FM97.5 / LIVE

30-ზე მეტ სახელმწიფო უწყებას საწვავით ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანია ამარაგებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 09.12.2019
ბოლო შვიდი წელია, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში სახელმწიფო უწყებები საწვავს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარის ოჯახის კომპანია „მეეკისგან“ ყიდულობენ. ამ უწყებებს შორისაა თვითონ ენზელ მკოიანის ბიუროც. დეპუტატის ძმისა და შვილების შპს-მ ამ გზით უკვე ნახევარ მილიონ ლარამდე მიიღო.

30-ზე მეტ სახელმწიფო უწყებას საწვავით ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანია ამარაგებს

„მეეკის“ 50%-ს ენზელ მკოიანის შვილები, დავით და კარაპეტ მკოიანები ინაწილებენ, 50%-ს კი საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერების მიხედვით, ენზელ მკოიანის ძმა, მარტუნ მკოიანი ფლობს. მათი მიმდინარე წლის ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 163 567 ლარია. უწყებებში, რომლებიც „მეეკისგან“ საწვავს ყიდულობენ, ამბობენ, რომ მკოიანების ბენზინი იაფია, თუმცა კითხვაზე, სხვა რომელ კომპანიასთან სცადეს მოლაპარაკება, პასუხის გაცემა უჭირთ.

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც „სამხრეთის კარიბჭე“ ესაუბრა, ამ გარიგებებში ინტერესთა კონფლიქტს და კორუფციის ნიშნებს ხედავენ.

„მეეკმა“ საჯარო უწყებებთან გამარტივებული წესით ხელშეკრულებების გაფორმება 2012 წლის მაისში დაიწყო, მაშინ ენზელ მკოიანი ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი იყო. 2012 წლის ოქტომბრიდან, ის კვლავ ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატია, ოღონდ „ქართული ოცნებიდან“.

მისი ბიურო ნინოწმინდაში, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების 40-მდე სკოლა, ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანება, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების ოთხი აიპი - ყველა ეს უწყება, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, შპს „მეეკის“ საწვავს მოიხმარს. ორგანიზაციების ნაწილს საწვავი სხვა მომწოდებლისგან არასდროს შეუძენია.

კანონით, სახელმწიფო უწყებებმა საწვავი კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან უნდა შეიძინონ, თუმცა დაშვებულია გამონაკლისიც: იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული კომპანია უწყებისგან 15 კილომეტრზე მეტითაა დაშორებული და ამავე დროს, თუ დანახარჯი მაღალია, უწყებას უფლება ეძლევა, ხელშეკრულება სხვასთან, უფრო შეღავათიან ფასზე გააფორმოს.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა 2012 წლის შემდეგ საწვავი 59-ჯერ შეიძინა. აქედან კი 52 შემთხვევაში მიმწოდებელი „მეეკი“ იყო. ამ დროის განმავლობაში მუნიციპალიტეტმა „მეეკს“ 253 436 ლარი გადაურიცხა, აქედან 25 458 ლარი მიმდინარე წელს.

რატომ ყიდულობს საწვავს მაინცდამაინც „მეეკისგან“, ამ კითხვით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერს, ანივარდ მოსოიანს, კვირას დავუკავშირდით. შეკითხვის მოსმენის შემდეგ, მერმა გვითხრა, რომ სამუშაო დღეს გაგვცემდა პასუხს, თუმცა ორშაბათს მოსოიანმა „სამხრეთის კარიბჭეს“ ზარებს აღარ უპასუხა.

2014 წლიდან ყიდულობს „მეეკისგან“ საწვავს პარლამენტის წევრის ენზელ მკოიანის ბიურო. ამ პერიოდში ბიუროს „მეეკთან“ 80 200 ლარის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. აქედან 8 060 ლარზე მიმდირე წელს. ბიუროს საწვავი სხვა კომპანიისგან არასდროს შეუძენია.

რატომ „მეეკი“? - გალუსტ თაზაიანმა, მკოიანის ბიუროს ხელმძღვანელმა, მოკლედ გვიპასუხა, „იაფია და იმიტომ“, ხოლო კითხვაზე, თუ კიდევ ვისთან სცადა მოლაპარაკება, ტელეფონი გაგვითიშა და ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა. მისი მოკლე კომენტარიდან ცოტა ხანში, უფრო ვრცელი პასუხით, „სამხრეთის კარიბჭეს" ბიუროს სხვა თანამშრომელი დაუკავშირდა: „ბაზრის კვლევის მიხედვით ყველაზე დაბალი ფასი ვისაც აქვს იმისგან ვყიდულობთ, ამ ყველაფერზე თანხმობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან გვაქვს. ხელშეკრულების ხელმომწერები კი ერთმანეთის ნათესავები არ არიან. შესაბამისად ვერანაირ ინტერესთა კონფლიქტს ვერ ვხედავთ“.

კიდევ ერთი აიპი, რომელიც საწვავს „მეეკისგან“ ყიდულობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კომუნალური, კეთილმოწყობის და დასუფთავების სამსახურია. ორგანიზაციას 2016 წლის შემდეგ მხოლოდ ერთხელ ჰყავდა სხვა მიმწოდებელი, ისიც 480 ლარიანი ხელშეკრულებით. დღემდე ააიპს „მეეკისგან“ 225 729 ლარის საწვავი აქვს შეძენილი.

სამსახურის დირექტორს, მელსიკ მნაცაკანიანსაც მსგავსი არგუმენტი აქვს, - „ჩვენთან კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის სადგური არაა, ამიტომ იმისგან ვყიდულობთ, ვისთანაც იაფია“.

კითხვაზე, უცდიათ თუ არა სხვა კომპანიასთან მოლაპარაკება და რა მეთოდით ჩაატარეს ბაზრის კვლევა, მელსიკ მნაცაკანიანმა ასე გვიპასუხა, - „ბანერებზე ვისთანაც არის ყველაზე დაბალი ფასი იმისგან ვიღებთ, ჩვენთან არის „ვისოლი“ და „ლუკოილი“ მხოლოდ, მათი საბანერო ფასები ბევრად მეტია“.

საწვავის ერთადერთი მიმწოდებელია „მეეკი“ ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრისთვისაც. დეპუტატის შვილებისა და ძმის კომპანიასა და ჯანდაცვის ცენტრს შორის 2012 წლის შემდეგ 44 200 ლარის ხელშეკრულება გაფორმდა. მიმდინარე წელს კი ცენტრმა 4 200 ლარის საწვავი შეიძინა.
ნომერზე, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების საიტზე ვნახეთ, ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელმა გვიპასუხა, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ცენტრში მუშაობს, თუმცა არ გვითხრა, რა პოზიციაზე.

„რა მნიშვნელობა აქვს ვისგან ვყიდულობთ, წელს იმისგან ვყიდულობთ სადაც იაფია, მომავალ წელსაც ვისაც უფრო იაფად ექნება იმისგან ვიყიდეთ, ვერ გავიგე, რა გაინტერესებთ?“, - მან არც სახელი და გვარი გაგვიმხილა, -„მობრძანდით გაგვაგებინეთ ვინ ხართ და მერე ვილაპარაკოთ“

„მეეკის“ კიდევ ერთი ერთგული შემსყიდველი ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაა, რომელმაც 2013 წლიდან დღემდე კომპანიას 67 978 ლარი გადაურიცხა.

ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯომარე, სეირან კიურეღიანი, რომელიც ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯომარის, სუმბატ კიურეღიანის მამაა, ამბობს, რომ სხვა ბრენდირებულ კომპანიებთან მოლაპარაკებები რთულია.

„ჩვენთან ტენდერში გამარჯვებული კომპანია [რომპეტროლ საქართველო] საერთოდ არაა, სხვა ბრენდირებული კომპანიები კი საკმაოდ ცოტაა, მათთან მოლაპარაკებები კი, იმის გამო, რომ მათი ხელმძღვანელობა ჩვენს რეგიონში არ იმყოფება, მოლაპარაკებები რთულდება, მათი საბანერო ფასი კი საკმაოდ მაღალია“ - გვეუბნება სეირან კიურეღიანი.

აიპების გარდა „მეეკის“ შემსყიდველი სხვადასხვა პერიოდში ნინოწმინდისა ახალქალაქის მინიციპალიტეტების 35-ზე მეტი სკოლა იყო. მიმდინარე წელს, კომპანიას ხელშეკრულება 8 სკოლასთან აქვს დადებული.

ერთ-ერთი სკოლა, რომელმაც ბოლოს ამ წლის ოქტომბერში შეიძინა „მეეკისგან“ საწვავი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ დილისკის საჯარო სკოლაა.

სკოლის დირექტორს ვკითხეთ, რატომ ყიდულობს საწვავს შპს „მეეკისგან“. მან თავდაპირველად მოკლედ გვიპასუხა, - „იმიტომ, რომ რომ ახლოს არის“, თუმცა როდესაც ვუთხარით, რომ ახლოს სხვა კომპანიებიც არის, მათ შორის კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია, „რომპეტროლი“, დაამატა, რომ „მეეკი“ კარგი კომპანიაა და იმიტომ“.

კითხვაზე სცადა თუ არა სხვა კომპანიისგან ეყიდა საწვავი, გვითხრა რომ კი, თუმცა არ ახსოვს, რომლისგან.
სხვა კომპანიებთან მოლაპარაკება არც ახალქალაქის სერვისცენტრს უცდია.

ახალქალაქის სერვისცენტრი (კეთილმოწყობის სამსახური) მერიის ბრძანებით 2017 წელს დაფუძნდა. 2018 წლის აგვისტოდან საწვავის პირდაპირი შესყიდვის ექვსი ხელშეკრულება დადო. ექვსივე შპს „მეეკთან“ - ჯამში 13 860 ლარის ღირებულების.

სამსახურის ბუღალტერი, მაცაგან ბამბუხჩიანი ამბობს, რომ „მეეკი“ დაბალი ფასის გამო აირჩიეს, - „ჩვენთან სხვა კომპანიებიც არის, რა თქმა უნდა, თუმცა ის საწვავი რაც ჩვენ გვჭირდება მათთან ძვირი ღირს. აქ სხვა არანაირი ინტერესი არ არის“.

ახალქალაქის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ „მეეკთან“ ხელშეკრულებების დადება 2016 წლის ივლისიდან დაიწყო. ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 13 580 ლარია, მიმდინარე წელს კი გაერთიანებას „მეეკისგან“ 4 990 ლარის საწვავი აქვს შეძენილი.

გაერთიანების დირექტორის ანაიდ ასატრიანის თქმით, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში საწვავი არ შეუძენიათ, - „ახალი დანიშნული ვარ დირექტორად, ამ პერიოდში საწვავი არ შეგვიძენია, ვერ გეტყვით ვისგან ან რატომ ვყიდულობდით“.

გაერთიანებას ბოლო ხელშეკრულება ყოფილი დირექტორის ზარა ბარბარიანის ხელმოწერით აქვს დადებული.
შესყიდვებთან დაკავშირებით დარღვევებს ხედავენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“.

„ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს და ამის შესახებ უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება კვლევა“ - ამბობს ორგანიზაციის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული კოორდინატორი თამუნა უჩიძე.

კორუფციის საფრთხეებზე საუბრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, რომელიც განსაკუთრებულად უსვამს ხაზს მაჟორიტარის ბიუროსთან გაფორმებულ პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულებებს.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩანს მხარეები, ერთის მხრივ ენზელ მკოიანი და მისი ოჯახის წევრების კომპანია,მიუხედავად იმისა რომ ისინი პირდაპირ არ აწერენ ხელშეკრულებებს ხელს, აქ მაინც ჩანს ინტერესთა კონფლიქტი. როცა ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას იღებენ, მნიშვნელოვანია რომ ასეთი კითხვისნიშნები არ არსებობდეს.“ - ამბობს იურისტი ნინო ცუხიშვილი.

ენზელ მკოიანის ნომერზე სატელეფონო ზარს, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, ამჯერადაც უცნობმა კაცმა უპასუხა და მის მძღოლად გაგვეცნო.
„სამხრეთის კარიბჭე“ „მეეკსაც“ დაუკავშირდა ნომერზე, რომელიც უახლეს ხელშეკრულებაში დირექტორის, პეტროს ნანაიანის მობილურის ნომრად იყო მითითებული.

„ერთადერთი სუფთა ბიზნესი ახალქალაქში ჩვენია, იაფად და ხარისხიანად გვაქვს და ალბათ ამიტიმ ყიდულობენ. რა გინდათ თქვენ საერთოდ? კარგად იყავით“, - პიროვნებამ, რომელმაც სატელეფონო ზარს უპასუხა, არც ვინაობა დაგვიდასტურა და არც შემდეგი შეკითხვა მოისმინა.

ბოლო ხელშეკრულებების მიხედვით, „მეეკის“ ბენზინის (რეგულარი) ფასი 2,4 ლარია [. ზოგიერთ ხელშეკრულებაში კი საწვავის ტიპი საერთოდ არაა მითითებული.

კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ბენზინის ფასი (პრემიუმი) 2,24 ლარია, რეგულარის - 2,22. ევროდიზელის ერთი ლიტრის ფასი კი ბოლო თვეში 2,37 ლარია.

„მეეკს“ ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გარდა საწვავი არცერთი სხვა სახელმწიფო უწყებისთვის არ მიუწოდებია.

შპს „მეეკი“, რომლის მფლობელებიც პარლამენტის წევრის ძმა და შვილები არიან, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური შემწირველია. 2017 წლის სექტემბერში, კომპანიამ 120 000 ლარი შესწირა მმართველ პარტიას. კომპანიის 50%-ანი წილის მფლობელმა მარტუნ მკოიანმა 2012 წელს 60 000 ლარი შესწირა იმდროინდელ მმართველ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“, ხუთი წლის შემდეგ კი 40 000 ლარი „ქართულ ოცნებას“ ჩაურიცხა.

ენზელ მკოიანი 1999 წლიდან დღემდე პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია. 1999 წლიდან 2008–მდე საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო წარდგენილი, 2008–დან 2012 წლამდე პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იყო, 2012 წლიდან კი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარია.

დეპუტატი არის ასევე სახელმწიფო ჯილდოების, „ღირსების მედლის“ (1998) და „ღირსების ორდენის“ (2009) კავალერი.

ენზელ მკოიანი ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს.

[რობი ზარიძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სუს-მა ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანიის საქმის შესწავლა დაიწყო
TI: ენზელ მკოიანის ოჯახის წევრებმა საწვავის ბიზნესით 2 მლნ ლარზე მეტი მიიღეს
ბიზნესმენების და პოლიტიკოსების პოლიტიკური ფერისცვალება
მმართველი პარტიების დამფინანსებელი კომპანიები ტენდერებს იგებენ
სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციამ 2 წელში 106 099 ლარის საწვავი დახარჯა
აქცია გაზკომპანიის თუ  ენზელ მკოიანის წინააღმდეგ – რა ხდება ახალქალაქში
‘ოცნების’ კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობა და პოლიტიკური შემოწირულობები