FM97.5 / LIVE

ადიგენში რელიგიური კონფლიქტი ღვივდება?

მთავარისაზოგადოება 25.07.2013
ორ ღამეში უნებართვოდ დადგმული 24 მეტრი სიმაღლის მინარეთი და ღია თუ ფარული დაპირისპირება მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს შორის. ვის სურს რელიგიური დაპირისპირება ადიგენში?

ადიგენში რელიგიური კონფლიქტი ღვივდება?
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთს ორ დღეში გვერდით 24 მეტრი სიმაღლის მინარეთი დაუმონტაჟეს ისე, რომ მშენებლობის ნებართვა არ უთხოვიათ. მომხდარით უშიშროება უკვე დაინტერესდა. საქმეს იძიებს ადიგენის რაიონული სამმართველოც.

ჭელაში თურქეთიდან ჩამოტანილი მინარეთი გასულ კვირას დაამონტაჟეს. ამ დროიდან, როგორც ადგილობრივი მუსლიმები ამბობენ, მინარეთის დაშლის მოთხოვნით მართლმადიდებლები ხელმოწერებს აგროვებენ. ჭელასა და მის მიმდებარე სოფლებში მუსლიმები, (აჭარიდან გადმოსახლებულები) და მართლმადიდებლები (რაჭიდან გადმოსახლებულები) ცხოვრობენ.

მოლის ხმა რომ აწუხებთ, ამის შესახებ მართლმადიდებლები „სამხრეთის კარიბჭესთან“ მხოლოდ პირად საუბრებში აცხადებენ. რაც შეეხება ხელმოწერებს, ამბობენ, რომ შეგროვების შესახებ გაუგიათ, თუმცა თავად ხელი არაფერზე მოუწერიათ, რადგან ათეული წლებია მუსლიმების გვერდით ცხოვრობენ, კარგი მეზობლური ურთიერთობა აქვთ და ამ ურთიერთობების გაფუჭება არ უნდათ.

ადიგენში რელიგიური კონფლიქტი ღვივდება?„ერთმანეთთან მივდივართ, მოვდივართ. ილოცონ, ვინ უშლით?! ვიღაცამ შეიძლება რაღაც თქვა, მაგრამ სოფელში არაფერი მსგავსი არ ხდება, - ამბობს სოფელ ჭეჭლაში მცხოვრები რევაზ გამყრელიძე და ამატებს, რომ პირადად მისთვის მინარეთი იქნება თუ არა მეზობელ სოფელში, მნიშვნელობა არ აქვს, - ეგეთი რაღაცის გამო სოფელში პრობლემა არასდროს ყოფილა. შეიძლება ერთეულებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სოფელში დაპირისპირებაა“.

კარგ მეზობლურ ურთიერთობაზე საუბრობს გამყრელიძის მეზობელი, იზოლდა ლობჯანიძე, რომელსაც ბინა დაეწვა და მუსლიმმა მეზობლებმა შეიფარეს: „პირიქით, აჭარლები უფრო გვერდში მიდგანან, თუ შევადარებთ, ვიდრე რაჭველები. მინარეთის აშენების გამო ერთმანეთს აქ არავინ დაუპირისპირდება“.

უფრო მეტიც, მართლმადიდებლების განცხადებით, ამჟამად, ჭელაში მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობაში მუსლიმებიც ეხმარებიან.

მართლმადიდებლებს ეთანხმებიან მუსლიმებიც და აცხადებენ, რომ ორივე სოფელში რაჭველებსაც და აჭარლებსაც ერთმანეთში კონფლიქი არასდროს მოსვლიათ. თუმცა, ჭელაში მცხოვრები 21 წლის რევაზ ირემაძე ამბობს, რომ მომხდარი მათ ურთიერთობაზე გავლენას ნამდვილად იქონიებს: „არიან ერთეულები, რომლებიც ამის წინააღმდეგ გამოდიან, ეს დროთა განმავლობაში ჩვენ ურთიერთობებზე აისახება“.

ადიგენში რელიგიური კონფლიქტი ღვივდება?მისი თქმით, მინარეთი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში მუსლიმების მიერ შეგროვილი ფულით დაიდგა: „კერძოდ ამ საქმისთვის ფული არავის ჩაუდია. შემოწირულობებით გავაკეთეთ. მე პირადად 15 ლარი დავდე“.

იმამის მოადგილის, დავით ჩოგაძის განცხადებით, მინარეთი შემოწირულობებით დაიდგა, თუმცა ისე, რომ ნებართვა არ უთხოვიათ: „ნებართვას არ იძლევიან საერთოდ, არც მეჩეთზე და არც მინარეთზე. ნებართვა უნდა მოგვცეს მთავრობამ, მაგრამ კანონი არ არის და ამიტომ ვერ იძლევიან. სწორედ ამიტომაა ყველგან, თუნდაც აჭარაში, რომ არცერთ მეჩეთზე და მინარეთზე კანონით მშენებლბის ნებართვა გაცემული არ არის“.

იმას, რომ სოფელში მეჩეთის აღებასთან დაკავშირებით ხელმოწერები ნამდვილად გროვდება, დავით ჩოგაძეც ამბობს: „ხელს სხვების ნაცვლად აწერენ. ვინ აკეთებს ამის ორგანიზებას არ ვიცი, მაგრამ ჩამოიარეთ სოფელში და იკითხეთ ვინმემ ხელი მოაწერა თუ არა“.

იმამის მოადგილე დავით ჩოგაძე
იმამის მოადგილე დავით ჩოგაძე

ჩოგაძე დარწმუნებულია, რომ ამ ამბის შეთითხნას და სოფელში რელიგიური შუღლის გაღვივივებას ვიღაც სპეციალურად ცდილობს: „ვიღაცა ექსტრემისტს სურს, რომ შუღლი ჩამოაგდოს მეზობლებს შორის. ჩვენ 30 წელიწადია ჩამოსახლებულები ვართ აქ და ადგილობრივ რაჭველებთან გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, ჭირიც ერთია ჩვენი და ლხინიც. თუმცა, არსებობს 2-3 პიროვნება, რომელსაც სურს, რომ კონფლიქტური სიტუაცია შექმნას. ეს კი არასდროს მოხდება ჩვენთან“.

მისი თქმით, მინარეთი ერთი კვირაა უკვე რაც დადგეს: „მსოფლიოში ყველა მეჩეთს აქვს მინარეთი, აქ ახალი ხომ არაფერია?! აქამდე საშუალება არ გვქონდა, ახლა ავაგროვეთ ფული და დავდგით. თუ რამე გავაკეთეთ ცუდი და სახელმწიფო დანაშულია, გვითხრან და ჩვენ თვითნ მოვშლით“.

ჩოგაძის განცხადებით, თუ შეგროვდება ხელმოწერები და ადგილობრივი მართლმადიდებლები დაშლას გადაწყვეტენ, არავინ შეეწინააღმდეგება: „თუ ამ სფოლში მოსახლეობას სურს, რომ ეს არ იყოს, მობრძანდნენ და დაშალონ, კაციშვილი ხმას არ ამოიღებს! არავინ არაფერს იტყვის! არ მოხდება აქ არც ჩხუბი და არც აყალ-მაყალი, რადგან არ არსებობს არცერთი ადამიანი, ვინც ჩამოვა აქ და ამას ხელს მოკიდებს და დაშლის. მაგრამ, თუ ვინმე მოვა „ზემოდან“ და მოითხოვს ავიღოთ, საკადრის პასუხს გავცემთ“.

მისთვის გაუგებარია, რა მიზეზით შეიძლება მოითხოვოს ვინმემ მინარეთის დემონტაჟი: „აგერ შენდება ეკლესია და ვუთხრათ, რომ ააშენეთ ეკლესია, მაგრამ ზარები არ დარეკოთო?! მაგას აქ არავინ იტყვის, რადგან ვიცით, რომ ეგ არის ღმერთის სახლი“.

ჩოგაძის განცხადებით, ხელმოწერებთან დაკავშირებით ადიგენის პოლიცია უკვე დაინტერესდა. ადგილობრივების თქმით, სოფელში უკვე იყვნენ უშიშროების წარმომადგენლებიც.

„გუშინ იყვნენ მოსული უშიშროებიდან. გვითხრეს კანონის ფარგლებში ასაღები თუ იქნება, უნდა დაიშალოსო. პირადად ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, იქნება მინარეთი თუ არა, არც დაშლაში მივიღებ მონაწილეობას და არც მისი დადგმის შესახებ გამიგია“, - ამბობს მართლმადიდებელი გოჩა ქაფიანიძე.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]

პ.ს. "სამხრეთის კარიბჭე" ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს. სხვადასხვა მხარის მოსაზრებებს, დღეს, დღის განმავლობაში, ეტაპობრივად მოგაწვდით.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჭელაში მცხოვრები - მინარეთის დასანგრევად ხელი ჩემს ნაცვლად მოაწერეს
მინარეთის ნგრევის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაზე საპატრიარქოში არაფერი იციან
ვინ აგროვებს ხელმოწერებს მინარეთის დასანგრევად
ვის უკავშირებენ რელიგიური კონფლიქტის გაღვივების მცდელობას?
ჭელის მეჩეთის წინამძღვარი: მინარეთიდან მოლა მრევლს არ მიმართავს
‘საზოგადოებრივი დარბაზი’-  მინარეთის დადგმის საქმე უნდა გამოიძიონ
‘მართლმადიდებლების უფლებების დასაცავად’ ადიგენში დაგეგმილი აქცია გადაიდო