მეორე შემთხვევა აღმოჩნდა. 11 თებერვალს, როდესაც გათავისუფლების შესახებ შეიტყო, ნანა გელაშვილი მედიასთან ალაპარაკდა.

პირველი შემთხვევიდან ნახევარი წლის შემდეგ, გელაშვილი ამბობს, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება საკუთარი ნებით არ დაუტოვებია. 2014 წლის 29 ივლისს ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ დაურეკა და თავისთან დაიბარა. მერთან მეორე დღეს მივიდა: „მითხრა ნანა შენ სიტუაცია იცი და განცხადება უნდა დაწერო, სამაგიეროდ, როგორც 4 შვილის დედას, კაცურ პირობას გაძლევ, რომ სხვა სამსახური გექნებაო. იმ დღესვე წამოვიღე სამსახურიდან ჩემი ნივთები, მაგრამ განცხადება არ დავწერე“.

მისივე თქმით, დღის ბოლოს კოპაძემ კიდევ დაურეკა და შეახსენა განცხადება დაეწერა: „მითხრა, ჩივილს თუ აპირებ, არაფერი გამოგივაო. 31 ივლისს დავწერე და წამოვედი“.

ახალციხის მერი გიორგი კოპაძე არ უარყოფს, რომ გაერთიანებული ბაღების ხელმძღვანელის პოსტზე გელაშვილის დატოვების მომხრე არ იყო: „ნამდვილად დავიბარე და ვუთხარი, რომ ჩვენ ერთად ვერ ვიმუშავებდით, რადგან არ მომწონდა მისი მუშაობის სტილი, ადგა და განცხადება დაწერა. ჩემი ხედვა იყო სხვა, უნდა დამენიშნა ისეთი პიროვნება, ვისაც ექნებოდა უმაღლესი განათლება. როდესაც ხელისუფლებაში მოვედი, სხვა სიტუაცია დამხვდა, ის რომ წყვეტა იყო ბაღების მუშაობაში და გაყოფის დროს ვერ გადალახეს ელემენტარული წინააღმდეგობაც, ვთვლი, რომ ეს გელაშვილის ბრალიც იყო, მაგრამ არა მარტო მისი“.

ნანა გელაშვილი ამბობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ახალციხის მერი მას სხვა სამსახურში დასაქმებას ჰპირდებოდა. გელაშვილი ნამდვილად დაასაქმეს. 9 სექტემბერს, მერის ბრძანებით, ინფრასტრუქტურის სამსახურში, საქმის წარმოების სპეციალისტის პოზიციაზე, დროებით მოვალეობის შემსრულებლად აიყვანეს.

ამის შემდეგ, მერიაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დაიწყო. გელაშვილს კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია. როგორც ახალციხის მერიის ადმინისტრაციის სამსახურში გვიხსნიან, გელაშვილი ამ პოზიციას კონკურსის წესით დანიშვნამდე იკავებდა, ამიტომ, 5 იანვარს, როდესაც ამ ადგილას, საჯარ მოხელეთა შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული კადრის დანიშვნის ბრძანება დაიწერა, გელაშვილი სამსახურდან ავტომატურად გათავისუფლდა. მან ამის შესახებ იცოდა კიდეც. გელაშვილი კი ამას კატეგორიულად უარყოფს და ამ კონტექსტშიც ახალციხის მერთან საუბარს იხსენებს.

გელაშვილმა მედიასთან კომენტარები გათავისუფლების შესახებ 11 თებერვალს გააკეთა. იგი ამბობს, რომ ამ დრომდე სამსახურში დადიოდა, ჟურნალშიც ხელსაც აწერდა და საქმესაც აკეთებდა: „5 იანვარს კიდევ შევხდი კოპაძეს და მითხრა: იარე სამსახურში, უმუშევარს არ დაგტოვებო. იგივე პასუხი გამცა 30 იანვარს და 3 თებერვალსაც. იგივე პასუხი გასცა სამსახურის უფროსს გელვასი გელაძესაც. ოთხი შვილის დედა ვარ, მიტოვებული მაქვს ოჯახი და ტყუილად მერიაში ჯდომა არ მეხალისება. მივხვდი, რომ მატყუებდნენ და სიმართლის თქმა გადავწყვიტე: ოლეგ სანდროშვილთან, ბესიკ ბლიაძესთან და გუჯა ბიჭაშვილთან მეგობრობის გამო გამომიშვეს სამსახურიდან“.

გიორგი კოპაძე გელაშვილისთვის რაიმეს დაპირებას უარყოფს და ამბობს, რომ გელაშვილის ამ განცხადებებიდან ისაზღვრება ზუსტად ის, რომ იმ ჯგუფის წევრია. თუმცა, გელაშვილს, როგორც 4 შვილის დედას, სამსახური ნამდვილად რომ უნდა ჰქონდეს, საკამათო არ არის: „მაგრამ მისი კომპეტენციის შესაბამისი და არა ის, რასაც ვერ შეძლებს. ინფრასტრუქტურის სამსახურში სპეციალისტად მუშაობა ვერ შეძლო, რადგან არ არის სპეციალისტი. თავისუფლად შეეძლო კონკურსში მონაწილობის მიღება, რატომ არ მიიღო? თავად გელაშვილს კითხეთ“.

ახალციხის მერი ირწმუნება, რომ გელაშვილის ამ დრომდე სამსახურში სიარულის შესახებ არაფერი იცოდა: „არ ვიცი, თუ ესე ხდებოდა, ალბათ გაფრთხილება ზუსტად მაგის გამო მისცეს. ამას გავარკვევ და ძალიან მკაცრად დაისჯებიან , თუ ვინმე სადმე ხელს აწერინებდა“.
დადიოდა თუ არა ნანა გელაშვილი სამსახურში და ჰქონდა თუ არა ინფორმაცია გელვასი გელაძეს მისი გათავისუფლების შესახებ, „სამხრეთის კარიბჭემ“ გელაძეს მიმართა. თუმცა, მან საუბარი არ ისურვა. კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს ამავე სამსახურში მომუშავე თანამშრომლებმაც, თუმცა ერთ–ერთმა პირად საუბარში განაცხადა, რომ გელაშვილი სამსახურში ნამდვილად დადიოდა.

„სამხრეთის კარიბჭემ“ მერიისგან ჟურნალის გამოთხოვა სცადა, თუმცა, მერიაში განგვიმარტეს, რომ შიდა დოკუმენტების ნახვის უფლება არ გვაქვს.

როგორ განვითარდება მოვლენები ნანა გელაშვილის საქმეზე, ძნელი სათქმელია. ახალციხის მერი ამბობს, რომ გელაშვილის განცხადებების შემდეგ მის სადმე დანიშვნამდე, დაფიქრდება. გელაშვილი კი ირწმუნება, რომ მის გათავისუფლებას პოლიტიკური მოტივი აქვს და ამის უკან სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი და სუს–ის ყოფილი უფროსი დავით ლომიძე დგანან.

აღსანიშნავია, რომ გელაშვილი პირველი არ არის, ვინც სამსახურებიდან გათავისუფლებების საქმეში ამ პიროვნებებს ახსენებს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დანიშნულ პირებთან, ყოფილ გამგებელთან ბესიკ ბლიაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან ოლეგ სანდროშვილთან და ახალციხის ციხის დირექტორთან ელგუჯა ბიჭაშვილთან დაახლოებული პირები ირწმუნებიან, რომ ამ ჯგუფის კადრებისგან საჯარო უწყებებს წმენდენ. ახალი გამგებლები, მერი და გუბერნატორი კი აცხადებენ, რომ კონკრეტულ მოხელეთა გათავისუფლებას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნანა გელაშვილი: 'მედიასთან ურთიერთობის გამო სამსახურიდან გამათავისუფლეს'
ყოფილი თანამშრომელი მერიის წინააღმდეგ – ნანა გელაშვილი პროკურატურაში ჩივის
გაერთიანებული ბაღების ყოფილი ხელმძღვანელი მერიაში დაასაქმეს
ნანა გელაშვილმა თანამდებობა დატოვა
ახალციხის მერიის ყოფილი თანამშრომლის საქმეზე პროკურატურამ ძიება შეწყვიტა
ახალციხის ბაგა-ბაღებში ერთი კვირით სწავლა შეწყდა
ახალციხის მერიის ყოფილი თანამშრომლის საქმეზე პროკურატურამ ძიება დაიწყო