FM97.5 / LIVE

ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ახლობლებს სოფლიდან ასახლებენ

მთავარისამართალი 28.07.2014
ახალქალაქის სოფელში, სადაც ბებია და შვილიშვილი მოკლეს, დაზარალებულისა და ბრალდებულის ოჯახები ერთმანეთს ამოხოცვით ემუქრებიან; იყო თუ არა მკვლელობაში ბრალდებული შეურაცხადი, როცა მასზე შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი გააფორმა; ამბავი ტრაგედიამდე და ტრაგედიის შემდეგ; უარყოფილი სიყვარულის მკვლელობით დასრულებული ისტორია.

ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ახლობლებს სოფლიდან ასახლებენ

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში 9 თვის ბავშვი და 49 წლის ბებია 10 ივლისს მოკლეს. მომხდარიდან მეორე დღეს მკვლელობაში ბრალდებული 31 წლის გენადი ი. დააკავეს. ბრალდებულმა შვილი და დედა საყვარელ გოგონას, გულიკო ქართველიშვილს მოუკლა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

გულიკო ახალქალაქში, გენადი კი გოგაშენში ცხოვრობდა. გულიკო გოგაშენში ხშირად ბიძასთან დადიოდა. გარდა სოფლისა, მათ შეხვედრა ვარძიასთან ახლოს მდებარე მინდვრებთან, ე.წ. ჭაჭკარშიც უხდებოდათ, აქ გენადის მშობლები და გულიკოს ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ.

გენადი გულიკოს სიყვარულში 2008 წელს გამოუტყდა და ცოლობა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო. ამ დროისთვის გულიკო უკვე გენადის მეზობლად მცხოვრებ რამაზი ნათენაძის საცოლედ ითვლებოდა. ამის გამო, როგორც სოფელში ამბობენ, რამაზს და გენადის ჩხუბიც მოუვიდათ.

„ვუთხარი გულიკო ჩემი საცოლეა და ზემდეტი არაფერი იფიქრო-მეთქი. ბიჭებმა გაგვაშველეს. ამის მერე ის საერთოდ აღარ მინახავს“, - იხსენებს რამაზ ნათენაძე, რომელთანაც გულიკო ქართველიშვილმა დაახლოებით სამი წლის წინ, გერმანიაში იქორწინა. წყვილი ტრაგედიამდე სწორედ გერმანიაში ცხოვრობდა.

ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ახლობლებს სოფლიდან ასახლებენ
ბრალდებულის სახლი

წლების განმავლობაში რომ გენადისთან შეხება არ ჰქონია, ამაზე გულიკო ქართველიშვილიც საუბრობს. თუმცა, ადგილობრივები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ: „გულიკოს გამო გენადიმ სამი ხარი გაყიდა, მისთვის ბევრ ფულს ხარჯავდა. ბოლოს ტელეფონიც უყიდა“.

აღნიშნული სამართალდამცავებთან ჩვენების მიცემისას ბრალდებულმაც დაადასტურა.

გულიკო ქართველიშვილი აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ ამას ხალხი იგონებს: „შვილის და დედის სულს გეფიცებით, გამარჯობის გარდა მისთვის ისიც კი არ მითქვამს, როგორ ხარ-თქო. ალბათ, ჩემი სახელით სხვა ემესიჯებოდა“.

აბუჩად აგდებული სიყვარული

მას შემდეგ, რაც გენადი გულიკოს სიყვარულში გამოუტყდა, ადგილობრივები ამბობენ, რომ გოგოს ნათესავებმა იგი აბუჩად აიგდეს.

იგივეს ადასტურებს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ბრალდებულის ადვოკატი რამინ პაპიძე: „გენადი ყვება, რადგან გოგო მიყვარდა მისიანები მამუშავებდნენ, ტრაქტორები მყავს, იმით მიწას მახვნევინებდნენ და ფულს არ მიხდიდნენ, მჩაგრავდნენ და ვიდრე გულიკო გათხოვდებოდა, მცემდნენ კიდეცო“.

გენადი, რომ გულიკოს ნათესავებმა სცემეს, ამაზე მისი დაც საუბრობს: „მისაღები მივაღებინეთო, უთქვამთ ქართველიშვილებს“.

ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ახლობლებს სოფლიდან ასახლებენ აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს გულიკოს ბიძა, ზაზა გოხაძე, რომლის ეზოშიც ბებია და შვილიშვილი მოკლეს: „გულიკომ მითხრა, გენადის ვუყვარვარ და უთხარი თავი დამანებოსო. ვუთხარი, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა, ზედმეტი არაფერი მიკადრებია“.

გოხაძის თქმით, მაშინ ზედმეტი მისთვის არც გენადის უთქვამს, ერთმანეთს მშვიდად დაშორდნენ, თუმცა ამის მერე გულიკო გენადის ტყვიას შემთხვევით გადაურჩა.

გენადიმ გულიკოს მოკვლა სამი წლის წინაც სცადა?

2011 წლის აგვისტოში ჭაჭკარში, სადაც გულიკო ბებიასთან და ბაბუასთან ერთად ისვენებდა, გენადი იარაღით მივარდა.

„ყვიროდა, ახალგაზრდა გოგო ხარ და შუბლი უნდა გაგიხვრიტოო. კიდევ კარგი მაშინ იქ ჩემი ნათესავებიც იყვნენ, მათ გადამარჩინეს“, - იხსენებს ქართველიშვილი.

მაშინ გენადი მუქარისთვის გაასამართლეს და ორწლიანი პირობითით გამოუშვეს. თუმცა მისი და, დღემდე დარწმუნებულია, რომ მაშინ იქ გენადი გულიკოსთან ფულის ჩასატანად წავიდა და ის რაც მოხდა, გოგოს ნათესავებმა მოუწყეს.

ერთმანეთს გადამტერებული ოჯახები

2011 წლის აგვისტოში მომხდარის გამო გულიკოს ნათესავები და გენადის დების ოჯახები (მას ორი და ჰყავს და ორივე გოგაშენში ცხოვრობს) ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდნენ. გოხაძე სოფლის სკოლაში ისტორიას ასწავლის. იგი ამბობს, რომ იმ კლასებში, რომლებშიც გენადის დისშვილები სწავლობდნენ, გაკვეთილების ჩატარება აუკრძალეს. ამის გამო საათების დათმობაც მოუხდა.

გოხაძე ირწმუნება, რომ 2011 წელს, როცა გენადი გულიკოს მოსაკლავად მიუვარდა, დებმა იცოდნენ, თუმცა, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ოჯახი არ გააფრთხილეს. იგი დარწმუნებულია, რომ დებმა წინასწარ 10 ივლისის ტრაგედიის შესახებაც იცოდნენ, უფრო მეტიც, გენადის გულიკოს დაბრუნება მათ შეატყობინეს: „მკვლელობა დებმა ჩაადენინეს. სულ ისმოდა მუქარა, გენადო მაგათ არ შეარჩენსო. ტვინი დებმა გადაუტრიალეს“.

ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ახლობლებს სოფლიდან ასახლებენ
გია ნათენაძის სახლი

მისივე თქმით, დებმა იცოდნენ, რომ მათი ძმა ფსიქიურად დაავადებული იყო და მიუხედავად ამისა, იარაღს მაინც ინახავდა.

რამდენად კანონიერად ჰქონდა ბრალდებულს იარაღი, სადაო ხდება

ბრალდებულის და იმას, რომ გენადის ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, ადასტურებს, თუმცა იმას, რომ მათ 2011 წელს ჭაჭკარში მივარდნის, ან გოგაშენში მომხდარი ტრაგედიის შესახებ რაიმე იცოდნენ, კატეგორიულად უარყოფს.

ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ახლობლებს სოფლიდან ასახლებენ „გენადი ასათიანზე, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობდა და წამლებსაც სულ სვამდა. იარაღი რომ ჰქონდა, არც მე და არც მამაჩემმა არ ვიცოდით“, - აცხადებს იგი და ამატებს, რომ გენადის ფსიქიური აშლილობა, გულიკოსთან შექმნილი პრობლემების შემდეგ დაეწყო.

ამას გოგაშენში ადგილობრივებიც ადასტურებენ.

„ბრალდებული წლების განმავლობაში ფსიქიატრიულში მკურნალობდა ასათიანზე, თუმცა მიუხედავად ამისა, მას რეგისტრირებული იარაღი და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მართვის მოწმობაც ჰქონდა“, - ამბობს ბრალდებულის ადვოკატი რამინ პაპიძე.

ბრალდებულს რომ რეგისტრირებული იარაღი ჰქონდა, ეს „სამხრეთის კარიბჭეს“ შსს-შიც დაუდასტურეს: „მან იარაღი 2013 წელს გაიფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა საჭირო დოკუმენტს წარადგენდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იარაღს არ დაურეგისტრირებდნენ“.

ადვოკატის თქმით, თუ დადგინდება, რომ ბრალდებულს ფსიქიური პრობლემები ჰქონდა, მაშინ გამოდის, რომ მას იარაღი უკანონოდ გაუფორმეს.

„არავინ იცის შსს-ში მოსთხოვეს თუ არა მას ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამჟამად მისი ფსიქიური მდგომარეობა დადგენილი არ არის. ამიტომ ამის დასადგენად ფსიქიატრიული ექსპერტიზა უნდა დავნიშნოთ“, - აცხადებს პაპიძე.

ხელმოწერები ბრალდებულის დების ოჯახების გასასახლებლად

ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ახლობლებს სოფლიდან ასახლებენ ვიდრე ექსპერტიზა დაინიშნება და ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაირკვევა, მანამდე გოგაშენში დაზარალებულის ახლობლები ბრალდებულის დების ოჯახებს სოფლიდან გასახლებას აიძულებენ. ამ მიზნით, ტრაგედიიდან მეორე დღეს, მათ სოფელში ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს.

კითხვაზე, რატომ აგროვებენ ხელმოწერებს, გოხაძე გვპასუხობს: „გუბერნიას, გამგეობასა და პოლიციას წარვუდგინეთ. საზოგადოებამ ამის შესახებ უნდა იცოდეს“.

ხელმოწერები არც სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში და არც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ შესულა. თუმცა, ხელმოწერების შეგროვების შესახებ იციან გამგებელმაც და გუბერნატორმაც. მათ გარდაცვლილის ახლობლები ტრაგედიიდან მეორე დღეს მოინახულეს.

„ხელმოწერების შესახებ სამმართველოს თანამშრომლები ინფორმირებული არიან და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ იქ არაფერი მოხდეს“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

თავდასხმა ბრალდებულის დის ოჯახზე

მიუხედავად შსს-ს განცხადებისა, გარდაცვლილების ახლობლები და ნათესავები ბრლადებულის დის ოჯახს 18 ივლისს თავს დაესხნენ. გენადის სიძე, გია ნათენაძე სოფლიდან ძმამ გამოიყვანა და ამ დრომდე იგი თავს ძმის ოჯახს აფარებს. სოფელი დატოვა ბრალდებულის მეორე დის ოჯახმაც. სახლიდან წავიდნენ ბრალდებულის მშობლებიც.

„მკვლელები არ ვართ, მაგრამ აღელვებულები ვართ და მეტი სისხლის ღვრა რომ არ მოხდეს, უნდა გაგვერიდონ, არ ვიცი გონება როგორ გადამიბრუნდება და არ მინდა დანაშაული ჩავიდინო“, - ამბობს ზაზა გოხაძე.

იგივეს აცხადებს გულიკო ქართველიშვილის მეუღლე რამაზ ნათენაძე: „თუ არ გადასახლდებიან, სოფელში რომ ავალ და რომელიმეს იქ დავინახავ, ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ!“

გულიკოს მამა გოჩა ქართველიშვილი, რომელსაც შვილიშვილი ხელში, მეუღლე კი გვერდით მოუკლეს, ამბობს, რომ სადაც არ უნდა წავიდნენ, ყველაფერს გააკეთებს მათ შესავიწროვებლად და მშვიდად ცხოვრების უფლებას არ მისცემს: „ყველაფერი დებმა გაუკეთეს, სად დამემალებიან?! არცერთს არ გავახარებ!“

რას ამბობს სოფელი

დაზარალებულებს ეთანხმება ადგილობრივების უმრავლესობა.

„ხალხმა რომ თქვას აქედან არ უნდა გადასახლდნენო, მერე რამე რომ მოხდეს, იმას რაღა ეშველება?“ - კითხულობს ანა თაქთაქიძე.

„სოფელი გასახლებას ითხოვს. ისევ მათი უსაფრთხოებისთვის იქნება უკეთესი აქედან თუ წავლენ, - ამბობს შუახნის ქალი, რომელიც ვინაობას არ ამჟღავნებს, - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელახლა ტრაგედიის დატრიალების საფრთხე რეალურია“.

ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ახლობლებს სოფლიდან ასახლებენ „გასახლებაზე ხელი მოვაწერე, მაგრამ ეს სიგლახით არ გამიკეთებია, ვფიქრობ, ასე სოფელს კიდევ ერთ ტრაგედიას ავაცილებთ“, - აცხადებს ლიანა გელაძე.

არ ეთანხმება თანასოფლელებს გულო ზედგინიძე. მას დაზარალებულებისთვის ბრალდებულის ახლობლების ოჯახების გასახლებაზე ხელი არ მოუწერია: „მე რომ რამე დავაშავო, ჩემი ნათესავებიც უნდა გადაასახლონ?! ვინც დანაშაული ჩაიდინა, ის ხომ კანონით ისჯება. პირველყოფილები ხომ არ ვართ, რომ ოჯახები ჩავქოლოთ?! თუ დები დამნაშავეები არიან, მაშინ ისინიც კანონმა დასაჯოს“.

ბრალდებულის და: „შვილს მომიკლავენ? არ ვიტირებ, წავალ და მეც შურს ვიძიებ“

თუ დამნაშავეები არიან, კანონით დასჯას ითხოვენ ბრალდებულის დების ოჯახებიც. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ერთიც და მეორეც სოფელში დაბრუნებას აპირებს.

ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ახლობლებს სოფლიდან ასახლებენ „ორშაბათს სახლში ვბრუნდები. თუ რამეს მოგვწევენ, ისე დაისჯებიან, როგორც ჩემი ძმა ისჯება. შვილს მომიკლავენ? არ ვიტირებ, წავალ და მეც შურს ვიძიებ“, - აცხადებს მაგული იაკობაძე.

„არაფერი დამიშავებია, სად წავიდე? აქ დავიბადე და გავიზარდე, ჰექტრობით ყანები მაქვს დათესილი, ცხვარი საქონელი და ყველაფერი მაქვს იმისთვის, რაც სოფელში მცხოვრებ გლეხს უნდა ჰქოდნეს, სამართლი არ არის?!“, - კითხულობს მაგული იაკობაძის მეუღლე გია ნათენაძე.

მან მომხდარის შესახებ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს, საქართველოს პრემიერ მინისტრს, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას და სახალხო დამცველის აპარატს წერილობით უკვე მიმართა. ვიდრე წერილებს რეაგირება მოჰყვება, მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

რა და როგორ მოხდა, ზუსტად გამოძიება დაადგენს. მანამდე კი ტრაგედიის მიზეზი გულიკო ქართველიშვილსაც აინტერესებს.

„ვერ გამირკვევია ასეთი გამწარების მიზეზი რა იყო, გასაგებია, რომ ვუყვარდი, მაგრამ ასეთი მკვლელობის ჩასადენად რაღაც სხვა მიზეზი უნდა ჰქონოდა, მაგრამ რა არ ვიცი“, – აცხადებს იგი.

[თამუნა უჩიძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ახლობლებს სოფელში ქვებითა და ხელკეტებით დახვდნენ
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დების ოჯახებს პოლიცია იცავს
ახალქალაქში, ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ახლობლები სოფელში ბრუნდებიან
ექსპერტი: „ახალქალაქში ბებია და შვილიშვილი სპეცდანიშნულების ტყვიებით მოკლეს“
ახალქალაქში ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დის ოჯახი თანასოფლელებმა დაარბიეს
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობის საქმეზე ადვოკატი მოსამართლის აცილებას ითხოვს