FM97.5 / LIVE
ეროვნული გამოცდები უქმდება

ეროვნული გამოცდები უქმდება

მთავარისაზოგადოება » განათლება 19.06.2012
რატომ უქმდება ერთიანი ეროვნული გამოცდები და რამდენად ვართ მზად ახალი სისტემისთვის

ეროვნული გამოცდები უქმდება

მომავალი წლიდან უმაღლეს სასწავლებლებში გამოსაშვები გამოცდებითა და ზოგადი უნარების ერთი გამოცდით ჩაირიცხებიან. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 8 ივნისს, „მასწავლებლის სახლში", პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა.

- „ჩვენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს ერთ საგნამდე დავიყვანთ - ტესტირებას უნარ-ჩვევებში, ხოლო აბიტურიენტებს სკოლის გამოსაშვები გამოცდები ჩაეთვლებათ" - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „ასეთი სისტემა მთელ მსოფლიოში მოქმედებს და ჩვენ ველოსიპედის ხელახლა გამოგონება არ გვჭირდება".

ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველად 2005 წელს ჩატარდა. მისაღები გამოცდების ახალი მოდელის დანერგვა დღემდე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმად ითვლებოდა ქვეყანაში.

პრეზიდენტის თქმით, ერთიანი ეროვნული გამოცდები საწყის ეტაპზე კორუფციის აღმოსაფხვრელად აუცილებელი იყო. ახლა კი ქვეყანა სიახლისთვის მზადაა.

ახალ, 8+1 ფორმატს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მსოფლიოში აპრობირებული მოდელი უწოდა.

მისი განცხადებით, 2003-2004 წლების შემდეგ საჯარო სკოლებში ბევრი რამ შეიცვალა, ამიტომ, ეს ცვლილებები ლოგიკურია. არგუმენტად მინისტრმა გამოსაშვები გამოცდების წლევანდელი შედეგები დაასახელა. მისი განცხადებით, წელს სამნახევარჯერ ნაკლები ბავშვი ჩაიჭრა ვიდრე შარშან.

- ”ეს მიუთითებს იმას, რომ განათლების დონე გაიზარდა არა რომელიმე კონკრეტულ საგანში, არამედ რვავე სავალდებულო დისციპლინაში", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა 12 ივნისს, ”პრაიმ თაიმის" პრესკლუბში გამართულ შეხვედრაზე.

ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ზაზა თამარაშვილი ახალ ფორმატს მიესალმება. მისი აზრით, ამით თავიდან ვიცილებთ ორმაგ გამოცდებს. გარდა ამისა, აღმოიფხვრება საქართველოში კარგად ფეხგადგმული ეგრეთ წოდებული რეპეტიტორობის ინსტიტუტი, რომელიც ჯერაც აქტუალურია.

- ”არსად, არცერთ ქვეყანაში არ ხდება ის რეპეტიტორობა, რაც ჩვენს ქვეყანაშია. საქმე სწორედ იქეთკენ მიდის, რომ სკოლის ცოდნით ჩააბაროს ბავშვმა და აღარ დაასჭირდეს რეპეტიტორი - ამბობს იგი და ამატებს, რომ ამისათვის მტავარია სკოლებში სათანადო პირობები შეიქმნას, - თუ პირობები არ იყო, შედეგს ვერ მივაღწევთ”.

სათანადო პირობებში კი ზაზა თამარაშვილი რამდენიმე კომპონენტს გულისხმობს. პირველი და ყევლაზე მთავარი, რაც მისი აზრით უნდა გადაიხედოს, კადრების საკითხია. კვალიფიციური კადრების პრობლემა განსაკუთრებით მაღალმთიანი სოფლების სკოლებშია, სადაც საგანს ხშირად არასპეციალისტები ასწავლიან: ”სკოლებში კვალიფიციური და სერტიფიცირებული კადრები უნდა იყოს. ეს უკვე შექმნის შედეგის გარანტს”.

მეორე, რაც ასევე აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს, სასკოლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების თემაა.

- ”არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რასაც ბავშვის წინაშე ვაყენებთ. ფაქტობრივად ყველა საგნის მასწავლებელს დამატებით ლიტერატურაზე მუშაობა გვიხდება, რომ ის ცოდნა გადავცეთ ბავშვებს, რაც აუცილებელია”, - ამბობს იგი და ამატებს, რომ ამ ყველაფერთან ერთად ყურადღება უნდა მიექცეს სკოლების მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასაც.

მოსაზრებას, რომ ოთხი საგნის ნაცვლად ახლა მოსწავლეები რვა საგანში დაიწყებენ რეპეტიტორთან სიარულს, ზაზა თამარაშვილი კატეგორიულად გამორიცხავს. ამავეს ამბობს ახალციხის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილიც. მართალია ამ სკოლის მოსწავლეები წელს რეპეტიტორებთან ისევ ემზადებოდნენ (ისევე, როგორც სხვა სკოლების ბავშვები), მაგრამ ჯანაშვილის თქმით, სერტიფიცირებული კადრები, რომელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და გამოცდების ახალი ფორმატი ან ინსტიტუტს საბოლოოდ გაუქმებს.

ეროვნული გამოცდების გაუქმებას ავტომატურად მოჰყვა კითხვა, როგორი უნდა იყოს გამოსაშვები გამოცდის ფორმატი. საატესტატო გამოცდები ეგრეთ წოდებული CAT-ის (კომპიუტერთან ადაპტირებული ტესტებით) ტიპის საგამოცდო მოდელით ტარდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი მიიჩნევს, რომ ფორმატი უნდა შეიცვალოს.

- „იყოს 9 გამოცდა 12-ის ნაცვლად, ოღონდ იმ ფორმატით, როგორითაც ტარდება გამოსაშვები გამოცდები, მისაღები გამოცდები არ უნდა ჩატარდეს. კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება მხოლოდ ერთი ტიპის დავალებებს ითვალისწინებს. ეს არის დახურულ ბოლოიანი კითხვები, სადაც აპლიკანტმა სწორი პასუხი უნდა შემოხაზოს. ბევრი სფერო, ასეთი ტიპის დავალებებით ვერ შემოწმდება”, - აცხადებს მიმინოშვილი.

შეიცვლება თუ არა გამოსაშვები გამოცდების ტესტების მოდელი - ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ არსებობს. დიმიტრი შაშკინის თქმით, ტესტების ფორმატზე ზრუნვა ექსპერტების კომპეტენციის სფეროა. მიუხედავად ამისა მას, როგორც განათლების მინისტრს, ექსპერტებთან ერთი კატეგორიული მოთხოვნა მაინც აქვს - ტესტების შინაარსი აბსოლიტურად უნდა შეესაბამებოდეს ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმას.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოს სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს
ხვალიდან გამოსაშვები გამოცდები იწყება
სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს
ხვალ, 21 მაისს, საჯარო სკოლებში გამოსაშვები გამოცდები იწყება
საჯარო სკოლებში მე–11 კლასის გამოსაშვები გამოცდები დასრულდა
2020 წლიდან სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება
საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება