FM97.5 / LIVE

ადვოკატი: 'ბრალდებული ისე სცემეს, რომ საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა'

მთავარისამართალი 24.07.2014
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ბრალდებულის ცემასა და იარაღის ჩადებაში ადანაშაულებენ. რატომ გადაიყვანეს 27 წლის მამაკაცი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან საავადმყოფოში და რა დაუდგინეს მას ექიმებმა;

ადვოკატი: 'ბრალდებული ისე სცემეს, რომ საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა'

გუშინ, 23 ივლისს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისში სამი პირი დააკავეს. სამივე მათგანი ადგილობრივია. მათგან ერთ-ერთს, წარსულში ნასამართლევ გიორგი კ-ს, რომელიც 1987 წელსაა დაბადებული, ბრალი სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით ედება, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ორს კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს.

„გიორგი მეგობრებთან ერთად საბაჟოდან ბრუნდებოდა. მას ძმა ჰყავს თურქეთში, დაურეკა, რომ საჩუქარს უგზავნიდა და იქიდან შემოსულ მანქანას უნდა დახვედროდა. თუმცა, ეს მანქანა არ შემოვიდა, ამიტომ უკან გამობრუნდა და იქიდან მომავალი გზაში დააკავეს“, - გვიყვება ბრალდებულის ადვოკატი ეკა აბაშიძე.

მისი თქმით, ბრალდებული დაკავებისას სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ძირს დააგდეს და თავის არეში სასტიკად სცემეს: „ყვიროდა თავის ტრამვა მაქვს გადატანილი, არ დამარტყათო, მაგრამ არავის ესმოდა“.

როგორც ბრალდებულის დედა ლია ამბობს, გიორგი სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სამმართველოში მიყვანის შემდეგაც სცემეს. ადვოკატი კი აცხადებს, რომ ბრალდებულის თქმით, სამმართველოში ფიზიკურად გაუსწორდნენ მასთან ერთად დაკავებულ ორ პირსაც.

გიორგი მიღებული ტრამვის გამო, სამმართველოში დაკითხვისას ცუდად გახდა და ამიტომ სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. მეორედ მან დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისას გეგმიური სამედიცინო შემოწმება გაიარა. მესამედ კი ექიმის ჩარევა მაშინ დასჭირდა, როცა მის მოსანახულებლად იზოლატორში ადვოკატი შევიდა. ამ დროს იგი წონასწორობას ვეღარ იცავდა, დაეწყო ღებინებაც.

„გასინჯვას არ ვესწრებოდი, ამის უფლება არ მქონდა, მაგრამ, როგორც ვიცი, ტრამვის გამო წნევა 170/100-ზე დაფიქსირდა. ექიმმა ნევროპათოლოგის კონსულტაცია მოითხოვა, ასევე დააფიქსირა, რომ ბრალდებულს უკვე თვალთან სილურჯეც ჰქონდა. ბრალდებულის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - ამბობს აბაშიძე.

მისი განმარტებით, ექიმი შიშობდა, რომ ბრლადებულს ჰემატომა, ანუ თავის ტვინში გაჟონვა ჰქონდა, მაგრამ საბედნიეროდ, ეს გამოირიცხა.
ადვოკატისა და ბრალდებულის დედის განცხადებით, გიორგის თავის ტვინის შერყევა აქვს, თუმცა რა ფორმის, ეს მათთვის უცნობია.

„უკეთესი იქნება, თუ ისევ საავადმყოფოში გადაიყვანენ. არ ვიცი იქ წამლები მიეწოდება თუ არა, ტვინის შერყევა ეს ისეთი რაღაცაა, რომ შეიძლება სამ დღეში მდგომარეობა დამძიმდეს, თან იქ კიდევ რას უზამენ არ ვიცი“, - ამბობს ბრალდებულის დედა.

ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად „სამხრეთის კარიბჭე“ „უნიმედი სამცხე“ ახალციხის საავადმყოფოს პრესსამსახურის წარმომადგენელს თეო ლალიაშვილს დაუკავშირდა, თუმცა, მისგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში კი განგვიცხადეს, რომ ექიმების განმარტებით, გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება და არც ტვინის შერყევა აქვს. რაც შეეხება ცემის ფაქტს, კატეგორიულად გამორიცხავენ: „ბრალდებულს თავის ოპერაცია აქვს გადატანილი და ცუდად ამიტომ გახდა. მან სასწრაფოს გამოძახება მოითხოვა და გამოიძახეს კიდეც სამართალდამცავებმა“.

გარდა ცემისა, დაკავებულის ოჯახის წევრები და ადვოკატი სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს იარაღის ჩადებაშიც ადანაშაულებენ.

„თვითონ აქვს გაფორმებული აკაემის სისტემის იარაღი და ის ავტომატი რად უნდოდა?! თან მანქანა ნათხოვარი ჰყავდა და სხვა მანქანაში იარაღს ჩაადებინებდა? მას იარაღი ნამდვილად ჩაუდეს“, - აცხადებს აბაშიძე.

თუმცა, შსს-ში იარაღის ჩადებასაც კატეგორიულად უარყოფენ.

ადვოკატის თქმით, გიორგი გასულ წელს ქურდობისთვისაა ნასამართლევი. მაშინ მან დანაშაული აღიარა, 6 თვე იჯდა, 2000 ლარი ჯარიმა გადაიხადა, საპროცესო გაფორმდა და ხუთწლიანი პირობითით გამოვიდა: „ახლა მას მშვიდი ცხოვრება უნდა, ამიტომ ჯიბით დანასაც კი არასდროს ატარებს, მაგრამ ახლა მას ცხოვრებას სამართალდამცავები ურევენ“.

აბაშიძე აცხადებს, რომ მომხდარს აუცილებლად გაასაჩივრებს: „გენინსპექციას მივმართავ, უკვე გამოთხოვილი მაქვს სამედიცინო ბარათის სრული ჩანაწერი“.

გიორგი კ-ს ამ დრომდე ბრალი არ წარდგენია, თუმცა, ადვოკატთან დანაშაულს არ აღიარებს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბრალდებულის პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ბრალდებული: ‘კალანდაძემ ჯერ სახეში ჩამარტყა წიხლი და მერე ‘სნოს’ ბოთლი მირტყა’
იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაში ბრალდებულის საქმეზე თვითმხილველი მოწმეები მოხსნეს
ბრალდებული, რომელიც კალანდაძეს ცემაში ადანაშაულებს, მის ამოცნობას ითხოვს
იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაში ბრალდებულს დღეს განაჩენს გამოუტანენ
‘მინდა, რომ შენ ციხეში იყო და იქნები კიდეცო’ – ბრალდებულის ჩვენება სასამართლოში
იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებულის საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა