![უდის მთაში ეკლესიის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო] უდის მთაში ეკლესიის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]](/uploads/posts/2019-08/1565157191_eklesia-1.jpg)
ადიგენში, სოფელ უდის მთის ეკლესიის დღესასწაული კათოლიკეებმა ხუთ აგვისტოს აღნიშნეს. სპეციალურად ამ დღისთვის, მთაში სამი თვით წასულ ადგილობრივებს, სასულიერო პირები და მეზობელი სოფლების მცხოვრებლები შეუერთდნენ.
ხის ეკლესიაში წირვა თბილისის ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკური კათედრალის წინამძღვარმა და გენერალურმა ვიკარმა (ეპისკოპოსის დამხმარე) ანდრეი გრაჩიკმა აღავლინა.
წმიდა წირვას უდის, არლის, ხიზაბავრისა და გორის ეკლესიების მოძღვრები და მრევლი ესწრებოდა.
„დიდი ხანია, რაც ეს ეკლესია გვაქვს. ადრე მარტო ქვები იყო. ერთხელ მღვდელი ამოსულა და ამ ადგილიდან უქადაგია. მოსახლეობამაც გადაწყვიტა აქ გაეკეთებინა ეკლესია. ჯერ რამდენიმე ქვა დავდეთ რომ სანთლები აგვენთო, წვიმა-წყალშიც ვიდექით და ვლოცულობდით. მერე ჩვენმა სოფლელმა ხის მასალა მოიტანა, ჩვენ კაცებს საჭმელს ვუკეთებდით, ისინი ხის ეკლესიას კრავდნენ“, - ამბობს თამარ თუმანიშვილი.
![უდის მთაში ეკლესიის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო] უდის მთაში ეკლესიის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]](/uploads/posts/2019-08/1565157301_eklesia-5.jpg)
უდის მთის ეკლესია „თოვლის ღვთისმშობლის“ სახელობისაა. სახელი ლეგენდას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც, 352 წელს, პაპ ლიბერიუსის დროს, რომში ცხოვრობდა ღვთისმოშიში მდიდარი წყვილი. მათ შვილი არ ჰყავდათ და გადაწყვიტეს მთელი ქონება ღვთისმშობლისთვის შეეწირათ.
საკუთარი სურვილი ცოლ-ქმარმა გააცნო პაპს, რომელმაც ისინი დალოცა. წყვილი მხურვალედ ლოცულობდა და ღვთისმშობელს რაიმე ნიშნის ჩვენებას შესთხოვდა. 4 აგვისტოს, ღამით კი მათ და პაპ ლიბერიუსს ღვთისმშობელი სიზმარში ეჩვენათ და უთხრა, რომ მის სახელზე რომში, ესქვილინის გორაზე ეკელსია აეშენებინათ. ადგილი, სადაც ტაძარი უნდა დაედგათ, წმიდა მარიამის განმარტებით თოვლით დაიფარებოდა.
მეორე დღეს, წყვილმა ესქვილინის გორაზე, სიზმარში მითითებული ადგილი თოვლით დაფარული მართლაც ნახა. აგვისტოში მოსული თოვლით გაოცებული ხალხი ამ ადგილის სანახავად მიდიოდა. სიცხის მიუხედავად, გორაზე თოვლი არ დნებოდა. რომის ეკლესიამ ეს ფაქტი სასწაულად გამოაცხადა. დღესასწაულიც ამ დროიდან დაწესდა.
„ჩვენთან პოლონელი მღვდელი იყო, მამა იეჟი შიმეროვსკი, რომელიც სამი წლის წინ გარდაიცვალა. იმან მოიფიქრა, რომ ეკლესია „თოვლის ღვთისმშობლის“ სახელობის ყოფილიყო. ეს დღესასწაული აგვისტოშია და თან მთაზეა, ალბათ ეს გახდა მისთვის სახელის მინიჭების მიზეზი“, - ამბობენ ადგილობრივები.
![უდის მთაში ეკლესიის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო] უდის მთაში ეკლესიის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]](/uploads/posts/2019-08/1565157264_eklesia-3.jpg)
უდეში მცხოვრებლები მთაში ყოველ ზაფხულს სამი თვით დადიან. საკვირაო წირვებს მათთვის არლისა და უდის ეკლესიების მოძღვრები ზურაბ კაკაჩიშვილი და დარიუშ კომადოვსკი ატარებენ. ისინი მთაში ყოველ კვირას ადიან.
„კათოლიკურ ეკლესიაში საკვირაო წირვაზე დასწრება მორწმუნეებისთვის აუცილებელია. რადგანაც სოფელში მცხოვრებლების ნაწილი მთაში სამ თვეს ატარებს, გადავწყვიტეთ ჩვენ ავიდეთ ადგილზე. კვირა დღეს ასვლა ჩვენთვის, მოძღვრებისთვის შეუძლებელია, იმიტომ, რომ რამდენიმე სამრევლოში გვაქვს წირვა, შესაბამისად, საკვირაო ლიტურგიებს სხვა დღეებში ვატარებთ, რეგულარულად“, - ამბობს მესხეთის დეკანოზი ზურაბ კაკაჩიშვილი.
საზეიმო წირვის შემდეგ, დღესასწაული ადგილობრივებმა ღონისძიებით აღნიშნეს.
![უდის მთაში ეკლესიის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო] უდის მთაში ეკლესიის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]](/uploads/posts/2019-08/1565157258_eklesia-7.jpg)
![უდის მთაში ეკლესიის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო] უდის მთაში ეკლესიის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]](/uploads/posts/2019-08/1565157268_eklesia-8.jpg)
![უდის მთაში ეკლესიის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო] უდის მთაში ეკლესიის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]](/uploads/posts/2019-08/1565157250_eklesia-9.jpg)
![უდის მთაში ეკლესიის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო] უდის მთაში ეკლესიის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]](/uploads/posts/2019-08/1565157357_eklesia-10.jpg)
![უდის მთაში ეკლესიის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო] უდის მთაში ეკლესიის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]](/uploads/posts/2019-08/1565157342_eklsia-11.jpg)
[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]