FM97.5 / LIVE

მშობიარეები საკეისროს თავიანთი სურვილით ვეღარ გაიკეთებენ

მთავარი 27.09.2013
რატომ გახდა საჭირო საკეისრო კვეთის შემთხვევების შემცირება, რას გულისხმობს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ეროვნული პროტოკოლი და რას შეცვლის მთავრობის ახალი ინიციატივა;

მშობიარეები საკეისროს თავიანთი სურვილით ვეღარ გაიკეთებენ
35 წლის მზია გორგაძემ მეხუთე შვილი, რამდენიმე დღის წინ, საკეისრო კვეთით გააჩინა. მან ოთხჯერ ფიზიოლოგიურად იმშობიარა და მეხუთე შვილის გაჩენაც ასე სურდა, თუმცა, ამჯერად ეს, გარკვეული პრობლემების გამო, რისკებს შეიცავდა.

„როცა სამშობიაროდ შემიყვანეს წნევა 200 მქონდა, ცუდად ვიყავი, ბავშვიც დიდი იყო, 5 კილო, ამიტომ ექიმებმა მითხრეს, რომ ბუნებრივი გზით ბავშვს ვერ გავაჩენდი. ის კი ვიცოდი, რომ საკეისროს ბევრი სირთულეები ახლდა“, - ამბობს მზია გორგაძე.

ბავშვის გაჩენა საკეისრო კვეთით უნდოდა ინეზა გიქოშვილს, თუმცა, გინეკოლოგთან კონსულტაციის შემდეგ გადაიფიქრა: „პირველი ბავშვი ბუნებრივი გზით მყავს გაჩენილი, თუმცა ამჯერად საკეისროს გაკეთება მინდოდა. გინეკოლოგმა მითხრა, რომ ყველაფერი წესრიგში მქონდა და საკეისრო კვეთა საჭირო არ იყო, ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ისევ ფიზიოლოგიურად მემშობიარა“.

„უნიმედი სამცხე“ ახალციხის სამედიცინო დაწესებულებაში ბოლო ორ თვეში 92 ბავშვი დაიბადა. აქედან პირველადი საკეისრო კვეთით 6, ხოლო დანარჩენი ახალშობილი ფიზიოლოგიური მშობიარობით დაიბადა.

აღნიშნული დაწესებულების სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების გამგის ვასილ ძინძიბაძის თქმით, ახალციხის სამედიცინო დაწესებულებაში საკეისრო კვეთა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში კეთდება: „მაგალითად თუ ბავშვს ჭიპლარის პრობლემა აქვს, ან ჯდომითაა ნაყოფი. მსგავსი ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს. ასევე საკეისრო კვეთა კეთდება ქალს თუ ვიწრო მენჯი, ან მაღალი წნევა და სხვა პრობლემები აქვს“.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით საკეისრო კვეთის თანაფარდობა საერთო მშობიარობის მაჩვენებელთან შედარებით 38 პროცენტს შეადგენს და იგი სულ მცირე ორჯერ აღემატება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს.

ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, ზოგიერთ რეგიონში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, საკეისრო კვეთა 50 პროცენტზე მეტი ფიქსირდება: სამეგრელოში - 56, იმერეთში - 43, შიდა ქართლიში - 42. ასევე, არსებობს სამშობიარო სახლების ჩამონათვალი, სადაც ეს მაჩვენებელი 70 პროცენტსაც კი აღემატება.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საკეისრო კვეთის პროცენტული რაოდენობა წარმოუდგენელ ზღვარზეა ასული, რომელიც როგორც დედის, ასევე ახალშობილის ავადობას და სიკვდილიანობის რისკს ზრდის. ამიტომ საერთაშორისო რეკომენდაციებთან მიმართებაში აღნიშნული მონაცემების შემცირებაა აუცილებელი.

ამისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ საკეისრო კვეთების ეროვნული პროტოკოლი შეიმუშავა, რომელიც მეან-გინეკოლოგთა და პერინატალოგთა ასოციაციების მიერ მომზადდა.

მინისტრის განმარტებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამშობიარო სახლებში საკეისრო კვეთა აიკრძალება: „პროტოკოლითაა განსაზღვრული თუ რა სამედიცინო ჩვენებების შემთხვევაში იქნება გასაკეთებელი საკეისრო კვეთა“.

მისივე თქმით, მშობიარეებს უნდა განემარტოთ იმ რისკების შესახებ, რაც საკეისრო კვეთას გააჩნია. ასევე ფიზიოლოგიური გზით ბავშვის დაბადების უპირატესობის შესახებ გინეკოლოგებმა მათ კონსულტაციები უნდა გაუწიონ.

საკეისრო კვეთების ეროვნული პროტოკოლის შემუშავებას დროულს უწოდებს ვასილ ძინძიბაძე: „სამწუხაროდ დღეს საკეისრო კვეთის პროცენტული რაოდენობა ძალიან გაიზარდა, დროა რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ამაზე რეგირება მოახდინოს. საკეისრო კვეთა განსაკუთრებით დიდ ქალაქებში მშობიარის სურვილით კეთდება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ამის საჭიროება“.

გინეკოლოგი საკეისრო კვეთისა და ფიზიოლოგიური მშობიარობის დადებით და უარყოფით მხარეებზეც საუბრობს. მისი თქმით საკეისრო კვეთას შესაძლებელია ისეთი გართულებები მოჰყვეს, როგორც არის თრომბოემბოლიური დაავადებები, ანთებითი და ინფექციური დაავადებები: „საღად მოაზროვნე ადამიანმა, რომ წაიკითხოს ყველაფერი ის, რაც საკეისრო კვეთის შემდეგ შეიძლება დაგემართოს, აღარ უნდა დაჭირდეს მას სხვა დამატებითი კონსულტაცია“.

მისივე თქმით, მშობიარეების უმეტესობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ბავშვის გაჩენა საკეისრო კვეთით ურჩევნიათ: „გასაგებია, რომ ახალგაზრდებს არ უნდათ ზედმეტად დაიტვირთონ თავი, მათ ურჩევნიათ დაიძინონ, გაიღვიძონ და ყველაფერი დამთავრებული იყოს, თუმცა, იმას ვერ ხვდებიან, ამ ყველაფერს რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს“.

მშობიარეს თუ საკეისრო კვეთა აქვს გადაწყვეტილი და მას ორსულობის პერიოდში რაიმე პრობლემა არ ჰქონია, გინეკოლოგი მას ფიზიოლოგიურ მშობიარობას ურჩევს.

„მშობიარეს დეტალურად ვუხსნი თუ რატომ არის ცუდი საკეისრო კვეთა და რატომ არის კარგი ბუნებრივი გზით მშობიარობა. გარდა იმისა, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობა ქალისთვის კარგია, სასრგებლოა ბავშვისთვისაც. ახალშობილის მაღალი აქვს იმუნიტეტი და ამ გზით დაბადებული ბავშვი უფრო ძლიერია“, - გვიხსნის ძინძიბაძე.

მისი თქმით, საკეისრო კვეთების ეროვნული პროტოკოლი ექიმის ინტერესებსაც დაიცავს: „გინეკოლოგები ვალდებულები ვიქნებით, რომ აღნიშნული პროტოკოლით ვიხელმძღვანელოთ. საკეისროს გაკეთებისას რაიმე გართულებებისგან დაზღვეული არავინ არ არის, ამის გამო კი შესაძლოა ვინმე შეგვედაოს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ პასუხი გვექნება და ვეტყვით, რომ ვალდებულები ვიყავით ასე მოვქცეულიყავით. ახლა კი ამის დასაბუთება არ შეგვიძლია“.

საკეისრო კვეთების ეროვნული პროტოკოლი სექტემბრის ბოლოდან ამოქმედდება. აღნიშნული რეგულაციების შესრულება სამედიცინო სახლებისთვის სავალდებულო იქნება.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა შემთხვევაშია უფასო მშობიარობა და საკეისრო კვეთა კლინიკა 'იმედში' [R]
ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო დაზღვევის სტატისტიკას აქვეყნებს
1-ელი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება
ახალციხის სამედიცინო დაწესებულებას ახალი სპეციალისტები დაემატა [R]
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ერთწლიანი შედეგი
საყოველთაო დაზღვევით ახალციხეში 148 პაციენტმა ისარგებლა
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დღეიდან დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა