
ჯავახეთის 103 სკოლიდან 83 სომხურენოვანია. საკარანტინო რეჟიმის ფარგლებში, უკვე ერთ თვეზე მეტია ყველა სკოლა დაკეტილია. შესაბამისად, მოსწავლეების და მასწავლებლებიც, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, გაკვეთილების დისტანციურად ჩატარების გზებს ეძებენ.
იმ რეგიონებისგან განსხვავებით, სადაც ინტერნეტი მარტივად ხელმისაწვდომია, ჯავახეთის სოფლებში ეს პრობლემაა, ხოლო იქ, სადაც ინტერნეტია, მოსწავლეებს შესაბამისი ტექნიკის, კომპიუტერის ან პლანშეტის არქონაც ხელს უშლით.
ქალაქ ნინოწმინდის სოფელ გორელოვკას ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებელი ნანა შუბითიძე, მოსწავლეებს უმეტესად ფეისბუკის „მესენჯერით“ ეკონტაქტება. თუმცა ბევრ გორელოვკელ მოსწავლეს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს და მასწავლებელს გამოსავლის ძებნა უწევს. “ვცდილობთ, რომ ტელეფონით ჩავუნიშნოთ დავალებები და რამე გაუგებრობა თუ არის მშობლებიც გვირეკავენ“, - ამბობს ნანა შუბითიძე.
განათლების სამინისტროს რეკომენდაციით, სკოლებში დისტანციური სწავლებისთვის მთელ საქართველოში Microsoft Teams-ის პლატფორმას იყენებენ, ნანა შუბითიძისთვის, ეს მეთოდი მისთვის ეფექტური მხოლოდ მაღალ კლასებში აღმოჩნდა – „მაღალი კლასის ბავშვებს არ გაუჭირდათ რეგისტრაცია, ასევე ვიყენებთ მესენჯერს, მაქვს ჯგუფები შექმნილი და სასწავლო რესურსსაც იქ ვუგზავნი. ბავშვები კლასებში ბევრნი არ არიან და ამ შემთხვევაში მესენჯერიც ეფექტურია“.
როგორც კომპიუტერების, ასევე ინტერნეტთან წვდომის პრობლემაა ახალქალაქის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაშიც. სკოლის დირექტორი, გარნიკ გრიგორიანი ამბობს, რომ მოსწავლეების საკუთარი ხარჯებით მობილური ინტერნეტის შეძენა უჭირთ.
„როცა დაიწყო დისტანციურ სწავლებაზე საუბარი, ჩვენ დავუკავშირდით ბავშვებს viber-ის საშუალებით. ახლა კი სამინისტრომ შემოგვთავაზა ორი პლატფორმა. ინტერნეტი არის, მაგრამ ტექნიკის პრობლემა გვაქვს, რადგან ამდენი კომპიუტერი არ არის, თუ მათ არ აქვთ კომპიუტერი, შემოდიან ტელეფონით, ტელეფონის ინტერნეტი კი ძვირი ღირს, იმისთვის, რომ დაესწრონ გაკვეთილებს“, - ამბობს ბეჟანოს სკოლის დირექტორი.
განათლების სამინისტროს ახალმა პროექტმა „ტელესკოლამ“, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხზე“ გადის, ქართულენოვანი სკოლებისათვის სიტუაცია ერთგვარად შეამსუბუქა. მათ, ვისაც არ ჰქონდა ინტერნეტი გაკვეთილების მოსმენა ტელევიზიის საშულებით შეუძლიათ, თუმცა იმავეს ვერ აკეთებენ არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეები. გაკვეთილები მათთვის ხელისაწვდომ ენაზე არ არის.
„ტელესკოლაში“ გადის „ქართული, როგორც მეორე ენის“ გაკვეთილები. დანარჩენს ჩვენს სკოლაში დისტანციურად ვატარებთ. მაგალითად Teams-ით, მესენჯერის მეშვეობითო“ - ამბობს ახალქალაქის სოფელ ტურციხის სკოლის დირექტორი შორენა აკოფაშვილი. მისი თქმით ამ სკოლაში ასათივე მოსწავლეს აქვს წვდომა ინტერნეტთან.
განათლების სამინისტროს ვებგვერდზე წერია, რომ ტელესკოლას ეტაპობრივად დაემატება გაკვეთილები აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე. თუმცა მეორე არხი, სადაც ტელესკოლის გაკვეთილები გადის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ზოგიერთ სოფელში, მაგალითად ახალციხის სოფელ წყალთბილში, საერთოდ არ აჩვენებს. „სოფელში კაბელური ტელევიზია არ არის და არ არ აჩვენებს ეს არხი. ვიყენებთ „ზუმს“, „ვაიბერს“, „ვოთსაფს“, „მესენჯერს“ - გვიყვება წყალთბილის საჯარო სკოლის დირექტორი, სვეტლანა ნახაპეტიანი. ისეთ მოსწავლეებს კი, რომლებსაც ინტერნეტი ან კომპიუტერი არ აქვთ, მასწავლებლები ტელეფონით უკავშირდებიან.
მუნიციპალურ ცენტრებში მსგავსი პრობლემები ნაკლებად აქვთ და ონლაინ გაკვეთილებიც ჩვეულებრივ რეჟიმში ტარდება „სკოლაში სულ 609 ბავშვია და ყველა ჩართულია ონლაინ სწავლებაშიო“, - ამბობს ახალციხის N3 საჯარო სკოლის სუსანა აკოფოვა.
განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ ქართულენოვანი სკოლებისგან განსხვავებით, არაქართულენოვანი მოსწავლეები არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან. ქვეყანაში შექმნილმა საგანგეო სიტუაციამ კი, არა მხოლოდ ახალი პრობლემები შექმნა, არამედ გამოააშკარავა უკვე არსებულიც: „ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ სკოლების ნაწილს, სახელმწიფო ბოლო რიგში მიმართავს ხოლმე და იმდენი ძალისხმევა არ გაიღება მათი მოსწავლეებისთვის, რამდენიც სხვებისთვის. ეს ეხება, მაგალითად, ეთნიკურ უმცირესობებს, ასევე პატარა სოფლისა და მაღალმთიანი დასახლებების სკოლებს. განსაკუთრებული პრობლემა ჩნდება იქ, სადაც ამ ფაქტორის კომბინაციაა. მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობა, რომელცი უმცირესობების ენაზე სწალობს, რამდენიმე პრობლემის წინაშე დგება“.
ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ქართული ენის გაგების პრობლემა თავად პედაგოგბსაც აქვთ, რის გამოც, მათთვის ხშირად სახელმწიფო პროგრამებიც გაუგებარია.
„ისედაც ძალიან ნაკლული რესურსია ყველასთვის, საერთო ფორმაც არ არის მაინც და მაინც ეფექტური, როცა ლექციებს კითხულობენ და თუ ამ დროს მოსაწვლეების ენაც არ არის გათვლისწინებული, უფრო მეტი პრობლემა იქმნება. ეს კიდევ უფრო აღრმავებს არსებულ პრობლემას და უთანასწორობას სხვადსხვა სკოლებს შორის“, - ამბობს ჯანაშია.
გამოწვევად რჩება არაქართულენოვანი სკოლებისათვის გამართული რესურსის შექმნაც. ხარვეზებია სომხურად ნათარგმნ წიგნებშიც, ტექსტებში შინაარსობრივი შეცდომებია, რის გამოც მოსწავლეებს დავალებებს
ვერ წერენ.
„ქართულენოვანი მოსწავლეებისათვის ბევრად უფრო მარავალფეროვანი და გამართული რესურსები არსებობს, ვიდრე არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის და შემდეგ ეს იწვევს დამატებით პრობლემას. სკოლები ცდილობენ სხვა, მეზობელი ქვეყნებიდან შეივსონ ეს დანაკლისი. ეს კიდევ ცალკე პრობლემაა იმიტომ, რომ ის სხვა სასწავლო გეგმისთვის, სხვა სახელმწიფო ინტერესებისთვის არის მორგებული“.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ჯავახეთის არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლემა, ამ სიტუაციაში, სასწავლო პროცესის წარმართვისთვის ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ, რადგან სახელმწიფო მათ დახმარებას აგვიანებს.
„ჯობია გმოიყენონ ყველა ხერხი, რაც მათთვის არინ ნაცნობი, ვიდრე შეეცადონ რომ ივარჯიშონ რაღაც ახალ პროგრამებში, რომლებიც მათთვის უცნობია და მერე როდესაც ამ პროგრამებს შეისწავლიან დაიწყონ სწავლება ბაშვებისთვის. ასე რომ, რაც უფრო ნაცნობ პროგრამას გამოიყენებენ უკეთესი იქნება“, - აცხადებს სიმონ ჯანაშია.
სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით სულ 162 სომხურენოვანი სკოლაა. მათი უმეტესობა ჯავახეთში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მდებარეობს.
სტატისტიკური მაჩვენებელი კი ასეთია:
ახალქალაქი - სულ 65, მათგან:
სომხური - 53
ქართული -9
სომხურ-ქართული - 2
რუსული - 1
ნინოწმინდაში სულ - 38, მათგან:
სომხური - 30
ქართული - 4
რუსული - 3
ქართულ-სომხური - 1
ახალციხეში სულ 38, მათგან:
სომხური - 11
ქართული - 24
რუსულ -ქართული - 1
ქართულ-სომხური - 1
ბორჯომში - სულ 20, მათგან:
სომხური - 2
ქართული - 17
ქართულ-სომხური - 1
რეგიონში ასპინძის მუნიციპალიტეტში ერთი სომხური სკოლაა, ადიგენში კი არცერთი.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]