FM97.5 / LIVE

რას მოუტანს ახალციხეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი?

მთავარიპოლიტიკა 31.07.2013
ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შედეგად საქართველოს რამდენიმე ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭება. რას ნიშნავს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, მოხვდება თუ არა თვითმმართველი ქალაქების სიაში ახალციხე და რას შეცვლის ეს სტატუსი.

რას მოუტანს ახალციხეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი?
ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება რეგიონული ცენტრებისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებაა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამჟამად კანონპროექტის საბოლოო ვარიანტზე მუშაობენ, რომელიც მთავრობის სხდომაზე უნდა გავიდეს, რომ შემდგომში საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივად იქნეს წარდგენილი.

რას ნიშნავს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი განმარტავს, რომ რეფორმის შედეგად ჩამოყალიბდება თვითმმართველი ერთეულები, რომლებსაც საკუთარი საკრებულო და მერი ეყოლებათ. ყველა თვითმმართველ ქალაქს ექნება თავის ბიუჯეტი და კონცენტრირებული იქნება საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე.

„მოსახლეობა პირდაპირი წესით აირჩევს ქალაქის მერს და საკრებულოს. პირველ რიგში, საუბარია იმ ქალაქებზე, რომლებიც მოსახლეობის რაოდენობით მსხვილ ქალაქებს წარმოადგენს“, - აცხადებს თენგიზ შერგელაშვილი.

მისივე თქმით, 2006 წლამდე საქართველოს ქალაქებს, დაბებსა და სოფლებს საკუთარი თვითმმართველობები ჰქონდათ, იურიდიული სტატუსი გააჩნდათ, თუმცა, მაშინ საკმაოდ სუსტი თვითმმართველობა იყო.

თენგიზ შერგელაშვილს ეთანხმება საქართველოს მთავრობის კანცელარიის, რეგიონებთან და თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი მელაშვილი. მისი თქმით, მაშინ თვითმმართველობებს ნაკლები უფლება-მოსილებები ჰქონდათ, ამ შემთხვევაში კი თვითმმართველ ქალაქებს მეტი შესაძლებლობა მიეცემათ, რომ უკეთესად განვითარდნენ.

რას მოგვიტანს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი

ირაკლი მელაშვილი ამბობს, რომ თუ ქალაქს საკუთარი ბიუჯეტი არ აქვს, მომავალს ვერ დაგეგმავს.

„ამ რეფორმის შედეგად ქალაქს საკუთარი ბიუჯეტი ექნება. მკვეთრად გაიზრდება მისი ფინანსური შესაძლებლობები და უფლება-მოსილებები. არჩევნების შემდგომ ძალიან ბევრი რამ თავად მოსახლეობაზე იქნება დამოკიდებული, რა ხალხს აირჩევენ, ვის ანდობენ საკუთარ ბედს. თუმცა, მერე ხელს ვეღარავისკენ გაიშვერენ. ახალციხის განვითარებაზე პასუხისმგებლები პირველ რიგში ახალციხელები უნდა იყვნენ“, - განმარტავს იგი.

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის კოტე კანდელაკის თქმით, აღნიშნული რეფორმის განხორციელების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, რომ ქალაქის განვითარებაზე თავად ქალაქის მოსახლეობა იფიქრებს.
კანდელაკს ეთანხმება ირაკლი მელაშვილიც და ამბობს, რომ იმისათვის, რომ სამოქალაქო საზოგადოება ჩამოყალიბდეს და დაიწყოს ხელისუფლების კონტროლი, პირველ რიგში მოსახლეობას უნდა შევეკითხოთ რა უნდა გაკეთდეს მათ ქალაქში: „თუ ამას მათ არავინ ეკითხება, ასეთი მოსახლეობა არასდროს იკითხავს რას აკეთებს ცენტრალური ხელისუფლება“.

რა კრიტერიუმებით მოხდება თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მისანიჭებლად გარკვეული კრიტერიუმები იქნება.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ეტაპობრივად დაიწყება. პირველ ეტაპზე ალბათ ის ქალაქები მიიღებენ სტატუსს, რომელთა მოსახლეობაც 15 ათასს აღემატება. შესაძლოა საშუალო ზღვრად აღებული იქნეს 10 ათასიც, ამჟამად ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. ყველა ის ქალაქი, რომელიც თავისი სტატუსით არის ქალაქი, ქალაქური ტიპის ურბანული დასახლება, ეტაპობრივად მიიღებს ამ სტატუსს“, - განმარტავს მინისტრის მოადგილე.

კოტე კანდელაკი ფიქრობს, რომ მოსახლეობის რაოდენობასთან ერთად შესაძლოა ქალაქის ისტორიასაც მიექცეს ყურადღება: „შესაძლებელია გამონაკლისებიც მოხდეს. მაგალითად, ისტორიულ ქალაქებს, როგორიცაა მცხეთა ან სიღნაღი, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 10 ათასიც არაა, შესაძლოა მიენიჭოს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი“.

რას შეცვლის სტატუსი

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ თავმჯდომარე გიორგი ანდღულაძე ამბობს, რომ სამართლიანობის პრინციპის დაცვისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭება აუცილებელია. მისი თქმით, გამოთანაბრებითი ტრანსფერის უმეტესი ნაწილი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის დაახლოებით 70 პროცენტს შეადგენს, უმეტესად ქალაქში იხარჯება, დანარჩენი 30 პროცენტი კი ყველა დანარჩენ სოფელზე ნაწილდება. (შეგახსენებთ, ახალციხის მუნიციპალიტეტში 46 სოფელია).

„გამოთანაბრებითი ტრანსფერი მუნიციპალიტეტში იმ რაოდენობის მოდის, რა რაოდენობის მოსახლეობაც ჰყავს, თითოეულ ადამიანზე გარკვეული რაოდენობის თანხა. ამ შემთხვევაში სოფლები იჩაგრება და გარკვეულწილად სამართლიანობის პრინციპი დარღვეულია. მარტივ მაგალითს მოვიყვან, მუნიციპალური ტრანსპორტით, რომლის თანადაფინანსებასაც ადგილობრივი ბიუჯეტი ახდენს, ძირითადად ქალაქის მოსახლეობა სარგებლობს. გარდა ამისა, ის ინფრასტრუქტურული პროექტებიც, რომლებიც მუნიციპალიტეტში ხორციელდება, ძირითადად ქალაქშია დაგეგმილი“, - ამბობს გიორგი ანდღულაძე და ამატებს, რომ სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტები ძირითადად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.

მისივე თქმით, თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭება ქალაქის მოსახლეობაზე საწყის ეტაპზე შესაძლოა უარყოფითად აისახოს, რადგან ქალაქს დაფინანსება შეუმცირდება: „ამ თანხის გადანაწილება სხვანაირად მოხდება. აქედან გამომდინარე, ყველა ის სიკეთე, რითაც დღეს ქალაქის მოსახლეობა სარგებლობს, შესაძლოა პირველ ეტაპზე ქალაქს მოაკლდეს, მაგრამ, გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან კარგია და დიდი დადებითი ეფექტის მოტანა შეუძლია. ქალაქი განთავისუფლდება ძალიან ბევრი სხვა საქმისგან, იქნება დამოუკიდებელი სუბიეტი, გაძლიერდება ადგილობრივი თვითმმართველობა, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა თვითმმართველობაში, რაც პირველ რიგში გაზრდის ქალაქის მმართველებისა მოსახლეობის ურთიერთობას, ისინი პირდაპირ იქნებიან ანგარიშვალდებულნი მოსახლეობის წინაშე“.

ამჟამად თვითმმართველი ქალაქის სტატუსი საქართველოში ხუთ ქალაქს აქვს. ირაკლი მელაშვილს უკვირს, თუ შეიძლება, რომ თვითმმართველ ქალაქს წარმოადგენდეს რუსთავი ან ფოთი, იგივე სტატუსით რატომ არ უნდა სარგებლობდეს ზუგდიდი, თელავი ან თუნდაც ახალციხე.

მელაშვილი ამბობს, რომ ქალაქებისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭება ევროპული განვითარების გზაზე დადგომის ტოლფასია.

„დემოკრატია მოდის ევროპიდან და ევროპული თვითმმართველობებიდან, თვითმმართველი ქალაქებიდან, ამიტომ, ველოსიპედების გამოგონება არ გვჭირდება. ეს რეფორმა ითვალისწინებს, რომ ჩვენ ოცწლიანი დაგვიანებით, მაგრამ მაინც დავადგეთ ევროპულ განვითარების გზას“, - აცხადებს ირაკლი მელაშვილი.

რას მოუტანს ახალციხეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი?

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხე თვითმმართველი ქალაქი ხდება
ახალციხის პირველი მერი  თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას მიესალმება
ვლადიმერ ზედგინიძე: თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმება არამართებულია
რამდენი მაჟორიტარი ეყოლებათ საკრებულოებში გაუქმებულ თვითმმართველ ქალაქებს
კვირის აქცენტი: რისთვის სჭირდება ახალციხეს ქალაქის სტატუსი [Video]
დღეს საკრებულოები  თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებაზე იმსჯელებენ
თვითმმართველობის კოდექსს რეგიონული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნობიან