FM97.5 / LIVE

ერთი გოგონა და სამი ქალი – მოგონებები აფხაზეთზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.08.2020
ახალციხეში „დევნილთა დასახლებაში“ ვარ. დღეს, 14 აგვისტოა, დღე, როცა 28 წლის წინ აფხაზეთის ომი დაიწყო.

gagra-_saqarTvelos-erovnuli-arqivi
გაგრა, ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი

ნაძვის ძირში ხის გრძელ სკამზე სამი თაობა ზის. პატარა ბავშვი, ახალგაზრდა გოგონა და ასაკიანი ქალი.

ასაკიანს თავიდან საუბარი არ უნდოდა, ხელი აიქნია და სკამიდან ისე სწრაფად წამოდგა, მივხვდი უჭირდა იქაურობის გახსენება. მერე პატარა გოგონამ, რომელიც იქვე თამაშობდა და ჩვენს საუბარს მოჰკრა ყური მომიახლოვდა და ხმამაღლა მითხრა – მე აფხაზეთიდან ვარ!

პატარა გოგონა ნიცა გვაზავაა, 6 წლის, დედისგან იცის, რომ აფხაზეთიდანაა.

ნიცას ფრაზამ ჩემთან მოსაუბრე ქალბატონი გააღიმა და მომიყვა რომ ოჩამჩირიდანაა.

„ოჩამჩირე ახალციხესავით პატარა ქალაქია, იქაური პურის გემო ახლაც მახსოვს. ჩაის ფაბრიკაში ვმუშაობდი. ქალაქში ხორცკომბინატიც იყო, გვქონდა ზღვა, ვცხოვრობდით მშვიდად, ვმუშაობდით. ვის უნდოდა ომი! ახლა ინტერნეტით სურათებს ვნახულობ და იქ ყველაფერი დანგრეულია, ძალიან მინდა წასვლა, წავალთ? – მეკითხება.

მე მხოლოდ უხერხულად ვუღიმი.

ელენა მარჩენკო აგუძერაში ცხოვრობდა, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. 1992 წელს, 24 წლის იყო, სექტემბრის დასაწყისში, ოჯახის წევრებთან ერთად გემით მოუწია იქაურობის დატოვება. იხსენებს რომ ოჩამჩირესთან დაბომბეს. გემი ფოთში შევიდა.

„აგუძერაში ისევ ვიცხოვრებდი. ახლა, ახალციხის გარდა ვერსად ვერ ვჩერდები. ახალციხე და აგუძერა. ზღვა მიყვარს, მიმოზებს რომ ვხედავ აფხაზეთი მაგონდება. სულ მეგონა რომ დავბრუნდებოდით. ხვალ–ხვალ ხვალ, მაგრამ . . . – ამბობს ელენა.

ნაზი მიქაია გაგრაში ქმართან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობდა. მას დაწვრილებით ახსოვს 1992 წლის 14 აგვისტო.

„პარასკევი დღე იყო, მეუღლე და ჩემი პატარა ბიჭი სახლში იყვნენ, მე დილით უნდა წავსულიყავი გოგოების ჩამოსაყვანად, რომლებიც ჩემი მშობლების ოჯახში იყვნენ მეხრეულში (გულრიფშის მუნიციპალიტეტი).

ვჩქარობდი. ელექტრიჩკა ცხრაზე გადიოდა დილით და უნდა მიმესწრო. გამოვედი, უნდა შევიდე ლიფტში და მესმის გარდაცვლილი დედის ხმა – ბავშვს ნუ დატოვებ! მეთქი მომესმა, ამ დროს მეზომელი სომეხი ქალი გამოვიდა და მეუბნება – ბავშვები მერე ჩამოიყვანე, ახლა სოჩაში წავიდეთო. უარი ვუთხარი. ისევ მომესმა დედის ხმა. მეთქი შევიდე ბავშვი წამოვიყვანო, ზურიკო (ქმარი) გადაირევა, აქამდე არ წასულხარო. მაინც შევედი სახლში, მერაბს (შვილი) ჩავაცვი და ელექტრიჩკასაც მივუსწარით“.

იხსენებს რომ პირველი საათი იყო როცა სოხუმში ჩავიდა. ჯერ ბაზარში შეიარა რაღაცების საყიდლად, იყიდა კალათა, რომელზეც ამბობს რომ ოჯახის რელიქვიაა, რადგან აფხაზეთიდან მხოლოდ ეს კალათა დარჩა.

„ექვსი ნომერი მარშუტკა მიდიოდა მეხრეულამდე და მას უნდა გავყოლოდი, ჯერ ბაზარში დავიწყე ვაჭრობა და ამ დროს, დაახლოებით ორის ნახევარი იქნებოდა გავიგონე სროლის ხმა, ავტომატების, მერე ვიღაცამ თქვა ომი დაიწყოო. დავავალე მერაბს ხელი და 41 ნომერ მარშუტკაში ავედი, აეროპორტამდე გავყვები–თქო. ხალხი უკვე აირია ერთმანეთში. კინოთეატრ აფსნისთან გააჩერეს მარშუტკა და ჩამოვედით ყველა, იქით სროლებიაო და ვეღარ წახვალთო“, – მიყვება ნაზი მიქაია.

ამბობს რომ, სოფლამდე ვერ ჩააღწევდა და ბიძაშვილთან მივიდა, ის ღამე ბესლეთში, ბიძაშვილის მაზლის სახლში გაათენეს.

„მთელი ღამე ისროდნენ, გვესმოდა კივილი, თუმცა მაინც არ გვჯეროდა, რომ მართლა ომი დაიწყო. მეორე დღეს ჩემმა ბიძაშვილმა, თქვა გოგოების კაბები მაქვს წყალში ჩამბალი, ის მაინც გამეფინაო და წავედით სოხუმში. არ გვჯეროდა ომის დაწყების. იქიდან წავედი სოფელში, მაჭარას გაჩერებასთან ნაცნობმა მიმიყვანა, საიდანაც ჩემს სოფლამდე შვიდი კილომეტრია, მაცვია მაღალქუსლიანები და მივდივარ შვილთან ერთად, მეზობელი დამეწია ბორია ბიძია, გადაირია კაცი, აქ რა გინდაო და წამიყვანა. იქ სამივე შვილი შევკრიბე, მერე ქმარიც ჩამოვიდა“, – მიყვება.

ახალციხეში, ოჯახთან ერთად, 1993 წლის 14 იანვარს ჩამოვიდა და მის შემდეგ აქ ცხოვრობს.

„რაც ტალახი, ყინვა და თოვლი არ მენახა“ , – აქ ვნახე, ამბობს უკვე ღიმილით.

დარდობს რომ იმდროინდელი არცერთი ფოტო არ აქვს.

„ალბომი მაინც მქოდეს, დედაჩემის, მამაჩემის სურათები, მერაბის ძეობის ფოტოები, იქ ყველა ჩემი ახლობელი იყო. კალათი დამრჩა მხოლოდ, ისიც ჩვენსავით ლტოლვილია“.

აფხაზეთის ომმა, რომელიც 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა, სხვადასხვა მონაცემით, 10 ათასიდან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა. დევნილად იქცა 300 ათასამდე ადამიანი.

ochamchira-abkhazia-96-airport-hotel
ფოტო: ოჩამჩირე

[გულო კოხოძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არის ერთი ქალი . . .
აფხაზეთიდან ახალციხეში – დევნილები 25 წლის შემდეგ [Photo/Video]
‘ზღვაში შემთხვევით აღმოვჩნდი, ახლა მის გარეშე არ შემიძლია’ - ასპინძელი მეზღვაური
ახალგაზრდა მამაკაცს დედასა და მეზობლებზე ძალადობაში ადანაშაულებენ
'ყველაფერი კარგადაა' – ამბობენ ისინი, თუმცა მაინც წარსულს მისტირიან [ფოტო]
‘როცა თოჯინებით თამაში მინდოდა,  უკვე შვილი მყავდა’ - ორი ამბავი ნაადრევ და იძულებით ქორწინებაზე
‘სახლში არ თქვა, რომ ომი დაიწყო და ცხინვალში მივდივართო’ – ომის გმირი ადიგენიდან