FM97.5 / LIVE

აფხაზეთიდან ახალციხეში – დევნილები 25 წლის შემდეგ [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.09.2018
„გამსახურდიამ თქვა, გალელებს საფრთხე არ გემუქრებათო და დავუჯერეთ. იმ ღამესვე თორმეტ საათზე სახლები დაგვატოვებინეს და შიშვლები გამოგვყარეს. დედამთილ–მამამთილი ეზოში დახვრიტეს. ჩვენ ხაშურამდე საქონლის ვაგონებით ჩამოგვიყვანეს“, – დევნილები ომის დღეებს იხსენებენ.

აფხაზეთიდან ახალციხეში – დევნილები 25 წლის შემდეგ [Photo/Video]
ნაზი ხეცურიანი


დღეს, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა. ომის შედეგად ასობით ათას ქართველს სახლ–კარის დატოვება მოუწია. მათი ნაწილი ახალციხეში ცხოვრობს.

"ჩემი სახლი სოხუმია, ყაზბეგის რვა ნომერში ვცხოვრობდით, ქართველებიც მოდიოდნენ, აფხაზებიც და შინ მუდამ ლხინი გვქონდა. ახლა როგორც გავიგე, სახლის ადგილზე ქვაც აღარ გდია. ომი რომ დაიწყო, „პერევალზე“ გადმოსვლისას ორი კვირა შეყოვნება მოგვიწია, შიმშილით ვიხოცებოდით ბავშვებთან ერთად, მერე უკრაინელებმა ვერტმფრენებიდან პური გადმოყარეს და ამან გადაგვარჩინა. მათი ვერტმფრენებითვე დავაღწიეთ თავი იქაურობას. მეუღლე ასმეთაური იყო, ბრძოლაში დაიღუპა, ჩემი შვილიც ავტომატით ხელში იყო და კიდევ კარგი ის მაინც გადამირჩა,“ – გვიყვება ნაზი ხეცურიანი, რომელიც ახალციხეში რუსთაველის N113–ში ცხოვრობს.

აფხაზეთიდან ახალციხეში – დევნილები 25 წლის შემდეგ [Photo/Video]
ეკატერინე ფეიქრიშვილი


მის მეზობლად მცხოვრები ეკატერინე ფეიქრიშვილი წარმოშობით ადიგენიდან, სოფელ არლიდანაა, ქორწინების შემდეგ კი გალში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა: „გამსახურდიამ თქვა, გალელებს საფრთხე არ გემუქრებათო და დავუჯერეთ. იმ ღამესვე, თორმეტ საათზე სახლები დაგვატოვებინეს და შიშვლები გამოგვყარეს. დედამთილ–მამამთილი ჩვენი სახლის ეზოში დახვრიტეს. რომ ვეხვეწებოდი წამოდით მეთქი, ეზო–კარს არ დავტოვებთო ამბობდნენ. ხაშურამდე საქონლის ვაგონებით ჩამოგვიყვანეს“.

აფხაზეთიდან ახალციხეში – დევნილები 25 წლის შემდეგ [Photo/Video]
შაქრო კოპალიანი


ახალციხეში, რუსთაველი N115–ში მცხოვრები 84 წლის შაქრო კოპალიანი აფხაზეთის ომში შვილთან ერთად იბრძოდა. ომს თავად გადაურჩა, მისი 28 წლის ბიჭი კი ბრძოლის ველზე დაეცა: „იქვეა დამარხული, 25 წელი გავიდა და მისი საფლავი არ მინახავს. ეს ხომ ომი არ იყო! რომ ამბობენ, აფხაზმა დაგვამარცხაო, არ არის ასე, ჩვენ რუსმა დაგვამარცხა! ბავშვებს რომ წავაქეზებდით აბა დაეჭიდე თუ მოერევიო, ასე წაგვაქეზა რუსეთმა, ჩვენ ხომ წამოვეგეთ და აფხაზები კიდე უარესად“.

შაქრო კოპალიანი აფხაზეთის ომის შემდეგ წლების განმავლობაში ბორჯომში, ცხოვრობდა, მოგვიანებით კი ბინა ახალციხეში მიიღო: „წლების მერე როგორც იქნა მაღირსეს ბინა. სიარული არ შემიძლია, 85–ე წელში ვარ, მარა სოხუმი ისე მენატრება, რომ გამიშვა ფეხით ჩავალ“.

აფხაზეთიდან ახალციხეში – დევნილები 25 წლის შემდეგ [Photo/Video]
დები გულნაზი და მედეა ბლიაძეები


სოხუმიდან 80 კილომეტრში, დაბა ბიჭვინთაში ცხოვრობდნენ დები მედეა და გულნაზ ბლიაძეები. ომის დაწყებიდან ორ თვეში, სოხუმიდან ფოთისკენ მიმავალი გემით დატოვეს აფხაზეთი. მას შემდეგ ახალციხეში, სასტუმროში, 17 წელი იცხოვრეს, მოგვიანებით კი სახელმწიფომ ბინა საკუთრებაში გადასცა და სხვა დევნილ ოჯახებთან ერთად ხანძთელის ქუჩაზე, ორსართულიან კორპუსში დასახლდნენ.

„ოქტომბერში გემით წამოვედით, ადგილობრივი სამი გოგო ვიყავით. წამოსვლამდე სოხუმში გემს ველოდებოდით, ვიცოდით რომ ტყვია–წამლით დატვირთული უნდა ჩამოსულიყო და ბიჭები შეტევისთვის ემზადებოდნენ. გემი როგორც კი მოვიდა ჩამოტვირთვა დაიწყეს, ხვალვე შეტევაზე გადავალთო ამბობდნენ, მაგრამ ყუთები რომ გახსნეს, იქ ტყვია–წამლის ნაცვლად თევზის კონსერვები აღმოჩნდა. დღემდე არავინ იცის ჩვენამდე საიდან და როგორ მოვიდა ეს გემი“, – გვიყვება 70 წლის გულნაზ ბლიაძე.

80 წლის მედეას აფხაზეთი ხშირად ესიზმრება: „ყოველ ღამე ვნახულობ, როგორ მივდივარ და ვეუბნები აფხაზებს – მე თქვენ არ დამვიწყებიხართ, ძალიან მიყვარხართ და მენატრებით. იქ ისეთი აფხაზი ბიჭები დაიხოცნენ, საკუთარ ძმებში არ გავცვლიდი მათ, აფხაზები დღესაც ნანობენ რუსებს რატომ დავუჯერეთო“.



სამცხე–ჯავახეთში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან 2 414 ადამიანია რეგისტრირებული, მათი უმრავლესობა – 2 017 ბორჯომში ცხოვრობს, 344 კი ახალციხეში.

ქართულ–აფხაზური კონფლიქტი ქართული სამთავრობო ჯარებისა და აფხაზეთის მხარეს მებრძოლი სეპარატისტების მონაწილეობით 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა, რამაც 20 000-დან – 30 000-მდე ეთნიკურად ქართველის და 2 500-დან – 4 000-მდე აფხაზის სიცოცხლე შეიწირა. 25 0000–ზე მეტმა კი საკუთარი სახლ–კარი დატოვა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში თავშესაფრის ძებნა დაიწყო.

[ავთო ინასარიძე, ნანა ინასარიძე – ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

26 წელი აფხაზეთის ომიდან –ახალციხეში გარდაცვლილი გმირები გაიხსენეს
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 24 წელი გავიდა
27 წელი ომიდან – ახალციხეში აფხაზეთის ომის გმირები გაიხსენეს
სოხუმის დაცემიდან 23 წელი გავიდა
სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა
ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს
სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა