FM97.5 / LIVE

‘გლეხს რომ მიწას წაართმევ, იმ სახელმწიფოში დემოკრატია არ არის’– სადავო მიწების საქმე

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.11.2019
ადიგენში, დერცელი-კიკიბოს მიმდებარედ, სადავო მიწის ნაკვეთების საქმეზე, მორიგი სასამართლო გაიმართა. სხდომაზე მოსარჩელე მხარის ოთხი მოწმე დაიკითხა. მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. დავა 13 ოჯახსა და საპატრიარქოს შორის მიმდინარეობს.

‘გლეხს რომ მიწას წაართმევ, იმ სახელმწიფოში დემოკრატია არ არის’– სადავო მიწების საქმე

დერცელი-კიკიბოს მიმდებარედ არსებულ მიწის ფართობების საქმეზე სხდომა დღეს, ოთხ ნოემბერს ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაიმართა.

პროცესზე მოსარჩელე მხარის, დერცელში მცხოვრები ადგილობრივების ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ადვოკატები წარმოადგენდნენ, მოპასუხე მხარეს კი, ხუთი უწყება: ქონების მართვის სააგენტო, ეკონომიკის სამინისტრო, საჯარო რეესტრი, საქართველოს მთავრობა და საპატრიარქო.

პროცესზე მოსარჩელე მხარე იმ მიწის ნაკვეთის პირვანდელი სტატუსით დაინტერესდა, რომელიც ერთი წლის წინ საქართველოს საპატრიარქომ დაირეგისტრირა. ამ ტერიტორიაზე პრეტენზიას დერცელი-კიკიბოს მცხოვრებლები აცხადებენ.

„მთავრობამ და ქონების მართვის სააგენტომ თუ გამოიკვლიეს ან თუ იცით, რა სტატუსი ჰქონდა ამ მიწის ნაკვეთს, საბჭოთა კავშირის პერიოდში და დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში, სანამ მოხდებოდა ამ ქონების ჯერ სახელმწიფო საკუთრებაში აღება და შემდეგ განკარგვა?“, - იკითხა სხდომაზე მოსარჩელე მხარის ადვოკატმა.

მას ქონების მართვის სააგენტოს იურისტმა უპასუხა, რომ სადავო ტერიტორია ტყის ფონდს ეკუთვნოდა.

სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ფართობზე, რომელზეც პრეტენზიას ორი მხარე აცხადებს, მთავრობამ ორი განკარგულება გამოსცა. ერთის მიხედვით, ტერიტორია ტყის ფონდიდან ამოირიცხა, ხოლო მეორე განკარგულების საფუძველზე, ამავე მიწის ნაკვეთის საპატრიარქოსთვის დარეგისტრირება მოხდა.

მოპასუხე მხარემ სხდომაზე განაცხადა, რომ მიწის ფართობების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც დერცელში მცხოვრებლებს აქვთ და რომლებსაც მოსარჩელე მხარე წარმოადგენს, საპატრიარქოს მიერ დარეგისტრირებულ ტერიტორიის საზღვრებს არ ემთხვევა. მათი მტკიცებით, ნაკვეთების მდებარეობის საკითხი, კითხვის ნიშნებს აჩენს.

მოსარჩელე მხარემ შუამდგომლობა დააყენა, რომ სასამართლო ექსპერტიზა დაინიშნოს, რომელიც გაარკვევს ემთხვევა თუ არა მიღება-ჩაბარების აქტებში ასახული მონაცემები სადავო მიწას. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სხდომაზე მოსარჩელე მხარის ოთხი მოწმე დაიკითხა, მათგან ორი ადიგენის თვითმმართველობის წარმომადგენელია.

მერის წარმომადგენელის დერცელის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნოდარ გორგაძის თქმით, სადავო მიწის ნაკვეთს წლების განმავლობაში დერცელი-კიკიბოს მცხოვრებლები სახნავ-სათესად იყენებდნენ. თუმცა იმის შესახებ, რომ ამ მიწის ნაკვეთის საპატრიარქოსთვის გადაცემის საკითხს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა მხარი დაუჭირა, არაფერი იცოდა: „ამ მიწის პატრონი ეს ხალხია, იხვნებოდა და ითესებოდა ეს მიწა. მერთან ამ საკითხზე არ მისაუბრია. ვიცი, რომ მერია არ ერევა ამ საქმეში“, - განმარტა გორგაძემ.

მისგან განსხვავებით, სხდომაზე მეორე მოწმემ, ადიგენის საკრებულოს დეპუტატმა ნოდარ გობაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხით ადიგენის მუნიციპალიტეტის მერს, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორსა და ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატსაც ესაუბრა.

„ჩამოვედი ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ვუთხარი ამ საკითხის შესახებ. მითხრეს გავერკვევითო. შემდეგ მერმა ზაქარია ენდელაძემ დარეკა და მითხრა: შეაჩერებენ მაგ ტერიტორიის მოღობვას, მიდი და დაამშვიდე ხალხიო. მეც განვუმარტე ხალხს, რომ ასეთი სიტუაციაა. ამის შემდეგ, არაერთი მცდელობა მქონდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან. გია კოპაძე [მაჟორიტარი დეპუტატი] ადგილზეც მყავდა და დაათვალიერა. ვინც ამოვიდა, ყველა აღშფოთებული დარჩა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ჩვენ არაფერი შეგვიძლია და ვერ დაგეხმარებითო“, - განაცხადა სხდომაზე ნოდარ გაბოძემ.

სხდომაზე კიდევ ორი მოწმე დაიკითხა, რომლებმაც დაადასტურეს, რომ წლების განმავლობაში სადავო მიწის ფართობი მფლობელობაში ადგილობრივებს ჰქონდათ. ერთ-ერთმა მოწმემ, 65 წლის ჯემალ ბერიძემ პროცესის მონაწილეებს სატელიტურ რუკაზე უჩვენა, სად ვისი მიწის ფართობი მდებარეობდა.

კიდევ ერთმა მოწმემ, თამაზ გობაძემ კი სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ დერცელი და კიკიბო ადიგენის მუნიციპალიტეტის უკიდურესი ადგილებია, სადაც სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების სიმცირეა: „აქ ყველა გოჯს თავისი პატრონი ჰყავს. კიკიბოში რომ კაცს მიწას წაართმევ, იმას აღარ უნდა სასამართლო, იმ სახელმწიფოში დემოკრატია არ არის“, - განაცხადა სხდომაზე მოწმემ.

მომდევნო სასამართლო პროცესი 11 ნოემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

ადიგენში, 13 ოჯახის სასარჩელო მოთხოვნა დერცელი-კიკიბოს ტერიტორიაზე იმ შვიდი ჰექტრის საძოვრის რეგისტრაციის გაუქმებაა, რომლის მიხედვითაც ტერიტორია საქართველოს საპატრიარქოს გასული წლის შემოდგომით გადაეცა. ამ ტერიტორიაზე ტაძარიც შენდება, თუმცა ეს ნაწილი სადაო არ არის რადგან ადგილობრივები თანახმა, არიან ერთი ჰექტარი საპატრიარქოს დაუთმოს თავისი მიზნების განსახორციელებლად.

13 ოჯახის უფლებებს სასამართლოში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იცავს. ორგანიზაციამ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა და აღნიშნული ადიგენში მუსლიმი თემის უფლებების იგნორირების პრაქტიკის გაგრძელებად შეაფასა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სააპელაციოში დერცელი-კიკიბოს სადავო მიწების საქმის განხილვა გადაიდო
დერცელი-კიკიბოს სადავო მიწების საქმე სააპელაციომ წარმოებაში მიიღო
დერცელი-კიკიბოს სადავო მიწების  საქმეს სააპელაციო განიხილავს
სადავო მიწების საქმე საპატრიარქოს სასარგებლოდ გადაწყდა
ადიგენში სადაო მიწების საქმეზე სასამართლო განხილვა დაიწყო
‘სადავო ნაკვეთებზე სასულიერო პირებმა თიბვა დაიწყეს’ - დერცელისა და კიკიბოს მოსახლეობა
იური ჯიმშერაძე სადავო მიწაზე სასამართლოში მეორედ ჩივის