FM97.5 / LIVE

ვალეს საავადმყოფოს შენობა იყიდება

მთავარიეკონომიკა 18.07.2012
ქალაქ ვალეს ყოფილი საავადმყოფოს შენობა იყიდება; როდის გაიტანენ შენობას აუქციონზე, ჯერ უცნობია, თუმცა მედპერსონალისთვის ალტერნატიულ ფართს უკვე ეძებენ

ვალეს საავადმყოფოს შენობა იყიდება

შენობაში ამჟამად მხოლოდ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთი ბრიგადა და უბნის სამი ექიმი და ამდენივე ექთანი მუშაობს. ყველა მათგანი ახალციხის რაიონული საავადმყოფოს დაქვემდებარებაშია.

გასული წლის 1 ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტის სამედიცინო დაწესებულებების ცენტრალიზაცია მოხდა, ახალციხის რაიონული პოლიკლინიკა, ახალციხის რაიონის ვალის საავადმყოფო, ახალციხის სარაიონთაშორისო ფსიქონევროლოგიური დისპანსერი, ახალციხის რეგიონული ნარკოლოგიური ცენტრი, ახალციხის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური 03, ახალციხის კანისა და ვენსნეულებათა დისპანსერი და ქალთა კონსულტაცია ფუნქციონირებას ერთ მისამართზე - რუსთაველის #105 ა, ახალციხის რაიონული საავადმყოფოს შენობაში აგრძელებს.

ის, რომ სასწრაფო დახმარების სამსახურის ერთი ბრიგადა ცენტრალიზაციის შემდეგ ტერიტორიულად მაინც ვალეში დარჩა, რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ექიმების თქმით, გარდა იმისა, რომ ვალე ქალაქის ტიპის, საკმაოდ დიდი დასახლებაა, ისინი დამატებით 12 სოფელსაც ემსახურებიან და გარდა ამისა, ვალე პირველი დასახლებული პუნქტია, რომელიც ყველაზე ახლოსაა თურქეთის საზღვართან. ამდენად, აქ ერთი ბრიგადის არსებობა აუცილებელი იყო.

იმის შესახებ, რომ შენობის დატოვება მოუწევთ, თანამშრომლებმა იციან, თუმცა როდის უნდა დაცალონ შენობა,ან სად გააგრძელებენ მუშაობას, ვერ აკონკრეტებენ.

- ”ამბობენ, ეს შენობა აუქციონზე უნდა გაიყიდოსო, მაგრამ დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. ჩვენს გარდა ამ შენობაში უბნის ექიმებიც არიან. სავარაუდოდ, ყოფილი პოლიციის შენობაში გამოინახა თავისუფალი ოთახები და იქ გადაგვიყვანენ. არის საუბარი სახანძროს შენობაზეც. სად და როგორ მოხდება ჩვენი სამსახურის გადასვლა, ვერ გეტყვით“, -ამბობს სასწრაფოს მედდა მარინა კაკაჩიშვილი.

ოჯახის ექიმის მერი ხაბეიშვილის თქმით, ამჟამად შენობაში სალიკვიდაციო პროცესები მიმდინარეობს.

- ”დაახლოებით ორ კვირაში გამოცხადდება ტენდერი და შემდეგ გაიყიდება შენობა. შეგვეძლო თანამშრომლებს გვეყიდა, მაგრამ ამის მატერიალური საშუალება არ გვაქვს. ამიტომ რწმუნებულის დახმარებით ყოფილი პოლიციის შენობაში ალტერნატიული ფართი მოვიძიეთ”, - ამბობს ხაბეიშვილი და ამტებს, რომ საბოლოო ჯამში ექიმები მაინც დაზარალებულნი გამოდიან, - ”თითო ექიმს პრეზიდენტის საჩუქარი 2000 ლარი გადმოგვეცა. ამ თანხის ფარგლებში კაბინეტები გავარემონტეთ. დარჩენილი თანხა მეზობელ ოთახებსაც დავახმარეთ. ახლა რომ გამოვიდეთ როგორც დამოუკიდებელი პირები, გამოდის რომ ოთახები ჩვენ უნდა გავარემონტოთ, რისი საშუალებაც არ გვაქვს. ამიტომ, მივმართეთ რწმუნებულს, რომ ფართი გამოეყო. სასურველი იქნება სასწრაფოც და უბნის ექიმებიც ისევ ერთ შენობაში ვიყოთ“.

ვალეს ყოფილი საავადმყოფოს გაყიდვის თაობაზე, ვალეს ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებუმა გელა გოზალიშვილმა, ორშაბათს, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თათბირზე განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილი საავადმყოფოს შენობა გასაყიდ ობიექტთა ნუსხაშია, ამიტომ ის, რომ ექიმებს შენობის დატოვება მოუწევთ, რეალურია: ”მართალია ჯერჯერობით არ იყიდება და არც მყიდველია, მაგრამ თადარიგს წინასწარ ვიჭერთ. გამოვძებნეთ ალტერნატიული ფართი შესაბამისი კომუნალური პირობებით.

ქალაქის ცენტრში, სტალინის #7-ში, ყოფილი პოლიციის შენობაში არის ადგილი, სადაც ორივე ბრიგადა: უბნის ექიმებიც და სასწრაფოს ექიმებიც შეიძლება შევიყვანოთ”.

სასწრაფო დახმარების ბრიგადისა და უბნის ექიმების გარდა ყოფილი პოლიციის შენობაში უნდა განთავსდეს რწმუნებულის აპარატიც.

გელა გოზალიშვილის თქმით, ის შენობა, სადაც ამჟამად იმყოფებიან, ავარიულია: ”შენობა ძალიან ძველი და ამორტიზებულია, წყალი ჩამოდის, გარემონტებისთვის თანხების გაღებას აზრი არ აქვს. ამოტომ ყოფილი პოლიციის შენობაში გადასვლა ჩვენც მოგვიწევს”.

ყოფილი პოლიციის შენობა ორსართულიანია. პირველი სართული კერძო პირებს ეკუთვნით და სავაჭრო ობიექტებია გახსნილი. მეორე სართული ჯერჯერობით ცარიელია.

გოზალიშვილის თქმით, თუ აღმოჩნდება, რომ ფართი საკმარისი არ არის, არსებობს კიდევ ერთი ალტერნატივა, კულტურის სახლი. თუმცა, ტერიტორიულად პოლიციის შენობა უფრო სტრატეგიულ ადგილას, ქალაქის ცენტრშია. მასზე აქცენტიც ამიტომ კეთდება.

კონკრეტულად როდის მოუწევს შენობის დაცლა მედპერსონალს, შპს ქალთა კონსულტაციისა და კანისა და ვენ-სნეულებათა დისპანსერის დირექტორი მარინა მანველიშვილი ვერ აკონკრეტებს.

- ”ჯერ აუდიტური დასკვნები კეთდება. საწარმოთა მართვის სააგენტოდან კონკრეტულ დავალებებს როცა მივიღებ, მაშინ გაგცემთ პასუხს. ჯერ სამუშაო დასრულებული არ არის”, - აცხადებს იგი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით არც ქონების მართვის სამხარეო სამმართველოს აქვს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალეს საავადმყოფოს შენობა იყიდება
რა განთავსდება ყოფილი ინფექციური განყოფილების შენობაში
ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ახალი შენობა აქვს
ასპინძაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის შენობა აშენდება
მერიის შენობა ინვესტორს ელოდება
სამსულიან ოჯახს გამოსახლებას უპირებენ
ასპინძის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ახალი შენობა აქვს