
მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება დღეს დილით დაიწყო. ინფორმაციას JAMnews
ავრცელებს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „სომხეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მოქმედებების აღსაკვეთად და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აზერბაიჯანის არმიის ხელმძღვანელობამ მთელი ფრონტის გასწვრივ, კონტრშეტევითი ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქმედებაში ჩართულია პირადი შემადგენლობა, სატანკო ქვედანაყოფები, სარაკეტო-საარტილერიო შენაერთების, საბრძოლო ავიაციისა და უპილოტო საფრენი აპარატების მხარდაჭერით. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ „ელვისებური კონტრშეტევითი ოპერაციის“ შესახებ განაცხადა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანი საბრძოლო მოქმედებების დიდი ხნის წინ დაგეგმვაში დაადანაშაულა. „ნებისმიერმა, ვინც საბაზისო სამხედრო ცოდნას ფლობს, იცის, რომ კონტრშეტევის დაგეგმვას კვირები სჭირდება. აზერბაიჯანმა კი მაშინვე ოფიციალურად განაცხადა „კონტრშეტევის“ შესახებ. ესკალაციის შესახებ გაკეთებული განცხადებიდან რამდენიმე წუთში, აზერბაიჯანულმა და თურქულმა მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს მასალები ფრონტის წინა ხაზიდან, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ პროვოკაცია აზერბაიჯანის პროვოცირებულია და დიდი ხნის წინ არის დაგეგმილი“.
მოგვიანებით, აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტრომ განაცხადა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მკვეთრად შეიზღუდა ინტერნეტი – „სომხეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი პროვოკაციის აღსაკვეთად“. „იმედი გვაქვს, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეები გაგებით მოეკიდებიან შეზღუდვებს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ინტერნეტთან დაკავშირებით კონფლიქტური ვითარების გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.
მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტმა, არაიკ არუთუნიანმა საომარი მდგომარეობა და 18 წელზე უფროსი ასაკის პირთა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა.
„ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ არ ვართ ომის მომხრეები, მაგრამ მზად ვართ ამისთვის. ჩვენზე მეტად არავინ არის მშვიდობის მომხრე და არავის ჩვენზე მეტად არ უყვარს მშვიდობა. ომი არ გვინდოდა, ის თავს მოგვახვიეს და ვალდებული ვართ დავიცვათ ჩვენი სამშობლო და ოჯახები. ჰუმანიტარულ კატასტროფაზე, რომელიც რეგიონს ემუქრება, პასუხი პირადად აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს მოეთხოვება“, – განაცხადა არუთუნიანმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ფრონტის ხაზზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას მიმართა.
მისი განცხადებით, 27 სექტემბრის დილას, სომხეთმა დასახლებული პუნქტები და აზერბაიჯანის არმიის პოზიციები დაბომბა. პრეზიდენტის თქმით, მტრის ცეცხლის შედეგად, მშვიდობიან მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ სამხედრო მოსამსახურეთა შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები.
„მათი სისხლის გამო შურს ვიძიებთ“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა და თქვა, რომ თავდასხმის შედეგად განადგურებულია მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკის დიდი რაოდენობა“.
ყარაბაღის სადავო ტერიტორიაზე აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმენთს მიმდინარე წლის ივლისშიც დაუპირისპირდნენ. შეტაკებებს 16 ადამიანი ემსხვერპლა.
სომხეთსა და აზერბაჯანს შორის კონფლიქტი მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო, ამ დროს ეთნიკურად სომხებით დასახლებული ტერიტორია იოსებ სტალინმა საბჭოთა აზერბაიჯანში ავტონომიურ ოლქად გადააკეთა. ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს განახლდა.
მასალა მომზადებულია
JAMnews–ის ჟურნალისტების მიერ.