FM97.5 / LIVE

მესხეთის თეატრს შესაძლოა სახელწოდება შეეცვალოს

მთავარისაზოგადოება 17.03.2014
მესხეთის (ახალციხის) პროფესიულ სახელმწიფო თეატრს შესაძლოა სახალხო არტისტის ნანა დემეტრაშვილის სახელი ეწოდოს; სავარაუდოდ ნანა დემეტრაშვილი იქნება პირველი, ვისაც მესხეთის თეატრის წინ ვარსკვლავს გაუხსნიან. ვინ იყო ნანა დემეტრაშვილი, რა დამსახურება აქვს მესხეთის წინაშე და ვის და რატომ გაუჩნდა იდეა, მესხეთის თეატრი მისი სახელობის გახდეს?

მესხეთის თეატრს შესაძლოა სახელწოდება შეეცვალოს
იდეა - მესხეთის (ახალციხის) პროფესიულ სახელმწიფო თეატრს საქართველოს სახალხო არტისტის ნანა დემეტრაშვილის სახელი ეწოდოს და თეატრის წინ მისი ვარსკვლავი გაიხსნას, გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ მთავარ რედაქტორს ავთანდილ ბერიძეს ეკუთვნის. ბერიძე ამ იდეას რამდენიმე არგუმენტით ამყარებს.

„გასული საუკუნის 70-იან წლებში მესხეთში კულტურის კერა არ არსებობდა. ნანა დემეტრაშვილმა მობილიზება გაუკეთა დასს, ჩამოიყვანა მესხეთში და გააცოცხლა კულტურის კერა. იმ პერიოდში მესხეთის თეატრი ყველას პირზე ეკერა. ნანა არ იყო წარმოშობით აქაური, მაგრამ აქ შედგა, როგორც სახალხო არტისტი. განუზომელია მისი წვლილი მესხეთის თეატრის აღორძინების საქმეში და სხვა რომ წავახალისოთ, მსგავსი ენთუზიაზმი რომ გავუღვიძოთ, ამიტომ უნდა დავაფასოთ იგი“,- ამბობს იდეის ავტორი.

ავთანდილ ბერიძე ფიქრობს, რომ ამით რეგიონების თეატრებისადმი ყურადღებაც გაიზრდება და გარდა ამისა, ღვაწლმოსილი ადამიანების დაფასების პრეცენდენტები შეიქმნება: „არიან ხალხი, რომელთა შესახებაც თაობებმა არაფერი იციან, ის ხალხი ჩვენ თუ არ დავაფასეთ, არავინ დააფასებს. ეს პრეცენდენტები უნდა შევქმნათ, თაობებმა მათ შესახებ უნდა იცოდნენ. ამ იდეით კიდევ ერთი საქმის გაკეთება შეგვიძლია, რეგიონების თეატრისადმი ყურადღება არ ჩანს, ნაკლებია, მხოლოდ თბილისია ყურადღების ცენტრში, საქართველო ხომ მხოლოდ თბილისი არ არის. ეს ყურადღება რეგიონებშიც უნდა გადმოვიტანოთ. სახელის მინიჭება და ვარსკვლავის გახსნა ამისთვის კარგი ბიძგი იქნება“.

იდეა ავთანდილ ბერიძეს ნანა დემეტრაშვილის ქალიშვილთან შეხვედრისას გაუჩნდა.

„გაზაფხულზე ნანასადმი მიძღვნილი თეატრალური დღეები ტარდება მესხეთში, ამასთან დაკავშირებით ნანას ქალიშვილი ანა ნიკოლაშვილი იყო ჩამოსული. მე შევესწარი თეატრში მის ვიზიტს და იდეაც აქედან წამოვიდა“, - გვიხსნის ავთანდილ ბერიძე, რომელმაც ამ თემას უკვე მიუძღვნა წერილი გაზეთ „ლიტერატურულ მესხეთში“ და საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს კულტურის სამინისტროც.

„ლიტერატურულ მესხეთში“ დაბეჭდილ წერილს ხელს აწერენ მესხეთის (ახალციხის)პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლია სულუაშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე სამცხე-ჯავახეთის ისტორიის რეგიონული მუზეუმის ადმინისტრაციული მენეჯერი ციური ლაფაჩი.

„აუცილებლად უნდა დაფასდეს ისეთი ადამიანების ღვაწლი, როგორიც ნანა დემეტრაშვილი იყო. ფაქტობრივად მისი დამსახურებაა დღეს, რომ მესხეთში თეატრი არსებობს“, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე.
მართალია იდეის ხელმომწერია, მაგრამ, ნანა დემეტრაშვილზე საუბარს ერიდება მესხეთის (ახალციხის)პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლია სულუაშვილი. პირად საუბარში იგი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მესხეთის თეატრისთვის ვინმეს სახელის მინიჭების აუცილებლობას ვერ ხედავს.

მისგან განსხვავებით, დემეტრაშვილის დამსახურებებზე საუბარი არ უჭირთ მსახიობის თანამედროვეებს. „ის გმირი იყო, სულის ჩამდგმელი მესხეთის თეატრის“-ასე ახასიათებენ ისინი ნანა დემეტრაშვილს.

მესხეთის თეატრს შესაძლოა სახელწოდება შეეცვალოს

ნანა დემეტრაშვილი ახალციხეს 1966 წელს ესტუმრა. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, დემეტრაშვილის ერთადერთი მიზანი მესხეთში თეატრის აღდგენა იყო.

„მთელი ქალაქი დიდი ინტერესით ელოდა 28 წლის, ქალი რეჟისორის ჩამოსვლას. საყოველთაო-სახალხო ზეიმის სახე მიიღო მისმა ჩამოსვლამ რეგიონში, ის ხომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმისთვის ჩამოდიოდა. ნანა ძალიან მალე დარწმუნდა იმაში, რომ მესხეთში აუცილებელი იყო თეატრის არსებობა, ამისთვის ბრძოლა დაიწყო კიდეც“,- ამბობს ნათელა იაძე და აქვე ამატებს, რომ ერთი წლის შემდეგ ნანა დემეტრაშვილის ძალისხმევითა და კულტურის სამინისტროს დახმარებით მესხეთში თეატრი აღდგა, - „ადვილი არ იყო იმ პერიოდში თეატრის აღორძინება, მითუმეტეს 22 მსახიობის ჩამოყვანა, დაბინავება, კვება... ეს ყველაფერი ნანა დემეტრაშვილმა თავის თავზე აიღო და არასოდეს დაუწუწუნია“.

თეატრის აღდგენიდან მალევე დემეტრაშვილმა პირველი სპექტაკლიც დადგა. ეს იყო ოთარ ჩხეიძის ისტორიული პიესა „თევდორე“. ნათელა იაძის თქმით, ნანა დემეტრაშვილმა 20 წლის განმავლობაში მესხეთის თეატრის სცენაზე 60-ზე მეტი სპექტაკლი დადგა. მათ შორის: შილერის „ყაჩაღები“, მოლიერის „ტარტიუფი“, ნოდარ დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“, „ლამპარი“, „ირმის ტბა“, აკაკი გეწაძის „პაემანი ცაში“, „თეთრი ტბა“ და სხვა.

სამცხე-ჯავახეთის ისტორიის რეგიონული მუზეუმის ადმინისტრაციული მენეჯერი ციური ლაფაჩი იხსენებს, რომ ნანა დემეტრაშვილის ყველა სპექტაკლი სრული ანშლაგით მიმდინარეობდა: „მაშინ მართლა ჰყვაოდა თეატრი. წარმატებული საგასტროლო მოგზაურობით დასმა მთელი საქართველო შემოიარა. ჯერ კიდევ 1976 წელს თეატრი საგასტროლოდ მოსკოვში იმყოფებოდა, 1977 წლის 5 აგვისტოს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებით საპატიო წოდება მიენიჭა მსახიობთა დიდი ჯგუფს. ნანა დემეტრაშვილი იმ ბედნიერ ხელოვანთა გამონაკლისს მიეკუთვნება, რომელმაც მოკლე დროში სასცენო მოღვაწეობით მაყურებელთა აღიარება და სიყვარული მოიპოვა“.

საქართველოს სახალხო არტისტი ნანა დემეტრაშვილი 2011 წლის 13 აგვისტოს, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამდენი წლის შემდეგ, ნანა დემეტრაშვილს, წელს მესხეთში ისევ გაიხსენებენ. 26 აპრილს მესხეთის თეატრის სცენაზე ნანა დემეტრაშვილის დაბადებიდან 75 წლისადმი მიძღვნილი საღამოს გამართვა იგეგმება.

ნანა დემეტრაშვილის ღვაწლზე ფიქრობენ ადგილობრივ თვითმმართველობაშიც. არსებობს იდეა, ახალციხის იმ ქუჩას სადაც ნანა დემეტრაშვილი ცხოვრობდა, მისი სახელი მიენიჭოს და მემორიალური დაფაც გაკეთდეს. რა როგორ იქნება, დეტალები ამ ეტაპზე თანხმდება.

მესხეთის თეატრს შესაძლოა სახელწოდება შეეცვალოს

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ნანა დემეტრაშვილმა 20 წელი გაუძლო ინტრიგებს' - მესხეთში რეჟისორის შემოქმედება გაიხსენეს
ნანა დემეტრაშვილის საიუბილეო დღეების ღონისძიებათა განრიგი
ახალციხეში ნანა დემეტრაშვილის საიუბილეო დღეები დაიწყო
რას ნახავს მაყურებელი ნანა დემეტრაშვილის საიუბილეო დღეებზე
ნანა დემეტრაშვილის საიუბილეო დღეების პირველი დღე დასრულდა
გამოფენა, სპექტაკლები, სტუმრები, ფეიერვერკი - ქართული თეატრის დღე მესხეთში აღნიშნეს
მესხეთის თეატრი 140 წლის იუბილეს ზეიმობს