
არის თუ არა სკოლებში მოსწავლეებისთვის უსაფრთხო ფიზიკური და ფსიქოლოგიური გარემო და რამდენად ეფექტიანია სამინისტროს მიერ ცნობიერების ამაღლების კუთხით გატარებული ღონისძიებები - ამ საკითხებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ანგარიში გამოაქვეყნა. იგი 2016-2018 წლებს მოიცავს.
დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით სკოლების 50%-ში არ არის წარმოდგენილი მანდატური ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, ამავე სკოლებში არც ვიდეოკამერებია.
ასეთი სკოლების რაოდენობა სამცხე-ჯავახეთში 151-ია, თუმცა სკოლებმა ვიდეოკამერებით აღჭურვის ვალდებულება 2019 წლიდან აიღეს.
„შიდა პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოთვალთვალის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს სკოლის ყველა დერეფნის, შესასვლელისა და კიბის უჯრედის ვიდეოდაკვირვებისა და იქ მყოფი პირების ვიზუალურად დანახვისა და იდენტიფიკაციის შესაძლებლობას. გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოთვალთვალის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს სკოლის გარე პერიმეტრის (მათ შორის, სპორტული მოედანი, ბაღი, სკვერი და სხვ.) სრულად ვიდეოდაკვირვებისა და იქ მყოფი პირების ვიზუალურად დანახვისა და იდენტიფიკაციის შესაძლებლობას.
სკოლა ვალდებულია იზრუნოს სკოლის ვიდეოთვალთვალის სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე და მანდატურის ან მანდატურის სამსახურის მიმართვის შემთხვევაში, უზრუნველყოს ყველა იმ ხარვეზის გამოსწორება და პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მანდატურის მიერ ვიდეოთვალთვალის სისტემით სარგებლობისას”, - წერია აუდიტის ანგარიშში.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ პრობლემას წარმოადგენს რეგიონებში ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრების არსებობაც. ასეთი ცენტრი ახალციხეში 2019 წლიდან დაემატა. „რეგიონების მიხედვით ფიქსირდება შემთხვევები, სადაც სკოლების მიერ გადამისამართებულია მოსწავლე ფსიქოლოგიური მომსახურების მისაღებად, თუმცა მოცემულ რეგიონში არ ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი, რაც აფერხებს აღნიშნულ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას“.
მათივე ინფორმაციით, ბავშვებს მეშვიდე კლასამდე არ მიეწოდებათ ინფორმაცია ბულინგის შესახებ. ხოლო მასწავლებელთა ტრენინგი უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე, რომელიც ნებაყოფლობითია და მასწავლებლებს არ აქვთ მისი გავლის ვალდებულება, პედაგოგთა მხოლოდ 13%-მა გაიარა.
აუდიტის სამსახური განათლების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს, რათა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, დაინერგოს სათანადო კონტროლის მექანიზმები, რომლის მეშვეობითაც მოხდება დამონტაჟებული ვიდეოკამერების გამართულად ფუნქციონირების პერიოდული მონიტორინგი, შეფასდება მათი საჭირო რაოდენობა და შიდა და გარე პერიმეტრების კონტროლის შესაძლებლობა.
ფსიქოლოგიური მომსახურების ხელმისაწვდომობის მიზნით: თითოეული რეგიონის მიხედვით სკოლებისათვის განისაზღვროს უახლოესი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი, სადაც მოსწავლე ოპტიმალურად მოკლე მანძილზე შეძლებს მიიღოს საჭირო მომსახურება; ფსიქოლოგთა რესურსის პროდუქტიულად გამოყენების მიზნით, მათი ცენტრებში განაწილებისას გათვალისწინებულ იქნეს მოსწავლეთა მიმართვიანობის მაჩვენებელი. ასევე ფსიქოლოგიური მომსახურებიდან მიღწეული შედეგის შეფასების მიზნით, უზრუნველყოფილ იქნეს ცენტრის მიერ ჩატარებული კონსულტაციების შესახებ ინფორმაციის სრულად ასახვა.
[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]