FM97.5 / LIVE

მორჩილთა წუთისოფელი

მთავარისიახლე, ბლოგები 08.09.2018
ცაულინა მალაზონიას ბლოგი ჯავახეთიდან.

მორჩილთა წუთისოფელი

ცენტრიდან მოწყვეტილ სოფლებში, სადაც გარესამყაროსთან კავშირს თანამედროვეობის სუნთქვა ვერ შემოაქვს, ცხოვრება დრომოჭმული წესებით მიდის. მათგან ზოგი რამ უწყინარი და სასაცილოა, ზოგი კი მკვეთრად ნეგატიურ გარემოს ქმნის, განსაკუთრებით ქალებისთვის.

ძალადობასთან ადაპტაცია

აი, ეს არის ქალი! – ასაკისაგან წელში მოხრილმა შემხვედრმა თანამგზავრ ქალებს ერთ–ერთისაკენ მიუთითა. ამ უკანასკნელმა მისი მოწონება მხოლოდ იმით დაიმსახურა, რომ რატომღაც იმ დღეს, სხვებისგან განსხვავებით, კოჭებამდე კაბა ეცვა.

21–ე საუკუნეში, ზოგიერთ თემში, ეთნიკურ წარმომავლობას მნიშვნელობა არა აქვს, მოხუცები სხვისი კაბის სიგრძე–სიმოკლეს ჯერ კიდევ საგულდაგულოდ ზომავენ, ახალგაზრდები კი ყურს თანამედროვე მოდას უფრო უგდებენ და ნელ–ნელა სტანდარტებიც იცვლება.

სტერეოტიპების ტყვეობაში საშუალო ასაკისანიც არიან. როგორც ქალს, ურყევი რეპუტაცია უნდა გქონდეს, რომ მგზავრებით გადატვირთულ ტაქსიში მძღოლის გვერდით დაჯდომა გარისკო. ზოგან კი ამ ტრანსპორტიდან მანამ უნდა ისკუპო, ვიდრე სოფლის მოსადგომებთან მიხვალ. თამამ ქალთა შესაჩვენებელი სამსჯავროებიც ჯერ კიდევ შემორჩენილია და დროის მოთხოვნიდან გამომდინარე, ასპარეზს გოგონათა ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტების მკაცრი ცენზორებიც შემოემატნენ.

ზოგან ლიდერი დედამთილების ინსტიტუტიც საკმაოდ მყარია, ოჯახის ბიუჯეტს ერთპიროვნულად რომ განაგებენ და რძლის ხელფასსაც საერთო ყულაბაში უჩენენ ადგილს. ამ უკანასკნელთ "თავის ნებაზე", მაგალითად, ტრენინგებზე სიარულს რომ უკრძალავენ და ტომრების წამოსაკიდად კარტოფილის ყანებში განამწესებენ.

"მამამ არ გამიშვა", "ძმა მიკრძალავს", "დედაჩემს არ უნდა",– ხშირად გაიგებთ გოგონებისაგან, რომლებიც გათხოვების შემდეგ, თაფლობის თვის დასრულებას ვერც კი ასწრებენ, ქმრებს ფულის საშოვრად უცხოეთში აცილებენ და ახლადშექმნილ ოჯახში საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის ბრძოლაში უამრავ ბარიერს აწყდებიან.

მამაკაცებისთვის კაცის და ქალის საქმე მკვეთრად გამიჯნულია: სამზარეულო, სარეცხი, დალაგება–დასუფთავება, შვილების მოვლა, ძროხის მოწველა წმინდა ქალური საქმეა. მაგრამ ქალებისთვის მსგავსი საზღვარი არ არსებობს, ისინი ყოვლისშემძლენი არიან.

სხვა ფენომენსაც გადაეყრები: ოთხი შვილის დედა მრავალი წელია მოთმინებით იტანს საღამოჟამის თავდასხმებს დედამთილ–მამამთილისაგან. მოსიყვარულე ქმარს კი, რომელსაც ცოლისთვის ერთი ხმამაღალი სიტყვაც არ უთქვამს, არასოდეს აღუმაღლებია ხმა მის დასაცავად. არც ქალს გასჩენია პროტესტი იმის გამო, რომ ამ კაცის ცოლობა ძალიან ძვირი უჯდება. არც წამოზრდილი შვილები გამოთქვამენ საყვედურს, რადგან ამ გარემოში კარგად ადაპტირებულები არიან.

ასე მივყავართ ზემოთ ნახსენებ ვითომ უწყინარ შეზღუდვებს, თვალის დახამხამებაში ძალადობრივ ატმოსფერომდე, რომლის მსხვერპლი ქალებიც წინააღმდეგობის გაწევის და პროტესტის ნაცვლად მოჩილებაში ატარებენ ამ წუთისოფელს. უმეტესწილად ეს ღირსების გრძნობით ნაკარნახევი მდუმარებაა, რომელსაც ზოგჯერ ნებისმიერი ჩვენგანი მივმართავთ: სხვის თვალში არ უნდა დაგამცირონ, თორემ საკუთარ თვალში არასოდეს დაეცემი.

"ჭირის დამალვას" ხელს შესაბამისი კომუნიკაციის არარსებობა, ენობრივი ბარიერი, დაბალი თვითშეგნება და დაცვისა თუ თავდაცვის მექანიზმების არასაიმედოობა უწყობს. ამ სოფლებში თითქმის არ იციან, საქართველოში რამდენმა მამაკაცმა მოკლა ცოლი სწორედ მას შემდეგ, რაც მან სახელმწიფოს დახმარებისთვის მიმართა და იმის წარმოდგენაც უჭირს ბევრს, რა მოხდება თუ ის არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადებს და გააგრძელებს ცხოვრებას იქვე, სადაც ეს ხდებოდა.

"ქმარს როგორ უნდა უჩივლო!"

სახალხო დამცველის სამცხე–ჯავახეთის ოფისის რეგიონულ წარმომადგენელს, სისხლის სამართლის მაგისტრ სალომე ყულიჯანიშვილს საინფორმაციო შეხვედრების ფორმატში, კოლეგებთან ერთად, ჯავახეთის თითქმის ყველა დასახლებული პუნქტი შემოვლილი აქვს. საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულება საჭესთან მჯდომმა 27–28 წლის ომბუდსმენმაც არაერთხელ დაიმსახურა.

სოფლებში ვიზიტისას, სალომე იმან გააოცა, რომ შეხვედრას არცერთი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი არ ესწრებოდა: "ვიყავით მხოლოდ მე და გარშემო 20–30 კაცი. ვკითხულობდი, რატომ არ იყვნენ შეხვედრაზე ქალები და ვთხოვდი მამაკაცებს, გადაეცათ მეუღლეებისთვის, დებისთვის, დედებისთვის შეხვედრის თაობაზე, იქნებ მათაც ჰქონდათ პრობლემა და სასაუბრო, ისინი მპასუხობდნენ, რომ ეს ქალის საქმე არ იყო, ქალები "ყანაში" იყვნენ და თავის საქმეს აკეთებდნენ.

მორჩილთა წუთისოფელიმერე თითქოს გაუმართლა და შეხვედრაზე მერის წარმომადგენელი ერთადერთი ქალი აღმოაჩინა: მასთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღო და უამრავი კითხვა დაუსვა იმის შესახებ, თუ რა ბარიერები და სირთულეები ხვდებოდა საქმიანობის პროცესში: "მოვემზადე იმისთვის, რომ ჩვენს შორის "ღია ქალური საუბრები" გაიმართებოდა და პასუხი იყო ყველაზე საინტერესო – არ ვიცი მე, ჩემი ქმარი აკეთებს ყველაფერს!

როცა მოსწავლეებს ვესაუბრებოდით ადრეულ ასაკში ქორწინების უარყოფით შედეგებზე, ერთ–ერთი სოფლის მკვიდრი (საჯარო უწყებაში დასაქმებული) წამოხტა ყვირილით, რომ ჩვენი საუბარი იყო მოწოდება ახალგაზრდებისადმი – არ შეექმნათ ოჯახები, რითაც მათ ცუდი საქციელისკენ ვუბიძგებდით", – მიყვება სალომე.

მისივე განმარტებით, როცა სიტუაცია აუტანელი ხდება, ქალბატონები ოფისშიც მოდიან და თავიანთ გასაჭირზე ყვებიან. თუმცა ზოგჯერ მხოლოდ ამით შემოიფარგლებიან და ბრძოლის გაგრძელებას ვერ ბედავენ:

"იმატა მომართვიანობამ, განსაკუთრებით ქართული ოჯახებიდან. მოგვმართავენ როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ. ზოგჯერ მოდიან და სამართლებრივი კონსულტაციით შემოიფარგლებიან, ინტერესდებიან თუ რა პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული კონკრეტულ ძალადობრივ დანაშაულზე, ამბობენ, რომ დაფიქრდებიან და გადაწყვეტენ, განაცხადონ თუ არა ოფიციალურად. სხვის სახელს ამოფარებული ქალებიც მოსულან, რომ თითქოს ეს ყველაფერი ნათესავს, მეზობელს, მეგობარს შეემთხვა და არა თავად მას, მაგრამ მათი ჟესტები და გამომეტყველება სულ სხვა რამეს მიგვანიშნებდა". მორჩილთა წუთისოფელი

იყო განსხვავებული სიტუაციაც, როდესაც დაზარალებულის მშობლები დაეკონტაქტნენ: "შემოგვჩივლეს, რომ მათი შვილი ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლია. კერძოდ, მეუღლე და ოჯახის სხვა წევრები არ აძლევდნენ თანხას, თუნდაც პირადი საჭიროების ნივთების საყიდლად, რაზედაც პროტესტის გამოხატვის შემდეგ ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი გახდა. მშობლები გვთხოვდნენ, გავსაუბრებოდით დედამთილ–მამამთილს, არ სურდათ პოლიციისთვის მიემართათ, რადგან საზოგადოებრივი რეაქციის ეშინოდათ.

ჩვენ შუამავალი რგოლი ვართ, მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანო, ასეთ დროს მივმართავთ პოლიციას გამოძიების დაწყების მოთხოვნით, თუ დაწყებულია, უკვე გამოძიების მიმდინარეობაზე ვითხოვთ ინფორმაციას. ჩვენთან არსებული პრაქტიკის თანახმად, ჩვენს წარმოებაში რა საქმეებიც ყოფილა, უმეტეს შემთხვევაში მოხდა მოძალადეების დამნაშავედ ცნობა და მიესაჯათ საპატიმრო სასჯელი".

პოლიციის ხსენება ზოგს აფრთხობს. იქამდე მისვლას ვერ ბედავენ. ყოფილა შემთხვევა, როცა სახალხო დამცველის ოფისიდან გაჰყოლიან იქ განცხადების წარსადგენად. თუმცა მიზეზი მხოლოდ ეს არ არის: უმეტესობას ჰგონია, რომ პოლიციაში არ დაეხმარებიან და გახდებიან გაკიცხვის და დაცინის ობიექტი. როგორც სალომე ამბობს, არც თუ ისე უსაფუძვლოდ:

"ძალადობის მსხვერპლი ქალები გვიყვებიან, რომ გამოიძახეს ადგილზე სამართალდამცველები, თუმცა მათ არა გამოძიების დაწყება, არამედ საქმის ადგილზე მოგვარება სცადეს. კერძოდ – მოძალადისა და მსხვერპლის შერიგება, ქმარია და როგორ უჩივიო. ეს ძალიან საშიში და ასევე, მანკიერი პრაქტიკა იყო".

თუმცა ბოლო წელია სახელმწიფო პოლიტიკაც ამ კუთხით საკმაოდ გამკაცრდა, ცვლილებები შევიდა კანონში, რაც ითვალისწინებს ძალადობის შემთხვევების არა მარტო დროულ გამოვლენასა და აღკვეთას, არამედ პრევენციაც. პროკურატურასაც და ახლა პოლიციასაც მკაცრი მიდგომა აქვთ ამ საკითხზე.

მორჩილთა წუთისოფელირაც შეეხება მსხვერპლთა დაცვის მექანიზმს, დედა, რომელიც მიიღებს დაზარალებულის სტატუსს, აღარ ბრუნდება ოჯახში. არსებობს სპეციაური თავშესაფრები, რომლებიც უზრუნველყოფილია ყველა პირობით და არ ხდება დედისა და შვილების განცალკევება. შესაძლებელია დედამ შვილებთან ერთად სრულიად უსასყიდლოდ სახელმწიფოს ხარჯზე თავშესაფარში იცხოვროს".

გამოსავალი

პრობლემა, რომელსაც შევეხეთ, ნიშანდობლივია სოფლადაც და ქალაქადაც. გამოსავალი ისევ და ისევ აღზრდაა, რომლის მექანიზმშიც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების, საკუთარ ქცევაზე აბსოლუტური პასუხისმგებლობის აღების პრინციპებმა უფრო მასშტაბური ადგილი უნდა დაიკავოს, ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვასთან შეურიგებელი მოქალაქის, ძალადობის სენისგან განკურნებული თაობების აღზრდა. ეს უნდა ითავონ სკოლებმა, უმაღლესმა სასწავლებლებმა, მედიამ, არასამთავრობო სექტორმა, სახელმწიფო ინსტიტუტებმა თუ ცალკეულმა პიროვნებებმა, რომლებიც თავიანთი პოზიციით, დამოკიდებულებებით და ცხოვრების წესით საზოგადოებაში პოზიტიურ მაგალითს იძლევიან.

[ცაულინა მალაზონია]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

GDI: ჯავახეთში მწვავედ დგას გოგონათა ნაადრევი ქორწინების და ოჯახში ძალადობის პრობლემა
როცა ქალს კლავენ იმის გამო რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა - სალომე ზურაბიშვილი
როცა წასასვლელი არსად გაქვს - ‘ჩვენთან ამბობენ, თუ ქმარი გირტყამს, უყვარხარო’
რეგიონში ოჯახური ძალადობის შემთხვევებმა იმატა
‘ოჯახში ქალზე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები ჭარბობს’ – შსს
ოჯახში ძალადობის თემაზე ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა
‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში