FM97.5 / LIVE

სკოლების ბიუჯეტი სამართავად მერიებს გადაეცა, თუმცა ქონებისა და დაფინანსების საკითხები ჯერ კიდევ გადასაწყვეტია

მთავარისიახლე, პოლიტიკა, ეკონომიკა 22.11.2018
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილობრივი თვითმმართველობები უზრუნველყოფენ. ამისთვის სამცხე–ჯავახეთის მერიებთან შესაბამისი დოკუმენტები უკვე გაფორმებულია, თუმცა ქონებისა და დაფინანსების საკითხები განსაზღვრული ჯერ კიდევ არაა.

სკოლების ბიუჯეტი სამართავად მერიებს გადაეცა, თუმცა ქონებისა და დაფინანსების საკითხები ჯერ კიდევ გადასაწყვეტია

განათლების სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად თვითმმართველობამ საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ჩაატაროს. შეთანხმების მიხედვით, საგანმანათლებლო რესურსცენტრი ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად შეარჩევს პრიორიტეტს და ამის შემდეგ სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერს გამოაცხადებს.

ბორჯომის მერიაში ამბობენ, რომ მსგავსი სახის თანამშრომლობა აღნიშნულ უწყებებს შორის პირველად შედგა. მემორანდუმის ფარგლებში სკოლებთან ძირითადად მერიის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების თანამშრომლები იმუშავებენ.

„კაპიტალური გრანტის სახით ბორჯომმა 200 000 ლარი მიიღო. ამ თანხით ვგეგმავთ ტაძრისის სკოლის სახურავის და ახალდაბის სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაციას. პრიორიტეტები საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ერთად განვსაზღვრეთ და გადავაგზავნეთ განათლების სამინისტროში“, – ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე.

მისი თქმით, თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის თვალსაზრისით, ეს წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია: „ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს საშუალება, რომ სკოლებზე ზედამხედველობა განვახორციელოთ ეს ცენტრიდან რთულია. ტენდერიდან დარჩენილი ეკონომიებიც ისევ სკოლებს მოხმარდება“.

განათლების სამინისტრომ თივთმმართველობებისთვის სკოლების ინფრასტრუქტურისა და ბიუჯეტის მართვის გადაცემის პროცესი მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო. თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის თვალსაზრისით ამ საკითხს წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ ექსპერტები, თუმცა, ამბობენ, რომ მოსაგვარებელი ჯერ კიდევ ბევრი საკითხია.

„ვფიქრობ, რომ ეს არა მემორანდუმით, არამედ ხელშეკრულების საფუძველზე უნდა მოხდეს. ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც მთავრობას წინასწარ უნდა განესაზღვრა. თუმცა, ეს ამბავი ცალსახად დადებითია, რადგან ადგილობრივმა თვითმმართველობამ უკეთ იცის, რომელ სკოლაში რა სჭირდებათ, ვიდრე თბილისში სამინისტრომ“, – ამბობს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი.

მისი თქმით, ამ მიმართულებით უფლებამოსილებები გამიჯნული ჯერ კიდევ არ არის: „თვითმმართველობას არ აქვს უფლება გაიღოს ხარჯი იმ ობიექტების რეაბილიტაციაზე, რომელიც არ არის მისი საკუთრება. ამიტომ სამინისტროსა და თვითმმართველობებს შორის ქონების და ფინანსების საკითხები აუცილებლად უნდა გადაიჭრას. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ეს ეფექტური, სხვა შემთხვევაში, არამიზნობრივი ხარჯვა გამოვა“.

მელაშვილი ამბობს, რომ ფინანსების ობიექტური დაანგარიშება ჯერ კიდევ პრობლემაა: „ორი კვირის წინ ფინანსთა სამინისტროს და მთავრობას წარვუდგინეთ ჩვენი კონცეფცია ფინანსური და ქონებრივი დეცენტრალიზაციის შესახებ. ჩვენ თუ გვინდა ვიცოდეთ, რამდენი უჯდება თვითმმართველობას სკოლების რეაბილიტაცია, ამისთვის მოსაგვარებელი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ეს არის სტანდარტების დადგენა და განსაზღვრა“.

ექსპერტის განცხადებით, ამჟამად სტანდარტი იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს სკოლის ინფრასტრუქტურა და რა ინვეტარით უნდა იყოს ის აღჭურვილი, განსაზღვრული არ არის: „ვიდრე ეს არ იქნება შემუშავებული, მერიებს გაუჭირდებათ განსაზღვრონ მრავალწლიანი პროექტები სკოლებთან დაკავშირებით. მათ უნდა იცოდნენ თუ რა სტანდარტამდეა მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სკოლები მისაყვანი“.

მელაშვილს მიჩნია, რომ მთავრობას მინიმალურ სტანდარტების შემუშავებაზე აქამდე უნდა ეზრუნა: „სტანდარტები შესამუშავებელი იყო გასულ წლებშიც. თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, ეს ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გააკეთოს. ექსპერტების მოთხოვნა არის ის, რომ დეცენტრალიზაციის სტრატეგიაში ჩადებული იყოს სტანდარტების შემუშავების ვალდებულება. ყველამ გაიზიარა ეს და ახლა ველოდებით მთავრობის პასუხს“.

როგორ გაგრძელდება სამინისტროების თვითმმართველობებთან ურთიერთობა სკოლების საკითხთან დაკავშირებით, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ამ საკითხებზე მოლაპარაკებები უწყებებს შორის ამ დრომდე მიმდინარეობს.

„განათლების სამინისტროსთან ერთად ვმსჯელობთ კომპეტენციების განაწილების წესზე. ჯერ არაფერია დადგენილი. საიდან წამოვა დაფინანსება და რა როგორ გადანაწილდება, ეს ჯერ საბოლოოდ შეთანხმებული არ არის. წლის ბოლომდე დასრულდება მოლაპრაკებები და გაირკვევა ყველა დეტალი“, – აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რომელ სკოლებს ჩაუტარდება რეაბილიტაცია სამცხე-ჯავახეთში
რამდენი იქნება აბასთუმნის სკოლის შენობის ქირა, ჯერ უცნობია
უწყლობა და ანტისანიტარია სამცხე–ჯავახეთის სკოლების ტუალეტებში – რას გეგმავენ მერიები
სამცხე–ჯავახეთში სკოლების რეაბილიტაცია იწყება
არლის სკოლაში სამშენებლო სამუშაოები ჭიანურდება
ახალციხეში დეცენტრალიზაციის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება
საჯარო სკოლებს დაფინანსება გაეზარდათ