FM97.5 / LIVE

დაუცველ უსაფრთხოებას შეწირული სიცოცხლე

მთავარისაზოგადოება 10.07.2012
უბედური შემთხვევა ხელოვნურ ტბაზე. გარდაცვლილ ბესიკ სამსონიძის ოჯახი მომხდარში ადგილობრივ თვითმმართველობას ადანაშაულებს. საკრებულოსა და გამგეობაში კი მოუცლელობის გამო კომენტარს არ აკეთებენ;

დაუცველ უსაფრთხოებას შეწირული სიცოცხლე

ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე მდებარე ხელოვნური ტბის გასართობი კომპლექსი, რომელიც მუნიციპალური საკუთრებაა, 30 ივნისს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. მეორე დღეს, პირველ ივლისს აქ 20 წლის ბესიკ სამსონიძე დაიხრჩო.

შემთხვევა ღამის სამი საათისთვის მოხდა. საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის სამი მყვინთავი სამსაონიძეს დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ეძებდა.

“გვამი “ფანტანთან” ახლოს, ხუთი მეტრის რადიუსში ვნახეთ”, - ამბობს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ვეფხია ტატალაშვილი.

გარდაცვლილი ახალციხის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ახალციხის რაიონული საავადმყოფოს პროზექტურაში გადაიყვანა.

ტბასთან არსებული კაფე-ბარის “ასტორიას” ბარ-მენეჯერი გარიკ გასანოვი ამბობს, რომ იმ დროისთვის, როცა უბედური შემთხვევა მოხდა, ბარი დაკეტილი იყო: “როგორც დილით გავიგე, ტბაში სამი ახალგაზრდა ველოსიპედით ცურავდა, ველოსიპედში წყალი შესულა და ჩაძირვა დაუწყია. ორს გამოუცურია, სამსონიძეს კი ცურვა არ სცოდნია და ნაპირზე ვერ გამოსულა”.

ტბასთან მდებარე სასტუმრო “რიოს” დარაჯი ზვიად ტაბატაძე, რომელსაც ველოსიპედები ჰქონდა მიბარებული, იმ ვერსიას, რომ ველოსიპედში წყალი შევიდა, კატეგორიულად გამორიცხავს. გამორიცხავს ვერსიას, იმის შესახებაც, რომ ველოსიპედზე სამნი ისხდნენ: “წყალი ვერ შევიდოდა, მაგრამ რომც შესულიყო და ჩაძირვა დაეწყო, ასე მალე მაინც ვერ ჩაიძირებოდა, გამოსვლას მოასწრებდნენ. ველოსიპედები კიდევ ისეთი მძიმეა, რომ 3 კაცი წყალში ვერ შეათრევდა, ნაპირიდან ტბამდე მისაყვანად 5-6 ადამიანი მაინც დასჭირდებოდა”.

ტაბატაძე ამბობს, რომ ველოსიპედები ტბის კომპლექსის გახსნისთვის თბილისიდან მხოლოდ სამი დღით ჩამოიყვანეს და მას ჩააბარეს. ვინ ჩააბარა ველოსიპედები ტბასთან მდებარე სასტუმროს დარაჯს, ტაბატაძე არ აკონკრეტებს: “არ ვიცი ვინ იყვნენ. იმ საღამოს, ტბა რომ გაიხსნა, ველოსიპედებით სარგებლობა უფასო იყო, ბავშვები წყალში რამდენჯერმე შევიდნენ”.

რაც შეეხება პირველი ივლისის ღამეს, ტაბატაძე ამბობს, რომ მაშინ, როცა ველოსიპედები წყლიდან გამოიყვანა, გარეთ უკვე აღარავინ იყო: “ველოსიპედები ნაპირზე დავტოვე, ვიფიქრე, რომ აქ აღარავინ იქნებოდა და ოთახში შევედი, მაგრამ ამასობაში მოუპარავთ და წყალში შეუყვანიათ. ღამით არაფერი გამიგია., გამთენიისას გამაღვიძეს. ტბაზე რომ გავედი, შემთხვევის ადგილზე უკვე მობილიზებული იყო პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და გვამიც ამოყვანილი ჰყავდათ”.

იმის გამო, რომ ტბა მუნიციპალური საკუთრებაა და ადგილობრივი თვითმმართველობა აქ უსაფრთოების ზომების დაცვაზე არ ზრუნავს, მომხდარში, გარდაცვლილის ოჯახი, ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს.

“სამნი იყვნენ, როგორც ვიცით, ველოსიპედში წყალი შესულა, ამასობაში მობრუნება უცდიათ და ამოყირავებულან – გვიყვება ბესიკ სამსონიძის დედა თინა თურმანიძე - ადგილობრივ თვითმმართველობას ვადანაშაულებთ, ეს ტრაგედია იმის გამო მოხდა, რომ არანაირი უსაფრთხოების ზომები არაა დაცული. ტბას ხსნი პომპეზურად და უსაფრთხოების ნორმებს არ იცავ?! ჯაჭვით მაინც დაებათ ველოსიპედები, ბავშვები ხომ ვერ აწყვეტდნენ”.

თურმანიძე გულისწყევტას, უბედური შემთხვევის შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის უყურადღებობის გამოც გამოთქვამს: “არც საკრებულოდან და არც გამგეობიდან სამძიმარზეც კი არავინ მოსულა. თუ თავად ვერ ახერხებდნენ, წარმომადგენელი მაინც გამოეგზავნათ”.

ვინ, ან რატომ ჩააბარა წყლის ველოსიპედები სასტუმროს დარაჯს, რამდენად იყო უსაფრთხოების ნორმები დაცული, ან რატომ იყო ველოსიპედები ხელმისაწვდომი ნებისმიერისთვის, “სამხრეთის კარიბჭემ” კომენტარის ჩაწერა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობასთან არა ერთხელ სცადა.

“ნახეთ თქვენი ბოლო სტატია სკვერში ხეების მოჭრის შესახებ და მიხვდებით რატომ არ მცალია კომენტარის მოსაცემად”, - გვითხრა სატელეფონო საუბარში ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მალხაზ გიქოშვილმა და ტელეფონი გაგვითიშა.

“სამხრეთი კარიბჭე” ვერც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს გელა დემეტრაძეს შეხვდა, რომელმაც უარი ასევე მოუცლელობით გვითხრა. კომენტარის ჩაწერა მასთნაც ტელეფონით ვცადეთ.

“დაწერეთ, რომ არ მცალია”, – გვიპასუხა დემეტრაძემ.

როგორც “სამხრეთის კარიბჭეს” ტბაზე არსებული კაფე-ბარების “ასტორიასა” და “ფონტანას” თანამშრომლებმა განუმარტეს, ტბაზე უსაფრთხოების ნორმებს არავინ იცავს. რაც შეეხება უშუალოდ კაფე- ბარებს, მას საქართველოს დაცვის პოლიცია მეთვალყურეობს, რომელიც შენობებს სიგნალიზაციის საშუალებით აკონტროლებს. სიგნალიზაცია “ასტორიაში” 3 ივლისს დაამონტაჟეს.

“კომპლექსს მეთვალყურე არ ჰყავს, მაგრამ აქ თუ რაიმე ღონისძიებაა, ტბას კრიმინალური პოლიცია აკონტროლებს”, - ამბობს ტაბატაძე.

“სიმენსის” ტექნიკის უსაფრთხოების უფროსის გიორგი მერაბიშვილის განცხადებით, “ეს პოლიციისა და დაცვის სამსახურის კი არა, შესაბამისი უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენციაა, რომელიც მსგავსი ტიპის გასართობ დაწესებულებებს უნდა ჰყავდეთ”.

უსაფრთხოების სპეციალისტების განცხადებითვე, ქვეყანაში კანონი უსაფრთხოების შესახებ არ არსებობს, მაგრამ ასეთი ტიპის გასართობ ადგილებს სამაშველო სამსახური 24 საათის განმავლობაში უნდა მეთვალყურეობდეს: “არაა დარაჯის ფუნქცია წყალში თუ კაცი იხრჩობა მიეშველოს, ასე შესაძლოა მის სიცოცხლესაც საფრთხე შეექმნეს”.

ისეთი ტიპის გასართობ ობიექტს, როგორიც არის ტბა, ანუ ტერიტორიას სადაც შეიძლება ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას, შესაბამისი უსაფრთხოების სამსახური რომ აუცილებლად უნდა იცავდეს, ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილიც საუბრობს: “ამაზე იმან უნდა იზრონოს, ვისიცაა ტბა. მით უფრო შუაღამეს არ უნდა ყოფილიყო ღია და ხელმისაწვდომი ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის ველოსიპედები”.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველოს” იურისტი ირინე ურუშაძე აქცენტს ველოსიპედის მწარმოებლის პრობლემაზე აკეთებს და ამბობს, რომ შესაძლოა ამ გასართობ საშუალებებს რაიმე დეფექტი ან წუნი ჰქონდა: “თუმცა, ასეთ ობიექტს უსაფრხოების დაცვა და მეტი ყურადღება სჭირდება”.

მომხდარის შესახებ საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო იძიებს. ვისი პასუხისგმებლობის საკითხი დადგება და ვინ არის დამნაშავე გამოძიება დაადგენს.

მანამდე კი, ხელოვნური ტბის ნაპირზე, “სამი დღით ჩამოყვანილი ველოსიპედები”, ამ დრომდე რჩება და უსაფრთხოების ზომებიც დღემდე აქ ისეა დაცული, როგორც ეს პირველი ივლისის ღამეს იყო.

ხელოვნური ტბის გასართობი კომპლექსის რეკონსტრუქცია დაახლოებით ერთი თვეა რაც დასრულდა და მისი მოწყობა დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაჯდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

უბედური შემთხვევა ტბაზე
მერიამ ახალციხის ტბისთვის წყლის ველოსიპედები შეიძინა
ტბა მხოლოდ ერთი სეზონისთვის
კეთილმოწყობის მოლოდინში - რა სჭირდება დამსვენებელს ახალციხის ტბაზე
ახალციხის ტბაზე წყლის ველოსიპედებითა და ნავებით სეირნობა უკვე შესაძლებელია
ახალციხის ტბა სეზონს ჩაბნელებული შეხვდა
ახალციხის ხელოვნურ ტბაზე შადრევნები აღარ მუშაობს