FM97.5 / LIVE

სამსულიან ოჯახს გამოსახლებას უპირებენ

მთავარიეკონომიკა 28.04.2013
ახალციხის ყოფილ ტუბ-დისპანსერის შენობაში შესახლებულ სოციალურად დაუცველ ოჯახს გამოსახლებით ემუქრებიან

სამსულიან ოჯახს გამოსახლებას უპირებენ
თვითნებური შესახლება

61 წლის ნანა ნემსაძე, რძალთან და მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად, ახალციხეში, ივერიელის ქუჩაზე მდებარე, ყოფილი ტუბ-დისპანსერის შენობაში 4 ნოემბერს, თვითნებურად შესახლდა.

ნემსაძე ამბობს, რომ შენობა დაკეტილი არ იყო და გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო. თუმცა, იმ დღიდან მოყოლებული, ნემსაძეები ყოველდღე, პოლიციის ძალით გამოსახლებას ელოდებიან.

ოჯახის უფროსი ამბობს, რომ წასასვლელი არსად აქვთ და გამოსახლების შემთხვევაში ქუჩაში მოუწევთ ცხოვრება.

”ავადმყოფი ქალი ვარ, ფეხზე ტროპიკული წყლული მაქვს. 1997 წლიდან ქირით ვცხოვრობთ, უამრავი ბინა გამოვიცვალეთ. უკიდურესმა გაჭირვებამ გადამაწყვეტინა ამ შენობაში შემოსვლა”, - გვიყვება ნემსაძე.

მეუღლის მკურნალობისთვის გაყიდული სახლი

ნემსაძეები ახალციხეში საცხოვრებლად ბაღდადიდან, 1977 წელს გადმოვიდნენ. ნანა ნემსაძე 20 წელიწადი მესხეთის სახელმწიფო თეატრში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. ამბობს, რომ მისი დამსახურებაა ახალციხეში თოჯინების წრის ჩამოყალიბება.

იგი გვიამბობს, რომ საცხოვრებელი ბინის გაყიდვა მეუღლის ავადმყოფობის გამო მოუხდა.

”ყველაფერი გავყიდე მის სამკურნალოდ, მაგრამ მაინც ვერ ვუშველეთ. ორი რკინის საწოლის და ლოგინის გარდა არაფერი გვაქვს. თვენახევრის წინ ქონების მართვის დეპარტამენტიდან მოვიდნენ, შეამოწმეს ვიზუალურად და გვითხრეს თქვენ არაფერი დააზიანოთ და შეგიძლიათ იცხოვროთო. რაღაც საბუთზე ხელი მოგვაწერინეს და წავიდნენ. სხვა არაფერი უთქვამთ”, - ამბობს ნანა ნემსაძე.

თუ ნებით არ წახვალთ, ძალით გაგასახლებთ

მას შემდეგ რაც გაუსაძლის პირობებში მცხოვრებმა ნემსაძეებმა მიტოვებული ტუბ-დისპანსერის შენობაში დაიდეს ბინა, ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შეატყობინეს.

„გამგებელსაც და დეპუტატსაც ვუთხარი, რომ შენობაში უკანონოდ შევედი. მითხრეს, თუ არავინ გაგდებთ, იცხოვრეთო. ახლა კი პოლიციის თანამშრომელი მოვიდა, გვითხრა, გიჩივიან და თუ ნებით არ წახვალთ, ძალით გაგასახლებთო”, - გვეუბნება დიასახლისი.

ადგილობრივ ხელმძღვანელობაში გამოსავალს ვერ ხედავენ

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ მიუხედავად გაჭირვებისა, ნემსაძეების ოჯახს შენობის დატოვება მაინც მოუწევს.

„სამწუხაროდ, არანაირი ფართი არ გაგვაჩნია, რომ ეს ოჯახი დავაკმაყოფილოთ. შევეცდებით როგორმე დავეხმაროთ. რა ხერხით გამოვძებნით ფართს, ეს ჯერ არც ჩვენ ვიცით, მაგრამ, ვიმუშავებთ ამ საკითხზე. ცარიელი ფართი, რომელიც მუნიციპალიტეტის ექნება, არ გვაქვს. თვითნებურად შესვლა და ცხოვრებაც არ შეიძლება, რადგან ეს სხვისი საკუთრებაა“, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის დროებით შემსრულებელი ბესიკ ბლიაძე.

ვისი საკუთრებაა ტუბ-დისპანსერის შენობა

ივერიელის ნომერ 15-ში მდებარე „ტუბ-დისპანსერის“ შენობა 2012 წლის ოქტომბრის თვიდან უფუნქციოდაა დარჩენილი. მას შემდეგ, რაც ოპტიმიზაციის შედეგად ყველა სამედიცინო დაწესებულებამ ერთ შენობაში მოიყარა თავი, ტუბ-დისპანსერის მედ-პერსონალი „უნიმედი სამცხე“ ახალციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადავიდა.

ოთხოთახიანი შენობა ეკონომიკის სამინისტროს ”საწარმოთა მართვის ეროვნული სააგანტოს” საკუთრებას წარმოადგენს და ამჟამად შპს-ს „ქალთა კონსულტაცია, კანისა და ვენ-სნეულებათა დისპანსერის“ ბალანსზეა.

შპს-ს ხელმძღვანელმა მარინა მანველიშვილმა გამოსახლების თხოვნით განცხადება პოლიციაში უკვე შეიტანა.
”ამბავი თბილისამდეა ჩასული. კერძო საკუთრებაა და არ მაქვს უფლება ვინმეს საცხოვრებლად დავუთმო. ამიტომ მომიხდა პოლიციისთვის მიმემართა”, - გვეუბნება იგი.

ნემსაძეები გამოსავალს ეძებენ

სოციალურად დაუცველმა ნემსაძეებმა დახმარება საპარლამენტო უმცირესობის წევრს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, ვაჟა ჩიტაშვილსაც სთხოვეს. როგორც ჩიტაშვილმა „სამხრეთის კარიბჭეს“ სატელეფონო საუბარში განუცხადა, მაქსიმალურად შეეცდება გაჭირვებული ოჯახი დროებითი თავშესაფარით მაინც დააკმაყოფილოს.

-„ვფიქრობ გამოვძებნოთ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ალტერნატიული ფართი, რომელიც ამჟამად არ არის დაკავებული და ეს ოჯახი დროებით შევასახლოთ“, - ამბობს ჩიტაშვილი.

ორკვირიანი ვადა ბინის დასაცლელად

იმის გამო, რომ საცხოვრებელ ადგილს ხშირად იცვლიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარება დროებით შეწყვეტილი აქვს. სამსულიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი პენსია და რძლის ხელფასი, 75 ლარია.

როგორც ოჯახის უფროსი ამბობს, უბნის ინსპექტორმა ბინის დასაცლელად ორკვირიანი ვადა მისცა.

- ”ვერსად ვერ წავალთ, სადაც გამოყრიან ჩვენს ნივთებს, იქ დავდგამთ კარავს და ვიცხოვრებთ”, - გვეუბნება ნანა ნემსაძე.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ოთხი თვე გამოსახლების მოლოდინში
ნემსაძეებს აღარ გამოასახლებენ?!
ტუბ–დისპანსერის შენობაში სახურავის ნაწილი ჩამოინგრა
სამსულიან ოჯახს გამოსახლების ეშინია
ვალეს საავადმყოფოს შენობა იყიდება
5 ლარი – მარტოხელა პენსიონერის ერთადერთი შემოსავალი
კომისარიატში შესახლებულებს გამოსახლების ეშინიათ