FM97.5 / LIVE

38 წლის სოფელი[ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.05.2019
ახალგაზრდა სოფლის ისტორია. ნათლია შევარდნაძე, ქმრის გვარზე გადასული და ქალიშვილობის გვარზე დარჩენილი ქალების ,,პაექრობა“ სიყვარულში. ჩაის საკრეფად თურქეთში გადასული კაცები და კარტოფილის ასაკრეფად ჯავახეთში წასული ქალები. სოფელ ივერიას თავისებურებანი.

38 წლის სოფელი[ფოტო/ვიდეო]

ივერია სამხრეთ საქართველოში, სამცხე–ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სოფელი ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1200 მეტრზეა გაშენებული.

სოფლამდე მისასვლელ გზაზე არანაირი მაჩვენებელი არ არის თუ საით არის ივერია, სამაგიეროდ მტკვარს, ორივე ნაპირზე აქვს ტრაფარეტი, აქაოდა, ალაზანში არ აგერიოთო.

ასპინძის შესასვლელიდან ასე ორას მეტრში მარჯვენა მხარეს თუ ჩაუხვევთ და გზას მთებისკენ გაჰყვებით, 15 წუთში ივერიაში აღმოჩნდებით.

სოფლის ორღობეები ხრიოკია და მოყვითალო, თიხამიწას ეძახიან ასეთ მიწას. სოფელი ხელისგულივით თქვენს წინ გადაიშლებაო ვერ გეტყვით. აქ ვაკე ადგილზე სახლები დგას, უმეტესობა დაუმთავრებელი, სამშენებლო მასალა ეზოში ყრია. დამრეც ფერდობებზე ბაღებია გაშენებული. აქ 75 კომლი ცხოვრობს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებიდან: უჩხო, დანისპარაული, ქედლები, ბოძაური, დეკანაშვილიდან გადმოსახლებული აჭარლები. გვარი: ქათამაძე, ჯორბენაძე, აბაშიძე, შავაძე, შანთაძე, აბულაძე...

38 წლის ივერი იაკობაძე შუშანა და მიშა იაკობაძეების შვილია. მშობლები სოფლის პირველი მცხოვრებლები იყვნენ, ორ სხვა ოჯახთან ერთად. ივერი კი ახლად დაარსებული სოფლის ჩვილი. როგორც შუშანა იაკობაძემ გვითხრა მისი ვაჟის ნათლია ედუარდ შევარდნაძე იყო, ვაჟს ივერი, სოფელს კი ივერია დაარქვა.



ივერიის ამბები

სოფელში საჯარო სკოლაა, ორსართულიანი შენობითა და 80 მოსწავლით. მოსწავლეებს სპეციალური სასკოლო ფორმები აცვიათ, როგორც მშობლებმა საუბარში განაცხადეს ეს მათი სურვილი იყო რაც სკოლას შეუთანხმეს.

ივერიაში საბავშვო ბაღი არ არის. სკოლამდელი ასაკის 20 ბავშვი სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ტრანსპორტით ასპინძის საბავშვო ბაღში დადის.

როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, სოფელში წლებია დგას სასმელი წყლის პრობლემა. წყალი მოდის, თუმცა არასაკმარისი ოდენობის.

ივერიის ბავშვები

ივერიაში თითო ოჯახში ორი, სამი ბავშვი აუცილებლად იზრდება.

სოფელში შესვლისას გზაზე დაგდებული გახეთქილი ფერადი ბურთის კამერა მომხვდა თვალში, გამოვლისას აღარ ეგდო – "ლაგატკასთვის“ წაიღეს ბავშვებმა“, – მითხრა მოხუცმა ბებომ და დაამატა – "აქ "ლაგატკით“ დიდად არ ერთობიან, უფრო ინტერნეტით“.

რვა წლის ლიკა სკოლის შემდეგ ასპინძაში მიდის მუსიკაზე, ამიტომ გაკვეთილებიდან გამოსული პირდაპირ სახლში გარბის ჭამა და დასვენება რომ მოასწროს. როცა ვკითხე თუ რა უნდა სოფელში ჰქონდეს ყველაზე მეტად, მიპასუხა – რომ ყველაფერი აქვს.

პატარა ბიჭების მთავარი გასართობი ფეხბურთია. სტადიონიდან წამოსულები, დაღლილები ფოტოს გადაღებას თავად მთხოვენ.
–"როგორც ჯარიმის დროს ვმწკრივდებით ეგრე დავდგებით“, – სიცილით მითხრეს და გამწკრივდნენ.

38 წლის სოფელი[ფოტო/ვიდეო]

ივერიის ქალები

მაგული ჯორბენაძე ოთხი შვილის დედაა. 30 წელია სოფელ ივერიაში ცხოვრობს. ქალიშვილობის გვარი შავაძეა, ამბობს რომ გვარი თავის სურვილით შეიცვალა – "მიყვარს ქმარი და მიყვარს მისი გვარიც“.

საუბარში ახალგაზრდა დედა ნათია აბაშიძე გვერთვება – "ქმარი მეც მიყვარს, მაგრამ მის გვარზე გადასვლა სიყვარულთან რა შუაშია?“.

მაგული ჯორბენაძისთვის მთავარი სიყვარულია, ოჯახში სიყვარულის აუცილებლობაზე საუბრობს და გვეუბნება - ,,როდესაც ავად ვარ კაცმა ჭურჭელი რატომ არ უნდა დარეცხოს? დავუშვათ არ შემიძლია არ უნდა მომეხმაროს? მე ჩემი ქმარი ძროხასაც მაწველინებს, ჭურჭელსაც მირეცხავს, საჭმელსაც მიკეთებს. საქმეების მიხედვით კაცის და ქალის დაყოფა არ არსებობს. თუ სიყვარული არის იქ ქალმაც და კაცმაც ერთად უნდა იმუშაოს“.

სოფელში ოჯახებს დიდი შემოსავალი არ აქვთ. აქაური ქალები შემოდგომაზე ახალქალაქსა და ნინოწმინდაში დადიან კარტოფილის ასაკრეფად.
სახლიდან წასვლა მთელი დღით, დილის შვიდიდან, საღამოს ცხრამდე, ზოგჯერ ათ საათამდეც უწევთ, ამიტომაც მცირეწლოვან შვილებს ბებიებს, ბაბუებს და ზოგჯერ მეზობლებსაც უტოვებენ.

,,დღეში 20-30 ლარს გვიხდიან. 15 დღე ვმუშაობთ. სოფლიდან მანქანებით დავდივართ. რთულია მაგრამ ოჯახს რომ უჭირს სხვა რა ვქნათ“, – ამბობს ადგილობრივი, დარინა იაკობაძე.


ივერიის კაცები


შუადღეა, სოფლის ცენტრში ,,ბირჟაზე“ შეკრებილი მამაკაცები ნარდს თამაშობენ. პარალელურად სოფლის და ქვეყნის საქმეებს განიხილავენ.
არჩილ ჯორბენაძე 20 წლისაა. არ სწავლობს, ოჯახს ეხმარება სოფლის მეურნეობაში. ამბობს, რომ უკვირს ახალგაზრდები რატომ მიდიან სოფლებიდან – ,,ჩემი სოფელი მიყვარს და აქაურობას არასდროს დავტოვებ“.

სამი შვილის მამა, 42 წლის ამირან იაკობაძე ოთხი წლის იყო, როცა მშობლებთან ერთად ივერიაში ჩამოვიდა – ,,ქალაქი თუ სოფელი ამ არჩევანის წინაშე არასდროს დავდგები. ძვირფასია აქაურობა ჩემთვის, სხვაგან ცხოვრება გულშიც კი არ გამივლია".

სეზონური სამუშაო აქაური კაცებისთვის თურქეთშია, თუ ქალები კარტოფილის ასაკრეფად დადიან, მათი ქმრები მაისი – ივლისი –სექტემბრის თვეებში თურქეთში ჩაის საკრეფად მიდიან.

,,ყოველ წასვლაზე 20–25 დღე ვრჩებით, ნორმალური ანაზღაურებაა, სხვანაირად აქ ვერ ვიარსებებთ. სოფლიდან თითქმის ყველა ახალგაზრა მამაკაცი მივდივართ“, – გვითხრა ამირან იაკობაძემ.

38 წლის სოფელი[ფოტო/ვიდეო]

ივერიის მოხუცები

შუშანა იაკობაძე და მურად შანთაძე სოფლის ხანდაზმული მკვიდრები არიან, დაარსების დღიდან სოფელში ცხოვრობენ და სოფლის ავ – კარგზე და ქალისა და კაცის თანასწორობაზეც დაუზარლად გვესაუბრებიან.



ივერიაში ახლა ყველა ეზოში მიწაა დამუშავებული, სახლების გვერდით აშენებული საბძლებიდან ხბოების ბღავილი ისმის, თოკებზე სარეცხი ფრიალებს. შუშანა იაკობაძესაც ბევრი სამუშაო აქვს, ჩვენი მისვლისას ბალახს თხრიდა, ახლაც მოუსვენრად იფშვნეტს ხელებს და ვხვდებით რომ საქმე ეძახის, თუმცა წასვლამდე კიდევ ვასწრებთ ჩაწერას.

ადგილობრივებმა მითხრეს, რომ სოფელში თავიდან 110 კომლი ცხოვრობდა. უნდათ რომ ივერია ისევ გაიზარდოს, გაძლიერდეს და აქაურობა აღარავინ დატოვოს.

38 წლის სოფელი[ფოტო/ვიდეო]

[გულო კოხოძე, ნანა ინასარიძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]
თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]
სოფელი წარსული დიდების  ჩრდილში
ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]
” სოფელში ახალგაზრდას ვეღარ ნახავ”
ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი
სოფელი მთაში [ფოტო]